განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორ სამინისტროდ ჩამოყალიბების საკითხზე პარლამენტთან და ჩვენ კომიტეტთან მთავრობას ჰქონდა შესაბამისი კონსულტაცია, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„დღეს უკვე საჯაროდ დაზუსტდა ის, რაც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დამტკიცების პროცედურებისას განაცხადა პარლამენტში. მას შემდეგ არავისთვის იყო საიდუმლო, რომ ამ თემაზე სახელისუფლებო წრეებში მიმდინარეობდა მსჯელობა. და უკვე ვიცით, თუ როგორი კონტურები შეიძლება ჰქონდეს ამ ორ სამინისტროს. ერთი მხრივ, იქნება განათლება და მეცნიერება ცალკე, რაც თავისთავად უზარმაზარი პორტფელია და კომპეტენციები არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავალი განვითარებისთვის და მეორე მხრივ, იქნება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რაც გულისხმობს კულტურისა და სპორტის კომპეტენციების გაერთიანებას და ასევე პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მმართველობის ქვეშ მყოფი ახალგაზრდული საქმეების სააგენტოს გაერთიანებას ამ ახალ სამინისტროში“, – განაცხადა წულუკიანმა.
დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ ფუნქციონირებდა, დადგენილების შემდეგ გახდება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი.