აგერ არის „one way ticket“. მას მერე, რაც იცოდით,რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით, რატომ? – ამ კითხვით დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას მიმართა, რომელიც ამ წუთებში კომისიას დისტანციურად ერთვება.
წულუკიანმა გახარიას, რომელიც სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე უნდა გამოიკითხოს, პირველ რიგში კითხვა სწორედ ქვეყნიდან მის გასვლაზე დაუსვა.
„ბატონო გიორგი, ჩვენ საკმაოდ ადრე შეგატყობინეთ იმის თაობაზე, რომ გვსურდა თქვენთან ამ დარბაზში გასაუბრება ისე, რომ თქვენ, როგორც პირველ შემთხვევაში, ფიზიკურად გამოცხადებულიყავით, მაგრამ ამის შემდეგ თქვენ შეიძინეთ ბილეთი და გაფრინდით, რატომ?“ – მიმართა წულუკიანმა გახარიას.
თავის მხრივ, გახარიამ უპასუხა:
„იმიტომ, რომ დაგეგმილი მქონდა. მე, როდესაც ჩამბარდა ეს თქვენი მოწვევა, უკვე ბილეთი აღებული მქონდა და შესაბამისად, დაგეგმილი მქონდა ვიზიტი. ეს არის და ეს, მეტი არაფერი“, – განმარტა გახარიამ.
წულუკიანი გახარიას ამ განმარტებას არ დაეთანხმა და როგორც აღნიშნა, კომისიამ გახარიას 11 ივნისს გაუგზავნა ცნობა იმის შესახებ, რომ კომისიაზე ხელმეორედ იყო მიწვეული, ბილეთი კი 13 ივნისს არის შეძენილი.
„რა საჭირო იყო ქვეყნიდან ასე უცბად გაქცევა, რა ხდება ამ კომისიაზე ისეთი?“ -ჰკითხა წულუკიანმა გახარიას.
„კომისიის კვლევის საგანი გახდა, მე ბილეთი როდის ავიღე?“ ასევე კითხვით უპასუხა გახარიამ წულუკიანს.
„დაგეგმილი გქონდათ [ვიზიტი] და იმიტომ არ მობრძანდით, ეს ასე არ არის“, – უპასუხა წულუკიანმა.
გახარიამ წულუკიანის ამ განმარტების საპასუხოდ აღნიშნა, რომ წულუკიანი იტყუება, რაზეც თავად წულუკიანმა ასე უპასუხა:
„ვინც არის მატყუარა, ეს კარგად გამოჩნდა წინა სხდომიდან და ის ბილეთი, რაც თქვენ გამოგზავნეთ, აგერ არის – „one way ticket“. ჰო, ეს „one way ticket“-ი კარგია, მოწმობს იმას, რომ 13 რიცხვში, სამის ნახევარზე ბილეთის ერთი, იქეთ გზა გაქვთ ნაყიდი“, – აღნიშნა წულუკიანმა.
გახარიამ საპასუხოდ წულუკიანს უთხრა, მაშინ აღნიშნული საკითხი პროკურატურაში გადაგზავნონ.
„მოდით, დავრჩეთ კორექტულობის ფარგლებში, თორემ ეპითეტები თქვენზე ცოტა მეტი ვიცი. ლექსიკასაც მგონია მეტს მოვძებნი, დახასიათებებისთვის… მას მერე, რაც იცოდით, რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით,“ – უპასუხა წულუკიანმა გახარიას.