კვირა, აგვისტო 23, 2026

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო – ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP საქართველოში 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტის ინვესტიციას განახორციელებს

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ 150 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რომლის მეშვეობითაც, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და წელიწადში 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონამდე გაიზრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული კომპანია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს და წარმოადგენს ფრანგული საავიაციო გიგანტის, Groupe ADP-ის წევრის, TAV Airports-ის შვილობილ კომპანიას საქართველოში.

„საინვესტიციო პროექტი ტერმინალისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის გაფართოებას, თანამედროვე ტექნოლოგიური და ოპერაციული სისტემების მოდერნიზაციასა და მგზავრთა მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტი 2026-2028 წლებში განხორციელდება და მისი დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება. ქვეყნის მთავარი აეროპორტის გაფართოების აუცილებლობა განპირობებულია ბოლო წლებში მგზავრთნაკადის დინამიკური ზრდით. 2025 წელს აეროპორტმა რეკორდული რაოდენობის – 5,4 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რის შედეგადაც არსებული საპროექტო გამტარუნარიანობა პრაქტიკულად სრულად იქნა ათვისებული.

აეროპორტის გაფართოება წარმოადგენს აუცილებელ ნაბიჯს მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მომსახურების მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად და ქვეყნის საავიაციო სექტორის შემდგომი განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.
პროექტის ფარგლებში:

• გაორმაგდება მგზავრთა ჩასხდომის ხიდების რაოდენობა და 10-მდე გაიზრდება;

• მოეწყობა საჰაერო ხომალდების შვიდი ახალი დისტანციური სადგომი;

• ტერმინალს დაემატება ცხრა ახალი სარეგისტრაციო დახლი;

• გაფართოვდება საპასპორტო კონტროლის ზონა და მოეწყობა 24 საპასპორტო კონტროლის პუნქტი;

• დაემატება ორი ახალი საბარგო ლენტი;

• განახლდება არსებული სამგზავრო სივრცეები და შეიქმნება ახალი სავაჭრო, კვების და ბიზნეს-ლაუნჯის სივრცეები, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ქართული სამზარეულოსა და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციაზე გაკეთდება;

• გაიზრდება ტერმინალის მიმდებარე ავტოსადგომის რაოდენობა.

პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საოპერაციო შესაძლებლობები, გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი, შეიქმნება უფრო თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული გარემო მგზავრებისთვის და შესაძლებელი გახდება მზარდი საერთაშორისო მგზავრთნაკადის ეფექტიანი მომსახურება.

პროექტი ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ (UAG) და „ტავ ჯორჯიას“ შორის 2025 წლის 15 იანვარს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში. შეთანხმების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ,,ტავ ჯორჯიას“კონცესიის ვადა 2032 წლამდე გაუგრძელდა, ხოლო კომპანიამ აიღო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობის გაორმაგებისა და 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის საინვესტიციო პროგრამის განხორციელების ვალდებულება.

ხელშეკრულების შესაბამისად, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უკვე მიიღო 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ერთჯერადი საავანსო გადახდა (Upfront Fee). ამასთან, პროექტის დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წლიური შემოსავალი, არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ გაიზრდება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს აეროპორტის მმართველი კომპანიის მიერ ავიაკომპანიების მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებას, რაც ხელს შეუწყობს ახალი ავიამიმართულებების განვითარებას, საერთაშორისო ავიაკომპანიების მოზიდვასა და საქართველოს საერთაშორისო საჰაერო დაკავშირებადობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

„ტავ ჯორჯია“ არის Groupe ADP-ის წევრი TAV Airports-ის შვილობილი კომპანია, რომელიც საქართველოში 2005 წლიდან ოპერირებს და უკვე 20 წელზე მეტია მართავს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ საქართველოში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, რომლის ჯამური მოცულობა 250 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და დღეს საქართველოს საავიაციო სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი საქართველოს ავიაციის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტია, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის საერთაშორისო დაკავშირებადობას, გაზრდის საქართველოს ტურისტულ და სატრანზიტო პოტენციალს, ხელს შეუწყობს ახალი ავიაკომპანიებისა და ავიამიმართულებების შემოსვლას და შექმნის მყარ საფუძველს ქვეყნის მთავარი საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი განვითარებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რომის პაპი – მსოფლიოს არ სჭირდება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კაცობრიობას დააკნინებს, მას სჭირდება სიბრძნით განათლებული ადამიანური ინტელექტი

მსოფლიოს არ სჭირდება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კაცობრიობას დააკნინებს, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა.მისი თქმით, მსფლიოს სჭირდება სიბრძნით განათლებული ადამიანური ინტელექტი.„მსოფლიოს არ სჭირდება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კაცობრიობას დააკნინებს. პირიქით, მას სჭირდება სიბრძნით განათლებული ადამიანური ინტელექტი, სინდისით წარმართული პოლიტიკური ძალაუფლება და ქველმოქმედებით წარმართული ტექნოლოგიური ინოვაცია. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ხელოვნური ინტელექტი არა კაცობრიობის კონკურენტი, არამედ საყოველთაო სიკეთის მსახური“, – აღნიშნა რომის პაპმა.

10 მარტივი ხერხი აბეზარი ხილის ბუზებისგან თავის დასაღწევად

ესტონეთში ზაფხულის მიწურულს ხილის ბუზები ნამდვილ თავსატეხად იქცევა ხოლმე. გამოცემა Maaleht-მა სახლიდან ამ აბეზარი მწერების მოსაშორებლად 10 ეფექტიანი რჩევა შეაგროვა:1. ხილი მაცივარში ან საკუჭნაოში შეინახეთ — ხილის ბუზებს განსაკუთრებით ხილისა და ფერმენტაციის სუნი იზიდავს. პროდუქტების სწორად შენახვა მათ შენობაში მოზიდვას გამორიცხავს.2. დაუყოვნებლივ მოწმინდეთ დაღვრილი სითხეები — დაღვრილი ხილის წვენი, ალკოჰოლი თუ გაჭყლეტილი ხილი მწერებს მყისიერად იზიდავს.3. ხშირად გადაყარეთ ნაგავი — ნარჩენები ურნაში ერთ კვირაზე მეტხანს არ გააჩეროთ. ამ დროში განაყოფიერებულ დედალ ბუზს 300-მდე კვერცხის დადება შეუძლია, რაც რამდენიმე დღეში მწერების მთელ ახალ თაობას გააჩენს.4. მაღაზიაში ნაყიდი ხილი სახლში მოტანისთანავე გარეცხეთ — შესაძლოა, ბუზებს კვერცხები ხილზე ჯერ კიდევ მაღაზიასა თუ ბაღში ჰქონდეთ დადებული.5. გამოიყენეთ მტვერსასრუტი — ხილის ბუზი იმდენად პატარაა, რომ მისი ჩვეულებრივი საკლავით დევნას აზრი არ აქვს. ზრდასრული მწერების დასაჭერად მტვერსასრუტი საუკეთესო გამოსავალია.6. გამოიყენეთ სპეციალური მახეები — შეიძინეთ მაღაზიებში ხელმისაწვდომი სპეციალური წებოვანი ლენტები, მახე-პაკეტები თუ აეროზოლები.7. სახლში დამზადებული მახე ღვინით — ჭიქაში ჩაასხით ცოტა ღვინო ან ფერმენტირებული წვენი, ქაღალდი ძაბრისებურად გადაახვიეთ, წვეროზე პატარა ხვრელი დაუტოვეთ და ჭიქას წებოვანი ლენტით დაამაგრეთ. მწერები შიგნით შევლენ, თუმცა გარეთ გამოსვლას ვეღარ შეძლებენ.8. გამოიყენეთ ვაშლის ძმარი და ჭურჭლის სარეცხი სითხე — კიდევ ერთი გამოცდილი მახე: პლასტმასის ჭიქაში ჩაასხით ცოტა წყალი, ვაშლის ძმარი და ჭურჭლის სარეცხი სითხე, შემდეგ კი ნახვრეტიანი თავსახური დააფარეთ.9. ხილი ღია სივრცეში დაამუშავეთ — წვენებისა და მურაბების მომზადება ხილის ბუზების მომრავლებას უწყობს ხელს. შესაძლებლობის შემთხვევაში, ეს პროცესი ეზოში წარმართეთ, რათა სახლში ბუზების მიზიდვას აარიდოთ თავი.10. დახურეთ კარ-ფანჯარა — ცხელ ამინდშიც კი ეცადეთ კარ-ფანჯარა დახურული გქონდეთ. სტანდარტული მწერებისგან დამცავი ბადე 1–4 მილიმეტრის ზომის ბუზებს ვერ აკავებს.ესტონეთში ხილის ბუზის რამდენიმე სახეობა გვხვდება, თუმცა ყველაზე გავრცელებული Drosophila-ა (ესტონურად მას Äädikakärbsed ანუ „ძმრის ბუზს“ უწოდებენ, რაც მისი კვებითი პრეფერენციითაა განპირობებული). ბოლო პერიოდში ასევე გავრცელდა ქაცვის ბუზიც (Rhagoletis batava)

კახა კალაძე – რეაბილიტაცია არის დროებითი დისკომფორტი, რათა შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში გვქონდეს სრულად განახლებული რუსთაველის გამზირი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისელებს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.როგორც მერმა თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, ვინაიდან სამუშაოები საკმაოდ მასშტაბურია, სექტემბრიდან დაახლოებით ორი თვის განმავლობაში გადაადგილების თვალსაზრისით თბილისს რთული პერიოდი ექნება, თუმცა ეს დროებითი დისკომფორტია იმისთვის, რომ მომავალში დედაქალაქს სრულად განახლებული რუსთაველის გამზირი ჰქონდეს.„სამუშაოები, რომელსაც დღეს აქ ვახორციელებთ, არის მასშტაბური და ფუნდამენტური. ჩვენ მხოლოდ ასფალტის საფარს არ ვცვლით, სრულად ვაახლებთ ათწლეულების მანძილზე ხელუხლებელ ამორტიზებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს და ინფრასტრუქტურას. კარგად მესმის, რომ ამ ყველაფერს თან ახლავს სერიოზული დისკომფორტი, პირველ რიგში, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის – გადაადგილების პრობლემა, ხმაური, მტვერი, კომუნიკაციების დროებითი შეზღუდვა. ამის გამო თითოეულ მათგანს, მინდა, ბოდიში მოვუხადო და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის.ყველაზე რთული პერიოდი წინ გვაქვს. სექტემბრიდან ქალაქში მოქალაქეების დიდი ნაწილი დაბრუნდება, დაიწყება სასწავლო პროცესი და საავტომობილო მოძრაობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. პირდაპირ გეტყვით, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში გადაადგილების თვალსაზრისით თბილისს რთული პერიოდი ექნება. ამიტომ მინდა, თითოეულ თბილისელს წინასწარ ვთხოვო მოთმინება და მიმდინარე პროცესის სწორად გაცნობიერება.  ეს არ არის დისკომფორტი, რომელიც იმიტომ იქმნება, რომ ქალაქში არაფერი კეთდება. პირიქით, ეს არის დროებითი დისკომფორტი იმისთვის, რომ შემდეგ ათწლეულების განმავლობაში გვქონდეს სრულად განახლებული რუსთაველის გამზირი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა თბილისის მერმა.მისივე თქმით, მერია მაქსიმალურად მუშაობს ალტერნატიული გადაადგილების სქემების დახვეწაზე, რათა დატვირთვა შეძლებისდაგვარად შეამციროს. ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, ყველა ცვლილებისა და გადაწყვეტილების შესახებ მოქალაქეები წინასწარ იქნებიან ინფორმირებული.„მინდა, გულწრფელად ვთქვა – ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება ისე, რომ ქალაქმა საერთოდ ვერ იგრძნოს დისკომფორტი, შეუძლებელია. ამიტომ ჩვენი თხოვნაა – ორი თვე ყველამ ერთად მოვითმინოთ იმისთვის, რომ მივიღოთ შედეგი, რითაც მრავალი წლის განმავლობაში ყველანი ვიამაყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ქალაქის განვითარება ყოველთვის მოითხოვს ხისტ გადაწყვეტილებებს, შრომას და მოთმინებას.„დღეს გვიწევს დროებითი დისკომფორტის ატანა, მაგრამ რამდენიმე თვეში გვექნება სრულად განახლებული რუსთაველის გამზირი, რომელიც თბილისს დაამშვენებს. ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ — გამოვიჩინოთ მოთმინება, ცოტა მეტი გულისხმიერება და საავტომობილო გზებზე ერთმანეთის პატივისცემა. ეს ორი თვე გაივლის, განახლებული რუსთაველი კი თბილისს დარჩება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ალასკის შტატში ჩარტერული თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა ბორტზე მყოფი რვავე პირი

ალასკის შტატში, დისტანციური რადარის სადგურთან ჩარტერული თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეთედ პრესი“ ავრცელებს.ავიაკატასტროფა კეიპ ნიუვენჰემის შორ მანძილზე მოქმედი რადარის სადგურის ტერიტორიაზე მდებარე აეროპორტში მოხდა. ის ალასკის უდიდესი ქალაქიდან, ანკორიჯიდან დაახლოებით 725 კილომეტრში მდებარეობს.„ეს უდიდესი დანაკარგია ჩვენი სამხედრო ოჯახისა და იმ თემებისთვის, რომლებსაც ვემსახურებით“, – განაცხადა ალასკის სარდლობის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა რობერტ დევისმა.რადარის სადგურს წყნარი ოკეანის საჰაერო ძალების რეგიონული მხარდაჭერის ცენტრი მართავს. ის დისტანციური რადარის სადგურების ქსელის ნაწილია, რომელიც ალასკის საჰაერო სივრცესა და მის საზღვრებთან მოძრავ თვითმფრინავებს აკონტროლებს.სარდლობას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა სამუშაოს ასრულებდნენ თვითმფრინავში მყოფი პირები. უწყების განცხადებით, თვითმფრინავი კერძო კონტრაქტორის მიერ დაქირავებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდი იყო.

40 მილიონი რომ მქონდეს, სააკაშვილის პარტიაში 40 კაცი აღარ იქნება – ნიკა გვარამია

მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირებაა. ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს მძიმე ბრალდებებს უყენებენ."ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე პარტია "ახალის" ლიდერს "რუსთავი 2-ის", "მთავარი არხისა" და "ნაციონალური მოძრაობის" გაძარცვაში ადანაშაულებს, მიხეილ სააკაშვილი კი მასთან ერთად ბრძოლაში შესვლას საშიშად მიიჩნევს და გვარამიას ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას უწოდებს. თავის მხრივ, ყოფილი თანაგუნდელების ფინანსურ ბრალდებებს ნიკა გვარამია პასუხობს."40 მილიონი რომ მქონდეს, სააკაშვილის პარტიაში 40 კაცი აღარ იქნება. პრინციპში, 4 მილიონიც ეყოფოდა," - წერს ნიკა გვარამია.ცნობისთვის: ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაპირისპირების ახალი ტალღა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა გვარამიამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ტრავმული მეხსიერება განვითარებას ბლოკავს, მაგალითად კი ნიკოლ ფაშინიანი და ყარაბაღის დათმობა მოიყვანა. მიხეილ სააკაშვილი ამ რიტორიკას დამარცხების რეპეტიციას უწოდებს. დაპირისპირების ფონზე, მხარეებმა უკვე ღიად დაიწყეს ერთმანეთის დადანაშაულება ფინანსურ მაქინაციებსა და პარტიული ინტერესების ღალატში.

ბოლო სიახლეები