პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მაქსიმალურად შეეცდება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაკავება არ დაუშვას. მისი თქმით, ქვეყანას ახლა ყოფილი პრეზიდენტის გავლენები სჭირდება.
„მაქსიმალურად შევეცდებით არ მოხდეს მისი დაკავება, უფრო დასავლური ინსტიტუციების ჩართულობით, იმიტომ რომ არ გვინდა რაღაც დაპირისპირება მოხდეს. ახლა სახელმწიფოს სჭირდება მისი, როგორც პოლიტიკოსის მასშტაბური სახელი, მისი გავლენები, მის მიერ შემოზიდული ინვესტიცია. ოღონდ აქ უნდა დავახვედროთ კოალიციური მთავრობა და რეფორმირებული მართლმსაჯულება“, – აცხადებს ჩარკვიანი.
თაკო ჩარკვიანმა ორგანიზაცია „საერთო სახალხო მოძრაობა“ დააფუძნა, რომლის მთავარ მიზნად სამშობლოში ყოფილი პრეზიდენტის მშვიდობიანად დაბრუნებაში დახმარება სახელდება.