უკვე მე-15 დღეა, ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს და მტერს წინააღმდეგობას ვუწევთ. უკრაინის ჯარი დარტყმებს იგერიებს მნიშვნელოვან პუნქტებზე. ჩვენი ჯარის წყალობით, ვგულისხმობ ეროვნულ გვარდიას, მესაზღვრეებს, პოლიციელებს, კონტრტერორისტულ დანაყოფს და ყველას, ვინც ამ ბრძოლაში შემოგვიერთდა, მონებად არ ვიქეცით და არც არასდროს გავხდებით მონები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუსული პროპაგანდა ვერ გადაფარავს იმ სამხედრო დანაშაულს, რასაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სჩადის.
ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინიდან ბოლო დღეებში 60 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
„რუსეთის ჯარი კი ცდილობს, დაბომბილი ქალაქებიდან მოსახლეობა რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით გაიქცეს. ამით ისინი ნიადაგს ამზადებენ რუსული პროპაგანდისთვის. ისინი მუდმივად იტყუებიან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს სურს, დააჩოქოს უკრაინელი ხალხი, თუმცა ეს არ მოხდება.
„მინდა, მათ ხაზგასმით ვუთხრა – თქვენ პასუხს აგებთ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვისთვის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა რუს პროპაგანდისტებს დასავლეთში შეძენილი ქონება ჩამოერთვათ. თქვენ ხომ გიყვართ სიმდიდრე, მაგრამ მალე ეს სიმდიდრე ხელიდან გამოგეცლებათ. და ეს მხოლოდ დასაწყისია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების შემდეგ, ხელახლა ააშენებენ ყველაფერს, რაც მტერმა დაანგრია და ამას გააკეთებენ მოკლე დროში, ძალიან ხარისხიანად.
„ყველა დაზარალებულისთვის შევქმნით სახელმწიფო პროგრამას. უკვე დავავალე მთავრობას ამაზე მუშაობა. ჩერნიგოვი და სუმი, ჟიტომირი, იზიუმი და მარიუპოლი, ყველა ქალაქში, სადაც მტერმა ბოროტება დაატრიალა, რუსული ინტერვენციის კვალი აღარ დარჩება. საუკეთესო არქიტექტორებს დავასაქმებთ, საუკეთესო კომპანიებს მოვიწვევთ. მინდა, ეს ვთქვა ხარკოვთან მიმართებითაც, სადაც ახლა ყველაზე მძიმე ვითარებაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.