ისრაელში ესპანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის დონე საქმეთა რწმუნებულის დონემდე დაქვეითდა.
პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შემდეგ, არც ისრაელს ჰყავს თავისი ელჩი ესპანეთში.
ოთხშაბათს, 10 მარტს, ოფიციალურმა მადრიდმა ოფიციალურად გააფორმა ისრაელში ესპანეთის ელჩის, ანა მარია სალომონის თანამდებობიდან გათავისუფლება. ის უკვე იყო კონსულტაციებისთვის გამოძახებული გასული წლის სექტემბერში, როცა ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ ღაზის სექტორზე დაწყებული სამხედრო შეტევის გამო, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური დაძაბულობის ზრდამ პიკს მიაღწია.
ანა მარია სალომონის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აწ უკვე ყოფილ ელჩს, გაწეული სამსახურისთვის, მადლობა გადაუხადეს. ელჩის გათავისუფლება საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე მანუელ ალბარესის „წინადადებით“ და სამშაბათს გამართულ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე „მსჯელობის შედეგად“ მოხდა.
სანამ სალომონის შემცვლელს დანიშნავენ, საელჩოს რანგი, დროებით, საქმეთა რწმუნებულის დონემდე მცირდება, რაც დიპლომატიურ იერარქიაში მეორე, უფრო დაბალი საფეხურია. აღსანიშნავია, რომ ამჟამად არც ისრაელს ჰყავს თავისი ელჩი მადრიდში, რადგან 2024 წლის მაისში, ოფიციალური მადრიდის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შემდეგ, როდიკა რადიან-გორდონი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს და მას შემდეგ ეს სტატუსი არ აღდგენილა. შესაბამისად, ისრაელის უმაღლეს წარმომადგენლად მადრიდში საქმეთა რწმუნებული, დანა ელრიჩი რჩება.
ესპანეთის შემთხვევაში, ამ ქვეყნის მთავრობამ თელ-ავივიდან ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახების გადაწყვეტილება ვიცე-პრემიერ იოლანდა დიასისა და ახალგაზრდობისა და ბავშვთა მინისტრის, სირა რეგოს ისრაელში არშეშვების გამო მიიღო, თუმცა პედრო სანჩესისა და ნეთანიაჰუს მთავრობებს შორის ურთიერთობები მანამდეც უკვე დაზიანებული იყო. სანჩესი ღაზაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი საერთაშორისო ლიდერია და ისრაელს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.
ეს ურთიერთობები, სავარაუდოდ, მოკლე ვადებში არ გამოსწორდება. ბოლო დღეებში სანჩესმა კვლავ გააჟღერა სლოგანი „არა ომს“, რათა ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის დაბომბვა გაეკრიტიკებინა. ამან ახალი კრიტიკა გამოიწვია ისრაელის მთავრობის მხრიდან, რომელიც ესპანეთს აიათოლების რეჟიმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

