ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026

დღეს დიდი ქართველი მსახიობი- გიორგი (გოგი) გეგეჭკორი 98 წლის გახდებოდა

დაიბადა 1923 წლის 23 თებერვალს
ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1955).
ბიოგრაფია
გიორგი გეგეჭკორი დაიბადა 1923 წლის 23 თებერვალს, პედაგოგ თამარ გელოვანისა და პოეტ ვლადიმერ გეგეჭკორის ოჯახში.[1] მათ ოჯახში ხშირად იყრიდნენ თავს ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის მოღვაწეები. მათი საუბრები უმეტესად ხელოვნების სფეროს შეეხებოდა. გიორგი ყოველთვის გატაცებით უსმენდა მათ, ფიქრობდა, კითხულობდა თეატრის შესახებ ყველაფერს, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, გეგეჭკორი შევიდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში სამსახიობო ფაკულტეტზე. 1944 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. მოღვაწეობდა კინოსა და ტელევიზიაში. ეკრანზე ორმოცამდე დიდი თუ მცირე როლი განასახიერა. რადიოში, სტუდენტობიდან მოყოლებული, კითხულობდა ლექსებს, მოთხრობებს, ზღაპრებს, იგავ-არაკებს, ქმნიდა საინტერესო სახეებს რადიოდადგმებში. უფრო გვიან, როდესაც გეგეჭკორი უკვე აღიარებული, პოპულარული მსახიობი გახდა, მის ცხოვრებაში ხელოვნების კიდევ ერთი დარგი – ტელევიზია შემოვიდა. არც არაფერი იყო გასაკვირი იმაში, რომ თავისი საქმის ოსტატი, პირველი ნაბიჯებიდანვე ქართული ტელევიზიის მუდმივი თანამგზავრი გახდა.
ოჯახი
გიორგის ლექციები გვიან უმთავრდებოდა და იგი მის მომავალ ცოლს ნათელას ყოველთვის აცილებდა სახლამდე. მოგვიანებით, გოგონა შინაც ეპატიჟებოდა თავაზიან ყმაწვილს და ჭიქა ჩაიზე აგრძელებდნენ საუბარს ხელოვნებაზე, თეატრზე, სპექტაკლებზე. ნათელას დედას არ გამოჰპარვია ვაჟის ხშირი სტუმრობა და ერთხელაც, როცა მესამე ჭიქა ჩაი დალიეს, სტუმარი კი წასასვლელად ისევ ფეხს ითრევდა, სიცილით უკითხავს ქალიშვილისთვის: ვერ ხედავ, რომ ამ ჩვენს სტუმარს არ უნდა წასვლა, ხომ არ დაგვეტოვებინაო? გიორგის გაღიმებია და ნათელასთვის უთქვამს: ხომ ხედავ, დედაშენი ხვდება და შენ რით ვერ მიგახვედრე, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდი ხანია მეგობრულს გასცდაო. ამის შემდეგ მათ 1953 წლის 14 მარტს იქორწინეს. სტალინი ახალი გარდაცვლილი იყო, ამიტომაც მათ მხოლოდ ხელი მოაწერეს, ქორწილი კი აღარ გადაუხდიათ. მათ ორი შვილი შეეძინათ : მანანა და გიორგი. ქალიშვილი — ფსიქოლოგია, ვაჟი კი — ფერმწერი[2]
თეატრი
1944 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, სადაც 120-მდე როლი შეასრულა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მიხეილ მრევლიშვილის პიესაში „ბედი მგოსნისა“ განსახიერებული ნიკოლოზ ბარათაშვილის როლი. ამ სპექტაკლმა დიდი პოპულარობა მოუტანა გიორგი გეგეჭკორს. შემდეგ შეასრულა სხვადასხვა როლები: მგელი („ჭინჭრაქა“), ჰამლეტი („ჰამლეტი“) და სხვ. ნოდარ დუმბაძის „თეთრ ბაირაღებში“ ტიგრან გულოიანის როლი ხუთასზე მეტჯერ ითამაშა. დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალში“ , სადაც გიორგი გეგეჭკორი პლატონ სამანიშვილის როლს ასრულებდა, საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა რუსთაველის თეატრისთვის. იგი ითვლება ქართული თეატრის „პატრიარქად“.
კინო
1954 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა კინოში, ის სიკო დოლიძემ მიიწვია ფილმში ჭრიჭინა, ლევანის როლზე. კინოში შეასრულებული აქვს 33 როლი. იწვევდნენ საბჭოთა კავშირის კინოსტუდიებშიც. გიორგი გეგეჭკორი გამოირჩეოდა ქართულ და რუსულ ენაზე დახვეწილი მეტყველებით, უნარით ზუსტად, ზოგჯერ ფარული ირონიით, გროტესკით, ტრაგიზმითა თუ სევდით, გადმოეცა სათქმელი. მიიჩნეოდა მხატვრული თუ საავტორო ტექსტის საუკეთესო მკითხველად. მის მიერ სანდრო კარიძის როლი ფილმ დათა თუთაშხიაში საოცარი სამსახიობო ნიჭითაა შესრულებული. მისი დახვეწილი მანერა, სამხსახიობო ოსტატობა, მისი გენია გულგრილს ვერავის ტოვებს. მისი უკანასკნელი როლი ფილმი 6 და 7 აღმოჩნდა 2003 წელს.
მოგონებები გიორგი გეგეჭკორზე
მიხეილ თუმანიშვილი: „თუ გიყვართ თქვენ სიცილი. გინდათ, გულიანად იცინოთ. თუ გსურთ, დატკბეთ კომედიის მსახიობის ბრწყინვალე ოსტატობით, მაშინ დაუყოვნებლივ შეეცადეთ, იშოვოთ ბილეთი რუსთაველის თეატრის სპექტაკლზე „ამბავი სიყვარულისა“ და ნახეთ გიორგი გეგეჭკორი, რომელიც ამ სპექტაკლში ასრულებს ექვთიმე ქათამაძის როლს“.
ნათელა ურუშაძე : „გიორგი რბილი ხასიათის, ბუზღუნა, მაგრამ უხმაურო ადამიანი იყო. ჰქონდა კარგი იუმორი, რომელსაც უფრო ხშირად თავდაცვისთვის იშველიებდა. გიორგი საოცრად ყურადღებიანი მეუღლე და მამა იყო. არ მახსოვს, უცხოეთში წასულს, ჩვენთვის არ ჩამოეტანოს უამრავი საჩუქარი“.
გიორგი გეგეჭკორი გარდაიცვალა 2003 წლის 11 მარტს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ფილმოგრაფია
1954: „ჭრიჭინა“ (ლევანი) რეჟისორები სიკო დოლიძე, ლევან ხორივანი
1956: „ეთერის სიმღერა“ ( ნესტორი) რეჟ. სიკო დოლიძე
1956: „აბეზარა“ (ვახტანგი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
1957: „ქალის ტვირთი“ (ნიკო) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
1959: „წარსული ზაფხული“ (ბესარიონი) რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია
1962: „თოჯინები იცინიან“ რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
1962 : „ექიმი მიდის ფეხბურთზე“ რეჟ. სერგო ევლახიშვილი
1962 : „ანკესი და სეინერი“ რეჟ. სერგო ევლახიშვილი
1962 : „არდაგეგებზე“ (მამა) რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
1967: „ქალაქი ადრე იღვიძებს“ რეჟ. სიკო დოლიძე
1967: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (ლოგიკის მასწავლებელი) რეჟ. დავით რონდელი
1968: „ბიჭი და ჩიტი“ რეჟ. კონსტანტინე (კოტე) სურმავა
1970: „წყალდიდობა“ (ფრენჩიანი კაცი) რეჟ. თენგიზ გოშაძე
1971: „სამკაული სატრფოსთვის“ (ჟანდარი) რეჟ. თენგიზ აბულაძე
1972: „ჩარი რამა“ (დირიჟორი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
1973: „ვერის უბნის მელოდიები“ (ფარმაცევტი) რეჟ. გიორგი შენგელაია
1974: „ღამის ვიზიტი“ (გოგოლაძე) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
1975: „საქმე გადაეცემა სასამართლოს“ (სართანია – ინჟინერი) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
1975: „გაქცევა გათენებისას“ (ლონგინოზი) რეჟ. სიკო დოლიძე
1975: „აურზაური სალხინეთში“ (დათიკო) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
1976: „ბაკულას ღორები“ (გალაკტიონი) რეჟ. ბიძინა რაჭველიშვილი
1976: „ნატვრის ხე“ (ჩაჩიკა/ჭიჭიკორე) რეჟ. თენგიზ აბულაძე
1978: „დათა თუთაშხია“ (სანდრო კარიძე) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია
1978: „ბათა ქექია“ (საბა) რეჟ. ლეილა გორდელაძე
1979: „კაცია ადამიანი?!“ ( მოსე) რეჟისორები სიკო დოლიძე, ქეთი დოლიძე
1981: „მოხუცი მემანქანე“ რეჟ. თენგიზ გოშაძე
1982: „სევდიანი საყვირი“ რეჟ. დავით კობახიძე
1987: „ფესვები“ (ჯანდიერი) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
1998: „ქველი (კეთილისმყოფელი)“ რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
1991: „სიბრძნე სიცრუისა“ (მოტირალი-მოცინარი, ორი პურით მემასპინძლე, მცველი) რეჟ. ნანა ხატისკაცი
1996: „რა გაცინებს?“ რეჟ. თეიმურაზ ბუტიკაშვილი
2001: „ანთიმოზ ივერიელი“ (ივერთ მონასტრის ბერი) რეჟ. გიული ჭოხონელიძე
2003: „6 და 7“ (მისტიკური დრამა, ადამი და ევას სულიერ ისტორიაზე) რეჟ. გენო ცაანა
ნათამაშები როლები
რუსთაველის თეატრი
მიხეილ მრევლიშვილი „ბედი მგოსნისა“ (ნიკოლოზ ბარათაშვილი)
ფილიპ დიუმანუა, ადოლფ ფილიპ დენერი „დონ სეზარ დე ბაზანი“ ( დონ სეზარი)
გიორგი ნახუცრიშვილი „ჭინჭრაქა“ (მგელი)
უილიამ შექსპირი „ჰამლეტი“ (ჰამლეტი)
უილიამ შექსპირი „მეფე ლირი“ (გლოსტერი)
უილიამ შექსპირი „ოტელო“ (იაგო)
უილიამ შექსპირი „რიჩარდ III“ (ბაკინგემი)
ნოდარ დუმბაძე „საბრალდებო დასკვნა“ (ტიგრან გულოიანი)
დავით კლდიაშვილი „სამანიშვილის დედინაცვალი“ (პლატონ სამანიშვილი)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1955: საქართველოს სახალხო არტისტი
საქართველოს სახელმწიფოს პრემიის ლაურეატი
კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი
ღირსების ორდენის კავალერი
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ვოლსკი – 4 ოქტომბრის თემაზე არსებობს გარკვეული პოლიტიკური მიზანი, რომლისთვისაც უცხოა სამართალიანობა, არ უნდა ველოდოთ სამართალიანობას ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან

ბრიუსელის მხრიდან არც გვიკვირს უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს, ქვეყნის ხელისუფლების და არსებული ვითარების შეფასების მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბრის შეუმდგარი რევოლუცია აზანზარებდა საინფორმაციო სივრცეს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ.„ერთი ადეკვატური შეფასება არ გაგვიგია, რომ ეს იყო არა თუ მავნებლური არა მხოლოდ საქართველოსა და საქართველოს საზოგადოებისადმი, არამედ, ზოგადად, ძალიან ცუდი ინდიკატორი და ცუდი მაგალითი ისედაც ტურბულენტურ სამყაროში. არაერთი იყო ასეთი მცდელობა. დღეს კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით 4 ოქტომბრის თემას და ვხედავთ, რომ არსებობს გარკვეული პოლიტიკური მიზანი, პოლიტიკური ამოცანა, რომლისთვისაც აბსოლუტურად უცხოა სამართალიანობა, როდესაც საკითხი გლობალურ დაპირისპირებაში საქართველოს ჩართვის მიზანს ეხება. შესაბამისი დასკვნებიც უნდა გავაკეთოთ. არ უნდა ველოდოთ სამართალიანობას ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან, უნდა დავდგეთ იმ პოზიციაზე, რომელმაც დღემდე მოიტანა საქართველოს სტაბილურობა და ყველა მაჩვენებლით მოწინავე პოზიციები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ.ამის შესახებ მათ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე განაცხადეს. ამასთან, საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა გური ჟვანიამ.მურთაზ ზოდელევას და ლაშა ბერიძის ამ განცხადების შემდეგ სასამართლო სხდომა გადაიდო და 13 ოქტომბერს განახლდება.მურთაზ ზოდელევას და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიმდინარე წლის 7 მაისს მიუსაჯა.მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად. ასევე, ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილითაც, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.მურთაზ ზოდელავას პროკურატურამ აგრეთვე ბრალი წარუდგინა სსსკ-ის 317-ე მუხლით, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.ლაშა ბერიძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად). ასევე, სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.გური ჟვანიას კი, სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი ბრალი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

სოზარ სუბარი გიორგი დავითაძის საქმეზე: დარწმინებული ვარ, რომ გამოძიება ყველაფერს იტყვის და, თუ ვინმე დასაჯელია, ძალიან მკაცრად დაისჯება

„გიორგი დავითაძის საქმე დაახლოებით ერთი წლის წინანდელია, საქართველოს სახალხო დამცველს შესწავლილი აქვს და არსებობს დასკვნაც,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.დეპუტატი დარწმუნებულია, რომ გამოძიება ნათელს მოჰფენს ყველაფერს და თუ ვინმე დასასჯელი იქნება, მკაცრადაც დაისჯება.„გიორგი დავითაძის საქმე დაახლოებით ერთი წლის წინანდელია, საქართველოს სახალხო დამცველს შესწავლილი აქვს და არსებობს დასკვნაც. პირადად მე არ მაქვს არანაირი საფუძველი, უნდობლობა გამოვუცხადო სახალხო დამცველის დასკვნას.ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში წელიწადში 140-150 პატიმარი კვდებოდა, ანუ ყოველ დღენახევარში კვდებოდა ერთი პატიმარი. დღევანდელობას რომ შევადაროთ, ახლა არის ორ ათეულზე ცოტა ნაკლები პატიმრის გარდაცვალება წელიწადში. აქედანაც კარგად ჩანს, თუ რა განსხვავებაა მაშინდელ და დღევანდელ პენიტენციურ სისტემას შორის.მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც თავს შევიკავებ დასკვნისგან. დარწმინებული ვარ, რომ გამოძიება ყველაფერს იტყვის და, თუ ვინმე დასაჯელია, ძალიან მკაცრად დაისჯება,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

აშშ-მა ბრიტანეთის სამხედრო ბაზიდან B-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა

შეერთებულმა შტატებმა გაერთიანებული სამეფოს RAF Fairford-ის ავიაბაზიდან B-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა მას შემდეგ, რაც იქ ტერორისტული აქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დააკავეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.ლონდონის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე RAF Fairford-ის ავიაბაზაზე B-1 ტიპის თორმეტი ბომბდამშენი იყო განლაგებული. ეს თვითმფრინავები ირანზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმებისთვის გამოიყენებოდა.„ოპერატიული უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ვერ ვადასტურებდით ჩვენი სამხედრო რესურსებისა და ძალების გადაადგილებას რეალურ დროში, თუმცა ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ყველა ამერიკული ბომბდამშენი, რომელიც RAF Fairford-ზე იყო განლაგებული, შეერთებულ შტატებში, საკუთარ ბაზებზე დაბრუნდა“, - აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერმა.Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თვითმფრინავები ბაზიდან გაიყვანეს ობიექტის წინააღმდეგ სავარაუდო ტერორისტული შეთქმულების გამო არსებული უსაფრთხოების შეშფოთების ფონზე. პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს აქვს „მტკიცე ნიშნები“, რომ ბაზის წინააღმდეგ სავარაუდო შეთქმულებაში ირანი მონაწილეობდა. ირანმა ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და ამ საკითხთან დაკავშირებით თეირანში ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა.

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 32 ადამიანს მიენიჭა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე საპატიო თბილისელები დააჯილდოვა.აღნიშნული სტატუსი წელს 32 მოქალაქეს მიენიჭა.კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს „თბილისობა“ მიულოცა. მისი თქმით, მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყოველდღიურად შეაქვს საკუთარი წვლილი ქალაქის განვითარებაში.წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ:რამაზ ხეცურიანი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;დავით გორდელაძე – ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;მიხეილ კილოსანიძე – ხმის რეჟისორი;ნინო სალუქვაძე – სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი;ნუგზარ რუხაძე – ჟურნალისტი, დიპლომატი;ვლადიმერ პაპავა – მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;ლერი ხაბელოვი – სპორტსმენი;ივანე კუზანოვი – ექიმი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;ავთანდილ დემეტრაშვილი – იურისტი, პროფესორი;იური ოსიპოვი – მოფარიკავე;კირა ანდრონიკაშვილი – მსახიობი, ხელოვნებათმცოდნე;რევაზ კლდიაშვილი – ქიმიკოს-ინჟინერი, პროზაიკოსი, დრამატურგი;მამუკა მიქელაძე – მხატვარი, მონუმენტალისტი;ირმა გურიელი – ჟურნალისტი, მსახიობი;იანო ალიბეგაშვილი – მომღერალი, ოპერის სოლისტი;გიორგი ქორქაძე – მუსიკოსი;დავით მეტრეველი – ექიმი, ენდოკრინოლოგი;მურმან გელენიძე – მხატვარი;ლევან ჯაფარიძე – ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი;ტარიელ ონაშვილი – მომღერალი;გივი შუღაროვი – ინჟინერი, პოლიტიკოსი;ნუგზარ მეძმარიაშვილი – მხატვარი, მონუმენტალისტი;თენგიზ ასათიანი – ექიმი, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი;ედიშერ მაჩაიძე – სპორტული მსაჯი, პროფესორი;ელგუჯა ადამია – ექიმი, გასტრო-ენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი;რევაზ ჯავახიშვილი – მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი;ბესარიონ დოჭვირი – მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი;გიორგი ალიბეგაშვილი – პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;ზურაბ გოშაძე – პოეტი, ფილოლოგი;რამაზ ხუროძე – ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;გრიგოლ (გია) მურღულია – პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;ჯემალ ძაგანია – პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.კახა კალაძემ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა.

ბოლო სიახლეები