სამშაბათი, მარტი 10, 2026

„დოიჩე ველე“ – პაციენტები მთელი მსოფლიოდან ბაქტერიოფაგებით სამკურნალოდ საქართველოში მიდიან

პაციენტები მთელი მსოფლიოდან ბაქტერიოფაგებით სამკურნალოდ საქართველოში მიდიან, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს, რომელმაც ბაქტერიოფაგების სარგებლიანობაზე სტატია გამოაქვეყნა.

„დოიჩე ველე“ სტატიაში ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობაზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ამას ებრძვიან ბაქტერიის მშთანთქმელები საქართველოდან.

„რა უნდა ვქნათ მაშინ, როდესაც ანტიბიოტიკები ეფექტური ვეღარ იქნება? ბაქტერიის მშთანთქმელები საქართველოდან ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობას ებრძვიან. პაციენტები მთელი მსოფლიოდან საქართველოში მიდიან ბაქტერიოფაგებით სამკურნალოდ“, – აღნიშნულია სტატიაში.

ამასთან, სტატიაში განმარტებულია, რომ ბაქტერიოფაგები არის ვირუსები, რომლებიც მათი „მასპინძელი“ ბაქტერიის გამრავლებას ებრძვიან. ბაქტერიოფაგებით თერაპია ფაგების ორალურად მიღებას გულისხმობს, რის შემდეგაც ისინი პაციენტის ორგანიზმში გადარჩენისთვის „კოლეგა“ ბაქტერიებს ემაგრებიან. ფაგები ბაქტერიული უჯრედის პოლარობას ცვლიან, შედეგად ახალ-ახალი ფაგები წარმოიქმნება და მათი გამოთავისუფლება ხდება. გამოთავისუფლებული ფაგები კი, სხვა ბაქტერიებს ემაგრებიან და ასე გრძელდება, ვიდრე ყველა ბაქტერია არ განადგურდება. ამ ეტაპზე, ბაქტერიოფაგებით მკურნალობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ნებადართული არ არის.

„დოიჩე ველე“ ნიდერლანდებში მცხოვრებ ტანია დიდერენს ესაუბრა, რომელმაც ბაქტერიოფაგების მკურნალობის კურსი საქართველოში ჩაიტარა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ტანია დიდერენს 30 წელია, კანის ქრონიკული დაავადება – ინვერსიული აკნე აქვს. 2019 წლის ზაფხულში მან რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და ანტიბიოტიკებით მკურნალობა შეწყვიტა, რომელიც სულ უფრო ნაკლებად ეფექტიანი იყო. ის საქართველოში გაემგზავრა, სადაც ბაქტერიოფაგებით მკურნალობის ორკვირიანი კურსი ჩაიტარა. პაციენტი იხსენებს, რომ ბაქტერიოფაგების შესახებ ინფორმაცია სატელევიზიო პროგრამიდან შეიტყო, რის შემდეგაც ინტერნეტში მკურნალობის მეთოდის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება გადაწყვიტა. ასე აღმოაჩინა ტანია დიდერენმა გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, რომელსაც დღეს მსოფლიოში ბაქტერიოფაგების ყველაზე დიდი კოლექცია აქვს.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ორკვირიანი კურსის შემდეგ პაციენტი სამშობლოში ფაგებით დატვირთული დაბრუნდა. ტანია ამბობს, რომ ახლა თავს კარგად გრძნობს. ინვერსიული აკნე თავს ისევ ახსენებს, თუმცა ისეთი მწვავე ფორმით არა, როგორც მანამდე. ყოველ სამ თვეში კი, ბელგიაში მიემგზავრება საქართველოდან გაგზავნილი ბაქტერიოფაგების წამოსაღებად. ბელგია ერთადერთი დასავლეთევროპული ქვეყანაა, სადაც ფაგები ნებადართულია.

სტატიის თანახმად, ანტიბიოტიკების მსგავსად, ბაქტერიოფაგების გამოყენებამ შესაძლოა, მიგვიყვანოს ბაქტერიების რეზისტენტულობამდე. თუმცა, მათი დიდი უპირატესობა ის არის, რომ ერთი ნაბიჯით ყოველთვის უსწრებენ ბაქტერიებს და შეუძლიათ, დაძლიონ რეზისტენტულობა. ასევე, ისინი მუდამ მიმართულია კონკრეტული ტიპის ბაქტერიის წინააღმდეგ და სასარგებლო ბაქტერიებს ზიანს არ აყენებენ.

ამასთან, „დოიჩე ველე“ ხაზს უსვამს, რომ ფაგებით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია განისაზღვროს, რომელი ბაქტერია იწვევს დაავადებას. ხშირ შემთხვევაში, ფაგები პაციენტისთვის ინდივიდუალურად იწარმოება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი – „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტების ვიზიტი და ჩვენი ვიზიტი ერთმანეთისგან უნდა გამოიყოს

ყველა მხარეს ვუთხარი, ეს ქართველებს შორის უნდა გადაწყდეს. თუ შეგვეძლება დახმარება, ყოველთვის აქ ვიქნებით, მაგრამ ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ განაცხადა, რომლითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „რა იქნება ევროპელი პარტნიორების შემდეგი ნაბიჯები „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებების შესაჩერებლად?“.მისივე თქმით, „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტების ვიზიტი და მათი ვიზიტი ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ.„მოსკოვის მექანიზმთან“ დაკავშირებით მიმაჩნია, რომ ექსპერტების ვიზიტი და ჩვენი ვიზიტი ერთმანეთისგან უნდა გამოიყოს. რა თქმა უნდა, ეს დამთხვევაა და ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით. მოხსენებაზე წვდომა არ მაქვს. არ მინახავს, არსებობს თუ არა ახალი მოხსენება, რადგან ჩემთვის არავის უთქვამს, თუმცა გამოვიჩინოთ პატივისცემა მექანიზმისადმი. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ შევძელით ყველა მხარესთან ჩართულობა, შევძელით, პირდაპირ გამოგვეხატა ის, რაც ნამდვილად გვაქვს სათქმელი. დემოკრატია, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაში, ჩვენი ორგანიზაციის ყველა, 57 წევრ სახელმწიფოში პოლიტიკურ კონკურენციას მოითხოვს. ეს საკითხიც დავაყენეთ პრემიერ-მინისტრთან და ყველა სხვა მხარესთან. აუცილებელია, ყველა პარტიას შეეძლოს არჩევნებში თავისუფლად მონაწილეობა “, – განაცხადა პერე ჟოან პონმა.

ისრაელმა თეირანზე შეტევის ახალი ტალღა დაიწყო, საპასუხოდ ირანი კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს თავს დაესხა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, მათ ირანის დედაქალაქ თეირანზე თავდასხმების ახალ ტალღა დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ფრანს პრესი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, თეირანში ორი აფეთქება მოხდა მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედროებმა ქალაქზე თავდასხმები განაახლეს.„ბიბისის“ ინფორმაციით, თეირანზე განხორციელებული იერიშის საპასუხოდ ირანმა ისრაელზე, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე თავდასხმები განაახლა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თავდაცვითი სისტემები მათ გასანეიტრალებლად მოქმედებენ.არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათი საჰაერო თავდაცვა „ამჟამად რეაგირებს ირანიდან მომავალი რაკეტებისა და დრონების საფრთხეებზე“.ინფორმაციას ავრცელებს კატარის თავდაცვის სამინისტროც. მათი თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული სარაკეტო თავდასხმა ჩაახშეს.

ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი დონალდ ტრამპს მიმართავს – თქვენზე ძლიერებმაც კი ვერ შეძლეს ირანელი ერის განადგურება, თავს გაუფრთხილდით, თავს ნუ გაინადგურებთ

თავს გაუფრთხილდით, თავს ნუ გაინადგურებთ, – ასე მიმართავს ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი, ალი ლარიჯანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.„ირანის აშურას ერს თქვენი ცარიელი მუქარის არ ეშინია. თქვენზე ძლიერებმაც კი ვერ შეძლეს ირანელი ერის განადგურება. თავს გაუფრთხილდით, თავს ნუ გაინადგურებთ“, – წერია ალი ლარიჯანის განცხადებაში.ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძვანელი აზიარებს დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ირანს ოცჯერ ძლიერი დარტყმით ემუქრება, თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გადატანას შეზღუდავს. 

ევროპარლამენტარი ჰანა ნოიმანი – დონალდ ტრამპი 90 მილიონი ირანელის სიცოცხლით თამაშობს, ირანელები აშკარად უკეთესს იმსახურებენ

ევროპარლამენტის წევრი და ირანთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე, ჰანა ნოიმანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი „90 მილიონი ირანელის სიცოცხლით თამაშობს“.ევროპარლამენტის წევრის თქმით, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ დახმარება მომიტინგეებისთვის გზაში იყო, ვიდრე ის ამ ომს დაიწყებდა და საკმაოდ გაურკვეველია, რა არის მისი  მიზნები და სტრატეგია.„მე არ შემიძლია, მხარი დავუჭირო ომს, როდესაც არ ვიცი, რა არის სტრატეგია და ირანელები აშკარად უკეთესს იმსახურებენ“, – აღნიშნა ჰანა ნოიმანმა.ევროპარლამენტის წევრის თქმით, რეჟიმის შეცვლა მხოლოდ შიგნიდან შეიძლება მოხდეს, ირანის გარედან და შიგნიდან მყოფი ადამიანების ფართო კოალიციის მეშვეობით, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყნის მრავალფეროვნებას და შეუძლიათ ახალი ხედვის შემოთავაზება.„ვფიქრობ, ჩვენ ნამდვილად უნდა მოვუწოდოთ დეესკალაციისკენ. პირველ რიგში, უნდა ვიმუშაოთ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად. ეს ჩვენი ომი არ არის, მაგრამ შედეგებს უნდა გავუმკლავდეთ“, – აღნიშნა ჰანა ნოიმანმა.

სტუ-ის რექტორი გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწეს, მეცნიერსა და პედაგოგს ნოდარ ჭითანავას 90 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სახელმწიფო მოღვაწეს, მეცნიერსა და პედაგოგს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს - ნოდარ ჭითანავას 90 წლის იუბილეს ულოცავს.როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ მილოცვაშია აღნიშნული, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ნოდარ ჭითანავამ აქტიური მონაწილეობა მიიღო იმ ისტორიული პროცესში, რომელმაც 1991 წლის 9 აპრილის აქტით საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა დააფიქსირა. სახელმწიფოებრივ საქმიანობასთან ერთად აქტიურად ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. ამჟამად კი მოღვაწეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელ ცენტრში. ნოდარ ჭითანავას კვლევები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაციული პროცესები, აგროსამრეწველო კომპლექსისა და რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, მიწის რესურსები და ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენების პრობლემები და სხვა.„ბატონ ნოდარ ჭითანავას გულითადად ვულოცავ 90 წლის იუბილეს! ეს თარიღი უნიკალური შესაძლებლობაა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი მისი, როგორც მეცნიერისა და პედაგოგის, ინტელექტუალურ და პროფესიულ გზას.ბატონი ნოდარის გამოცდილება და ცოდნა პროფესიონალიზმის, ინტელექტუალური შრომისა და მეცნიერების სიყვარულის დასტურია. ის არა მხოლოდ მეცნიერი, არამედ ღირსეული მოქალაქეა, რომლის ცხოვრების გზა თაობებისთვის მაგალითის მიმცემია.ბატონო ნოდარ გილოცავთ იუბილეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას!“ - აღნიშნულია რექტორის მილოცვაში.ინფორმაციისთვის: ნოდარ ჭითანავას ავტორობით გამოიცა არაერთი მნიშვნელოვანი მონოგრაფია და სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის: „საქართველოს სოფლის მეურნეობა - ტრანსფორმაცია, პრობლემები, პერსპექტივები“; „გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“; „საქართველოს ეკონომიკის მეტამორფოზები და პერსპექტივები“; „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სტრატეგია“; „გლობალური გამოწვევები ერთპოლოუსიან მსოფლიოში“. ნოდარ ჭითანავას ნაშრომებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკონომიკური განვითარების ეროვნულ კონცეპტუალურ ხედვას და იმას, თუ როგორ უნდა ემსახურებოდეს ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და საზოგადოების საერთო კეთილდღეობას.

ბოლო სიახლეები