კვირა, დეკემბერი 22, 2024

დავით უსუფაშვილი: პრეზიდენტის გამოსვლა იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, რასაც ვერ ვიტყვი პრემიერ-მინისტრზე

ბრიუსელში პრეზიდენტის გამოსვლა იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, რასაც ვერ ვიტყვი პრემიერ-მინისტრის მიერ ევროპის სხვა დედაქალაქებში გაკეთებულ განცხადებებზე, – ასე შეაფასა პარტია „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა.

„აღმოჩნდება თუ არა საკმარისი ეს გამოსვლა იმის საკომპენსაციოდ, რაც ხელისუფლებამ არ გააკეთა ან ცუდად გააკეთა – შარლ მიშელის შეთანხმება გადააგდო და სერიოზული პრობლემა შეუქმნა ქვეყნის ევროპულ მომავალს. შარშან მიშელის შეთანხმების ფარგლებში რომ ვყოფილიყავით, შარშანვე ამ სტატუსს მივიღებდით. სამწუხაროდ, ვინც მიშელის შეთანხმებას ხელი არ შეუწყო, ხელი შეუწყო საქართველოს გზის გართულებას ევროინტეგრაციის მიმართულებით. რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, ეს სწორი თემები იყო. არ მგონია, რომ ამაზე მეტი კონკრეტიკა შეეძლო, სულ ერთი კვირის წინ გაცილებით მწვავე იყო ხელისუფლების მიმართ. ბრიუსელის ტრიბუნა არ იყო ის ტრიბუნა, სადაც პრეზიდენტს შიდაპოლიტიკური პროცესები უფრო დეტალურად უნდა გაერჩია.

ჩემს პირად დაკვირვებას მოგახსენებთ, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს – მგონია, რომ პრეზიდენტი მზად არის ნიკა გვარამიას შეწყალებისთვის, თუმცა ალბათ, ორი ფაქტორია, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. ერთი, როდის და რა ვითარებაში, რომ გარდა ჰუმანური აქტისა, ამან პოლიტიკური შედეგი მოუტანოს ქვეყანას და მეორე, ალბათ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არიან ადამიანები, რომელთაც, რაც მეტს შეუძახებ, მეტს გააკეთებს და არიან ადამიანები, რომელსაც, რაც მეტს შეუძახებ, ცოტას გააკეთებს. ალბათ, რაღაცები უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილს მოუწევს თანამდებობის დატოვება, ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, მგონია, ეყოფა გონიერება, არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები

ვერავითარი სერიოზული გეგმა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რა თქმა უნდა, ვერ იქნება წარმოდგენილი, 29 დეკემბერს მას მოუწევს თანამდებობის დატოვება, ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ერთი კვირაც აღარ აქვს დარჩენილი თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილს, შესაბამისად, ამ ერთი კვირის განმავლობაში ის ვერაფერს გააკეთებს. „მართალია, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი აცხადებს, რომ 29 დეკემბრამდე კიდევ ბევრი რამ შეიძლება, მოხდეს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არავითარი ბევრი რამ 29 დეკემბრამდე არ მოხდება, „დიფ სთეითი“ საქართველოში ვერ გაიმარჯვებს, რადიკალური ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს. შესაბამისად ვერავითარი სერიოზული გეგმა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რა თქმა უნდა, ვერ იქნება წარმოდგენილი. 29-ში მას მოუწევს თანამდებობის დატოვება, ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ. მე მგონია, რომ მას ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად, ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს

ხელახალი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცესკო ან სასამართლო, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების შედეგებს გააბათილებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ცესკო-მ შეაჯამა არჩევნების შედეგები, საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურობა, შესაბამისად, ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს. „რაც შეეხება არჩევნების დანიშვნას, აქ სამართლებრივად მარტივად არის საქმე, არჩევნების დანიშვნას აქვს სამი კონკრეტული საფუძველი ჩვენი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიხედვით. რაც შეეხება ხელახალ არჩევნებს, ხელახალი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცესკო ან სასამართლო, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების შედეგებს გააბათილებს. თქვენ იცით, რომ ცესკო-მ შეაჯამა არჩევნების შედეგები, სასამართლოშიც განხილული იქნა ყველა საჩივარი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა თავად სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციურ პარტიებთან და „ენჯეოებთან“ ერთად და საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურობა. შესაბამისად, ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ჩვენი კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად. რაც შეეხება მორიგ არჩევნებს, მორიგი არჩევნები ინიშნება მას შემდეგ, რაც პარლამენტს ამოეწურება ოთხწლიანი ვადა. ცხადია, რომ ეს საფუძველიც არ არსებობს. რიგგარეშე არჩევნები კონსტიტუციის თანახმად ინიშნება ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტი ნდობას არ უცხადებს მთავრობის შემადგენლობას. როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის შემადგენლობას, შესაბამისად, ეს მესამე საფუძველიც არ არის სახეზე. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის შესაბამისი განცხადება იქნებოდა სრულიად კომიკური, თუმცა კომიკურთან ერთად ეს იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც. სისხლის სამართლის კოდექსში არის შესაბამისი ჩანაწერები, რომლებიც ასეთი ქმედებისთვის ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს, თავისუფლების აღკვეთის სახით. ვიღაც ჭკვიანმა ურჩია სალომე ზურაბიშვილს, ეს არ გაეკეთებინა, მან საბოლოო ჯამში, ითხოვა ერთი დღე, დღეს 21:00 საათამდე და კიდევ აქვს მოსაფიქრებელი დრო ამისთვის. ვნახოთ, ვინ გადაწონის, ვიღაც ჭკვიანი, თუ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არ არის ვიღაც ჭკვიანი. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ „დიფ სთეითი“ არ ჩერდება, თუმცა, ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ საქმეს და არა მხოლოდ სახელმწიფოს დაიცავს, არამედ, სისტემასაც ბოლომდე გაწმენდს აქაური „დიფ სთეითის“ ნარჩენებისგან. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.

ვინ არის მეხანძრე, რომელიც გუშინ ხანძრის დროს დაიღუპა

ჭავჭავაძეზე ხანძრის დროს, სამაშველო ოპერაციის დროს მეხანძრე დაიღუპა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტის - 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო. გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძე – თორნტონზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რაც შეეხება „მაკკეინის ინსტიტუტს“, აქაც „დიფ სთეითის“ გამოვლინებაა, ვერ ეგუებიან, რომ ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ დააბრუნეს

ლორა თორნტონი სერიოზული ადამიანი არ არის, შესაბამისად, მასზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა რაც შეეხება „მაკკეინის ინსტიტუტს“, აქაც არის პირდაპირ „დიფ სთეითის“ გამოვლინება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ადამიანები ვერ ეგუებიან, რომ ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ დააბრუნეს. „ისინი ვერ ეგუებიან იმას, რომ ხელისუფლებაში ვერ დააბრუნეს ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე გამოირჩეოდნენ წამებით, მკვლელობით, ბიზნესის რეკეტით, ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის ტერიტორიების ჩაბარებით და ა.შ. ვერ შეეგუენ, რომ ამ ძალებმა ვერ დაიბრუნეს ხელისუფლება, ძალაუფლება, თუმცა მათ მოუწევთ, შეეგუონ ბედს, ზუსტად ისევე, როგორც ამის გაკეთება მოუწევს რადიკალურ ოპოზიციას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა, დაიღუპა ოთხი ადამიანი

თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა. მომხდარის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვერტმფრენი ქალაქ მუღლას სასწავლო და კვლევითი საავადმყოფოდან ფრინდებოდა, რის შემდეგაც შენობას შეეჯახა. მასში იმყოფებოდა ორი პილოტი, ექიმი და კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალი. საავადმყოფოს შენობაში მყოფი არცერთი პირი არ დაშავებულა. შემთხვევის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

ბოლო სიახლეები