ოთხშაბათი, ივლისი 15, 2026

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო ამაყობს ეფექტიანი დემოკრატიული მმართველობით

საქართველო ამაყობს თავისი ეფექტიანი დემოკრატიული მმართველობით, კანონის უზენაესობით, რომელიც დღითიდღე მტკიცდება, აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით, მედიის თავისუფლებით, ეკონომიკური დინამიზმით, ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოთი და კორუფციის დაბალი დონით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ისაუბრა არა მხოლოდ საქართველოს მიღწევებზე ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე, არამედ ქვეყნის ბუნებრივ ევროპულ სულისკვეთებაზე ისეთ განსხვავებულ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა და ლიტერატურა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ კორუფციის დაბალი დონით, საქართველო ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასაც კი უსწრებს, ხოლო 2017 წლის სექტემბერში საქართველომ ჩაიბარა გლობალური მულტინაციონალური ინიციატივის – ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა, რომელიც ხელს უწყობს გამჭვირვალობის განმტკიცებას და ასაზრდოებს მოქალაქეთა ძალაუფლებას მთელ მსოფლიოში და ქვეყანა ამ აღიარებით ამაყობს.

“დაახლოებით 26 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული საქართველო ისწრაფვის ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლისკენ, უფრო სწორად – დაბრუნებისკენ, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია, კულტურა და ღირებულებები. ეს არის ჩვენი ხალხის დიდი უმრავლესობის არჩევანი, რომელიც ასახულია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზანში, გახდეს ნატოსა და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ჩვენი მისწრაფებები იმ პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლიდანაც ჩვენ იძულებით ამოგვგლიჯეს, გაზიარებული და მიღებულია მეორე მხარის მიერ. როგორც ნატომ, ისე ევროკავშირმა, ასევე მათმა წევრმა სახელმწიფოებმა, მხარდაჭერის ხელი გამოუწოდეს ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიას და ამას ქართველი ხალხი დიდად აფასებს. გერმანია ყოველთვის იყო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე და დასაფასებელი და სანდო მეგობარი. 90-იანი წლების დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური დახმარების წყალობით, საქართველო გადაურჩა იმ მძიმე პირობებს, რომლებიც მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლას. დროთა განმავლობაში თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის მართლაც მრავალგანზომილებიანი გახდა და დღეს მოიცავს პოლიტიკას, ეკონომიკას, თავდაცვას, უსაფრთხოებას, განათლებას, მეცნიერებას, კულტურას და ბევრ სხვა სფეროს. გერმანია გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს დასავლურ გეზის განხორციელებაში. გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილი და ევროკავშირის ინსტიტუციური მხარდაჭერა დაეხმარა საქართველოს, იქცეს მდგრადი დემოკრატიის მქონე ქვეყნად”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, ევროკავშირთან ამბიციური ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება რჩება საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტად.

გიორგი კვირიკაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ტრანსფორმაციის ამსახველ უკანასკნელ მონაცემებზეც.

“საკმარისია, ვახსენოთ, რომ საქართველომ, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის თანახმად,104-ე ადგილიდან (2012 წელი) გადაინაცვლა 64-ე ადგილზე; ასევე, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, 137-ე ადგილიდან 48-ე ადგილზე; ასევე, 74 ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია, გადაინაცვლა რა 120-ე ადგილიდან 46-ე ადგილზე საკუთრების უფლების კატეგორიაში. საქართველო არის ბუნებრივი კვანძი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს აღმოსავლეთ-დასავლეთის სტრატეგიულ ინიციატივებს, მათ შორის სამხრეთის დერეფანს და აბრეშუმის ახალ გზას. ჩვენმა მთავრობამ წამოიწყო ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები, რათა ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ-დასავლეთის სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო ვაჭრობას. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, რეგიონში ახალი დინამიკა შემოიტანა. აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რითაც მზადდება საფუძველი რეგიონში სამომავლო ინვესტიციებისა და კეთილდღეობისთვის. ევროკავშირის გარდამქმნელი ძალის, ასევე ჩვენი ხალხის ევროპული არჩევნისა და ურყევი გადაწყვეტილების წყალობით, საქართველო იქცა ლიდერად რეგიონში სტაბილური ევროპული დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით”, – განაცხადა პრემიერმა.

მისი განცხადებით, საქართველო ძალიან აფასებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსს, რომელიც იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, გერმანულ და გლობალურ აუდიტორიებს მიეცეთ თანამედროვე ქართული ლიტერატურისა და მდიდარი მემკვიდრეობის, ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის გაცნობის საშუალება.

სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით გაიმართა. თემატურ დისკუსიაში საქართველოს მთავრობის წევრებმა და ქართველმა ავტორებმა მიიღეს მონაწილეობა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მნიშვნელოვანი სიახლე მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ.სერვისით სარგებლობა ასევე შეეძლებათ იმ პირებს, რომლებსაც უკვე ჩაბარებული აქვთ გამოცდის პირველი ეტაპი და არ უსარგებლიათ გამოცდის მეორე ეტაპზე გასვლის უფლებით.რიგის დაჯავშნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მომსახურების სააგენტოს აპლიკაციით - Service Agency და ვებგვერდის - Sa.gov.ge საშუალებით. 

რიკი მარტინმა რუსთავში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

რიკი მარტინის კონცერტი, რომელიც 16 ივლისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე იყო დაგეგმილი, მომღერლის გადაწყვეტილებით გაუქმდა.მოქალაქეებმა შეტყობინება Biletebi-ისგან მიიღეს. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ თანხას 3-5 სამუშაო დღეში, იმავე ბარათზე დაუბრუნებენ, რომლითაც ბილეთები შეიძინეს.

ნიკა გვარამია – უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან, მთელი ევროპა იქნება მშენებლობით და ფულის კეთებით...

„ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ქართულ ოცნებას“ შანსი მისცა ურთიერთობების დალაგების კუთხით, თუმცა ხელისუფლებას ეს „არ გამოსდის“.აღნიშნული შესახებ გვარამიამ გადაცემის წამყვანის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ, ჟურნალისტმა გვარამიას ჰკითხა: „მაგალითად, არის ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ამერიკელებთან ურთიერთობის დალაგებას. რამდენად აქვთ ამისი შანსი? მოვისმინეთ პოზიცია, ღიად ნათქვამი რუბიოსგან ტრაექტორიის ცვლილების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ამერიკელებთან არ გამოსდის ოცნებას?“„ვხედავთ, რომ არ გამოსდით. ამერიკელებმა შანსი მისცეს, განა, არ მისცეს. არ მიმაჩნია, რომ ეს სწორი იყო, მაგრამ ეს მოხდა. მოხდა პრაგმატული ინტერესით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.გვარამიას შეფასებით, სინამდვილეში, უდიდესი ამბავია ის ინტერესი, რაც არსებობს ანაკლიის პორტის, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის მიმართ.„სინამდვილეში, ინტერესი, რომელიც არსებობს იგივე ანაკლიის პორტის, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის მიმართ, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტისთვის და პოლიტიკოსისთვის, უდიდესი ამბავია, მაგრამ ჩვენც ვეუბნებოდით ჩვენს მეგობრებს და თვითონაც დარწმუნდნენ, რომ გამორიცხულია, არ არსებობს, ბიძინა ივანიშვილი არის კლასიკური გადამგდები. თვითონ თუ არ ხეირობს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ქვეყნის ინტერესი რა არის. რუსეთის ანგარიშგამწევია იმდენად, რომ მისთვის დაუშვებელი იქნებოდა, რაც რუსეთს მინიმალურად მაინც არ აწყობს და ანაკლია სიკვდილია ამ რეგიონში რუსული ლოგისტიკის. ამიტომაც, გამოვიდა კობახიძე თუ ეკონომიკის მინისტრი და თქვა, რომ ჩინეთს აღარ ვაძლევთ. ხვალ რომ არ მისცემს, ეგ რა ვიცით? მეორე – ჩვენ თვითონ ავაშენებთ და შემდეგ გავაქირავებთ, მათ შორის ჩინელი იქნება თუ ირანელი, ვინც უკეთეს პირობას შემოგვთავაზებსო, ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი თვითონ გადაწყვეტს, ვის მისცემს, მაგრამ მოდით, ახლა გადავავადოთ ეს გადაწყვეტილება და დღეს ასე გამოვაცხადოთო. რუსეთის შეეშინდათ, მაგრამ დასავლეთისაც რაკიღა შეეშინდათ, თქვეს, რომ ჩინეთი არ იქნება. აბსურდია. ჯერ ერთი, საქართველო არ არის ამისი თავისით ამშენებელი, გამორიცხულია. ამდენი ფული არ გვაქვს, რომც მოგვცენ, მოიპარავენ. ეს არის სინამდვილეში ახსნა ამ ვითარების. ჩვენ ვაგდებთ, „ქართული ოცნება“ აგდებს იმ პროექტს. ორი რამ არის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს მომავლის დაღუპვის კუთხით, თორემ აწმყოში რასაც შვება, ყველა ვხედავთ. პირველი – ეს არის ტრანსკასპიური, საქართველოზე გამავალი შავ ზღვამდე დერეფნის მკვლელობა. პირდაპირ ვამბობ, ანაკლიის პორტის მკვლელობა არის ამ ქვეყნის მომავლის მკვლელობა. შანსი აქვს ამ ქვეყანას, რომ განახორციელოს დავით აღმაშენებლის ფორმულა, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, ოღონდ გეოპოლიტიკურად და არა გეოგრაფიულად. დღეს შეგვიძლია, რომ ეს იყოს, ამას კლავს ბიძინა ივანიშვილი. მეორე – მისი პარაზიტირება უკრაინის ომზე. იმაში კი არ არის მთავარი პრობლემა, რომ დღეს ომის ეკონომიკა ააშენა საქართველომ. ხდება ხოლმე ეს ქვეყნების ისტორიაში, სხვადასხვა ქვეყანაში და მარტო საქართველო არ იქნებოდა, მაგრამ ქართველი ერი ხეირობს? გულწრფელად მაინტერესებს. ეს ხომ ბიძინა ივანიშვილის და მისი „სასტავის“ ჯიბეებში წასული ფულია. სამაგიეროდ, რა იქნება, იცით? უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში, აი, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან. ბიძინა ივანიშვილის ხალხმა დღეს რომ რაღაც ათობით მილიონი იშოვოს, მომავალი, უზარმაზარი აღმშენებლობითი პროცესების მიღმა აღმოვჩნდებით. იმ ფულს მარტო უკრაინელები კი ვერ აითვისებენ, მთელი ევროპა იქნება მშენებლობით და ფულის კეთებით დაკავებული, იმხელა მოცულობის სამუშაო იქნება. საქართველოს ეტყვიან, წადი და ბიძინა ივანიშვილს მოკითხე პასუხიო“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სტამბოლის სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და 34 ისრაელელი მაღალჩინოსნის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო

სტამბოლის სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და 34 ისრაელელი მაღალჩინოსნის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.მედიის ცნობით, სტამბოლის სისხლის სამართლის სასამართლომ ნეთანიაჰუ და საქმეში მონაწილე სხვა პირები „სუმუდის ჰუმანიტარული ფლოტილიის“ წევრების დაკავების გამო ცნო დამნაშავედ.მათივე ინფორმაციით, სტამბოლის სასამართლოს მიერ წარდგენილი ბრალდებები კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, გენოციდს, სისასტიკეს, სხეულის განზრახ დაზიანებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას მოიცავს.ცნობისთვის, „სუმუდის ფლოტილია“ საერთაშორისო სამოქალაქო ჰუმანიტარული ინიციატივაა, რომელიც ათობით ქვეყნიდან აქტივისტებს, ექიმებსა და მოხალისეებს აერთიანებს. ორგანიზატორების თქმით, მისიის მიზანი ზღვით ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და საერთაშორისო ყურადღების მიპყრობაა ანკლავში არსებული ვითარებას მიმართ. ისრაელის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ისინი არ დაუშვებენ ბლოკადის დარღვევას და მათ ფლოტილიის გემი დააკავეს. გემზე მყოფი აქტივისტები დაკავების შემდეგ ისრაელიდან გააძევეს.

ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში თურქეთში რეგისტრირებულმა ერთობლივმა საწარმომ გაიმარჯვა

დიდი დიღმის მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში თურქეთში რეგისტრირებულმა ერთობლივმა საწარმომ გაიმარჯვა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.„თქვენ იცით, რომ ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო დაპირება ისტორიული პროექტის განხორციელების. მხედველობაში მაქვს ტრამვაის ხაზი. ამასთან დაკავშირებით ბევრი განცხადება გაკეთდა. ჩვენ ასევე გამოვაცხადეთ ტენდერი, სადაც საერთაშორისო და უცხოურ კომპანიებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ მონაწილეობა აღნიშნულ პროექტში. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. როგორც თქვენთვის ცნობილია, დიდი დიღმის მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების წესებით გამოცხადებული ტენდერი მიმდინარე წლის 31 მარტს გაიხსნა. ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი წინადადებები წარმოადგინა ოთხმა მსხვილმა კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ, მათ შორის სამი – თურქეთში, ხოლო ერთი ჩინეთში რეგისტრირებული კომპანიაა. წარმოდგენილი წინადადებების შეფასება უკვე დასრულებულია, გვყავს გამარჯვებული კომპანია, თურქეთში რეგისტრირებული ერთობლივი საწარმო, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა. ABD-ს შესყიდვის წესების შესაბამისად განისაზღვრა ასევე ე.წ. გასაჩივრების 14-დღიანი პერიოდი, რომლის გასვლის შემდეგ გამარჯვებულ კომპანიასთან გავაფორმებთ უკვე ხელშეკრულებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმით, პროექტი შედგება სამი ეტაპისგან: კონცეპტუალური პროექტის მომზადება, დეტალური პროექტის მომზადება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება. სამივე ეტაპისთვის განსაზღვრულია 36 თვე ხელშეკრულების ხელმოწერიდან.ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან და დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას.„ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე შეადგენს 7,5 კილომეტრს, სადაც მთელი ამ გზის მანძილზე იქნება განთავსებული 11 გაჩერება. პროექტი ასევე მოიცავს შესაბამისი დეპოს მოწყობას, რომელიც გათვლილი იქნება 11 ერთეული ტრამვაის შემადგენლობის მომსახურება-ექსპლუატაციაზე. ხაზის მშენებლობის პარალელურად, გამოცხადდება ცალკე ტენდერი ტრამვაის 10 ერთეული შემადგენლობის შესყიდვაზე, მიმდინარეობს ამაზე მუშაობა“, – განაცხადა კალაძემ.მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.„მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ქალაქს დაუბრუნდება ასეთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორიც არის ტრამვაი. იმედი მაქვს, ეს არ იქნება პირველი და ბოლო პროექტი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება, დედაქალაქის მთავრობა განახორციელებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო პროექტის მომზადებაში, ვინც იშრომა, ვიცე-მერით დაწყებული და დამთავრებული თითოეულ რიგით თანამშრომლამდე. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალქისთვის ამ პროექტის განხორციელება და ეტაპობრივად საზოგადოებას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები