ის შადრევნების წყება, რომელიც პარკს მიუყვება და რომლის აღდგენაც ახლა მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, სრულდება იმ ლამაზი ტერასული კასკადით, რომელიც პარკს შემდგომ პერიოდში – 1975 წელს შეემატა, – ამის შესახებ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი ამოსავალი წერტილი იყო, რომ კასკადს პირვანდელი სახე დაბრუნებოდა, ვინაიდან ის თავისი არქიტექტურითა და ვიზუალით არის ერთ-ერთი უნიკალური კასკადი არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში.
„100%-ით, ერთი-ერთში აღდგება იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც პირველად იყო აღდგენილი. პირდაპირი რეკომენდაციაა გაცემული, რომ ყველა დეტალი პირვანდელ მდგომარეობამდე უნდა იყოს აღდგენილი. მათ შორის ის ფილები, რომელიც არ არის ამორტიზებული და რომლის შენარჩუნება შეიძლება და რესტავრაცია, ჩვენ ის ფილებიც უნდა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.