ოთხშაბათი, თებერვალი 4, 2026

გაიცანით ახალგაზრდა ნეიროქირურგი, რომელმაც უნიკალური ოპერაციის შედეგად, პაციენტს თავის ტვინიდან ცოცხალი ჭია ამოუღო

დღეს სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა უნიკალური ოპერაციის ვიდეო-კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ იღებს ნეიროქირურგი პაციენტის თავის  ტვინიდან 15 სმ-იანი ცოცხალი ჭიას...

როგორც ექიმი ვრცელ პოსტში წერს, პაციენტს “მეზობელ” სახელმწიფოში მე-4 სტადიის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

როგორც ირკვევა, ეს უნიკალური ოპერაცია ნეიროქირურგმა, გიორგი სექანიამ ჩაატარა. ფაქტის შესახებ, სწორედ მისი პოსტიდან გახდა ცნობილი.

“მინდა გაგიზიაროთ საინტერესო, იშვიათი და შესაძლოა პირველი ფაქტი მედიცინის ისტორიაში, ჩვენი ნეიროქირურგიული პრაქტიკიდან, რომელიც დაფიქსირდა რამდენიმე დღის წინ.

მდედრობითი სქესის პაციენტი, სამწლიანი ანამნეზით. იმყოფებოდა ჩვენს „მეზობელ“ სახელმწიფოში, სადაც ონკოლოგიური დაავადების გამო ჩაუტარდა სარძევე ჯირკვლის სექტორული რეზექცია. ონკოლოგიური სიფხიზლის გათვალისწინებით, პაციენტს უტარდებოდა დიაგნოსტიკური კვლევები, თავის ტვინის მრ კვლევით მარჯვენა თხემის წილში ნანახი იქნა მოცულობითი წარმონქამნი.

ვციტირებ პაციენტის სიტყვებს – “3 წლის მანძილზე 8-ჯერ ჩამიტარდა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, ბოლოს მითხრეს რომ სიმსივნის მე-4 სტადია მქონდა, შემომთავაზეს ოპერაციული ჩარევა, მაგრამ არ მინდოდა უცხო ქვეყანაში სიკვდილი და გადავწყვიტე სამშობლოში დაბრუნება“. საქართველოში ყოფნის პერიოდში პაციენტს განუვითარდა გენერალიზებული გულყრა, კონსულტირებულ იქნა ჩემს მიერ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. ქალბატონს შევთავაზე წარმონაქმნის ამოკვეთა, დავიწყეთ განმეორებითი კვლევები.

ჩატარებული-თავის ტვინის მრ კვლევის მიხედვით წარმონაქმნის ლოკალიზაცია შეიცვალა, თხემის ნაცვლად ვერიფიცირდებოდა საფეთქელში. დაიგეგმა ოპერაციული ჩარევა. სავარაუდო/წინასწარი დიაგნოზი იყო თავის ტვინის მეორადი სიმსივნე (ახალი მეტასტაზი), თუმცა ოპერაციული ჩარევის დროს, თავის ტვინში ნანახი იქნა 15სმ-მდე ცოცხალი სოლიტერი, რომელიც გადაადგილდებოდა თავის ტვინში.

პარაზიტი გაიგზავნა პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში, სახეობა – Taenia solium (ღორის სოლიტერი). ჯერ-ჯერობით ეს არის პირველი დადასტურებული შემთხვევა, ცოცხალი ბრტყელი ჭიის არსებობის თავის ტვინში. ფაქტი საჭიროებს მეცნიერულ შესწავლას, რაზეც ამ ეტაპზე ვმუშაობთ.

ამჟამად პაციენტი იმყოფება პალატაში, ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე, თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, იმყოფება ნეიროქირურგების, ნევროლოგების და პარაზიტოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ. გრძელდება შემთხვევის კლინიკური კვლევა.

(ტექსტი კოლეგებისთვის) სიმსივნის ინტრაცერებრული ლოკალიზაციის გამო (3 სმ კონვექსიდან), ცერებროტომიის წინ გამოვიყენეთ ულტრაბგერითი აპარატი, მიღებული სურათზე წარმონაქმნი მკვეთრად დიფერენცირდებოდა ტვინის ქსოვილისგან, რაც არ არის დამახასიათებელი თავის ტვინის პირველადი ან მეტასტაზური დაზიანებისთვის. დაზიანების ირგვლივ ვლინდებოდა ტვინის პერიფოკალური შეშუპების სურათი, ტვინის თეთრი ნივთიერებისთვის არადამახასიათებელი ვასკულირება, თუმცა ეს ცვლილებები მაინც არ მივიჩნიეთ საკმარისად მოცულობითი წარმონაქმნის დასადასტურებლად, გავაგრძელეთ მიდგომის პროცესი. თავის ტვინში, უკანა რქასთან ნანახი იქნა მოძრავი პარაზიტი, რომელიც დაუზიანებლად ამოვიყვანეთ.

ტექსტის განახლება: (P.S) მადლობა კომენატარებისთვის, ‘საუკეთესოობამდე’ დიდი გზაა გასავლელი :)) კონკრეტულად ამ ოპერაციის ჩატარება არ მოითხოვს განსაკუთრებულ ტექნიკურ საჭიროებებს, ან ზებუნებრივ “სქილებს” ეს შემთხვევა საინტერესოა მისი უნიკალურობით. ჩვენთან ტარდება ბევრად რთული ნეიროქირურგიული ოპერაციები და ამ ქვეყანას ყავს ძალიან მაღალი დონის ნეიროქირურგები, რომელთა გამოცდილების, ცოდნის გაზიარება დიდი პრივილეგიაა პირადად ჩემთვის. აქვე დავამატებ, საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ამხელა განსხვავებაა ქვეყნის განვითარებასა და ნეიროქირურგიულ დონეს შორის.” – წერს ნეიროქირურგი გიორგი სექანია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალექსანდრ სტუბი – ევროპამ და ფინეთმა უნდა აღიარონ, რომ აშშ იცვლება და მისი ადმინისტრაციის იდეოლოგია, რომელიც საგარეო პოლიტიკას უდევს საფუძვლად, ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება

ევროპამ და ფინეთმა უნდა აღიარონ, რომ შეერთებული შტატები იცვლება და აშშ-ის ადმინისტრაციის იდეოლოგია, რომელიც მის საგარეო პოლიტიკას უდევს საფუძვლად, ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი აცხადებს.მისი თქმით, ნატო-ს ევროპელი წევრები, მათ შორის ფინეთი, ბოლო კვირების განმავლობაში თავიანთი საგარეო პოლიტიკური სტრატეგიების გადახედვაში არიან მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიის გამო იანვარში ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობები დაძაბა.„ჩვენ გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ შეერთებული შტატები ცვლილებებს განიცდის. მისი მიდგომა მოკავშირეების მიმართ, ასევე საგარეო პოლიტიკის წარმოების წესი, ასევე იცვლება. აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკას საფუძვლად უდევს იდეოლოგია, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს და ევროპის მნიშვნელობას აკნინებს“, – განაცხადა სტუბმა.

პარლამენტმა მესამე მოსმენით „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.საკითხი პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა.კანონპროექტის თანახმად, აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს წამყვანი პროფესორის თანამდებობა ემატება.ცვლილებებით ზუსტდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის სამართლებრივი ჩარჩო.პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა განუსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ, მიეცეთ უფლება ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ და რომლებიც არ არის გათვალისწინებული ზემოხსენებულ ჩამონათვალში, მილევად რეჟიმში კონკრეტული ვადით განახორციელონ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანია POSTV-ის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანიების - „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ საინფორმაციო გადაცემებში - „კურიერი“ და „ქრონიკა“, 3 თებერვალს გასულ სიუჟეტებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც სიუჟეტების ავტორები აცხადებენ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პირობები არასათანადოა, ხოლო ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება აკადემიურ სტანდარტებს. აღნიშნულ განცხადებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციითვე, „ტელეკომპანია POSTV-მ, ისე, რომ არც უნივერსიტეტში მოსულა და არც სატელეფონო კავშირის თუ სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით გადაუმოწმებია სხვა ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სოცქსელში, თავის გვერდზე გაავრცელა სხვა ტელევიზიების კუთვნილი ფოტოები და ინფორმაცია“. ამის გამო უნივერსიტეტი ტელეკომპანიისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.„ბოლო პერიოდში, მას შემდეგ რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შერწყმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, საინფორმაციო საშუალებები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინააღმდეგ საინფორმაციო გადაცემებსა და სოცქსელებში გადაუმოწმებელ ფაქტებს ავრცელებენ, რითაც მაყურებელი/მკითხველი, ნებსით თუ უნებლიედ, შეჰყავთ შეცდომაში. უნივერსიტეტი გამორიცხავს, რომ მასმედიის მხრიდან ამგვარი არაპროფესიონალური მიდგომა ისეთ მტკივნეულ საკითხზე, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 104-წლოვანი ისტორიის განადგურებას უკავშირდება, დაკვეთაა, თუმცა გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მედიის წარმომადგენლები მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების თვალში უნივერსიტეტის დისკრედიტაციას და ამ მიზნით ერთგვარი კამპანიის აგორებას.3 თებერვალს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ტელეკომპანიების - „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ საინფორმაციო გადაცემებში - „კურიერი“ და „ქრონიკა“ - დღეს გასულ სიუჟეტებს ეხმაურება და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც სიუჟეტების ავტორები აცხადებენ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პირობები არასათანადოა, ხოლო ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება აკადემიურ სტანდარტებს“. მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია POSTV-მ, ისე, რომ არც უნივერსიტეტში მოსულა და არც სატელეფონო კავშირის თუ სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით გადაუმოწმებია სხვა ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სოცქსელში, თავის გვერდზე გაავრცელა სხვა ტელევიზიების კუთვნილი ფოტოები და ინფორმაცია. იმედი გვაქვს, POSTV კოლეგებსაც არ მოექცა უპასუხისმგებლოდ და კადრების გავრცელების თაობაზე მათგან ნებართვა მაინც აიღო.უნივერსიტეტმა 3 თებერვალს გავრცელებულ წერილში აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ავტორები იმყოფებოდნენ უნივერსიტეტში, მათ მე-2 სასწავლო კორპუსში არსებული ვითარების შესახებ კითხვა არ დაუსვამთ, წინააღმდეგ მათ ეცოდინებოდათ, რომ სტუ-ის მე-2 კორპუსში სასწავლო პროცესი რამდენიმე თვეა არ მიმდინარეობს. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ კი ჟურნალისტები ვერ მოამზადებდნენ და შესაბამისად, ვერც გაავრცელებდნენ მსგავსი შინაარსის სიუჟეტებს. როგორც ჩანს, სიმართლე მათ ხელს არ აძლევდათ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმიჯის შელახვა მაყურებლის შეცდომაში შეყვანის ხარჯზე სცადეს, რაც კარგად გამოუვიდათ… საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხაზგასმით და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სიუჟეტებში გამოყენებული ვიზუალური მასალა არ ასახავს არც აუდიტორიების, არც ლაბორატორიებისა და არც სველი წერტილების რეალურ მდგომარეობას. ამის მიუხედავად, სიუჟეტებში გაკეთებულია საპირისპირო დასკვნები, რაც წარმოადგენს მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას და პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს „მაუწყებლობის შესახებ“ (მუხლები: 52 პუნქტი „გ“ - პროგრამებში ფაქტებისა და კომენტარების მკაფიო გამიჯვნის ვალდებულება; 54 - მაუწყებლის ვალდებულება უზრუნველყოს ინფორმაციის სიზუსტე და ფაქტების ჯეროვანი გადამოწმება; 56 - დაინტერესებული მხარისთვის პასუხისა და ინფორმაციის შესწორების უფლება, 59 - მაყურებლის შეცდომაში შეყვანის დაუშვებლობა) და ჟურნალისტური ეთიკის ძირითად პრინციპებს, განსაკუთრებით კი, სიზუსტისა და ობიექტურობის ნორმებს“. იგივე მიდგომა გვაქვს ტელეკომპანია POSTV-ის შემთხვევაში - უნივერსიტეტი კატეგორიულად ითხოვს გადაუმოწმებელი და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისთვის ტელეკომპანიამ უნივერსიტეტს ბოდიში მოუხადოს და უარყოს გავრცელებული ინფორმაცია მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია მისი მოპოვებული არ იყო. ინფორმაციის გაზიარების ფაქტი ადასტურებს, რომ POSTV-ი ეთანხმება „რუსთავი 2“-სა და „იმედს“, რაც მიგვაჩნია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილია“,- ნათქვამია განცხადებაში.

სოზარ სუბარი: როგორ დარეგულირდება უმაღლეს სასწავლებლებში კვოტების საკითხი, იმ წელს, როცა სკოლის დამთავრება მოუწევს მე-11 და მე-12 კლასს?

ვამბობთ, რომ რეფორმის შედეგად სახელმწიფოს უნივერსიტეტებში განათლება უფასო ხდება, მაგრამ იმ წელს, როცა აბიტურიენტებად ერთდროულად დარეგისტრირდებიან მე-11 და მე-12 კლასდამთავრებულები, აღმოჩნდება, რომ აბიტურიენტების რაოდენობა გაორმაგდება, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილებოდა.დეპუტატმა საკითხის მომხსენებელს, განათლების მინისტრის მოადგილეს, ზვიად გაბისონიას ჰკითხა, თუ როგორ დარეგულირდება უმაღლეს სასწავლებლებში კვოტების საკითხი, იმ წელს, როცა სკოლის დამთავრება მოუწევს ორ დამამთავრებელ კლასს.„ვამბობთ, რომ რეფორმის შედეგად სახელმწიფოს უნივერსიტეტებში განათლება უფასო ხდება, მაგრამ იმ წელს, როცა აბიტურიენტებად ერთდროულად დარეგისტრირდებიან მე-11 და მე-12 კლასდამთავრებულები, აღმოჩნდება, რომ აბიტურიენტების რაოდენობა გაორმაგდება. შესაბამისად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში არ იქნება საკმარისი რაოდენობის ადგილი და ბევრ ახალგაზრდას მოუწევს კერძო უმაღლეს სასწავლებელში, ფასიან ფაკულტეტებზე ჩაბარება. პარალელურად, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფო მთლიანად წყვეტს კერძო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებას, ეს შეიძლება მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვეს ბევრ ოჯახს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.ზვიად გაბისონიას განცხადებით, აღნიშნული პრობლემის შესახებ განათლების სამინისტროსთვისაც ცნობილია და თუ დამატებითი გადაწყვეტილება იქნება საჭირო, მოხდება კვოტირების დაზუსტება.

„ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა…“ – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

„ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა…“ – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა- ეს ამბავი 2022 წლის 1 ნოემბერს მოხდა. ექიმი, რომელსაც დღემდე უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით იხსენებენ.„ეს არის კაცი, რომელიც 8 საათი იდგა ოპერაციაზე, ოპერაციის მიმდინარეობისას თავად გახდა ცუდად, მაგრამ ვერ შეწყვიტა ბრძოლა ახალგაზრდა სიცოცხლის გადასარჩენად. ბატონი როსტომ შველიძე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. გვერდის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უსამძიმრებს ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და სრულიად ქართულ სამედიცინო საზოგადოებას. ყოველთვის გვემახსოვრება, რომ შენ აირჩიე ფიცის ერთგულება, სიცოცხლის ფასად #გმირო“, - წერია Facebook გვერდის - „ყველაფერი მედიცინაზე“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ბოლო სიახლეები