სამშაბათი, ივნისი 30, 2026

ბიძინა ივანიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა საზოგადოებას, როგორი შეიძლება იყოს ჯანმრთელი, ჯანსაღი, ევროპული ტიპის ხელისუფლება

„ქართულმა ოცნებამ“ ვაჩვენეთ საზოგადოებას, როგორი შეიძლება იყოს ჯანმრთელი, ჯანსაღი, ევროპული ტიპის ხელისუფლება. რეალურია, რომ ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგეს და არა პირიქით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა. ივანიშვილის თქმით, როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, საზოგადოებაც გამოუცდელი იყო, თუმცა ახლა მოსახლეობამ ისწავლა „არჩევა და კონტროლი“. „საზოგადოებაც, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ გუნდი, იყო გამოუცდელი და პოლიტიკაში მოსვლისთანავე ამას აღვნიშნავდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი კულტურა, ჩვენი სახელმწიფო არ გვიმართავს, არათუ ათწლეულები, ასწლეულებიც კი, ამის გამოცდილება არ გვაქვს, მით უმეტეს არ გვაქვს გამოცდილება დემოკრატიული მმართველობის და ხიფათი ძალიან დიდია. ვნახეთ, რამდენი უბედურება და ხიფათი გადავიტანეთ. თუ რამ შეიძლება, სამოქალაქო ომის ჩათვლით, ყველაფერი საკუთარ თავს მოვახვიეთ. ასეთი ნათქვამია, ბრძენი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ჭკვიანი საკუთარზე და სულელი ვერასდროს ვერ სწავლობსო. მგონია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ საკუთარ შეცდომებზე ისწავლა. ჩვენ გამოუცდელობით ყველანაირი უბედურება დავაწიეთ სახელმწიფოს. მოვკალით პირველი პრეზიდენტი, გვმართავდნენ ყაჩაღები, საძმოთი იმართებოდა ქვეყანა, იმის შემდეგ სამოქალაქო ომი მოვახერხეთ და ეს საფუძველია იმის, რომ ხალხმა ისწავლა“, – განაცხადა ივანიშვილმა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა, ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ შეცდომებზე ისწავლა. „ბოლოს მივიღეთ ყველაზე დიდი გამოცდა – „ნაციონალური მოძრაობა“. ისე ძალადობდა საკუთარ ხალხზე, რომ ეს იყო ჩემი მოსვლის მიზეზიც, ვეღარ ვერეოდით. რვა წლის განმავლობაში ჩვენ შევაჩერეთ უკან სვლა. ზოგიერთი პოლიტიკოსი ტრაბახობს, რაც დამოუკიდებელ საქართველოში პოლიტიკა დაიწყო, იქ ვდგავარო. იდგნენ, მაგრამ 20 წლის განმავლობაში უარესდებოდა მდგომარეობა. „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ეს დაღმასვლა. ჩვენ სტაბილურად, ყველა მიმართულებით გვაქვს პრინციპულად უკეთესი მდგომარეობა. ახლა იტყვიან, ნახეთ რამდენი გაჭირვებულიაო. გასაგებია, ამ გაჭირვებას ხუთ წუთში ვერ დაძლევ. ამას დრო სჭირდება. „ქართულმა ოცნებამ“ ვაჩვენეთ საზოგადოებას, როგორი შეიძლება იყოს ჯანმრთელი, ჯანსაღი, ევროპული ტიპის ხელისუფლება. რეალურია, რომ ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგეს და არა პირიქით. ძალიან ნიჭიერი ხალხისგან შემდგარი გუნდი ემსახურება საკუთარ ხალხს. აქაც თემა დახურულია. თუ ამის შემდეგ, თეორიულად დავუშვათ, აარჩია მოძალადე და უნდა რომ ბატონი ჰყავდეს, მე რაღა შუაში ვარ. ან საზოგადოებას რატომ უნდა ჰქონდეს ჩემთან მოთხოვნა, რატომ არ ბრუნდებაო. რატომ უნდა დავბრუნდე, თუ ვერ გავაკეთე კარგად, აღარც მომესვლება, სხვამ უნდა გაასწოროს და გააკეთოს. საზოგადოების ნაწილი, ვისაც გადაჭარბებული ნდობა შერჩა ჩემდამი, ახლა უფრო ფხიზლად დადგება, რომ უფრო კარგად უყურონ სიტუაციას, უფრო აქტიურები იყვნენ არჩევნებზე, გონებით და არა ემოციებით შეარჩიონ და ხმა მისცენ მას, ვინც მოსწონთ. ვფიქრობ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ისწავლა არჩევა და კონტროლიც. არც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მოთხოვნა ჩემზე, თუ ჩემი მსგავსი უნდათ, ვუტოვებ მთელ გუნდს. არც მე უნდა მქონდეს პრეტენზია უკან შემობრუნებაზე. თუ რამე შემეძლო, გავაკეთე, თუ არ გავაკეთე სწორად, მით უმეტეს არ უნდა მოვბრუნდე უკან“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ეკა კუპატაძე ეკატერინა ივანიშვილს მიმართავს – მჯეროდა, უპასუხოდ არ დამტოვებდით, პროკურატურას აქვს სრული მზაობა სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ვიმედოვნებ, ხელი არ შეეშლებათ თავიანთ უფლებამოსილებაში

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინა ივანიშვილის წერილს გამოეხმაურა.„მჯეროდა, უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა.მე მხეცურად მომიკლეს უდანაშაულო შვილი. რომ არა ნია იმნაძე ან/და გიორგი მალანია, დღეს გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა. საქმეში უხვადაა პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებები, პროკურატურას აქვს სრული მზაობა, სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ვიმედოვნებ, ხელი არ შეეშლებათ თავიანთ უფლებამოსილებაში.სიმართლე ცალსახაა, დარჩა მთავარი – სამართალი.ბედნიერ დედად დაბერდით, ქალბატონო ეკატერინა“, – წერს ეკა კუპატაძე.ცნობისთვის, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე გუშინ ბიძინა ივანიშვილის სახლთან იმყოფებოდა და მის მეუღლეს, ეკატერინა ივანიშვილს მიმართა. დღეს კი, კატერინა ივანიშვილმა ეკა კუპატაძის მიმართვას უპასუხა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული სასულიერო არქიტექტურა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ გაიმართა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი იყო ქართული სასულიერო არქიტექტურის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის წარმოჩენა, მისი დაცვისა და თანამედროვე ურბანულ გარემოში ინტეგრაციის საკითხების განხილვა, ასევე დარგის მეცნიერებს, მკვლევრებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება.კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები, დოქტორანტები და სტუდენტები, ასევე პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა, ანა მარტიკამ, რომელმაც კონფერენციას ონლაინ ფორმატში შეუერთდა და მონაწილეებს საკუთარი სამეცნიერო ხედვა გაუზიარა სასულიერო არქიტექტურის, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და თანამედროვე ქალაქგეგმარებითი გამოწვევების შესახებ.„საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავი ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი თარიღია. ამ იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და პატივია, რადგან სწორედ არქიტექტურის სფეროა ის მიმართულება, სადაც ეროვნული იდენტობა, ისტორიული მეხსიერება და თანამედროვე განვითარების ხედვა ერთმანეთს ბუნებრივად უკავშირდება.ქართული სასულიერო არქიტექტურა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ნაწილია. მისი შესწავლა, დაცვა და თანამედროვე ურბანულ გარემოში სწორი ინტეგრაცია დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროფესიულ გამოწვევას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მსგავსი კონფერენციები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს როგორც სამეცნიერო კვლევების განვითარების, ისე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.მოხარული ვართ, რომ კონფერენციაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებასთან ერთად მონაწილეობდნენ პარტნიორი უნივერსიტეტების მეცნიერები და სტუდენტები. მადლობა პოლონეთის ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორს, ანა მარტიკას, საინტერესო თემის წარმოდგენისთვის.ჩვენი ფაკულტეტი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის კვლევას, კონსერვაციასა და თანამედროვე არქიტექტურულ პროცესებთან მის დაკავშირებას. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი მოსაზრებები და სამეცნიერო კვლევები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ქართული სასულიერო არქიტექტურის შემდგომ შესწავლაში, ისე იმ პროფესიული ხედვების ჩამოყალიბებაში, რომლებიც ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და თანამედროვე ქალაქთმშენებლობის ჰარმონიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.მადლობას ვუხდი ყველა მომხსენებელს, მონაწილეს, სტუდენტსა და პარტნიორ ორგანიზაციას. სწორედ ასეთი სამეცნიერო ღონისძიებები აძლიერებს უნივერსიტეტის აკადემიურ ავტორიტეტს, ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და ახალგაზრდა თაობას უქმნის შესაძლებლობას, ჩაერთოს თანამედროვე არქიტექტურული მეცნიერების აქტუალურ საკითხებზე პროფესიულ დისკუსიაში“, - აცხადებს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნუგზარ ხვედელიანი.სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი მოხსენებები შეეხებოდა ქართული ქრისტიანული არქიტექტურის განვითარების ისტორიულ ეტაპებს, ეკლესია-მონასტრების არქიტექტურულ თავისებურებებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თანამედროვე მიდგომებს, ისტორიული ურბანული სივრცეების განვითარების ტენდენციებსა და ქალაქთმშენებლობის იმ გამოწვევებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია კულტურული იდენტობის შენარჩუნებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია – მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.მათივე ცნობით, მიხეილ ყაველაშვილი დაკრძალვის ცერემონიას რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრება.

ცოტნე ანანიძე: აჭარის მთავრობის სხდომაზე მკაფიოდ გამოიკვეთა რეგიონის განვითარების ფორმულა: სწორად იდენტიფიცირებული პრიორიტეტები და მიზანმიმართული ძალისხმევა. შედეგზე ორიენტირებული მუშაობა — წარმატების საწინდარია

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, აჭარის მთავრობის სხდომას სოციალურ ქსელში ეხმიანება.ანანიძის განცხადებით, სხდომაზე გამოიკვეთა აჭარის რეგიონის განვითარების ფორმულა „სწორად იდენტიფიცირებული პრიორიტეტები და მიზანმიმართული ძალისხმევა.“„აჭარის მთავრობის სხდომაზე მკაფიოდ გამოიკვეთა რეგიონის განვითარების ფორმულა: სწორად იდენტიფიცირებული პრიორიტეტები და მიზანმიმართული ძალისხმევა. შედეგზე ორიენტირებული მუშაობა — წარმატების საწინდარია.“- წერს ანანიძე.

კახა კალაძე – დღეს ბიზნესი არის თავისუფალი და ხელშეუხებელი , ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჰქონოდათ რაიმე სახის ხელის შეშლა

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს, წინა წლებისგან განსხვავებით, ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაც ადასტურებს.როგორც კალაძემ ბიზნესის თავისუფლებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, ის ტერორი, რომელსაც აღნიშნული სფეროს წარმომადგენლები განიცდიდნენ, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ დაასრულა.„დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია. ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის, ამ ყველაფერში ბიზნესის როლი განსაკუთრებულია. რა თქმა უნდა, ხელისუფლება თავისი ქმედებებით, გადადგმული ნაბიჯებით, საკანონმდებლო ინიციატივებით ხელს უწყობს, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემო იყოს საინტერესო და მარტივად იყოს შესაძლებელი ამ საქმის წარმოება. ის ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა – ტერორი, წართმევა, გადაფორმებები, 2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, წარსულს ჩავაბარეთ. დღეს ბიზნესი არის აბსოლუტურად დაცული და ნებისმიერ ადამიანს ძალიან მარტივად, გამჭვირვალედ, კანონის ფარგლებში შეუძლია, აკეთოს თავისი საქმე ყოველგვარი პრობლემის გარეშე“, – განაცხადა თბილისის მერმა.კახა კალაძის განმარტებით, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ბიზნესმენს, შეუძლია, სხვადასხვა საკითხზე საკუთარი კრიტიკული მოსაზრება დააფიქსიროს, თუმცა ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში და არ შეიცავდეს შეურაცხყოფას.„დღეს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, მოსაზრება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და ყველა საკითხზე, თუმცა ვიღაცას მიაყენო სიტყვიერი შეურაცხყოფა, კატეგორიულად მიუღებელია. ვიღაცას შეიძლება სხვა დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შევუვარდე სოცმედიაში და შეურაცხყოფა მივაყენო. ეს არ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ეს არის უზრდელობა და დანაშაული. თუ ადამიანი გამოხატავს თავის მოსაზრებას ნებისმიერ საკითხზე, ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში და არა გინებით, ბილწსიტყვაობით. გამოხატვის თავისუფლება დაცულია ქვეყანაში ისე, როგორც არასდროს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ, განსხვავებული მოსაზრების მიუხედავად, არ არსებობს არცერთი ფაქტი იმისა, რომ მოქმედ ხელისუფლებას რომელიმე ბიზნესმენისთვის ხელი შეეშალოს.„ყველა ბიზნესსუბიექტი თავად იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედოს და რა გააკეთოს. თქვენ როგორ გგონიათ, ბიზნესის 100% „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია? მაგალითად, ავიღოთ ბიზნესმენი, ტელეკომპანია „პირველის“ ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი მამუკა ხაზარაძე, რომელიც ფლობს დეველოპერულ კომპანიას დედაქალაქში, ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ მას მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს მხრიდან ჰქონოდა რაიმე სახის ხელის შეშლა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ დღეს ბიზნესი არის თავისუფალი და ხელშეუხებელი. ეს იმ პოლიტიკის შედეგია, რომელიც, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა საქართველომ“ გაატარა. გავიხსენოთ წლების წინ რა ხდებოდა – რომელიმე ბიზნესმენს ოპოზიცია დაეფინანსებინოს ღიად და მას რას უზამდნენ, რა მდგომარეობაში ჩააგდებდნენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ბოლო სიახლეები