ოთხშაბათი, ივლისი 8, 2026

ბიძინა ივანიშვილი – ტრაბახობენ, მშვიდობიანად წავედითო, რისი წამსვლელები იყვნენ, სისხლს დაღვრიდნენ, მაგრამ გამოსავალი არ დავუტოვეთ, ხალხის ძალის ისეთი მობილიზაცია მოხდა

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, როდესაც პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთო, ხალხი მაშინდელი ხელისუფლების მიერ დაშინებული იყო და პროტესტის გამოხატვას ვერ ბედავდა. ივანიშვილის თქმით, იმ პერიოდში სწორი მენეჯმენტის შედეგად, ხალხის მობილიზება მოხერხდა. „თუ ვინმეს შეფასების უნარი აქვს, აბსოლუტურად ვაჩვენე მენეჯმენტში გამოცდილება. გავიხსნებ, ვინც დამხვდნენ ყოფილი, გამოცდილი პოლიტიკოსები, როგორ მეუბნებოდნენ, რომ აბა, საჯაროდ დავიწყოთ გამოსვლები და მიტინგები. ძლივს ვაჩერებდი სიტუაციას, ვიდრე ჩემებურად არ გადავალაგე. მახსოვს, მაინც არ მეშვებოდნენ, მრჩევლები მყავდნენ კიდევ, რომლებიც დღესაც იჩემებენ, რომ რაღაც იციან – აი, ის გამოიყვანე, აბა, ქუჩა და ქუჩა. რომ არ მომეშვნენ, მახსოვს, ბორჯომში გავუშვი, იქ ვართ ყველაზე მაგრადო. ოღონდ, არ გეწყინოთმეთქი დაცვას, კაცს გაგაყოლებთ, რომ დავინახო, რამდენ ხალხს მოაგროვებთმეთქი. როგორ ფიქრობთ, რამდენი მოაგროვეს? 10 კაცი ვერ მოაგროვეს და რომ დაღამდა, შემდეგ 25 კაცამდე ავიდა, იმდენად დაშინებული იყო ხალხი. აბა, ნახეთ, როგორი ხელისუფლება გვყავდა, თვითონ მშიშრები, რა თქმა უნდა. ძალას, სახელმწიფო სტრუქტურებს იყენებდნენ, ხალხი როგორი დაშინებული იყო. იმ ერთი წლის განმავლობაში ვაჩვენე ყველა თვისება ძლიერი მენეჯერის და გავაკეთე ხალხის მობილიზება. სად შეიძლებოდა ძალა ყოფილიყო? არა ქვების სროლაში, როგორც მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ და დღესაც ძალით რომ ცდილობენ. ხელისუფლების წყაროა ხალხი. თუ ნახეთ, როგორი მობილიზება მოხდა ხალხის, ეს არ მომხდარა თავისით. რა თქმა უნდა, ხალხსაც განწყობა ჰქონდა. ჩემი წვლილი შეიძლება, ნახევარი იყოს, მეორე ნახევარი ჩვენი გუნდის და უფრო მეტი წვლილი მობილიზაციაში, რა თქმა უნდა, ხალხისაა. იმხელა თავყრილობა არ ახსოვს ჩვენს საზოგადოებას. 700 000-საც ამბობენ, როდესაც არჩევნების წინ თავყრილობა გავაკეთეთ. მე მახსოვს, როგორ დავდიოდი ტელევიზიებში და ძალიან ხშირად როგორ ვეხვეწებოდი ხალხს, რომ, გამოდით, ჩვენი ძალა ამაშია. ყავარჯნებით გამოვიდა ხალხი, იმდენად გამწარებული იყვნენ. ეს არის ჩემი პოლიტიკური ქმედების, ასე ვთქვათ, მწვერვალი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ივანიშვილის თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დიდმა რაოდენობამ, ხალხის მაქსიმალურმა მობილიზაციამ განაპირობა ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა. „არ მინდა, ნიუანსებში ჩავიდე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი სამეგობრო ძალიან აქტიური იყო, აშშ-დან ბევრი პოლიტიკოსი ჩამოდიოდა, ძალიან ბევრი მე მარწმუნებდა, რომ როგორმე ოპოზიციას დავჯერებოდი ამ ეტაპზე და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ისიც მახსოვს, როდესაც არჩევნების დღეს დათვლა შეაჩერეს ერთი პერიოდი და ამ დროსაც გარკვეული შეხვედრები გრძელდებოდა. ჩვენს მეგობრებს ამერიკული თანამგზავრიდან გადაღებული ხალხის რაოდენობა ვაჩვენე, მე ამის გამჩერებელი არ ვარ, არასწორი იქნებამეთქი. ტრაბახობენ, მშვიდობიანად წავედითო, რისი წამსვლელები იყვნენ, სისხლს დაღვრიდნენ, მაგრამ გამოსავალი არ დავუტოვეთ, ხალხის ძალის ისეთი მობილიზაცია მოხდა. მობილიზაცია მოხდა რეალური ძალის და არა ამ ხელოვნური, მოგონილი ძალის, რასაც დღესაც ცდილობენ, გამოიყენონ. რეალური ძალის მაქსიმალური მობილიზაცია იყო მენეჯმენტის, მათ რიცხვში, ჩემი დამსახურება და, რა თქმა უნდა, ჩემი თანაგუნდელების“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტრაგედია ბათუმში – 23 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო

ბათუმში, შავ ზღვაში 23 წლის ბიჭი დაიხრჩო. ნოდარ დარჩიძის ცხედარს 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ახალგაზრდა ზღვაში 5 ივლისს, მეგობართან ერთად შევიდა და მალევე გაუჩინარდა. მეგობარმა წყლიდან გამოსვლა უვნებლად შეძლო.ნოდარ დარჩიძის ფოტოს და სამძიმრის ტექსტს სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.„დღეს ზღვამ ყველაზე ძვირფასი უკან დააბრუნა, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ყველა ელოდა... ნოდარ დარჩიძის ცხედარი ნაპოვნია. რამდენი ლოცვა, რამდენი იმედი, რამდენი ცრემლი… ყველას სჯეროდა, რომ ნოდარი ცოცხალი დაბრუნდებოდა. ოჯახი ბოლო წამამდე სასწაულს ელოდა, მაგრამ ყველაზე მძიმე ამბავი დადგა. ყველაზე მტკივნეული ის არის, როცა მშობელს საკუთარი შვილის გაცილება უწევს. ეს ტკივილი სიტყვებით არ იზომება. ამ ტკივილს ვერაფერი გააქრობს და ვერაფერი შეამსუბუქებს. დღეს მთელი აჭარა გლოვობს ერთ ახალგაზრდა სიცოცხლეს, რომელიც ჯერ კიდევ უამრავი ოცნებით ცხოვრობდა. დარჩა მხოლოდ ცრემლები, მოგონებები და აუხდენელი გეგმები. უფალმა ნათელში ამყოფოს ნოდარ დარჩიძის სული, ხოლო მის ოჯახს მისცეს ძალა, გაუძლოს ამ ენით აუწერელ ტკივილს“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა ურუგვაი დაამარცხა და მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის ითამაშებს

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ახალგაზრდული მსოფლიო თასის მესამე ტურის მატჩში ურუგვაის ნაკრები 56:3 დაამარცხა და ბრძოლას მეცხრე-მეთორმტე ადგილების ნახევარფინალში გააგრძელებს.უმცროსი „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობიდან ლელოები რაზმაძემ, ძოძუაშვილმა,  ტაბატაძემ, ნარსიამ (3), ნოზაძემ და ახვლედიანმა დადეს, გარდასახვები კი ხალვაშმა ზუსტად დაარტყა და საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მოგებით დაასრულა.უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ბრძოლას მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის განაგრძობენ – მატჩები ქუთასის „აია არენაზე“ გაიმართება.

რატომ ტირის კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს ყველა ჩემპიონატზე? – ფსიქოლოგის განმარტება

ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ დაამტკიცა, რომ ძალიან მგრძნობიარე ადამიანია - მან მსოფლიო ჩემპიონატებზე პორტუგალიის ყველა მარცხი ცრემლებით მიიღო. თუმცა, ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ეს არა მხოლოდ წაგების იმედგაცრუებაა, არამედ იმის გაცნობიერებაც, რომ მისი კარიერა მთავრდება - და არა პოზიტიური ნოტით.პირველ რიგში, ეს ცრემლები რონალდუს ემოციურობაზე მეტყველებს. ის ისეთი ადამიანია, რომელიც ბედნიერებისგან, მწუხარებისგან და ნებისმიერი ინტენსიური გამოცდილებისგან ტირის. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ტირილი ლამაზი მუსიკის მოსმენისას ან ღამის ცის ყურებისას, როდესაც ვარსკვლავები განსაკუთრებით ახლოს ჩანან. ეს მგრძნობელობა მისი ბუნების ნაწილია და ეს მთელი მისი კარიერის განმავლობაში გამოვლინდა.თუმცა, ფსიქოლოგი თვლის, რომ ესპანეთთან მატჩის შემდეგ ცრემლები გამოწვეულია მისი კარიერის დასასრულის შეშფოთებით, რომელიც ისე არ მიდის, როგორც მას იმედი ჰქონდა. ტრიუმფს, საუკეთესოდ ყოფნას, პოპულარობასა და საყოველთაო თაყვანისცემას მიჩვეული ადამიანისთვის, მწვერვალიდან დაცემა წარმოუდგენლად რთულია. ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ ეს განსაკუთრებით ეხება ასეთი მგრძნობიარე და ემოციური ბუნების მქონე ადამიანს. ექსპერტმა აღნიშნა, რომ კარიერის დასრულება განსაკუთრებით რთულია გამარჯვებული სპორტსმენებისთვის. ასაკის მატებასთან ერთად ისინი ხვდებიან, რომ აღარ შეუძლიათ ძველი სტანდარტების დაცვა და მათი საყვარელი საქმე თანდათან ქრება. ფსიქოლოგის თქმით, ნაცნობი როლის დაკარგვა შეიძლება თითქმის ისეთივე მტკივნეულად აღიქმებოდეს, როგორც საყვარელი ადამიანის დაკარგვა. „ეს მწუხარება შეიძლება შევადაროთ საყვარელი ადამიანის დაკარგვას. იგივე დონის ტკივილი - დაემშვიდობო იმას, რითაც გატაცებული იყავი. ეს ჰგავს დიდ მსახიობს, რომელიც სცენაზე დომინირებდა, მაგრამ მოულოდნელად თამაში აუკრძალეს. ის ხვდება: ყველაფერი დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მას ხელში აყვანილს  ატარებდნენ და ყვავილებით ფარავდნენ მის გზას, ის მხოლოდ სცენაზე იყო ბედნიერი. ეს მსგავსი ამბავია“, - აღნიშნა ფსიქოლოგმა.ექსპერტმა არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ რონალდო ფეხბურთში მწვრთნელის ან ადმინისტრატორის თანამდებობაზე დარჩეს სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია. თუმცა, იგი თვლის, რომ ახლა შეუძლებელია მისი ყოფილი სტატუსის დაბრუნება, როგორც მთავარი ვარსკვლავისა და გამარჯვებული ჩემპიონის.ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრიშტიანუ რონალდუ ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე ტიროდა. ამან მისი გულშემატკივრების ყურადღება მიიპყრო. სპორტსმენმა თავისი ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსჯერ წარმოადგინა: 2006, 2010, 2014, 2018, 2022 და 2026 წლებში. ამ დროის განმავლობაში მან 25 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ექვს სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა გოლი.

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი – გაფრთხილება ამინდზე

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესებას შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.„9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, კახეთის რეგიონში ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, კახეთის რეგიონის პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე კახეთის რეგიონში - მაღალი, დანარჩენ ტერიტორიაზე - საშუალო)"- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტამბოლსა და ანკარაში ნატო-ს სამიტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა

სტამბოლსა და ანკარაში ნატო-ს სამიტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა.სტამბოლში აქციის მონაწილეები, რომელთა შორის მემარცხენე, პროპალესტინური და ქურთული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ, ნატო-ს წინააღმდეგ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ არ ეთანხმებიან ანკარაში ნატო-ს სამიტის ჩატარებას და ალიანსს „ომებისა და ძალადობის ინსტრუმენტად“ მიიჩნევენ.აქციის მონაწილეთა ნაწილმა ხელისუფლება სამიტის წინ აქტივისტებზე ზეწოლაშიც დაადანაშაულა.ამის მიუხედავად, სტამბოლში აქცია მშვიდობიანად დასრულდა და დაკავებები არ ყოფილა. თუმცა ანკარაში, სადაც ნატო-ს სამიტის პერიოდში საპროტესტო აქციები აკრძალული იყო, პოლიციამ დემონსტრაცია დაშალა და დაახლოებით 20 ადამიანი დააკავა.

ბოლო სიახლეები