ორშაბათი, ოქტომბერი 19, 2026

ბიძინა ივანიშვილი – ტრაბახობენ, მშვიდობიანად წავედითო, რისი წამსვლელები იყვნენ, სისხლს დაღვრიდნენ, მაგრამ გამოსავალი არ დავუტოვეთ, ხალხის ძალის ისეთი მობილიზაცია მოხდა

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, როდესაც პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთო, ხალხი მაშინდელი ხელისუფლების მიერ დაშინებული იყო და პროტესტის გამოხატვას ვერ ბედავდა. ივანიშვილის თქმით, იმ პერიოდში სწორი მენეჯმენტის შედეგად, ხალხის მობილიზება მოხერხდა. „თუ ვინმეს შეფასების უნარი აქვს, აბსოლუტურად ვაჩვენე მენეჯმენტში გამოცდილება. გავიხსნებ, ვინც დამხვდნენ ყოფილი, გამოცდილი პოლიტიკოსები, როგორ მეუბნებოდნენ, რომ აბა, საჯაროდ დავიწყოთ გამოსვლები და მიტინგები. ძლივს ვაჩერებდი სიტუაციას, ვიდრე ჩემებურად არ გადავალაგე. მახსოვს, მაინც არ მეშვებოდნენ, მრჩევლები მყავდნენ კიდევ, რომლებიც დღესაც იჩემებენ, რომ რაღაც იციან – აი, ის გამოიყვანე, აბა, ქუჩა და ქუჩა. რომ არ მომეშვნენ, მახსოვს, ბორჯომში გავუშვი, იქ ვართ ყველაზე მაგრადო. ოღონდ, არ გეწყინოთმეთქი დაცვას, კაცს გაგაყოლებთ, რომ დავინახო, რამდენ ხალხს მოაგროვებთმეთქი. როგორ ფიქრობთ, რამდენი მოაგროვეს? 10 კაცი ვერ მოაგროვეს და რომ დაღამდა, შემდეგ 25 კაცამდე ავიდა, იმდენად დაშინებული იყო ხალხი. აბა, ნახეთ, როგორი ხელისუფლება გვყავდა, თვითონ მშიშრები, რა თქმა უნდა. ძალას, სახელმწიფო სტრუქტურებს იყენებდნენ, ხალხი როგორი დაშინებული იყო. იმ ერთი წლის განმავლობაში ვაჩვენე ყველა თვისება ძლიერი მენეჯერის და გავაკეთე ხალხის მობილიზება. სად შეიძლებოდა ძალა ყოფილიყო? არა ქვების სროლაში, როგორც მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ და დღესაც ძალით რომ ცდილობენ. ხელისუფლების წყაროა ხალხი. თუ ნახეთ, როგორი მობილიზება მოხდა ხალხის, ეს არ მომხდარა თავისით. რა თქმა უნდა, ხალხსაც განწყობა ჰქონდა. ჩემი წვლილი შეიძლება, ნახევარი იყოს, მეორე ნახევარი ჩვენი გუნდის და უფრო მეტი წვლილი მობილიზაციაში, რა თქმა უნდა, ხალხისაა. იმხელა თავყრილობა არ ახსოვს ჩვენს საზოგადოებას. 700 000-საც ამბობენ, როდესაც არჩევნების წინ თავყრილობა გავაკეთეთ. მე მახსოვს, როგორ დავდიოდი ტელევიზიებში და ძალიან ხშირად როგორ ვეხვეწებოდი ხალხს, რომ, გამოდით, ჩვენი ძალა ამაშია. ყავარჯნებით გამოვიდა ხალხი, იმდენად გამწარებული იყვნენ. ეს არის ჩემი პოლიტიკური ქმედების, ასე ვთქვათ, მწვერვალი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ივანიშვილის თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დიდმა რაოდენობამ, ხალხის მაქსიმალურმა მობილიზაციამ განაპირობა ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა. „არ მინდა, ნიუანსებში ჩავიდე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი სამეგობრო ძალიან აქტიური იყო, აშშ-დან ბევრი პოლიტიკოსი ჩამოდიოდა, ძალიან ბევრი მე მარწმუნებდა, რომ როგორმე ოპოზიციას დავჯერებოდი ამ ეტაპზე და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ისიც მახსოვს, როდესაც არჩევნების დღეს დათვლა შეაჩერეს ერთი პერიოდი და ამ დროსაც გარკვეული შეხვედრები გრძელდებოდა. ჩვენს მეგობრებს ამერიკული თანამგზავრიდან გადაღებული ხალხის რაოდენობა ვაჩვენე, მე ამის გამჩერებელი არ ვარ, არასწორი იქნებამეთქი. ტრაბახობენ, მშვიდობიანად წავედითო, რისი წამსვლელები იყვნენ, სისხლს დაღვრიდნენ, მაგრამ გამოსავალი არ დავუტოვეთ, ხალხის ძალის ისეთი მობილიზაცია მოხდა. მობილიზაცია მოხდა რეალური ძალის და არა ამ ხელოვნური, მოგონილი ძალის, რასაც დღესაც ცდილობენ, გამოიყენონ. რეალური ძალის მაქსიმალური მობილიზაცია იყო მენეჯმენტის, მათ რიცხვში, ჩემი დამსახურება და, რა თქმა უნდა, ჩემი თანაგუნდელების“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლუკა კურტანიძე – მეამაყება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თანამებრძოლი ვიყავი, ვარ და ვიქნები – ირაკლის თუ სტკივა, მეც მტკივა და ჩემს უკან ასიათასობით თანამებრძოლია, რომლებმაც...

მეამაყება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თანამებრძოლი ვიყავი, ვარ და ვიქნები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ განუცხადა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვას ესწრებოდა.„სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ რაც ყველაზე მთავარი არის, ირაკლის თუ სტკივა, მეც მტკივა და ჩემს უკან ასიათასობით თანამებრძოლია, რომლებმაც ირაკლისთან ერთად დაამარცხეს „ნაცმოძრაობა“, 2012 წლიდან თითოეული თანამებრძოლის დამსახურებაა ის, რომ დღეს, საქართველოში სიმშვიდეა. თქვენ ახსენეთ ერისკაცი, ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, წუხდეს იქნება, რადგან ირაკლი მასთან გაიზარდა.თანამებრძოლი გყოლიათ? თუ თანამებრძოლს სტკივა, ყველა თანამებრძოლს სტკივა, რა არის აქ გასაკვირი? ერისკაციც ადამიანია. სააკაშვილის დროში ნუ გეშლებათ დღევანდელი დრო. როცა მოსამართლეც სააკაშვილი იყო, პროკურორიც სააკაშვილი იყო და მმართველიც სააკაშვილი იყო. მეამაყება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თანამებრძოლი ვიყავი, ვარ და ვიქნები“, - აცხადებს კურტანიძე.ცნობისთვის, ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ მისცეს. მათი ჩვენების შესაბამისად, შესყიდვების, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან 750 000 ლარი ირაკლი ღარიბაშვილს ხელზე გადასცა, 750 000 ლარი კი თავად დაიტოვა. ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.(კომენტარს IPN ავრცელებს).

შალვა პაპუაშვილი – საფრანგეთში ძალადობა უნდა დასრულდეს, უბრალოდ, ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, იმავე ძალადობას შენთან მიიღებ

მაკრონის განცხადებები გვახსოვს, როდესაც მოძალადე ბრბოს მხარი დაუჭირა, რომელიც საქართველოს პარლამენტის დაწვას ცდილობდა. სხვა ქვეყანაში როცა ქარს დათეს, საკუთარ ქვეყანაში ქარიშხალს მიიღებ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი საფრანგეთმა საკუთარ ქვეყანაში მიიღო.„სამყარო ასეა მოწყობილი, საბოლოო ჯამში, ვინც ბოროტებას დათესს, საკუთარ სახლში იმავეს მიიღებს. ამავე დროს, რაც ვიხილეთ, პოლიციის ბრუტალობაა – ადამიანს მტევანი მოსწყდა, ბავშვს, არასრულწლოვანს; ბავშვს, არასრულწლოვანს თვალი ამოთხარეს. ახალგაზრდას ყბა მოტეხეს და ჩაუშალეს. ფაქტობრივად, რასაც ვხედავთ, სისხლიანი ქრონიკაა პარიზის ქუჩებიდან. მნიშვნელოვანია, ეს ძალადობა დასრულდეს. ჩვენ ისე არ ვიქცევით, როგორც ზოგიერთი ევროპული ხელისუფლება იქცევა, რომ ხალისით უყურებს ძალადობას სხვა ქვეყანაში და შემდეგ ამ ძალადობას ახალისებს. რა თქმა უნდა, ეს ძალადობა უნდა დასრულდეს, უბრალოდ, ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს: როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, შემდეგ იმავე ძალადობას შენთანაც მიიღებ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილი, სადაც ის მამუკა მდინარაძეზე საუბრობს, გამოსაკვლევ მტკიცებულებად საქმეს არ დაურთო

სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი საჯაროდ გავრცელებული განცხადება გამოსაკვლევ მტკიცებულებად საქმეს არ დაურთო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო.დღევანდელ სხდომაზე, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობდნენ, ადვოკატებმა ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი წერილის მტკიცებულების სახითდართვა მოითხოვეს. საუბარია, იმ წერილზე, სადაც ღარიბაშვილი მამუკა მდინარაძეზე საუბრობს.მოსამართლე ლელა კალიჩენკოს განმარტებით, აღნიშნულმა მტკიცებულებამ დასაშვებობის კრიტერიუმი არ დააკმაყოფილა. კალიჩენკოს თქმით, როცა ინფორმაცია საჯარო სივრცეშია განთავსებული და ის შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასზე რეაგირება და მისი შესწავლა საგამოძიებო ორგანოს პრეროგატივაა.ცნობისთვის, ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ მისცეს. მათი ჩვენების შესაბამისად, შესყიდვების, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან 750 000 ლარი ირაკლი ღარიბაშვილს ხელზე გადასცა, 750 000 ლარი კი თავად დაიტოვა,ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

პოლონეთში, 21-ე საერთაშორისო საგუნდო ფესტივალზე ვაჟთა ფოლკლორულმა გუნდმა, „მძლევარმა“ სამი ჯილდო მოიპოვა

ვაჟთა ფოლკლორული გუნდი „მძლევარი“ პოლონეთიდან სამშობლოში გამარჯვებით ბრუნდება. გუნდმა 21-ე საერთაშორისო საგუნდო ფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა.პირველი ადგილი და ოქროს დიპლომი – კამერული გუნდების კატეგორიაში; ოქროს დიპლომი – ერთგვაროვანი გუნდების კატეგორიაში; სპეციალური პრიზი და დიპლომი – ქართული მუსიკის პოპულარიზაციისთვის.15-18 ოქტომბერს პოლონეთში გამართულ საგუნდო ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 28 გუნდი მონაწილეობდა.საკონკურსო დღეების გარდა, გუნდი „მძლევარი“, კახა ონაშვილის ხელმძღვანელობით, პოლონეთში სოლო კონცერტს გამართავს.გამარჯვებული გუნდი თბილისში 22 ოქტომბერს დაბრუნდება.

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დღეს შეუფარდა. სხდომას არ ესწრებოდა ვახო სანაია, ვინაიდან მიიჩნევს, რომ „პოსტების გამო დევნა აბსურდულია“.შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.შეგახსენებთ, ჟურნალისტი ვახო სანაია უკვე იყო 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს. მაშინ, ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

ბოლო სიახლეები