პარასკევი, მარტი 27, 2026

ბიძინა ივანიშვილი – მე, როგორც აქციონერს, „ქართუ ბანკიდან“ დივიდენდი არასოდეს ამიღია. ბანკმა კი, ამ წლების განმავლობაში, საკუთარი მოგებიდან 55 მილიონი დოლარი ასევე ქველმოქმედებაზე მიმართა

„ქართუ“ ბანკს არასოდეს უცდია აგრესიული მოქმედებები და კამპანია საქართველოს ბაზარზე, არასოდეს დაუსახავს მიზნად ბაზრის მონოპოლისტობა, არასოდეს დასთანხმებია სახელმწიფო ანგარიშების მომსახურებას და ყოველთვის ქართული საბანკო სისტემის გაჯანსაღებას ემსახურებოდა. ამის მაგალითად ბანკ „აბსოლუტის“ შემთხვევის მოყვანაც საკმარისია, როცა 2001 წელს მისი პასივების გამოსყიდვით, ფაქტობრივად, გადავარჩინეთ მაშინდელი საბანკო სისტემა“ – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, როგორც აქციონერს, „ქართუ“ ბანკიდან“ დივიდენდი არასოდეს აუღია, ბანკმა კი, ამ წლების განმავლობაში, საკუთარი მოგებიდან 55 მილიონი დოლარი ასევე ქველმოქმედებაზე მიმართა.

„რაც შეეხება შპს „ელიტა ბურჯს“, ის წლების განმავლობაში წამგებიანი კომპანია იყო და მუდმივად მიწევდა მისი სუბსიდირება, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ დროის უქონლობის გამო, პირადად ვერ ვხელმძღვანელობდი კომპანიის მენეჯმენტს. კომპანია კი, საკუთარი ძალებით, სამშენებლო ტექნოლოგიებში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციის გამო, დროის მოკლე მონაკვეთში ვერ ახერხებდა მოგების მიღებას. მაგრამ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემთვის საქართველოში ბიზნესის კეთებაზე მეტად ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და, ზოგადად, ბიზნესგარემოს გაჯანსაღება უფრო მნიშვნელოვანი იყო.  ამ დამოკიდებულებას დღემდე ვინარჩუნებ და სწორედ ამიტომ, ბოლო რამდენიმე წელია, რაც ჩემი მეუღლის ინიციატივით, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში მასშტაბური ინვესტირება დავიწყეთ. ამ დონის სასტუმრო ინფრასტრუქტურის საჭიროება დღეს და უახლოეს მომავალში შესაძლოა არც იყოს, მაგრამ წლების შემდეგ დიდად წაადგება ქვეყანას, როცა მაღალ მხარჯველ უნარიანი ტურისტები მრავლად გვეყოლება, მათ შორის წელიწადის ოთხივე სეზონზე და საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებების დამოუკიდებლად მასპინძლობას შეძლებს.  მესმის, რომ მასშტაბური ინვესტიციისა და ბაზრის სიმცირის პირობებში, ასეთი პროექტები კომერციულად პროპორციულ შემოსავალს ვერ მოიტანს, მაგრამ მესმის ისიც, რომ ეს სჭირდება თბილისს, სჭირდება ქვეყანას და ამიტომაც, ჩემთვის ეს უფრო მეტია, ვიდრე სტანდარტული კომერციული პროექტი. იგივე ეხება „ქართუ“ ბანკს, „ელიტა ბურჯს“ და სხვა ბიზნესებს“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იგი ეთანხმება ჟურნალისტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბიზნესის მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ვერ შეძლო საქართველოში მომგებიანი ბიზნესკომპანიების დაფუძნება.

„ვაღიარებ, რომ მომგებიანობის კრიტერიუმით კმაყოფილი არ ვარ. რა თქმა უნდა, სჯობდა ბიზნესს მოგების უფრო მაღალი მაჩვენებელი ეჩვენებინა. ბანკის შემთხვევაში, კარგი იქნებოდა, მეტი ინვესტიცია მოგვეზიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით, რაც, რა თქმა უნდა, არ მაძლევს კმაყოფილების საფუძველს. როგორც ჩანს, სათანადო ყურადღება ვერ დავუთმე, განსაკუთრებით პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ. თუმცა, ყურადღების დაკლებასთან ერთად, ჩემი ბიზნეს კომპანიების ნაკლებ ეფექტიანობას ისიც განაპირობებდა, რომ არასოდეს მიცდია, ჩემი ჭარბი ფინანსური რესურსით ქართული ბიზნესისთვის რაიმე ტიპის დაბრკოლება შემექმნა, პირიქით – ყოველთვის მინდოდა ბაზარს დავხმარებოდი და მაქსიმალურად გამეჯანსაღებინა ეკონომიკური გარემო. ამიტომაც, გათვლა მხოლოდ ბიზნესის რენტაბელობაზე არასოდეს მქონია. გულწრფელი სურვილი მქონდა, ქვეყანას დავხმარებოდი და ბიზნესსაქმიანობა არა მისი მომგებიანობით შემერჩია, არამედ იმით, თუ რა ჭირდებოდა ქვეყანას“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ  entrepreneur-მა ტურიზმის განვითარების ფონდის მიერ შეკვეთილში, აბასთუმანში და თბილისის ცენტრში განხორციელებული და მიმდინარე მასშტაბური პროექტები „სოციალური მეწარმეობის“ საუკეთესო მაგალითებად შეაფასა, პირადად ბიძინა ივანიშვილი კი სოციალურ ანტრეპრენერად მოიხსენია.

„ეს ტერმინი, როგორც ზემოთაც ავღნიშნე, ალბათ, ყველაზე მეტად შეესაბამება იმ პროექტებს, რომლის დანიშნულება თავიდანვე არა ბიზნესის კეთება და სწრაფი მოგება, არამედ ქვეყანაში რაღაც ახლის კეთება, ქვეყნის დახმარება და სხვებისთვის ბიძგის მიცემა იყო. სოციალური მეწარმეობის მთავარი მიზანიც ხომ ესაა. ასეთი იყო და არის ჩემი დამოკიდებულება, რასაც არ ვნანობ, რადგან, მაგალითად შეკვეთილში, დღეს უკვე ვხედავ არაერთ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროს, რომლებიც სწორედ მას შემდეგ გაჩნდნენ, რაც „პარაგრაფის“ გარშემო უმაღლესი დონის ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. ასეთ დროს, როგორც ბიზნესმენი, ვინც ვერ მიიღო განხორციელებული ინვესტიციის პროპორციული მოგება და ვერ შექმნა რენტაბელური ბიზნესი, კმაყოფილი, ცხადია, არ ვარ, რადგან ბიზნესი სჯობს კომერციალიზაციის გზით წავიდეს და მოგება ნახოს, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის შვილი, ცხადია კმაყოფილი ვარ იმით, რომ შავი ზღვისპირა გურიის რეგიონს, ისევე როგორც თბილისს და აბასთუმანს, პერსპექტივაში კი, წყალტუბოსაც, განვითარების ახალი შესაძლებლობა მიეცა“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ რეგიონში აშშ-თან და ისრაელთან დაკავშირებული ინდუსტრიების თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ სამუშაო ადგილები დაუყოვნებლივ დატოვონ

ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ რეგიონში აშშ-თან და ისრაელთან დაკავშირებული ინდუსტრიების თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ საპასუხო ოპერაციების გამო სამუშაო ადგილები დაუყოვნებლივ დატოვონ.პარალელურად, გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაურმა, სეიედ მაჯიდ მუსავიმ მკაცრი გაფრთხილება გაავრცელა და საპასუხო ზომებით დაიმუქრა, რაც, მისი თქმით, რეგიონში შეერთებული შტატებისა და ისრაელის ინტერესებს ზიანს მიაყენებს.„თქვენ ერთხელ უკვე გამოგვცადეთ; მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ თქვენ თვითონ დაიწყეთ ცეცხლით თამაში და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა. ამჯერად პრინციპი აღარ იქნება „თვალი თვალის წილ“, უბრალოდ დაელოდეთ“, – განაცხადა მუსავიმ.გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანში სამრეწველო და ბირთვულ ობიექტებზე არაერთი თავდასხმა განახორციელეს. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დარტყმები დაბინძურების საფრთხეს არ ქმნის.

გიორგი გაბუნია – ყველამ კარგად იცის, რომ საზოგადოება, რომელსაც ზურგს ეკლესია უმაგრებს, ვერ გაკონტროლდება, მასზე გავლენა ვერ ექნებათ, ამიტომ, წლებია, ეს ეკლესიას თავს ესხმიან

ჩათვალეს, რომ თითქოს ქართულ ეკლესიას ხელმძღვანელი არ ჰყავს და სუსტია. პირიქით, ეკლესია ისეთი ძლიერია, როგორც არასოდეს, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია საკმარისად ძლიერია, რომ ყველა გამოწვევას საკადრისი პასუხი გასცეს.„სამწუხაროდ, ქვეყანაში ადამიანები არსებობენ, რომელთაც ეკლესია არ უყვართ და პატრიარქი არ უყვარდათ, ამის გამოხატულებას ყოველთვის ვხედავთ. როცა ძვირფასი პატრიარქი დავკარგეთ, ვხედავთ, რომ ეკლესიაზე თავდასხმა არ წყდება. ეს პროცესი გარედანაც იმართება, რადგან არ მოსწონდათ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკლესიას დიდი ავტორიტეტი და ნდობა ჰქონდა. ყველამ კარგად იცის, რომ საზოგადოება, რომელსაც ზურგს უმაგრებს ეკლესია, მისი კონტროლი და მასზე ზეგავლენის მოპოვება ძნელია. ამიტომ, წლებია, ეს თავდასხმები ეკლესიაზე ხორციელდება. ამ მიმართულებით ენჯეოსექტორის წარმომადგენლები აქტიურობენ. ისინი ცდილობენ, რომ ეკლესიის წარმომადგენლებს ისეთი რამე დააბრალონ, რაც არანაირ კავშირშია სიმართლესთან. ამიტომ ეს ბინძური კამპანია გრძელდება და ახალი ძალით დაიწყო. ჩათვალეს, რომ თითქოს ქართულ ეკლესიას ხელმძღვანელი არ ჰყავს და სუსტია. პირიქით, ეკლესია ისეთი ძლიერია, როგორც არასოდეს. ეკლესია საკმარისად ძლიერია, რომ ასეთ ბინძურ შეტევას და გამოწვევას საკადრისი პასუხი გასცეს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მარკო რუბიო – ირანში აშშ-ის ოპერაცია გაგრძელდება კვირების და არა თვეების განმავლობაში

აშშ-ის ოპერაცია ირანში გაგრძელდება კვირების და არა თვეების განმავლობაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ ირანის ნეიტრალიზაციის მცდელობის ფარგლებში ახლო აღმოსავლეთში ჯარების განლაგებას, რუბიომ უპასუხა, რომ სამხედრო ტაქტიკაზე არ ისაუბრებს.როგორც აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, აშშ-ს შეუძლია ირანში მიზნების მიღწევა „სახმელეთო ჯარების გარეშე“.მარკო რუბიოს განცხადებით, ირანის პასუხი აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე „შეიძლება, ნებისმიერ მომენტში გავრცელდეს“.რუბიოს თქმით, ირანმა ჰორმუზის სრუტეში შესაძლოა, გადასახადის სისტემის დაწესება გადაწყვიტოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამას „მიუღებელს“ უწოდებს და ამბობს, რომ მთელი მსოფლიო „აღშფოთებული“ უნდა იყოს, თუმცა, დასძენს, რომ ქვეყნებმა, რომლებზეც მთავარ საზღვაო მარშრუტზე შესაძლო გადასახადის სისტემა ყველაზე მეტად აისახება, „რაღაც უნდა მოიმოქმედონ“.

ჟან-ნოელ ბარო – „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების მოწოდებაა თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფა

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების განცხადებით, მინიმუმამდე უნდა შემცირდეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გავლენა მშვიდობიან მოსახლეობასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „კონფლიქტი პირდაპირ საფრთხეს უქმნის გლობალური მიწოდების ჯაჭვებს – ენერგეტიკას, სურსათს და სასუქს, რაც უშუალოდ აისახება მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე“.„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, „აუცილებელია ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის სრული და უსაფრთხო თავისუფლების აღდგენა“.ამასთან, „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ და აღნიშნა, რომ „დიდი შვიდეულის“ მოწოდებაა თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტა სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე.მისივე თქმით, ამ თავდასხმებს არაფერი ამართლებს და მშვიდობიანი მოსახლეობა სათანადოდ უნდა იყოს დაცული.საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გაიმეორა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების მოწოდება ჰორმუზის სრუტეში „გემების თავისუფალი და უსაფრთხო მოძრაობის“ უზრუნველსაყოფად.ჟან-ნოელ ბარომ აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თანახმაა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ჰორმუზის სრუტეში არსებული მდგომარეობა გააცნოს და ერთობლივად იმუშაონ შექმნილი კრიზისის გადასაჭრელად.

კარგი სიახლე მოგზაურობის მოყვარულებისთვის

2026 წლის ივნისიდან თბილისს კიდევ ერთი ევროპული დედაქალაქი – კოპენჰაგენი (დანიის სამეფო) დაუკავშირდება პირდაპირი ავიარეისებით. ახალ საჰაერო ხაზზე ფრენებს ცნობილი სკანდინავიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, Norwegian-ის შვილობილი – Norwegian Air Sweden-ი შეასრულებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.სამინისტროს ცნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგეტნოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ფრენები 27  ივნისიდან კვირაში ორი სიხშირით – ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, ხოლო 15 აგვისტოდან ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 23 მარტს მიანიჭა.ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულების დამატება გაზრდის საქართველოს დაკავშირებადობას სკანდინავიის ქვეყნებთან და ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ ევროპიდან ტურისტული ნაკადების მატებას ქვეყანაში. ამასთან, კოპენჰაგენის აეროპორტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სატრანზიტო ჰაბს ევროპის რეგიონში, რაც ქართველ მგზავრებს დამატებით შესაძლებლობებას მისცემს, კოპენჰაგენის გავლით იმგზავრონ სხვა ევროპული თუ ამერიკული მიმართულებებით.

ბოლო სიახლეები