აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მხოლოდ ერთი რაციონალური გზა არსებობს – პუტინმა უკრაინიდან თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს.
„მაგრამ, როგორც ჩანს, ის არ აპირებს ამას. ის ძალიან მძიმე ფასს იხდის იმისთვის, რომ ვერ შეძლო ამის გაკეთება, მაგრამ წარმოუდგენელ ხოცვა-ჟლეტას ახორციელებს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ბომბავს საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს, ბავშვთა სახლებს. ამაზრზენია ის, რასაც აკეთებს“, – განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბაიდენმა დასძინა, რომ მას არ აქვს პუტინთან კონტაქტის უახლოესი გეგმები, მაგრამ „მზად არის დაელაპარაკოს“ რუსეთის ლიდერს, „თუ რეალურად არსებობს ინტერესი, რომ ის გადაწყვეტს, რომ ეძებს გზას ომის დასრულებისთვის“.
„თუ ეს ასეა, სიამოვნებით დავჯდები პუტინთან, რომ ვნახო, რა სურს მას, რა აქვს მხედველობაში. მას ეს ჯერ არ გაუკეთებია. ამასობაში, ვფიქრობ, აბსოლუტურად მნიშვნელოვანია ის, რაც თქვა ემანუელ მაკრონმა. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინელ ხალხს“, – აღნიშნა ბაიდენმა.