ტატუნაშვილის დედა იმასაც ამბობს, რომ მან საკუთარი თვალით ნახა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა: “თითები სულ დაჩეჩქვილი ჰქონდა, დანაყული – ლურსმანი ჰქონდა ჩარტყმული თუ არ ვიცი რა. ტყვია ჰქონდა მარჯვენა მხრიდან ნასროლი და ყურში იყო გავლილი”, – ამბობს არჩილ ტატუნაშვილის დედა.
მისი თქმით, მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ რუსეთი ოკუპანტია, პუტინი კი მკვლელი.
არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ცერემონიას ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებიც დაესწრნენ.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.
ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.