ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, მიმდინარე წელს გამოყონ 70 მილიარდი ევრო უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის, დახმარებისა და წვრთნების უზრუნველსაყოფად.
ამის შესახებ ანკარაში გამართული ნატო-ს სამიტის საბოლოო დეკლარაციაშია აღნიშნული.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინა ხელს უწყობს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას, ხოლო მოკავშირეები ურყევ მხარდაჭერას უცხადებენ კიევს მისი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში.
დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ რომ ამჟამად უკრაინისთვის უსაფრთხოების კუთხით გაწეული დახმარების უდიდეს ნაწილს ევროპელი მოკავშირეები და კანადა აფინანსებენ, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი მექანიზმების მეშვეობით.
„მოკავშირეები ხაზს უსვამენ, რომ ეს მხარდაჭერა უნდა იყოს სამართლიანი, პროგნოზირებადი და მდგრადი, გრძელვადიან პერსპექტივაში. 2026 წლისთვის მოკავშირეები იღებენ ვალდებულებას, გამოყონ 70 მილიარდი ევრო უკრაინის სამხედრო აღჭურვილობისთვის, დახმარებისა და წვრთნებისთვის, ასევე ადასტურებენ თავიანთ სუვერენულ ვალდებულებებს, მინიმუმ ეკვივალენტური დონე 2027 წელსაც შეინარჩუნონ“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
ანკარაში გამართული სამიტის მონაწილეები მიესალმნენ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, უზრუნველყოს უკრაინის მრავალწლიანი დაფინანსება, 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის სახით.
სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს „ურყევი ერთგულება“ კოლექტიური თავდაცვისადმი, ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს.
ამასთან, მოკავშირეებმა რუსეთი გრძელვადიან საფრთხედ აღიარეს და თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად თავიანთი მზადყოფნა გამოხატეს.
„2025 წელს, ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ თავდაცვის სფეროში თავიანთი ინვესტიციები 139 მილიარდ დოლარზე მეტით გაზარდეს“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.
ნატო-ს ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თავდაცვაში სფეროში ინვესტიციების ჩადება უზრუნველყოფს საჭირო პოტენციალის შენარჩუნებას და ინდუსტრიულ ბაზასა და მდგრადობას აძლიერებს.
„დღეს ანკარაში გამოვაცხადეთ 50 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების შესყიდვების ახალ კონტრაქტების გაფორმება. ასევე გამოვთქვით მზადყოფნა, განვამტკიცოთ ჩვენი ერთობლივი საწარმოო შესაძლებლობები და, ინდუსტრიასთან თანამშრომლობის გზით, დავაჩქაროთ ინოვაციების განვითარება. ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მოკავშირეებს შორის მოვხსნათ თავდაცვის პროდუქციის ვაჭრობი სფეროში არსებულის ბარიერები და გამოვიყენოთ ნატო-ს პარტნიორული ურთიერთობები თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის მაქსიმალურად გასაძლიერებლად“, – ნათქვამია დოკუმენტში.
დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროპელი მოკავშირეები და კანადა, აშშ-სთან თანამშრომლობით, პასუხისმგებლობას იღებენ ალიანსის თავდაცვაზე. ნატო-ს შეკავება და თავდაცვა ეყრდნობა ბირთვული, კონვენციური და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესაძლებლობების ერთობლიობას, რასაც ემატება კოსმოსური შესაძლებლობები და კიბერრესურსები.
„მზად ვართ, შევინარჩუნოთ ჩვენი სამხედრო უპირატესობა. ინვესტიციებს ვდებთ შეიარაღებული ძალების განლაგებისა და მხარდაჭერის შესაძლებლობებში, ისევე როგორც ჩვენი მიზნების მიღწევაში ყველა სფეროში, მათ შორის შორ მანძილზე ზუსტი დარტყმების, ინტეგრირებული საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის, უპილოტო სისტემების, მოწინავე ტექნოლოგიებისა და სადაზვერვო შესაძლებლობების მიმართულებით. ჩვენ ვქმნით ერთობლივ ტრანსატლანტიკურ ღრუბლოვან გამოთვლით ინფრასტრუქტურას საბრძოლო ოპერაციებისთვის და ვნერგავთ ხელოვნური ინტელექტის მძლავრ მოდელებს“, – აღნიშნეს სამიტის მონაწილეებმა.
ალიანსის წევრებმა ასევე განაცხადეს, რომ ირანს არასოდეს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება და მოუწოდეს თეირანს, პატივი სცეს ნაოსნობის თავისუფლებას ჰორმუზის სრუტეში.

