ირანი აშშ-ს მემორანდუმის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. მედიის ცნობით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
სამინისტრო მოუწოდებს აშშ-ს სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივი და სამუდამოდ შეწყვეტისკენ, ასევე აღნიშნეს, რომ ირანი ყველაფერს აკეთებდა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების უსაფრთხო გადაადგილებისთვის.
ირანმა ცრუ ბრალდება უწოდა აშშ-ის განცხადებას, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე იერიში მიიტანა. ასევე გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება, სადაც ის ირანის ლიდერებს ნაძირლებად მოიხსენიებს.
ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-მა სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, რადგან დაბომბა რამდენიმე ობიექტი, მათ შორის ორი სარკინიგზო ხიდი.
აშშ-ში კი განაცხადეს, რომ ირანმა თავად დაარღვია შეთანხმების პირობები, როდესაც ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებს დაარტყა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „დღევანდელი იერიში არის პასუხი ირანის მიერ გემებზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმებზე, თუ ეს კიდევ განმეორდება, ყველაფერი ბევრად გაუარესდება“.

