პარასკევი, ივლისი 24, 2026

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ფართომასშტაბიანი ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია და ამ ეტაპზე არ არსებობს საშიშროება, რომ უფრო ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შევიდეთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. მის კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.
 
თუმცა, ამირან გამყრელიძის თქმით, მოსახლეობა მოდუნდა და ინფექციისგან დაცვის ელემენტარულ სტანდარტებს სათანადოდ არ ასრულებს.
 
მისივე თქმით, გასული ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა იყო 67, ხოლო 90 პირი გამოჯანმრთელდა. დღევანდელ 18 შემთხვევას შორის კი ყველა წყარო ცნობილია – შვიდი ინფიცირებულთან კონტაქტი, 11 კი იმპორტირებული შემთხვევაა.
 
„მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ჩვენ ცოტა კი არა, კარგად მოვეშვით. ჩვენ შევიქმენით ილუზია, რომ რადგან შედარებით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს, თითქოს ვირუსი დავამარცხეთ. არ დაგვიმარცხებია და ეს ციფრებიც მიუთითებს, რომ კოვიდინფექცია ქვეყანაში ცირკულირებს და თუ არ დავიცავთ ელემენტარულ რეკომენდაციებს, იქნება საშიშროება, რომ ინფექცია ქვეყანაში გავრცელდეს.
 
ეს ელემენტარული რეგულაციაა, პირველ რიგში, პირბადის ხმარება. ამ რვა თვის განმავლობაში, რაც კოვიდინფექცია არსებობს, არის უამრავი მტკიცებულება, რომ ყველაზე კარგი პრევენციის საშუალება არის პირბადის ტარება როგორც სიმპტომიანი, ისე უსიმპტომო ადამიანების მხრიდან.
 
ძალიან ბევრი მტკიცებულებაა, თუ რა პროცენტით იცავს, როდესაც პირბადე ორივე ადამიანს უკეთია. ამიტომ უმორჩილესი თხოვნაა, დახურულ სივრცეში ყველამ ვატაროთ პირბადე. ადამიანები უკვე მოეშვნენ და მაღაზიებშიც აღარ ატარებენ პირბადეს, აღარ ატარებენ სხვა საჯარო სივრცეებში.
 
დახურულ შენობებში კი არა, მოგეხსენებათ, საფრანგეთმა და დასავლეთ ევროპის მთელმა რიგმა ქვეყნებმა, 2-3 კვირის განმავლობაში სიტუაციის გაუარესების გამო, გაამკაცრეს პირბადის ტარების რეგულაციები და ჯარიმები. ჩვენ არ ვემხრობით სადამსჯელო ღონისძიებებს, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი თვითშეგნება, რამაც მოგვიყვანა აქამდე. გთხოვთ, დავყვეთ რეკომენდაციებს. ასევე ღია სივრცეებში, სადაც ვერ იცვლება დისტანცია, აუცილებელია პირბადის ტარება. ანუ ორი რამ – პირბადე და დისტანცია არის მთავარი იარაღი კოვიდთან ბრძოლაში, ვიდრე იქნება ვაქცინა და მედიკამენტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
 
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
 
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ „წუხილს გამოხატავს“ და იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება გადაიხედება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო სრულად ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სასანქციო რეჟიმს, ამ რეჟიმის კონტექსტს და იღებს ყველა ზომას, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის.„ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა ეფუძნება გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპებს.ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შესაბამისი უწყებები მუდმივად უზრუნველყოფენ ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციისა და განმარტების დროულად მიწოდებას.საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიან მუშაობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის მომზადების პროცესში, ქართულმა მხარემ ევროკომისიას წარუდგინა ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ევროკომისიის შესაბამისი სამსახურები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებით განსაზღვრული ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში იხელმძღვანელებენ სამართლიანობის პრინციპით და გადახედავენ გადაწყვეტილებას.საქართველო კვლავაც მზად არის ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობისა და მათთვის ყველა საჭირო ინფორმაციის გაზიარებისათვის“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისში, ვერაზე დატრიალებული შემზარავი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე პროფესორ-მასწავლებლების, თანამშრომლებისა და სტუდენტების სახელით თბილისში, ვერაზე დატრიალებულ შემზარავ ტრაგედიას ეხმიანება, რომელმაც 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა და სამძიმარს უცხადებს მოკლული ახალგაზრდის ოჯახს.„ვუსამძიმრებთ ჩვენი უნივერსიტეტის ყოფილ თანამშრომელს, ქალბატონ ეკა ღუნაშვილს, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის ოჯახს, ახლობლებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც დაუნდობლად შეწყვეტილ სიცოცხლეს გლოვობს.არის ტკივილი, რომლის შემსუბუქება შეუძლებელია; არის დანაკლისი, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ანაზღაურებს - მაშინ როცა ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე დაუნდობლად წყდება, როცა მისთვის მხოლოდ ჩვიდმეტი გაზაფხულია გავლილი და წინ იმედებითა და შესაძლებლობებით აღსავსე მთელი ცხოვრებაა.სიცოცხლე უმაღლესი ფასეულობაა, რომლის დაცვაც საზოგადოების თითოეული წევრის უპირობო ვალდებულებაა. მისი ხელყოფა ყველაზე მძიმე დანაშაულია, რომელიც ღრმა კვალს ტოვებს თითოეული ჩვენგანის გულსა და ცნობიერებაში. ასეთ დროს გლოვობს არა მხოლოდ ოჯახი - გლოვობს მთელი ქვეყანა, რადგან თითოეული ახალგაზრდა სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის მომავალია, ჩვენი საერთო იმედი და პასუხისმგებლობაა. ყოველი მსგავსი ტრაგედია ძალუმად შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ძალადობასა და სიცოცხლის ხელყოფას უპირობოდ მოჰყვეს დამნაშავეების მთელი სიმკაცრით დასჯა - სწორედ ამ განცდის ურყევობა ქმნის უსაფრთხო გარემოს ჩვენი შვილებისთვის, ახალგაზრდებისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იზიარებს დაღუპული ახალგაზრდის ოჯახის უსაზღვრო ტკივილს. ამ უმძიმეს წუთებში მთელი გულით ვდგავართ მათ გვერდით, ვლოცულობთ ნიკოლოზის ნათელი სულისთვის და მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს ვუსურვებთ სიმტკიცესა და გამძლეობას ამ ენით აღუწერელი განსაცდელის გადასატანად.

„დედაზე იძალადა, მეუღლეს კი დანით დაზიანებები მიაყენა…“ – ბრალდებული დაკავებულია

საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, დედის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებით დადგინდა, რომ 22 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით დაზიანებები მიაყენა, ასევე არასრულწლოვნის თანდასწრებით იძალადა საკუთარი დედის მიმართ, რომელსაც ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ,), 11 პრიმა 120-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ოჯახის წევრის მიმართ) და 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მეწყერის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაადგენს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში, სადაც გვიან ღამით მეწყერი ჩამოწვა, გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მძიმე ტექნიკის დახმარებით განახლდება. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქიმაძის განცხადებით, ამ დროისთვის უკვე გაწმენდილია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.როგორც ქიმაძემ აღნიშნა, აუცილებელია შემთხვევის ადგილზე ჰიდროლოგების, გეოლოგებისა და მშენებლების ჩასვლა, რათა დადგინდეს, რამდენად შესაძლებელია მსგავსი სტიქიური პროცესების პრევენცია მომავალში.ამასთან, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ადგილზე სპეციალური კომისია დაადგენს.უხვი ნალექის შედეგად დაზარალებულ სოფლებში მიმდინარე სამუშაოებს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან, გოჩა ქიმაძესთან ერთად, გაეცნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, მერიის, საკრებულოს, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და მუნიციპალიტეტში სპეციალურად შექმნილი კომისიის წარმომადგენლები.ცნობისთვის, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სოფელ გომაროში, ქვემო ენთელსა და სოფელ შოყაში. სოფელ გომაროში დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი და საგზაო ინფრასტრუქტურა, ქვემო ენთელში – სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ხოლო სოფელ შოყაში – სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საგზაო ინფრასტრუქტურა.

ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის მეთაური, გენერალ-მაიორი ბოგდან რიცერსკი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაური, გენერალ-მაიორი ბოგდან რიცერსკი იმყოფებოდა.თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გენერალი თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალ-მაიორ ირაკლი ჭიჭინაძეს შეხვდა.„მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებსა და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის მეთაურს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა (JTEC) უმასპინძლა. კრწანისში ვიზიტისას გენერალ-მაიორ ბოგდან რიცერსკის JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ საინფორმაციო ბრიფინგი წარუდგინა და ცენტრის ისტორია, მიზნები, ამოცანები, განხორციელებული პროექტები და გეგმები გააცნო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საწვრთნელ ცენტრებს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობასა და JTEC-ის განვითარების პროცესში JFTC-ის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერას.საინფორმაციო ბრიფინგის დასრულების შემდეგ, ნატოს მრჩეველთა ჯგუფის უფროსის, ვიცე-პოლკოვნიკ პერ ივარ პედერსენის და მთავარი სერჟანტის, იაკობ იენსენის გაცილების ცერემონიაც გაიმართა.თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, ასევე JTEC-ისა და JFTC-ის მეთაურებმა ნატო-ს მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლებს საქართველოსა და ნატო-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაური JTEC-ის შემადგენლობაში არსებული საბრძოლო მომზადების ცენტრშიც (CTC) იმყოფებოდა“, – ნათქვამია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები