ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026

„ამ ინფექციის გავრცელება უკონტროლოა… ეს კონკრეტული მაგალითი მაქსიმალური სიფრთხილის „წითელი ალამია“ – ივანე ჩხაიძე „შავი ჭირის“ შესახებ

რუსეთში შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტის გარდაცვალება საერთაშორისო ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანი ფაქტია, თუმცა ამ ეტაპზე შემთხვევის ოფიციალური მიზეზი დადასტურებული არ არის. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

ჩხაიძის თქმით, შავი ჭირი იმ დაავადებებს მიეკუთვნება, რომლის გავრცელებაც შესაძლოა არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ გლობალურ პრობლემად იქცეს. მისი შეფასებით, ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.

„ზოგადად, შავი ჭირი მიეკუთვნება იმ დაავადებების კატეგორიას, რომლის გავრცელებაც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ, რეალურად, გლობალური პრობლემაა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონტროლის ქვეშაა“,- განაცხადა ჩხაიძემ.

ჩხაიძის შეფასებით, მსგავს შემთხვევას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან შავი ჭირის გავრცელება ერთ ქვეყანაში დარჩენილ პრობლემად არ უნდა განიხილებოდეს.

„ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის „წითელი ალამია“. არცერთი ქვეყანა არ იგრძნობს თავს დაცულად, როდესაც, თუნდაც ერთ ნაწილში, ამ ინფექციის გავრცელება უკონტროლოა“,- განაცხადა მან.

რაც შეეხება საქართველოსთვის შესაძლო საფრთხეს, ივანე ჩხაიძის თქმით, შემთხვევა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მოხდა, საიდანაც საქართველოსთან ინტენსიური მიმოსვლა არ არის. შესაბამისად, მისი შეფასებით, საქართველოში ინფექციის შემოტანის ალბათობა მცირეა.

„თეორიულად არ არის გამორიცხული, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ, აქ შემოაღწიონ, თუმცა ამის ალბათობა მცირეა. არ მგონია, ეს საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენდეს, მაგრამ როგორც ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის უწყება, ისე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვალყურს უნდა ადევნებდეს და ადევნებს კიდეც მიმდინარე პროცესებს“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

რა არის ცნობილი ლაბორანტის გარდაცვალებაზე?

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2 ოქტომბერს რუსეთის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის 28 წლის ლაბორანტი, დარია შიპილოვა გარდაიცვალა.

გავრცელებული ვერსიის თანახმად, მისი დაინფიცირება შესაძლოა შავი ჭირის გამომწვევის შემცველი სინჯარის შემთხვევით გატეხვას უკავშირდებოდეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვალების მიზეზი ფილტვისმიერი, ანუ პნევმონიური შავი ჭირი იყო.

თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური — „როსპოტრებნადზორი“ — უარყოფს.

უწყების განცხადებით, დარია შიპილოვა „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა. მათივე განმარტებით, პაციენტის ორგანიზმში მისი პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ აღმოჩენილა.

„როსპოტრებნადზორში“ ასევე აცხადებენ, რომ ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში პათოგენებთან მუშაობისას ავარია არ მომხდარა.

შესაბამისად, ამ ეტაპზე შავი ჭირით ლაბორანტის დაინფიცირება და ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტი ოფიციალურად დადასტურებული არ არის. საქმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები ახლავს.

ივანე ჩხაიძის თქმით, ლაბორანტის გარდაცვალების ფაქტი ყურადღების განსაკუთრებულ გამახვილებას მოითხოვს, თუმცა საბოლოო სურათის შესაფასებლად დამატებითი ოფიციალური ინფორმაციაა საჭირო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ონკოპლასტიკური ქირურგი საზოგადოებას აფრთხილებს

მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, პროფესორი – ირაკლი კოხრეიძე სოლარიუმის მოხმარებასთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს. „ირაკლი კოხრეიძის საკონსულტაციო ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინტერვიუში კითხვაზე, მითია თუ რეალობა, რომ ხშირი გარუჯვა სოლარიუმში, კანის კიბოს განვითარების რისკს ზრდის, მამოლოგი პასუხობს, რომ ეს აბსოლუტური რეალობაა:„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სოლარიუმი მიაკუთვნა ნომერ პირველ კანცეროგენების ჯგუფს, ვისაც არ უნდა ეწყინოს ნუ რა ვქნა, ასეა – ამიტომ სოლარიუმი კატეგორიულად არა, რაც შეეხება მზის სხივებს და რუჯს, რუჯი და მზის სხივები შეიძლება, ოღონდ მანამ,სანამ მზე იქნება ზენიტში, ანუ დილის საათებში და დღის ბოლოს (16:00 საათის შემდეგ) თავისუფლად შეგიძლიათ მიიღოთ მზის სხივები, ეს არის თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი“ – ამბობს ექიმი.

მარტა კოსი – ვისურვებდი, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს

როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ვწუხვარ ამის გამო, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ქართული მედიასაშუალების ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.კოსის თქმით, „ისურვებდდა, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს“.„როგორ გავაგრძელებთ ქვეყანასთან ურთიერთობას, ძირითადად დამოკიდებულია, როგორ ხედავენ წევრი სახელმწიფოები მომავალს, მაგრამ ბევრი რამ, რაც საქართველოში ახლა ხდება, წარმოდგენილი იქნება ოქტომბრის ბოლოს გაფართოების ანგარიშებში. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რა მიმართულებით წავა“, – აღნიშნა მარტა კოსმა.

მძიმე ავარია ქუთაისში

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, მოძრავი ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, რომელიც ინერციით ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა.ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ წერს.ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს.გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ნოდარ ჩაჩუას მეუღლეც.პროკურატურის ცნობით, ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება კოკაინის შეძენა - შენახვა რეალიზაციის მიზნით და რეალიზაცია ) და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ( ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძისა) და ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინის შეძენა - შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ნოდარ ჩაჩუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 27 წლის ძიუდოისტი იაპონელ აკარი ომორისთან დამატებით დროში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე კარიერაში მეორე მედალი მოიპოვა. 2025 წელს ის მსოფლიო ჩემპიონი ბუდაპეშტში გახდა.ეთერ ლიპარტელიანი ევროპის მოქმედი ჩემპიონიცაა. მიმდინარე წლის აპრილში თბილისში გამართულ კონტიტენტის პირველობაზე მან ოქროს მედალი მოიპოვა. 2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე მედალია – შეჯიბრების პირველ დღეს გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ბოლო სიახლეები