ეპისტოლე, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის უკვე ჩვენთან არყოფნის დროს დაიწერა, ვფიქრობ, სწორი მიმართებით დაიწერა, – ამის შესახებ აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„კიდევ ერთხელ მოხდა პატრიარქის შრომისა და ლოცვითი ღვაწლის გახსენება. ამ დროს, ალბათ, ამაზე მეტი არც უნდა თქმულიყო, რადგან მთელი ჩვენი შინაგანი გონება, ფიქრი და საქმე დაკავშირებულია იმ სამწუხარო ფაქტთან, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩვენთან არ არის. ის, რომ ერთობა მნიშვნელოვანია, ყველა დროის იერარქები, მით უმეტეს კათოლიკოს-პატრიარქები, ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდნენ. ერთობა არის ღვთივმოცემული მადლი და ძალა, რომლითაც შეიძლება, ყველა ხილული თუ უხილავი განსაცდელის დაძლევა. ამიტომ ჩვენთვისაც, მით უფრო, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღარ არის ჩვენ გვერდით, ეს სიტყვები კიდევ უფრო მკაფიოდ ჟღერს, რომ ეს არის ის ძალა და იარაღი, რომლითაც შეიძლება, ყველაფერი მშვიდობის სულისკვეთებით, ერთმანეთისადმი პატივის მიგებითა და სიმშვიდით გადავწყვიტოთ. ვფიქრობ, ამ ეპისტოლემ თავისი მთავარი მისია შეასრულა. კიდევ ერთხელ გაგვახსენა კათოლიკოს-პატრიარქი და ის მთავარი გზავნილი, რაც არა მხოლოდ მღვდელმთავრების სიტყვებში, არამედ წმინდა წერილშიც არის გადმოცემული, რომ ერთობით ყველაფერი შესაძლებელია ადამიანებისთვის“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დავითმა.
ამ განცხადებით მიტროპოლიტმა დავითმა გადაცემის წამყვანის კითხვას უპასუხა, რა გზავნილები იკითხებოდა წლევანდელ სააღდგომო ეპისტოლეში. თამთა სანიკიძის კითხვაზე, როდის უნდა ველოდოთ წმინდა სინოდის სხდომას, სადაც პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ, მიტროპოლიტმა დავითმა განაცხადა, რომ საორგანიზაციო საკითხები რადგან ვნების შვიდეულის მძიმე მსახურებებს დაემთხვა, თავდაპირველად დასახელებული 24 აპრილი კვლავ ძალაში რჩება.
„ამ მხრივ ცვლილება არ არის, რადგანაც ითქვა, რომ პატრიარქის მეორმოცე დღის ხსენება 25 აპრილს არის, ხოლო წინა დღეს გაიმართება სინოდის სხდომა. თუ რაიმე მიზეზით, მაგალითად, ეპარქიებიდან დელეგაციები დროულად ვერ ჩამოვლენ, მაშინ შეიძლება ცვლილებაც, თუმცა თარიღის დაზუსტებისთვის შესაძლოა, დამატებითი შეკრებაც გაიმართოს, სადაც გავივლით დეტალებს და საბოლოოდ განისაზღვრება სინოდის კრების ჩანიშვნის დრო. სინოდის კრებაზე ეს პროცედურული საკითხები კიდევ ერთხელ განიხილება, რადგან გაერთიანებული კრება არც თუ ისე მარტივი მოსამზადებელია. დაახლოებით 2 000 დელეგატია და საჭიროა დოკუმენტაციის აღწერა, შეკრება, ყველაფერი შრომატევადი საქმეა. ამიტომ, შესაძლებელია, 24 აპრილამდე კიდევ ერთი შეკრება გაიმართოს და ამის შემდეგ გამოცხადდეს გაერთიანებული სინოდის ჩატარებისა და საერთო დიდი კრების ჩატარების საბოლოო თარიღი. ჯერჯერობით, სავარაუდოდ, 24 აპრილი ძალაში რჩება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დავითმა.
თამთა სანიკიძის კითხვაზე, რამდენად რთული იქნება სამი კანდიდატის შერჩევა არსებული განწყობებისა და პოზიციების გათვალისწინებით, მიტროპოლიტმა დავითმა აღნიშნა, რომ „სირთულე შეიძლება, ითქვას პირობითად, რადგან 39 წევრიდან შეიძლება, 39 განსხვავებული აზრი იყოს და ამან რაღაც სირთულე გააჩინოს, თუმცა ასე არ არის გათითოებული არჩევანი“.
„კრებაზე მოწვეული პირების ხმა იქნება სათათბირო, რის შემდეგაც სინოდის წევრები ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას. ერთ კანდიდატს თუ ექნება ხმათა უმრავლესობა, არჩევანი ცხადია. თუ ორ კანდიდატს ექნება თანაბარი მხარდაჭერა და მესამეს ნაკლები, მაშინ დამატებითი კენჭისყრა ჩატარდება ორ კანდიდატს შორის. რა თქმა უნდა, ეს პროცესი სირთულეს შეიცავს, თუმცა არაფერია ისეთი, რაც ხელს შეუშლის ამ სულისკვეთებას, რომ მშვიდობიანად, ერთობით მოხდეს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, ამას არაფერი წინ არ აღუდგება ისე, რომ დააზიანოს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დავითმა.
შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ საეკლესიო კრებას სამის ნაცვლად ორი ან ერთი კანდიდატი წარედგინოს, მიტროპოლიტმა დავითმა აღნიშნა, რომ ყველაფერი შესაძლებელია.
„შესაძლებელია, სამის ნაცვლად ორი ან ერთი კანდიდატის წარდგენაც, თუმცა, ჩემი აზრით, სამი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი, რათა არჩევანი მათ შორის გაკეთდეს. ეს პროცესი ჩვენთვის მართლაც ძალიან ხანდაზმულია, რადგან მსგავსი შემთხვევა თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში არ მომხდარა. სინოდის ყველა წევრი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულიერი შვილები ვართ და სინოდიც მისი ჩამოყალიბებულია. ამიტომ, ეს ჩვენთვის პირველი შემთხვევაა. მღელვარება ამ კუთხით შეიძლება, იყოს, მაგრამ ისეთი არაფერია, რომელიც ამ ისტორიულ არჩევანს დამაზიანებლად დაუპირისპირდება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დავითმა.

