შაბათი, ოქტომბერი 17, 2026

Facebook თქვენი სატელეფონო ზარების ისტორიას და SMS-ების მონაცემებს აგროვებს

თუ თქვენ ანდროიდმოწყობილობაზე დაინსტალირებული Facebook Messenger-ით სარგებლობთ, შესაძლოა, მარკ ცუკერბერგის კომპანია აგროვებდეს თქვენს კონტაქტებს, SMS-ებისა და ზარების ისტორიას, მინიმუმ, გასული წლიდან.

დილან მაკქეიმ, პროგამისტმა ახალი ზელანდიიდან, Twitter-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ იპოვა მან Facebook-იდან გადმოწერილი არქივის ZIP ფაილში გასული წლის მონაცემები, მათ შორის, დასრულებული ზარებისა და SMS შეტყობინებების შესახებ.

Facebook-ის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ყველა სოციალური ქსელი შექმნილია იმისათვის, რათა მომხმარებლებმა მარტივად შეძლონ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და სასურველ ადამიანებთან დაკავშირება და კომპანიის მიერ მსგავსი ინფორმაციის შეგროვება სწორედ ამ მიზნის შესრულებას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ინფორმაცია Facebook-ისა და მსგავსი შინაარსის პლატფორმების შესახებ მედიაში არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა ამ საკითხებს დიდი ყურადღება არ ეთმობოდა. ახლა, როცა ცუკერბერგის კომპანია Cambridge Analytica-სთან ერთად ცნობილ სკანდალში გაეხვა, თითოეული ასეთი პოსტი თუ გამოხმაურება საზოგადოების ინტერესს უფრო მეტად იწვევს, ვიდრე ადრე, თუმცა ახალი ამაში, ფაქტობრივად, არც არაფერია.

რატომ მხოლოდ Android? – საქმე იმაშია, რომ Android-ის ძველი ვერსიები მონაცემთა შეგროვებაზე ნებართვას მარტივად გასცემდნენ და Facebook-ის აპლიკაცია ინსტალაციისას ზარებსა და შეტყობინებებზე ავტომატურ წვდომას იღებდა. საბოლოოდ Google-მა ეს ხარვეზი ახალ ვერსიებში შედარებით გამოასწორა და მომხმარებლების ინფორმირების დონე გაზარდა.

რაც შეეხება Apple-ს, მის პროდუქტებს ეს საფრთხე არ ემუქრება, რადგან iOS-ის ოპერაციული სისტემა მსგავს წვდომაზე ნებართვას არ გასცემს.

➡️თუ გსურთ, შეამოწმოთ, რა ინფორმაციას აგროვებდა თქვენზე Facebook, უნდა გახსნათ Facebook’s Settings→Download a copy of your Facebook data→Start My Archive.

➡️თუ არ გსურთ, კომპანიამ საკუთარ სერვერზე რეგულარულად განათავსოს თქვენი კონტაქტები, მაშინც Messenger-ის აპლიკაციაში უწყვეტი ატვირთვის ფუნქცია უნდა გათიშოთ. ცვლილების შედეგად, წაიშლება დღემდე ატვირთული კონტაქტებიც.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ტელეგრაფი“ – უკრაინაში Starlink-ის სერვისის სიჩქარის შემცირების წინადადებით დონალდ ტრამპს ილონ მასკმა მიმართა

უკრაინაში Starlink-ის სერვისის სიჩქარის შემცირების წინადადებით დონალდ ტრამპს ილონ მასკმა მიმართა, – ამის შესახებ The Telegraph-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თქმით, ტრამპი მასკის წინადადებას დათანხმდა, რის შემდეგაც პენტაგონმა Starshield-ზე სიჩქარის შეზღუდვა დააწესა.ამასთან, როგორც გამოცემა წერს, მასკი ევროპელი მომხმარებლების უარყოფითი რეაქციის შესაძლებლობამ შეაშფოთა მას შემდეგ, რაც კიევში ელექტროენერგიის გათიშვას „სისხლისღვრის ღამე“ უწოდეს.ცნობისთვის, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ Starlink-ის სამხედრო ვერსიაზე, Starshield-ზე, შეზღუდვები დაწესდა და ამან არმიის მუშაობას ხელი შეუშალა. ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starshield აშშ-ის მთავრობის საკუთრებაა და სიჩქარესა თუ გამოყენებაზე ლიმიტებს აშშ-ის არმია და, საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი განსაზღვრავს. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის Starlink-ზე წვდომა არც მას და არც ილონ მასკს არ შეუზღუდავს.„სტარშილდი“ ილონ მასკის კომპანია „სფეის იქსის“ „სტარლინკთან“ დაკავშირებული მიმართულებაა, რომელიც აშშ-სა და მისი მოკავშირე ქვეყნების მთავრობებისთვის სამხედრო დანიშნულების თანამგზავრებსა და უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემებს ქმნის.

ემანუელ მაკრონი – დონალდ ტრამპის მიერ რუსეთთან დადებული დიზელის გარიგება სასარგებლო არ არის და უნდობლობას იწვევს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთთან დადებული დიზელის გარიგება სასარგებლო არ არის და უნდობლობას იწვევს.მაკრონის თქმით, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება „უარყოფითი გზავნილია“.„ამიტომ არ მგონია, რომ ეს ძალიან სასარგებლო იყოს, ის უფრო უნდობლობის შექმნას უწყობს ხელს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის ვაშინგტონთან დიალოგს განაგრძობს, რათა ფასების შესამცირებლად სასარგებლო ზომები გატარდეს.„ერთ რამეში ყველა ვთანხმდებით: დიზელის, ბენზინისა და გაზის ფასი უნდა შემცირდეს, მაგრამ ეს ფასებს ეფექტიანად ვერ დაწევს. ეს სწორი პასუხი არ არის“, – განმარტა მაკრონმა.ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა დაადასტურა ევროპის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მისი თქმით, ევროპამ საკუთარი კურსი უნდა განაგრძოს, რადგან საფრთხის ქვეშაა ევროპის უსაფრთხოება და საერთაშორისო პრინციპების დაცვა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, შეწყვიტონ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის პირდაპირი ან ირიბი დახმარება

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, შეწყვიტონ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის პირდაპირი ან ირიბი დახმარება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს სხდომის შედეგად მიღებულ დასკვნებშია ნათქვამი.„ევროპული საბჭო ხელახლა მოუწოდებს ყველა ქვეყანას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში რუსეთის ნებისმიერი დახმარება, პირდაპირი თუ ირიბი, და განსაკუთრებით ორმხრივი დანიშნულების საქონლისა და კომპონენტების მიწოდებით. კონკრეტულად, ის მკაცრად გმობს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალების ჩართულობას უკრაინის წინააღმდეგ ომში, ისევე როგორც სამხედრო დახმარებას, რომელსაც რუსეთს, სხვებთან ერთად, აწვდიან ირანი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა", - ნათქვამია ევროპული საბჭოს დასკვნებში.

დონალდ ტრამპი – უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვის ბრძანება არ გამიცია, არა მგონია რომ ეს ილონ მასკი იყო – როგორც მესმის, ახლა ყველაფერი ისევეა, როგორც იყო

უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვის ბრძანება არ გამიცია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი სიტყვები გამოცემა Bloomberg-ს მოჰყავს.კერძოდ, ტრამპმა აღნიშნა, რომ Starlink-ის ე.წ. „სამხედრო პაკეტის“ - Starshield-ის - უკრაინისთვის შეზღუდვის ბრძანება არ გაუცია და მას ასევე არ მიაჩნია, რომ ეს ილონ მასკმა გააკეთა.„ეს მე არ გამიკეთებია და არა მგონია რომ ეს ილონი იყო. არ ვიცი ვინმე სხვა თუ იყო. როგორც მესმის, ახლა ყველაფერი ისევეა, როგორც იყო,” - განაცხადა ტრამპმა.ცნობისთვის, აქამდე მედია ინფორმაციას ავრცელებდა, რომ Starshield-ის სატელიტური სისტემის შეზღუდვის ბრძანება, რომელსაც უკრაინა ბრძოლის ველზე კავშირისთვის და დრონების მართვისთვის იყენებს, თეთრი სახლიდან იყო გაცემული.

სოფიო ხორგუანი – როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი მივა და იტყვის: „ხომ არ დაგავიწყდათ, ვინ არის აქ მამა, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს“ – ვიღაცას დატუქსავს, ვიღაცას...

პატარა ბიჭები ძალიან გაერთნენ თავიანთ არასერიოზულ თამაშებში. როგორც ჩანს, აქამდე მიიყვანეს საქმე - „ბატონო ბიძინა, მიშველე, მომხედე“, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა განაცხადა, რითაც 17 ოქტომბერს დაგეგმილ უმრავლესობის სხდომას ეხმაურება, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სოფიო ხორგუანმა განაცხადა, რომ ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილი „გუნდის დაშოშმინებას“ შეეცდება.„კირცხალიას არ აღიარებენ უმრავლესობის ლიდერად. მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილი შეეცდება დააშოშმინოს გუნდი. გუნდში რომ ერთგვაროვნება არ არის, ეს ეტყობა ყველაფერს. ვარაუდებს კი არ ვლაპარაკობ, ეს ეტყობა ყველაფერს, დაპირისპირება გარეთაა გამოსული. კიდევ რომელი 1-ელი ოქტომბერი გახსენდებათ, მოლოცვის გარეშე რომ დაგვტოვეს? პარტიას რომ ზარ-ზეიმით არ მოელოცა, დითირამბებით საკუთარი თავი არ შეემკო, ასეთი რამე გახსენდებათ? როგორ ფიქრობთ, რატომ არ გახსენდებათ? როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი მივა და იტყვის: ხომ არ დაგავიწყდათ, ვინ არის აქ მამა, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს. ვიღაცას დატუქსავს, ვიღაცას წაახალისებს“, - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, სოფიო ხორგუანის განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი სამიზნე პარტია „გახარია საქართველოსთვისაა“.ხორგუანის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის პროცესის დაწყება „ფეხების ბაკუნს ჰგავს“ დასავლეთის წინაშე.„ჩვენს გამო ხდება ეს ყველაფერი. შარშან შეიტანეს ეს სარჩელი, 28 თუ 29 ოქტომბერს, ჩვენ რომ შევედით პარლამენტში, იმ დღეს შეიტანეს. ერთი წლის განმავლობაში არავის არ გახსენებია, არცერთ „ოცნების“ მოლაპარაკე თავს არ გახსენებია. თუ ერთი წლის განმავლობაში ეს სარჩელი იქ არის, რატომ არავის გაახსენდა, რატომ არ გვაქვს შედეგი, „ოცნების“ რომელიმე ლიდერისგან ამ თემაზე საუბარი გახსოვთ? ახლა უცებ აღმოჩნდა, რომ ჩვენ დაგვამატეს და კი არ აითვალეს, ერთი წელი და ცხრა თვე, ახლა უცბად უნდა ჩავნიშნოთ სხდომებიო.შიგნით ამას გაყიდიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დავამარცხე, ხოლო გარეთ ყველას ეუბნება, რომ მე საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი აზრი, აი, საპარლამენტო პარტიას ვაუქმებ. თუ გინდათ, მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვართ. ეს ფეხების ბაკუნს ჰგავს“, - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

ბოლო სიახლეები