პარიზში მდინარე სენაზე წყლის სიმღლემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. საფრანგეთის დედაქალაქში წყლის დონემ 4 მეტრს გადააჭარბა.
სტიქიური უბედურების გამო პარიზიდან 1,500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ელექტროენერგიის გარეშე ასეულობით ადამიანია დარჩენილი. 5 თებერვლამდე დახურულია შვიდი სარკინიგზო ხაზი. მდინარეზე ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია. ნაწილობრივ შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილებაც. არ ფუნქციონირებს ტურისტული ღირსშესანიშნაობების დიდი ნაწილი.
მანამდე ლუვრის შემოგარენში წყალდიდობის საშიშროების გამო მუზეუმის ადმინისტრაციამ რამდენიმე დარბაზი დახურა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუზეუმი დამთვალიერებლებს შენობის პირველ სართულზე განთავსებულ ისლამური ხელოვნების დარბაზებში ამ დრომდე არ იღებს.