კვირა, ნოემბერი 24, 2024

პაველ ჰერჩინსკი – გენდერული ძალადობა არამხოლოდ პიროვნული ტრაგედიაა, ასევე არის ძირითადი უფლებების დარღვევა, გენდერული ძალადობის გარშემო არსებული დუმილი და სტიგმა უნდა დავარღვიოთ

გენდერული ძალადობა არამხოლოდ პიროვნული ტრაგედიაა, ეს ასევე არის ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს ინდივიდებზე, ოჯახებსა და საზოგადოებებზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.

როგორც ელჩი აცხადებს, სტატისტიკა ქალთა მიმართ ძალადობის საგანგაშო მასშტაბებს ავლენს.

„თითქმის ყოველმა მესამემ მსოფლიოში, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა განიცადა. ბოლო მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოში ყოველი მეორე ქალი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ძალადობას განიცდიდა. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად საქართველოში ევროკავშირი აფინანსებს პროექტებს, რომლებიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების შესაძლებლობებს აძლიერებს. ჩვენი პროექტები ძალადობის პრევენციის მიზნით ცნობიერებას ამაღლებს და ქალებს უფასო იურიდიულ, სოციალურ ან ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები ასევე სტერეოტიპებისა და მავნე წარმოდგენების შესაცვლელად და საინფორმაციო კამპანიების დასაწყებად მუშაობს. ასევე, ეს პროექტები SafeYou აპლიკაციის გამოყენებას უწყობს ხელს“, – ნათქვამია ჰერჩინსკის განცხადებაში.

ამასთან, პაველ ჰერჩინსკის თქმით, უპირველესი გზა ქალების გასაძლიერებლად არის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ შიშის გარეშე და ძალადობისგან დაცულად შეძლონ ცხოვრება.

„უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო არსებული დუმილი და სტიგმა. წელს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი აქტივიზმის თემა არის: „ყოველ 10 წუთში ერთხელ ქალს კლავენ. გაერთიანდით ქალების მიმართ ძალადობის დასასრულებლად“. ერთად შეგვიძლია, შევქმნათ მომავალი, რომელშიც პატივისცემა, ღირსება და უსაფრთხოება ყველასთვის გარანტირებულია“, – ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო

ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, ეს კონსტიტუციის პრინციპის, მანიფესტაციის და შეკრების უფლების დარღვევაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, შსს-ს დღევანდელი განცხადება არის მუქარა. „ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო. ეს კიდევ ერთი და მთავარი კონსტიტუციის პრინციპის – მანიფესტაციის და შეკრების უფლების დარღვევაა. რა მნიშვნელობაა, კანონით თუ დადგენილებით ზღუდავენ ამ უფლებას. მუქარაც არაფერში ჯდება. რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია“, – წერს ზურაბიშვილი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ვაფრთხილებთ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან თავი შეიკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს შესაბამის ზომებს“.

გურჯაანში ორმა მამაკაცმა ერთმანეთს ესროლა, გარდაიცვალა ორივე მათგანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 30 წლამდე ასაკის  მამაკაცები სოფლის ცენტრში, ერთმანეთს  ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდნენ.ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი წარსულში მომხდარი უთანხმოებაა, რასაც შურისძიება მოჰყვა.შემთხვევის ადგილზე სამართალდამცეველები ამ დროისთვის  იმყოფებიან.

25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. პარლამენტის განცხადებით, 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. როგორც პარლამენტის განცხადებაშია აღნიშნული, საპარლამენტო ღონისძიებებზე დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მიწვეული პირები, შენობაში დაიშვება ტელემაუწყებლების/ტელემედიის საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედიის საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს – დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ვაფრთხილებთ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან თავი შეიკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს შესაბამის ზომებს

24 ნოემბრიდან რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ იგეგმება რესპუბლიკის მოედანზე შეკრება და შემდგომ პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა. დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შევახსენებთ, რომ კანონმდებლობა დეტალურად განსაზღვრავს შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების სამართლებრივ ჩარჩოებსა და ფარგლებს, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა ორგანიზაციის გამართული ფუნქციონირება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც შსს-ში აცხადებენ, კანონით აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად, დასჯად ქმედებას წარმოადგენს. „როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე, 24 ნოემბრიდან რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ იგეგმება რესპუბლიკის მოედანზე შეკრება და შემდგომ პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა. მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ოპოზიციური პარტიის ლიდერების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ შეკრების მიზანს წარმოადგენს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის ხელის შეშლა, რომელიც შესაძლოა, განხორციელდეს სხვადასხვა მეთოდით. დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა დეტალურად განსაზღვრავს შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების სამართლებრივ ჩარჩოებსა და ფარგლებს, იმისათვის, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა ორგანიზაციის გამართული ფუნქციონირება. გარდა ამისა, კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად, დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, ხოლო თუ ქმედება ჯგუფურადაა ჩადენილი – ჯგუფის წევრების მიმართ თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით. ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2024 წლის 23 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის №361 დადგენილებით დადგინდა სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა, რომელთა შორის არის საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობები. შესაბამისად, დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება

ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ამასთან, შსს-ს განმარტებით, ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ, შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა. „ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო – ფიფქი. საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს: არანაკლებ 3 მმ. მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3); არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3); საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი; საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა; ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო – ფიფქი. ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი უფლებამოსილია, ზემოაღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა; მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი; მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე. თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია, პირს აუკრძალოს დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა; თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, პირს, შესაძლოა, დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე; ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით. დეტალური ინფორმაცია ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლების, ასევე, იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალის შესახებ, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით, იხილეთ ბმულზე“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები