ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მასტერკლასი ტარდება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) სტუდენტური კლუბების ერთობლივი ღონისძიება – პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მასტერკლასი ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, მასტერკლასი, სტუ-ის ნიკო ნიკოლაძის სტუდენტური კლუბის ინიციატივით, პირველად ეწყობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

ღონისძიების ბენეფიციარები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და პედაგოგები არიან. პროექტის მხარდამჭერია თსსუ-ის სტუდენტური კლუბი – „მომავალი ექიმები საქართველოსთვის“.

როგორც ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო კლუბის პრეზიდენტი მარიამ კაკაურიძე აღნიშნავს, პროექტის მიზანია, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით მიაწოდოს საბაზისო ცოდნა, რომლის გამოყენებასაც პროექტის ბენეფიციარები პრაქტიკაში შეძლებენ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის კლუბი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურ კლუბთან ერთად, ვახორციელებთ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისთვის და, ასევე, ჩვენი პედაგოგებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მასტერკლასების ჩატარებას. ჩვენი მიზანია ამ მიმართულებით საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების ტრანსფერი. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები აკეთილშობილებს საზოგადოებას, რაც, საბოლოო ჯამში, სოციუმის კეთილდღეობაზე აისახება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანატოლების მხრიდან დაინტერესება დიდია. ეს გვაძლევს მოტივაციას და იმის საფუძველს, რომ პროექტი გაცილებით მასშტაბური გავხადოთ“, – ამბობს მარიამ კაკაურიძე.

თსსუ-ის სტუდენტური კლუბის – „მომავალი ექიმები საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, თორნიკე ფუტკარაძის თქმით, პირველადი სამედიცინო დახმარების ორდღიანი მასტერკლასი, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება, მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, სიტუაციურ ანალიზსა და შეფასებებს, ასევე, პრაქტიკულ სავარჯიშოებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობით. როგორც თორნიკე ფუტკარაძე განმარტავს, მასტერკლასის გავლის შემდეგ ახალგაზრდები პრეჰოსპიტალურ ეტაპზე პრიორიტეტების სწორად განსაზღვრასა და გადაუდებელი დახმარების გაწევას შეძლებენ.

„დაზარალებული ადამიანი შეიძლება შეგვხვდეს ქუჩაში, სამსახურში, თავშეყრის ადგილებში. ის შეიძლება იყოს უცნობი, ჩვენი მეგობარი ან ოჯახის წევრი. დროულად და სწორად აღმოჩენილი პირველადი სამედიცინო დახმარება ზრდის ადამიანის სიცოხლის ხანგრძლივობას. ჩვენი ერთობლივი პროექტის მიზანიც ეს არის – ახალგაზრდებმა სამედიცინო მიმართულებით შეიძინონ კრიტიკული მდგომარეობის მართვის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები და შეძლონ ნებისმიერი მოქალაქისთვის პირველადი დახმარების გაწევა პრეჰოსპიტალურ ეტაპზე, ანუ იქამდე, ვიდრე პაციენტის მდგომარეობის მართვაში პროფესიონალი მედიკოსები ჩართვებიან”, – აღნიშნავს თორნიკე ფუტკარაძე.

პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის ორდღიანი მასტერკლასის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პედაგოგებმა, თეორიულ სწავლებასთან ერთად, გაიარეს გადაუდებელი შემთხვევების ანალიზისა და მართვის პრაქტიკული სავარჯიშოები, შეისწავლეს სხვადასხვა ტრავმისას სისხლდენის სწრაფად და ეფექტურად შეჩერების, ჭრილობაზე ნახვევის სწორად დადების, ინტოქსიკაციისა და გულყრის შემთხვევების მართვის, სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფის, ასევე, გულზე მასაჟისა და ხელოვნური სუნთქვის ჩატარების მეთოდები.

სტუ-ის ინფორმაციით, სამომავლოდ, პროექტის ორგანიზატორები – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბები – პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მასტერკლასის გაფართოებას და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩატარებას გეგმავენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილე სამართალდამცველს ფიზიკურად დაუპირისპირდა

დაპირისპირება იყო რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სამართალდამცველს ხელი გაარტყა. დღევანდელ აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოხდა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობის დროსაც.

VIDEO: „მამიკომ პირველად აგიყვანათ ხელში, თქვენ თვალწინ გაიზრდებიან ეს ბავშვები…“ – გარდაცვლილი მშობიარის მეუღლე ახალ კადრებს აქვეყნებს

გარდაცვლილი მშობიარე ქალის, შორენა ონიანის ქმარი გიგა ცხელიშვილი სოციალურ ქსელში ტყუპი შვილის კადრებს აქვეყნებს - მამამ ახალშობილების ნახვა და მათი ხელში აყვანა შეძლო. „მამიკომ პირველად აგიყვანათ ხელში... დედასაც აეყვანეთ... როგორ მენანება შორე... თქვენ თვალწინ გაიზრდებიან ეს ბავშვები, ყველას აინტერესებს, ბევრი დაგვიდგა გვერდით,“ - წერს ახალბედა მამა. ნახეთ ემოციური კადრები ↓  

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე სამართალდამცველებს მოუწოდებდა, გაეხსნათ გზა და გაეტარებინათ ავტომობილი, რომელზეც, მისი თქმით, ღამის გასათევად ინვენტარი იყო განთავსებული. სამართალდამცველები აცხადებდნენ, რომ რუსთაველის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე იყო შეზღუდული, რადგანაც ადგილზე ფეხით გადაადგილდებიან მოქალაქეები. ფიზიკური დაპირისპირების დროს მედიის წარმომადგენლებიც დაშავდნენ. დაპირისპირების შედეგად აქციის მონაწილეებმა კორდონის გარღვევა და ავტომობილის გატარება მაინც მოახერხეს. აქციის მონაწილეებისა და ლიდერების ნაწილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს

აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, კარვები გაშალეს. პროტესტმა პარლამენტის წინ უკვე გადაინაცვლა. თბილისში რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. მანამდე, ცოტა ხნით ადრე, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ საქართველოს პარლამენტის შენობასთან მისასვლელად. პოლიციამ მოედანზე შეზღუდა ავტომობილებით გადაადგილება მათ შორის აქციის მონაწილეებისთვისაც და უთხრა, რომ შეეძლოთ ამ ადგილიდან ფეხით გაეგრძელებინათ გზა. პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვას უკმაყოფილება მოყვა. შელაპარაკების და სკანდირების შემდეგ აქციის მონაწილეები ფეხით დაიძრნენ - ისინი საქართველოს პარლამენტთან აპირებენ ღამის გათევას. საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებული არიან პოლიციელები. საპროტესტო აქცია რუსთაველზე იმართება მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომის გასაპროტესტებლად, რომელიც 25 ნოემბერს, დღის 12 საათზეა დაგეგმილი.

ადამიანებთან მაქსიმალურად ჰუმანური და ადამიანური დამოკიდებულების ჭრილში წყვეტს შსს ძალიან ბევრ საკითხს – დავით მათიკაშვილი

ადამიანებთან მაქსიმალურად ჰუმანური და ადამიანური დამოკიდებულების ჭრილში წყვეტს შსს ძალიან ბევრ საკითხს, - აცხადებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი. „როდესაც შსს-ს აქვს მის არსენალში კანონმდებლობით მინიჭებული სხვადასხვა საშუალებები ასეთ სიტუაციებში (აქციების) შეუძლიათ, რომ გამოიყენონ უფრო მძიმე საშუალებები იმისთვის, რომ აღადგინონ წესრიგი. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ ისინი ამას არ აკეთებენ და ცდილობენ მაქსიმალურად რბილად, მაქსიმალურად ბევრი გაფრთხილებით, ადამიანების არა დაშლით, არამედ განრიდებით იმ კონკრეტული ეპიცენტრიდან მოახდინონ სიტუაციის დამშვიდება“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ბოლო სიახლეები