არჩევნებში გამოჩნდება, რეალურად როგორია ხალხის განწყობა, ხალხს სურს სტაბილურობა, მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მხოლოდ „ქართული ოცნება“ სთავაზობს მოსახლეობას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილს არჩევნებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევის შედეგებზე დაუსვეს კითხვა.
„ასეთი ტიპის რეიტინგები ბევრჯერ გვინახავს, რომელიც, სამწუხაროდ, საკმაოდ სუბიექტურია, არ არის ხოლმე გამყარებული ობიექტური კვლევებით და მეთოდოლოგიით, რომელიც საჭიროა, რათა ინფორმაცია იყოს სარწმუნო. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ რეიტინგებში მონაწილეობენ საერთაშორისო ბრენდები და ავტორიტეტული სახელები, როგორიც ბოლო რეიტინგის დროს იყო, სამწუხაროდ, ასეთ რეიტინგებს საიმედოობა ნამდვილად არ აქვს. კონკრეტულად გახარიას ნაწილზე იქნება, თუ ნებისმიერი სხვა პარტიის რეიტინგები, ვფიქრობ, დამაჯერებელი არ არის. არჩევნებში გამოჩნდება, რეალურად რა არის ხალხის განწყობა. დარწმუნებული ვარ, ხალხის განწყობა არის ის, რომ სურს სტაბილურობა, მშვიდობის შენარჩუნება. ასევე განვითარების მხარდაჭერა, რასაც მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“ სთავაზობს ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.