ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

“სად ხარ, შვილო, დამენახე-მეთქი, რომ ვუთხარი, ასეთი რამ მიპასუხა: დედი, ტაძარი ავაშენოთ, მე მოგეხმარებიო…” – მარინე გზირიშვილის უკანასკნელი ინტერვიუ

“მშვიდობით იყავით, ნუ დაღონდებით” – შვილის ამ სიტყვებით დაემშვიდობა საზოგადოებას აგვისტოს ომის გმირის, ვახტანგ გზირიშვილის დედა, მარინე გზირიშვილი… ის დღეს გარდაიცვალა…

წმინდა დიდმოწამე მარინეს ხსენების დღეს, 30 ივლისს გულის ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი და ყველას ფეისბუქ პოსტით ლოცვას და თანადგომას სთხოვდა.

“დედაღვთისმშობელი იქნება ჩემი შემწე, ოპერაციის დროს თავთან ჩემი ანგელოზები მეყოლებიან, წმინდა მარინე და ჩემი ვაჟკაცი, ვახტანგი. მეტი ვეღარ გაუძლო ჩემმა გულმა. მომიხსენიეთ მლოცველნო…”

დღეს კი სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა…

***

23 აპრილს გმირი ვახტანგ გზირიშვილი 36 წლის გახდებოდა. გმირმა დედამ “პრაიმტაიმს” უკანასკნელი ინტერვიუ მისცა… 

შვილის სახელზე მეორე ტაძრის აშენება ჰქონდა დაგეგმილი. თიანეთის რაიონში, სოფელ საკრეჭიოში წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მშენებლობას იწყებდა…

***

ვახო მარად 20 წლის დარჩა. მაგალითი კი მამისგან აიღო; ბადრი გზირიშვილიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი გმირია. სამშობლოს აფხაზეთის ომში შეეწირა.

დღეს მამა-შვილი ერთად განისვენებს. მათი საბოლოო განსასვენებელი კი, გმირი დედის მიერ აგებული ტაძრის ეზოა.

სიზმრად ნანახმა შვილმა, მარინე გზირიშვილს ტაძრის აშენება სთხოვა. დაბნეული დედა საკვირველად აღმოჩნდა პატრიარქთან. საკუთარ ძალებსა და რესურსებში დაეჭვებულ ქალს, უწმინდესმა ნუგეში და უფლის იმედად ყოფნა სთხოვა. რამდენიმე წელში ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში, ტაძარი აკურთხეს, რომელიც რუსეთ-საქართველოს, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სახელზე, შეწირულობებით აიგო.

2017 წლის 31 ოქტომბერს მამა-შვილი გზირიშვილების ნეშტები, რუსთავის სასაფლაოდან თბილისში, ვარკეთილში მდებარე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში გადაასვენეს და სამხედრო პატივით დაკრძალეს.

კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში ხელის მეტყვიამფრქვევედ მსახურობდა. 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვალების შემდეგ, ჯარისკაცს ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.

ოთხი წლის წინ სამგორის რაიონში, ომში დაღუპული მამა შვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა.

აგვისტოს ომიდან სამ თვეში, ვახო სიზმრად მოვიდა… მოცარიელებულ ადგილას ვიჯექი და ხმით ვტიროდი. ზემოდან, ღრუბლებიდან ხმა ჩამომესმა: დედა, ამდენს რატომ ტირი? ვახო, შენ ხარ-მეთქი? მე ვარ, დედაო. სად ხარ, შვილო, დამენახე, მენატრები-მეთქი… დედა, დანახვას ნუ მთხოვ, ჩემ ხმას როცა გაიგონებ, არ შეშინდეო, მითხრა.

ნუ ტირი ამდენს, მე არ მოვმკვდარვარ, ცოცხალი ვარ, სულ შენ გვერდით დავდივარ და თან დაგყვები, ეს ირწმუნე, გთხოვ. თუ ცოცხალი ხარ, დამენახე-მეთქი. ამ დროს ღრუბელი მიდის და მე მივდევ. ნუ მომდევ, დედი, ერთი რამ უნდა გთხოვოო. მოდი და ტაძარი ავაშენოთო… როგორ, შვილო, ჩვენი სიღარიბის ამბავი ხომ იცი-მეთქი? ნუ გეშინია, შენ დაიწყე და მე აქედან მოგეხმარებიო. წავიდა ღრუბელი, მე მივდევ და თან ვყვირი – ვახოოოო! ჩემმა ყვირილმა გამაღვიძა. შაბათი დილის ხუთი საათი იყო. ავდექი, ჩემს სამლოცველო კუთხესთან მივედი და დავიწყე ჩემებურად ლოცვა. ნოემბრის თვეა, წვიმიანი ამინდია. ჯერ არ გათენებულიყო. რუსთავში ვცხოვრობ, ჩემი ქმარ-შვილის საფლავიც რუსთავში იყო. წავედი. რისი უნდა მშინებოდა, მე ისეთ მძიმე ჯვარს ვატარებ, შიში აღარაფრის მაქვს. საფლავზე მტირალს დამათენდა, გალუმპულს… პირდაპირ ქალიშვილთან წავედი, თბილისში, ვარკეთილში, სადაც მაშინ ცხოვრობდა. ნათიასთვის სიზმარზე არაფერი მომიყოლია. მეორე დღეს საპატრიარქოში მისვლა გადავწყვიტე. მინდოდა უწმინდესისთვის ეს სიზმარი მომეყოლა.

საპატრიარქოში შესვლა, ხომ იცით, რომ შეუძლებელია, იმ ტერიტორიაზე ჩიტი ვერ გადაფრინდება. მივედი, კარი გაიღო, დაცვას არაფერი უკითხავს. მივხვდი, რომ ეს ყველაფერი უფლისგან დაშვება იყო. აბა, მე რომელი ტაძრის ამშენებელი ვიყავი? არავის არაფერი უკითხავს. ისიც არ ვიცოდი, რომელ მხარეს იყო პატრიარქის რეზიდენცია, თუმცა წავედი პირდაპირ, სწორად. მაშინ არც ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს ვიცნობდი, არც მამა მიქაელ ბოტკოველს. ქალბატონმა შორენამ მკითხა, რა გნებავთო. უწმინდესის ნახვა მინდა, ჩემი სიზმარი მინდა ვუამბო-მეთქი. დაახლოებით მიხვდა შაოსან ქალს, მკერდზე შვილის ფოტოთი, რაღაც რომ მიჭირდა და ამიტომ ვითხოვდი პატრიარქის სასწრაფოდ ნახვას. რამდენიმე წუთში უწმინდესის წინ ვიჯექი და ჩემს სიზმარს ვრცლად ვუყვებოდი… როგორც მე ვტიროდი, ისე ტიროდა ჩვენი პატრიარქი ჩემთან ერთად… მერე მითხრა, ახლა ხომ ირწმუნე, ჩემო მარინე, რომ შენი ვახტანგი ცოცხალია და ზეცაში უფალთანააო?! მე გაძლევ ამ ტაძრის მშენებლობის კურთხევასო. აი, მაშინ დავეცი მის წინ მუხლებზე და ავქვითინდი. უწმინდესო, ღარიბი ოჯახი მაქვს, მე ამას ვერ შევძლებ-მეთქი. უფალი შეგაძლებინებსო. და მოაყოლა – ნუ გეშინია. მხოლოდ მაგ ტაძარს კი არა, კიდევ ბევრ ტაძარს ააგებო!.. მანუგეშა… დიდება უფალს! წამოვედი დამძიმებული. რა, როგორ უნდა გამეკეთებინა, არ ვიცოდი. გავუყევი ლესელიძის ქუჩას. შევედი საქ.ბანკში. იქ ერთმა ბიჭმა მითხრა, როგორ შემექმნა ფონდი, რომელსაც მოგვიანებით დაერქვა – “ერთიანი საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის, ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების სახელობის საქველმოქმედო ფონდი”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საფრანგეთის პრემიერი: პარიზი მკტიცედ უნდა აღუდგეს ისეთ ფიგურებს, როგორიც ილონ მასკია

საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ფრანსუა ბაირუმ განაცხადა, რომ პარიზი მტკიცედ უნდა აღუდგეს ისეთ ფიგურებს, როგორიც კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი, ილონ მასკია. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. ბაირუს თქმით, Space-X-ისა და ტესლას მფლობელი „ახალ მსოფლიო უწესრიგობასთან“ ასოცირდება, რაც საფრთხეს უქმნის თავდაცვის ყველა არსებულ წესს. საფრანგეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ფრანსუა ბაირუმ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის, პანამის არხისა და კანადის შემოერთების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს მუქარა უწოდა და განმარტა, რომ დროა საფრანგეთმა გლობალურ ძალებს საკუთარი სახე და ძალისხმევა დაანახოს.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს "ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ მათი მომხრეების მხრიდან კანონის ჩარჩოდან გასვლის ბოლო ინციდენტები ზრდის ქვეყანაში არეულობის და სამოქალაქო დაპირისპირების რისკს. რაოდენ მიუღებელიც უნდა იყოს ამა თუ იმ ოპონენტის ქმედება, საბოლოოდ მაინც ხელისუფლების დანაშაული და სრული უპასუხისმგებლობაა პირადი ანგარიშსწორების კალაპოტში მოვლენების გადატანა. ამაზე ყველას გვმართებს დაფიქრება და ისევდაისევ, პირველ რიგში მათ, ვის ხელშიცაა ძალაუფლება" - წერს კვირიკაშვილი.

“თუ მათ უნდათ, რომ ვადაგასულ პრეზიდენტთან ერთად რაიმე მთავრობა ჩამოაყალიბონ, ჭოველიძის ოფისში ჩამოაყალიბონ” – ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციაზე

"თუ მათ უნდათ, რომ ვადაგასულ პრეზიდენტთან ერთად რაიმე მთავრობა ჩამოაყალიბონ, ჭოველიძის ოფისში ჩამოაყალიბონ," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით გააკეთა. ამით ის გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების შეკრებას, სადაც ერთ-ერთი განსახილველი თემა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იყო. "ამ პროცესს რომ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს, ამას ვხედავთ. რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას - ბუნებრივია, ასეთი საკითხი არ განიხილება. თუ მათ უნდათ, რომ ვადაგასულ პრეზიდენტთან ერთად რაიმე მთავრობა ჩამოაყალიბონ, ჭოველიძის ოფისში ჩამოაყალიბონ. ასევე, შეუძლიათ "ლელოს" ოფისში, თბილისის ცენტრალში ჩამოაყალიბონ პარლამენტი და იქ გააგრძელონ საქმიანობა. 4 ოქტომბერს იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პარლამენტის არჩევნები იქნება 2028 წლის 28 ოქტომბერს. საკმარისი დრო აქვს ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილთან ერთად, რომ კარგად მოემზადონ ადგილობრივი თვითმმართველობის და კიდევ უფრო კარგად მოემზადონ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის," - აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – შვედეთი ევროკავშირს მოუწოდებს, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოხატოს და საქართველოს საკითხი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში დადგეს

შვედეთი ევროკავშირს მოუწოდებს, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოხატოს და საქართველოს საკითხი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში დადგეს, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა პარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული დებატების დროს განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები დიდ შეშფოთებას იწვევს. „საქართველოში ჩატარებული არჩევნები დიდ შეშფოთებას იწვევს. 2024 წელს მიღებულ იქნა რამდენიმე კანონი, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დამკვირვებლებმა მათ შორის ეუთო-დან, რიგი დარღვევების შესახებ განაცხადეს. 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ პარტია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლამდე არ აპირებს და ამ პერიოდში ევროკავშირის ყველანაირ ფინანსურ მხარდაჭერაზე უარის თქმას გეგმავს. ამ განცხადებამ საქართველოს მრავალ ადგილას მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია. რიგ შემთხვევაში, როგორც დემონსტრანტების, ისე ჟურნალისტების წინააღმდეგ მოხდა გადამეტებული ძალის გამოყენება. შვედეთი ევროკავშირს მოუწოდებს, რომ ამ მოვლენების წინააღმდეგ თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოხატოს, მათ შორის საქართველოს საკითხი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში დადგეს. ბოლოს საქართველოს საკითხი ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე 16 დეკემბერს განიხილებოდა. იქ მე აღვნიშნე, რომ შვედეთს სურს, დაინახოს სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე. ხაზი გავუსვი საქართველოსთვის განკუთვნილი ევროკავშირის გაყინული თანხების სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადანაწილების მნიშვნელობას. ასევე ევროკომისიას დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობის დამატებითი ანალიზი მოვითხოვე. ეს მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება, რომ არ შეიძლება ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობების უპირატესობის გამოყენება ვალდებულებების შეუსრულებლობის პირობებში. მე მივესალმები იმ ფაქტს, რომ კომისიამ ასეთი წინადადება წამოაყენა“, – აღნიშნა სტენერგარდმა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო დიდი ხნის განმავლობაში რეგიონში იყო რეფორმების პროგრესის მაგალითი, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა  დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა. „შვედეთი მუშაობდა იმაზე, რომ ევროკავშირს შეეჩერებინა საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა, რაც ახლა მოხდა, მათ შორის ევროპის მშვიდობის ფონდიდან. შვედეთი არაერთხელ მოუწოდებდა ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს საქართველოში პროევროპულად განწყობილი ძალების მხარდაჭერისკენ, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების. ამ მიმართულებით ევროკავშირის მხარდაჭერის რეორგანიზაცია განხორციელების სტადიაშია. 2024 წლის ოქტომბერში მთავრობამ დაავალა SIDA-ს საქართველოს ხელისუფლებასთან დარჩენილი პირდაპირი თანამშრომლობის შეწყვეტა. სანაცვლოდ, შვედეთმა 2024 წელს გაზარდა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა 25 მილიონი შვედური კრონით. ვინაიდან ბოლო კვირებში საქართველოში მოვლენები კვლავ არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა, სკანდინავიური და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის აღდგენის გზის პოვნაზე. მაგალითად, ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ეუთოს რეკომენდაციები და განიხილოს ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. შვედეთი დიდ ხნის განმავლობაში უჭერდა მხარს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. საქართველო დიდი ხნის განმავლობაში რეგიონში იყო რეფორმების პროგრესის მაგალითი. ამიტომ განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა ასეთი სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა. 2024 წელს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო რამდენიმე კანონი, რომლებიც ზღუდავს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და ადამიანის უფლებებს. 2024 წლის გაზაფხულზე, პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, მიღებულ იქნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი. შემოდგომით მიღებულ იქნა კანონი ოჯახური ღირებულების შესახებ, რომელიც საქართველოს მოსახლეობის, კერძოდ ლგბტ პირების უფლებებისა და თავისუფლებების გამოყენებას ზღუდავს“, – განაცხადა საგრეო საქმეთა მინისტრმა. მალმერ სტენერგარდის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან შეფერხდა „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო, შვედეთს სურს იმუშაოს, რათა ევროკავშირმა შეინარჩუნოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თავისი პრინციპული მხარდაჭერა შვედეთი და ევროკავშირი მკაფიოდ გამოვიდნენ ამ კანონების წინააღმდეგ და ამას გავაგრძელებთ. ჩვენ მუდმივად ვეცდებით, ვიპოვოთ უკეთესი გზა, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში არსებულ დემოკრატიულ ძალებს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ არსებობს აშკარა რუსული გავლენა და რომ ის უნდა იქნას გათვალისწინებული. უზრუნველყოფა, რომ დაფინანსება მიიღოს სწორმა შემსრულებელმა, არ არის მარტივი ამოცანა იმის მიუხედავად, თუ რომელ ქვეყანაში ვმუშაობთ, თუმცა პრობლემები შეიძლება, იყოს სხვადასხვა სახის. ეს არის ის, რაზეც ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ დამოუკიდებლად, ასევე სხვებთან ერთად. აქ მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით ვადევნოთ თვალი მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა მარია მალმერ სტენერგარდმა.

მარიამ ქვრივიშვილი: 2024 წელი წარმატებით დასრულდა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიისთვის – ტურისტების ოდენობამ 5.1 მილიონს გადააჭარბა

„წარმატებით დასრულდა 2024 წელი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიისთვის, დაფიქსირდა რეკორდული ტურისტული ვიზიტების რაოდენობა, რომელმაც  5.1 მილიონს გადააჭარბა. ჩვენი დივერსიფიკაციის პოლიტიკიდან გამომდინარე, ხაზგასასმელი და სასიხარულოა, რომ რეკორდულ ნიშნულზე გავიდა გასულ წელს ისეთი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების ოდენობა, როგორიც არის ისრაელი, აშშ, საფრანგეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და სხვა ქვეყნები, საიდანაც ჩამოსული ტურისტები გამოირჩევიან მსყიდველუნარიანობით“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების შეფასებისას განაცხადა. 2024 წელს საქართველოში რეკორდული ოდენობის ტურისტული ვიზიტი განხორციელდა და ისტორიული მაქსიმუმი - 5.1 მილიონი ვიზიტი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 9%-ით მეტია. 2024 წელს საქართველოში 7,368,149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც  2023 წლის მაჩვენებლებს 4.2%-ით აჭარბებს. „რა თქმა უნდა, ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, რადგან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები არაერთ წამყვან ავიაკომპანიასთან 2024 წელს. საქართველოს ტურისტულ და საავიაციო ბაზარს მიმდინარე წელს დაემატება ავიაკომპანია „ბრიტიშ ეარვეისი,“ „იზიჯეტი“, ისევე როგორც შვეიცარიის დაბალბიუჯეტიანია ახალი ავიაკომპანია  „ედელვაისი.“ მიმდინარე წელს ჩვენ გვექნება დამატებით პირდაპირი ფრენები დიდ ბრიტანეთთან, მილანთან, ციურიხთან, ასევე ჟენევის მიმართულებით“ - აღნიშნა ქვრივიშვილმა. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მსყიდველუნარიანი ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების შემოდინებას, გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორს, მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ჩართულნი არიან ტურიზმის ინდუსტრიაში.

ბოლო სიახლეები