პარასკევი, მარტი 27, 2026

საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: “მამული, ენა, სარწმუნოება”

ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა:

▪️ ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია. აღნიშნული მოვლენები განსახილველია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სტრატეგიულ და მრავალ სხვა ჭრილში. ჩვენ კი, მიზეზთა ერთობლიობის გამო, დღეს შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. ეკლესია ვერ დაიწყებს სპეციფიკური დეტალების განხილვას, მაგრამ ტრადიციული ფასეულობები და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ის სფეროებია, რომელთაც ის ისტორიულად უდიდეს ყურადღებას უთმობდა და კვლავ დაუთმობს.

▪️ საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების ხაზი დღეს ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ველზე გადის. უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”.

▪️ ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ფაქტები და არგუმენტები ჩანაცვლებულია მედიითა და სოციალური ქსელებით შექმნილი აღქმით, ალტერნატიული რეალობით. დაუშვებელია, ნაჩქარევ, ემოციურ ქმედებებს მიეცეს საშუალება, დაარღვიოს სტაბილურობა და მშვიდობა, რომლებიც ასე ძვირფასია ამ პროცესებში აქტიურად ჩართული ახალგაზრდა თაობისთვის. მნიშვნელოვანია, ქვეყნისათვის საუკეთესო არჩევანზე სიღრმისეული მსჯელობა და ჯანსაღი დისკუსიის პროცესი შედგეს, რადგან არაერთხელ გვიგემია ერთიანი დამარცხება, როდესაც სიძულვილი იმარჯვებდა საზოგადოებაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის.

▪️ ეკლესია ყოველთვის იყო და კვლავ იქნება ჩვენი შვილების გულწრფელი ინიციატივების, მისწრაფებების გულშემატკივარი და მხარდამჭერი, მით უფრო, როცა საქმე ქვეყნის ბედს ეხება, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალგაზრდებისა და მოზარდების ამ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რაოდენ ფაქიზ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებთან გვაქვს საქმე. მომავალი თაობის ჯანსაღი აქტიურობისა და პატრიოტული სულისკვეთების ცალკეული პოლიტიკური ინტერესებისა და მავნე იდეოლოგიის პროპაგანდისთვის გამოყენება ყველასთვის დამაზიანებელი იქნება.

▪️ ხელისუფლება გარკვევით დეკლარირებს, რომ მისი პოლიტიკური ვექტორი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილი, არის ევროინტეგრაცია. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა განცხადება. მასში ნათქვამი იყო, რომ წლების განმავლობაში დიპლომატიური სამსახურის უმაღლესი პირებისგან ისმოდა დამაჯერებელი დასტური იმისა, რომ ქვეყნის სწრაფვა ევროინტეგრაციისაკენ არ გულისხმობდა საკუთარი კულტურისა და ფასეულობების უარყოფას. თუმცა, ფაქტია, წლების განმავლობაში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ტელევიზიების მხრიდან წარმოებდა ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანია და ეს ხდებოდა ლგბტ ცხოვრების წესის, ცოდვის პროპაგანდის მზარდი ტენდენციის პარალელურად.

▪️ საქართველოს მოსახლეობისთვის უცხო, უჩვეულო და სახიფათო იდეოლოგიების თავს მოხვევა ამძაფრებს საზოგადოებაში პოლარიზაციის პროცესს. ჩვენ არავისგან მოველით დახმარებას იდეოლოგიურ საკითხებში, ამის საჭიროება არც გვაქვს. აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლება თვალნათლივ დაადგა ტრადიციული ღირებულებების დაცვის გზას.

▪️ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩანაწერი, რომ ქართული სახელმწიფოს მიერ დაუშვებელია მოზარდებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონის მიღება, წარმოადგენს ქვეყნის უმეტესი მოსახლეობისათვის აღიარებული ფასეულობების წინააღმდეგ ზეწოლას. რჩება შთაბეჭდილება, რომ მათი მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი არ განიხილება, როგორც სრულყოფილი მოცემულობა. ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის უგულებელყოფით ქვეყნისთვის სასიკეთო არცერთი საქმე არ გამოვა.

▪️ საქართველოს ეკლესია მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობაში უფლის სიტყვის გაძლიერებას. ჩვენ გვსურს, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, ოჯახის სიწმინდე და მისი მნიშვნელობა, შევინახოთ ქართული კულტურა, ვესწრაფვით ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ერთად ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებას, მსოფლიოში ურთულესი პოლიტიკური პროცესების პირობებში ყოველგვარ კონფლიქტში ჩარევისაგან თავის არიდებას და ქვეყნის შიგნით მშვიდობიან თანაცხოვრებას, ეს ყველაფერი კი შეუძლებელია სრულყოფილი სახელმწიფო დამოუკიდებლობის გარეშე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვარლამ ლიპარტელიანი: ჩვენი მიზანი და მოტივაციაა მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, უფრო მეტად იყვნენ ჩართულები არა მარტო პოლიტიკურ პროცესში, არამედ ადგილობრივ დონეზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათი...

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ ტურნეს იწყებს. ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი „იმედის დღეში“ პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობაზე და გუნდის გეგმებზე საუბრობს.ლიპარტელიანი აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია აპირებს შეხვდეს ახალგაზრდებს ქვეყნის მასშტაბით, რადგან გაიზარდოს მათი ჩართულობა როგორც პოლიტიკურ, ისე ადგილობრივი განვითარების პროცესებში.მისი თქმით, მათი მიზანია ასევე, მოსახლეობასთან პირდაპირი და ღია კომუნიკაცია, რათა გაიზარდოს მათი ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში.„აუცილებლად ყველა შეხვედრას დავესწრები. შემოვივლით ათივე რეგიონს, შევხვდებით ყველა დიდი ქალაქის მაცხოვრებლებს, სოფლებიდან, რეგიონებიდან ჩამოვლენ. ჩვენი მთავარი მიზანი და მოტივაცია არის ის, რომ იყოს უფრო მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, უფრო მეტად იყვნენ ისინი ჩართულები არა მარტო პოლიტიკურ პროცესში, არამედ ადგილობრივ დონეზე, თუ როგორ ხედავენ განვითარებას, როგორ წარმოუდგენიათ მათი რეგიონის, მათი სოფლის, მათი ქალაქის განვითარება და რაც მთავარია, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ აბსოლუტურად ყველას შევხვდეთ, ვესაუბროთ ღიად, გახსნილად და ეს შეხვედრები არ იქნება ჩარჩოებში მოქცეული. ყველაფერზე შეუძლიათ გვესაუბრონ იმიტომ, რომ ჩვენი გუნდი არის სრულად მოტივირებული და მოწოდებული იმისკენ, რომ ყველა ადამიანის აზრი გაითვალისწინონ. თუნდაც, კრიტიკული იყოს და არ ეთანხმებოდეს ჩვენს მოსაზრებას იმიტომ, რომ დისკუსია არის აუცილებელი და სამწუხაროდ ჩვენ ბოლო წლებში ვხედავთ, რომ თითქოს ეს ხაზი გაწყდა და ადამიანები ერთმანეთთან აღარ საუბრობენ. ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ ყველაფერს. კონკრეტულად ისეთ ადგილებში ჩავიდეთ, სადაც ყველაზე მეტად არის ეს საჭიროება, რომ მეტი ჩართულობა იყოს მათგან“- განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის  საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 6 ფაქტი აღიკვეთა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა (წონა - 515,21 გრამი  ) და ვერცხლის (წონა - 72,53 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ  157 927 ლარი შეადგინა.ორი სამართალდამრღვევი პირის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ოთხი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად,  საერთო ჯამში 47 749 ლარით დაჯარიმდა.

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენზე კონტროლის მოპოვებისკენ მიისწრაფვის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენზე კონტროლის მოპოვებისკენ მიისწრაფვის.ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში ლავროვმა აღნიშნა, რომ აშშ ცდილობს დომინირებას მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე და მაგალითად მოიყვანა ვენესუელა, სადაც ვაშინგტონმა, ფაქტობრივად, კონტროლი მოიპოვა მსოფლიოს უმსხვილეს ნავთობის მარაგზე, ისევე როგორც ირანზე.„აშშ ასევე აცხადებს, რომ მას სურს კონტროლის მოპოვება „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენზე“, – განაცხადა ლავროვმა, თუმცა დეტალები არ წარმოუდგენია.აღსანიშნავია, რომ გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ 2024 წელს იუწყებოდა, რომ ამერიკელი ინვესტორი სტივენ პ.ლინჩი შეეცადა, შეეძინა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ორი განშტოება, რომელთაგან ერთ-ერთი 2022 წლის აფეთქების დროს არ დაზიანებულა. აფეთქების შედეგად მნიშვნელოვანწილად შეწყდა ევროპისთვის გაზის მიწოდება. რუსეთმა და ევროპამ მაშინ განაცხადეს, რომ ინციდენტი იყო საბოტაჟი. გამოძიების შედეგად გასულ წელს აფეთქებასთან კავშირის ბრალდებით იტალიაში დააკავეს უკრაინელი წარმოშობის პირი.

შალვა პაპუაშვილი – ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა ლამის რელიგიური ომია, რომლის მიზანია, საქართველოში იმ სულიერი საყრდენის ჩანაცვლება, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა

ბოლო 22 წელია ვაკვირდებით ორგანიზებულ კამპანიას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს ცხადი მიზანი – იმ ორგანიზაციის დისკრედიტაცია, რომელსაც ყველაზე დიდი ავტორიტეტი აქვს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა სინამდვილეში ლამის რელიგიური ომია, რომლის მიზანია, საქართველოში იმ სულიერი საყრდენის ჩანაცვლება, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა.„გუშინ სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე 2004 წლის პატრიარქის ინტერვიუ, რომელიც იმ პერიოდს ეხება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში და პატრიარქი უკვე გვაფრთხილებდა, რასთან გვქონდა საქმე. საუბრობს მძიმე წელზე, როდესაც იყო ანტიეკლესიური კამპანიაზე და რომელიც, პატრიარქის აზრით, გარედან იყო ორგანიზებული. ასე რომ, ამას ვაკვირდებით ბოლო 22 წელია – ორგანიზებულ კამპანიას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს თავისი ცხადი მიზანი. მიზანია იმ ორგანიზაციის დისკრედიტაცია, რომელსაც ყველაზე დიდი ავტორიტეტი აქვს საქართველოში; იმ ეკლესიის დისკრედიტაცია, რომელიც წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის სულიერ საყრდენს, რათა შემდგომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ. ეს, სინამდვილეში, ლამის რელიგიური ომია, რომლის მიზანია საქართველოში იმ სულიერი საყრდენის ჩანაცვლება, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა.რასაც ვაკვირდებით, არის ის, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია და ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ცდილობენ, ევროკავშირი ერთგვარ ფსევდორელიგიად აქციონ. მათში უკვე ვხედავთ ბევრ ფსევდორელიგიურ ნიშანთვისებას, როდესაც საუბრობენ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, ოღონდ, როგორც წესი, შინაარსს არ აკონკრეტებენ. ასევე ვხედავთ მათ ადგილობრივ ადეპტებს საქართველოში, რომლებსაც აქვთ ყოველდღიური რიტუალები, ქცევის წესები და შეძახილები. ისინი აბსოლუტურად ფუნდამენტალისტებივით იქცევიან, როდესაც საქმე ეხება ბრიუსელსა და ევროკავშირს, კრიტიკის დაშვებაც არ სურთ. ესენი არიან ჩვეულებრივი ფუნდამენტალისტი ადამიანები, რომლებსაც ევროკავშირი ფსევდორელიგიად აქვთ აყვანილი. შესაბამისად, ჩვენ სწორედ ამას ვხედავთ. ამაზე საუბრობდა პატრიარქი ჯერ კიდევ 2004 წელს, იმ მეთოდებზე, რომლებიც მაშინ დაიწყეს და რასაც ჩვენ იმ პერიოდში ისე ვერ ვამჩნევდით. პატრიარქი საუბრობდა კლიშეების მიკერების მცდელობაზე, ჯერ „ანტიდასავლურის“, შემდეგ „პრორუსულის“. სწორედ ამ კლიშეებით მიმდინარეობდა მუშაობა დისკრედიტაციის მიზნით.ვნახეთ, რომ ეკლესიის დისკრედიტაციაში ჩართული ადამიანები პირდაპირ საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდნენ. შეგახსენებთ, საფრანგეთის დაფინანსება ყველაზე ბოლოს მიიღო „სოვ ლაბმა“. იმ ხალხმა, რომელიც ეკლესიის დისკრედიტაციით იყო დაკავებული. გახსოვთ გიორგი კანდელაკის საკითხი სამებაში ხატთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის შემდეგ დაფინანსება საფრანგეთიდან მიიღეს. ევროკავშირის და სხვა უცხოური წყაროებიდან დაფინანსება ჰქონდა ე.წ. ტოლერანტობის ცენტრს, რომელსაც სახალხო დამცველთან არსებულს უწოდებდნენ, თუმცა ეს იყო ჩვეულებრივი აფერისტობა. მათ არანაირი კავშირი არ აქვთ სახალხო დამცველთან. ამ ტერმინსაც კონსტიტუციიდან გვართმევდნენ, თითქოს რაღაც კონსტიტუციურ ორგანოსთან არსებული ჯგუფია. ეს ადამიანები პირდაპირ დაკავებული იყვნენ არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ პატრიარქისა და კონკრეტული პირების დისკრედიტაციით. შესაბამისად, ეს ყველაფერი, წლებია, გარე დაფინანსებით მიმდინარეობს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.ამასთან, მისივე თქმით, „მიუხედავად იმ მილიონებისა, რომლებიც ჩაისხა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, სულიერი საყრდენის დისკრედიტაციის მიზნით, ეს ყველაფერი წყალში გადაიარა“.„ერთ დღეში ნახეს, რომ ქართულმა საზოგადოებამ თავისი პოზიცია დაანახა ყველაფერთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ელჩი შოკში იქნებოდა, როდესაც დაინახა, რომ ეკლესიისთვის ძირის გამოთხრის ყველა მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა. მილიონნახევარზე მეტი ადამიანი ვნახეთ სამების ტაძარში და დავინახეთ, სად არის ერი და სად არიან პროტესტანტები, რომლებსაც უნდათ, თავი ქართველ ერად შემოგვასაღონ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ლაშა ხუციშვილი – საქართველოს ეკონომიკური ზრდა განპირობებულია მკაცრი ფისკალური პოლიტიკითა და კონსოლიდაციით, ასევე ძლიერი სტრუქტურული რეფორმებით

საქართველოს ეკონომიკური ზრდა განპირობებულია მკაცრი ფისკალური პოლიტიკითა და კონსოლიდაციით, ასევე ძლიერი სტრუქტურული რეფორმებით, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ბანკი „ქართუსა“ და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის ორგანიზებით გამართულ 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.ფინანსთა მინისტრმა თავის პრეზენტაციაში დეტალურად ისაუბრა ქვეყნის უახლესი მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შესახებ, სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს წამყვან პოზიციებზე, სარეიტინგო კომპანიების შეფასებებსა და ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების მიმართულებით მიღწეული პროგრესის თაობაზე.როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, უკანასკნელ წლებში, საქართველომ შეძლო მდგრადობის შენარჩუნება სხვადასხვა შოკის მიმართ და გამოავლინა ფისკალური სტაბილურობა.„ბოლო ათწლეულის საშუალო ეკონომიკური ზრდა 5% იყო, ხოლო ბოლო 5 წლის განმავლობაში – 9.3%; საშუალოვადიანი პროგნოზი 5%-ის დონეზეა;ერთ სულ მოსახლეზე მშპ მნიშვნელოვნად გაიზარდა და მსყიდველუნარიანობის პარიტეტით 31 000 დოლარს მიაღწია;ეკონომიკის სტრუქტურა მეტად გახდა სერვისებზე ორიენტირებული (საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, განათლება), ტრადიციულ სექტორებთან ერთად”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.მან ასევე, ყურადღება გაამახვილა მთავრობის რეფორმების დღის წესრიგზე, რომელთა შორისაა: კაპიტალის ბაზრის, სახელმწიფო საწარმოების რეფორმები, ეფექტიანი საგადასახადო ადმინისტრაცია, ენერგოუსაფრთხოება, დაკავშირებადობის გაძლიერება და ადამიანური კაპიტალის განვითარება.ფისკალურ სექტორში არსებულ ვითარებასა და ვალის მართვის მიმართულებით ფინანსთა სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრისას, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ ფისკალური დეფიციტი 2020 წლის 9.2%-დან 2022 წელს შემცირდა 3%-მდე, ხოლო 2025 წელს – 1.4%-მდე; ვალის მაჩვენებელმა მშპ-სთან მიმართებით შეადგინა 34%-მდე, რაც მნიშვნელოვნად დაბალია 60%-იან ზღვარზე.როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, საგარეო ვალის 93% წარმოადგენს შეღავათიან სესხებს საერთაშორისო და ორმხრივი ინსტიტუტებისგან. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას, ფასიანი ქაღალდები გამოიცემა ყოველთვიურად, რაც ზრდის ბაზრის პროგნოზირებადობას.როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს ახალი ინსტრუმენტების შემუშავება არარეზიდენტი ინვესტორებისთვის ბაზარზე წვდომის გასამარტივებლად. მისი თქმით, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, საქართველო აქტიურად გამოიყენებს საერთაშორისო ბაზრებს ცნობადობის გაზრდისა და პოზიციონირების გასაუმჯობესებლად.გამოსვლის დასასრულს, ფინანსთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ, გაუსვა ხაზი ფისკალური დისციპლინის მნიშვნელობას გრძელვადიანი მდგრადობისთვის და ფინანსთა სამინისტროს მტკიცე ერთგულებას მკაცრი ფისკალური პოლიტიკის მიმართ, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ბოლო სიახლეები