პარასკევი, სექტემბერი 25, 2026

მეუფე შიო: თავმდაბალი ადამიანი, ეგოიზმთან ერთად, სხვა ვნებებსაც, ასეთ ადამიანთან მოდის სულიწმიდის მადლი

 ,,მხოლოდ სიმდაბლე ხსნის და ავითარებს ჩვენში ყველაზე არსებით თვისებას, რომელიც ღმერთს გვაახლოებს და მიგვამსგავსებს… ეს არის სიყვარული… თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, რადგან სიმდაბლე ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს… ასე იხსნება და ვლინდება ჩვენში ხატება და მსგავსება ღვთისა და თანდათან, უფრო და უფრო ქმედითი ხდება ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულში…”- ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას  განაცხადა.

” სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს ჩვენ მოვისმინეთ იგავი მეზვერისა და ფარისევლის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ დაიწყო მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის.

ამ იგავში უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყველაზე საჭირო რამეს გვეუბნება ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. ვინ იყო ის ორი ადამიანი, რომლებიც შევიდნენ ტაძარში სალოცავად? – ერთი იყო მეზვერე, მეორე –  ფარისეველი. მეზვერეები იყვნენ გადასახადების ამკრეფნი რომის იმპერიისთვის, მაშასადამე, დამპყრობელი სახელმწიფოსთვის; მაგრამ, ამავე დროს, ისინი გადასახადს იღებდნენ იუდეის სახელმწიფოსთვისაც და მინიჭებული ჰქონდათ უფლება, იმდენი ფული გამოერთმიათ, რამდენსაც თავად ჩათვლიდნენ საჭიროდ. ამიტომ ისინი ართმევდნენ სახელმწიფოსთვისაც და პირადად თავიანთათვისაც. ამიტომ მათი უმეტესობა ძალიან მალე მდიდრდებოდა, ისინი გამოირჩეოდნენ სისასტიკით, უსამართლობით და ხალხს ძალიან არ უყვარდა ისინი.

? ტაძარში შედის ფარისეველიც. ჩვენ მიჩვეული ვართ ფარისევლების ადვილად განკითხვას და მათდამი სიძულვილს, მაგრამ გვავიწყდება, რომ ფარისევლები ძალიან მოღვაწე ადამიანები იყვნენ.  დღევანდელი იგავიდანაც ჩანს, რომ ისინი კვირაში ორჯერაც მარხულობდნენ თავიანთი მოშურნეობის გამო, იმიტომ რომ სულაც არ იყო სავალდებულო კვირაში ორჯერ მარხვა ებრაელთათვის, ეს მხოლოდ ტრადიცია იყო. გარდა ამისა, თავიანთი შემოსავლის საკმაო ნაწილს გლახაკებსაც ურიგებდნენ, ე.ი. ქველმოქმედებითაც გამოირჩეოდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ღვთის წინაშე ფასს კარგავდა იმის გამო, რომ ისინი თავიანთ შრომას ძალიან ძვირად აფასებდნენ და დიდი წარმოდგენა ჰქონდათ საკუთარ თავზე, თავიანთ ღვაწლზე და საკუთარი თავი მართალი ეგონათ.

? ეს ფარისეველიც ლოცულობს, მაგრამ მის ლოცვას შეიძლება ლოცვაც არ ეწოდოს, იმიტომ რომ იგი უფრო საკუთარ თავს იქებს, საკუთარ სიკეთეებზე საუბრობს და ასე ამბობს: „გმადლობთ, უფალო, აი, მე როგორი კარგი ვარ, კვირაში ორჯერაც ვმარხულობ, მეათედსაც დროულად შევწირავ, არ ვარ, როგორც სხვა ადამიანები, ცოდვილი, არ ვარ მემრუშე, არ ვარ მტაცებელი და ა.შ. ესე იგი ის თავის ცოდვებზე საერთოდ არ ფიქრობს, არაფერს ინანიებს, არამედ, მეტიც, პირიქით, გაიხედავს უკან, დაინახავს მეზვერეს და იტყვის: ,,აი, უფალო, ანდა როგორც ეს მეზვერე, ისეთი არა ვარ მე, რომელიც ახლა უკან დგას, მკერდში ხელს იცემს და ლოცულობს”.

? ამრიგად, ფარისეველმა ლოცვის დროს მეზვერე თავის გულში განიკითხა, დაამდაბლა და დაამცირა. ხოლო მეზვერე როგორ ლოცულობს? მან იცის, რომ ძალიან ცოდვილია, იცის, რომ არ იმსახურებს იგი ღვთის წყალობას, იცის, რომ ტაძარში დგომასაც კი არ იმსახურებს თავისი ცოდვების გამო და ამიტომ ძალიან უბრალოდ ლოცულობს: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“. ე.ი. უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი.

? და იესო ქრისტე ბრძანებს, რომ ეს ცოდვილი მეზვერე უფრო გამართლებული გადის ტაძრიდან, ვიდრე ფარისეველი, რომელიც ზედმიწევნით ასრულებდა რელიგიურ წესებს და ყველას მართალი ეგონა.

? მაშასადამე, ამ ლოცვის დროს მეზვერე თავს იმდაბლებდა, ხოლო ფარისეველი თავს იმაღლებდა და ამპარტავნობდა.

? აი, ძვირფასო ძმებო და დებო, რას გვასწავლის ჩვენ დღევანდელი იგავი? რას გვასწავლის ჩვენ უფალი იესო ქრისტე ამ იგავით? გვასწავლის სიმდაბლეს.

? მაცხოვრის სახარება – ეს არის სიმდაბლის სახარება, მთელი მისი ცხოვრება, მისი ჯვარზე სიკვდილიც – ეს არის სიმდაბლის უმაღლესი გამოვლინება.  რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, სიმდაბლის სათნოება, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ თავად უფალი ჩვენი სულიერი ცხოვრების საფუძვლად გვიდებს მას? – იმიტომ, რომ მხოლოდ სიმდაბლე ხსნის და ავითარებს ჩვენში ყველაზე მთავარს, ყველაზე არსებით თვისებას, რომელიც ღმერთს გვაახლოებს და  მიგვამსგავსებს. რა თვისებაა ეს? ეს არის სიყვარული. მხოლოდ სიმდაბლე ხსნის, ავლენს ამ თვისებას. თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, რადგან სიმდაბლე ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს, ეგოიზმი კი საფუძველია ყველა სხვა ვნების.

მაშასადამე, თავმდაბალი ადამიანი, ეგოიზმთან ერთად, სხვა ვნებებსაც აღმოფხვრის. ასეთ ადამიანთან მოდის სულიწმიდის მადლი, მას განსწმენდს, აღამაღლებს და მიამსგავსებს თავად ღმერთს, მიამსგავსებს იესო ქრისტეს. და როგორც მოგახსენეთ, ასე იხსნება და ვლინდება ჩვენში ხატება და მსგავსება ღვთისა და თანდათან, უფრო და უფრო ქმედითი ხდება ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულში.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ვეცადოთ, მეზვერისა და ფარისევლის მაგალითზე ვისწავლოთ, რას ვერიდოთ ჩვენს სულიერ ცხოვრებაში, რისკენ ვისწრაფოთ და გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები, რომლებითაც იგი ასრულებს დღევანდელ იგავს: „რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, ხოლო რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს, ამინ“.

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, ჩვენ ვლოცავთ ორ გვარს: ალუღიშვილებს და ზოიძეებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გამრავლოთ და გაგახაროთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე – როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, კატეგორიულად მიუღებელია – გაქვს საშუალება, გამოთქვა მოსაზრება თუნდაც სცენიდან, მაგრამ...

ამ ადამიანებს აქვთ მცდელობა, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდნენ. გაბრაზებულები არიან იმის გამო, რომ არ მოვისმინეთ მათი მუქარები და არ დავემორჩილეთ მათ მიერ გაჟღერებულ „მესიჯებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომელიც გორში, ქართველი მუსიკოსის ალექსანდრე კორძაიას (Kordz) კონცერტის გაუქმებას ეხებოდა.მისი განმარტებით, მმართველი გუნდის მიერ გადადგმულ ნაბიჯებში ყოველთვის მთავარი პრიორიტეტია სამშობლო და ქვეყნის ინტერესების დაცვა.„რეალურად ხომ ვიცით, რომ ამ ადამიანებს აქვთ მცდელობა, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდნენ. პირდაპირ ვთქვათ: გაბრაზებულები არიან იმის გამო, რომ არ მოვისმინეთ მათი მუქარები და არ დავემორჩილეთ მათ მიერ გაჟღერებულ „მესიჯებს“, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეხსნა და მივერთებოდით სანქციებს. ჩვენი მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებში მთავარი პრიორიტეტი იყო სამშობლო და ქვეყნის ინტერესების დაცვა. ეს არ მოსწონთ და მთელი ამ ხნის განმავლობაში გრძელდება შეტევა ქართულ სახელმწიფოზე და ხელისუფლებაზე, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული. ეს სავარაუდოდ მომავალშიც გაგრძელდება, რაც სამწუხარო რეალობაა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.მისივე განმარტებით, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირება უნდა მოხდეს კორექტულად და არა შეურაცხყოფის ფარგლებში.„საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დღეს ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება, მაგრამ, როგორც ამ უსამშობლო ადამიანების პატრონები გარედან გვეუბნებიან, რომ შეურაცხყოფით, ცილისწამებით, მუქარით და ფიზიკური გასწორებით ვიმოქმედოთ, ეს არ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს არის დანაშაული და ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, ეს კატეგორიულად მიუღებელია. გაქვს საშუალება, გამოთქვა მოსაზრება თუნდაც სცენიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს კორექტულობის, კანონისა და წესიერების ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.შეგახსენებთ, რომ დანიის კულტურის ინსტიტუტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, „კამარა ფესტივალი“ დაგეგმილი სახით ვერ ჩატარდება და, შესაბამისად, ის გადაიდო. მოგვიანებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელეს.„30 წელია, ევროკავშირი მხარს უჭერს კულტურულ სფეროს საქართველოში – ეხმარება ქვეყანას უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, ხელს უწყობს შემოქმედებით ინდუსტრიებს, საქართველოს ხელოვანებსა და კულტურულ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს მათ ევროპელ კოლეგებთან აკავშირებს. ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა,“ - ნათქვამი იყო განცხადებაში.

ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

28-29 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიურ შეხვედრაში, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰაში იმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.„ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელობასთან. ფინანსთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მმართველთა საბჭოს სხდომაში, ასევე, სიტყვით გამოვა ბანკის მმართველთა ბიზნეს სესიაზე.წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმდება სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი – საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი)“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბიძინა ივანიშვილმა და ეკატერინა ხვედელიძემ ნოდარ დუმბაძის მეუღლის, ნანული გუგუნავას ოჯახს მიუსამძიმრეს

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან, ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად, ნოდარ დუმბაძის მეუღლის, ნანული გუგუნავას ოჯახს მიუსამძიმრა. ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.ნოდარ დუმბაძის მეუღლის სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს.ნანული გუგუნავას 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას დღეს დაკრძალავენ. 

„გადაუდებლად აუცილებელია პროცესში საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების ჩართვა“ – საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.„შემაშფოთებელია ბოლო დღეებში მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია და ფოტო-ვიდეომასალა ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ.მართალია, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია.ბუნებრივია, ამ ფაქტმა ჩვენი საზოგადოების მწვავე რეაქცია და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახება ორ მეზობელ სახელმწიფოსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის განმტკიცების პროცესზე.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩნდება უამრავი კითხვა როგორც სამუშაოების გაურკვეველი მიზნებიდან, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაციიდან გამომდინარე.დავძენთ იმასაც, რომ ამ ქმედებების შესახებ საქართველოს საპატრიარქოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან არავითარი ინფორმაცია არ მიუღია.შესაბამისად, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ტერიტორიაზე, რა კვლევებს ეფუძნება და ვინ ახორციელებს მათ, ასევე, როგორ არის უზრუნველყოფილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა.ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ გადაუდებლად აუცილებელია პროცესში საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების ჩართვა და სათანადო რეაგირება, მათი კომპეტენციისა და არსებული საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, აღნიშნული უწყებები დაინტერესდნენ საკითხით, მოიპოვონ ოფიციალური ინფორმაცია და ხელი შეუწყონ მის განხილვაში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და დარგის ქართველი სპეციალისტების ჩართვას.ვფიქრობთ, მხოლოდ დროული და კოორდინირებული თანამშრომლობით არის შესაძლებელი ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სათანადო დაცვა და შენარჩუნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია ნდობის აღდგენა ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის, ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს უპირისპირდება განცხადებები, რომლებსაც აკეთებენ კონკრეტული ადამიანები,...

ჩვენს ხელისუფლებას, ქვეყანას აქვს გაცხადებული პოლიტიკა, ჩვენი მიზანია ნდობის აღდგენა ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების უალტერნატივო გაცხადებულ მიზანს უპირისპირდება ის განცხადებები, რომლებსაც აკეთებენ კონკრეტული ადამიანები.„უკვე აშკარად ჩანს, რომ ეს არის მიზანმიმართული პროცესის ნაწილი. ეს ნაბიჯები აშკარად მიმართულია ნდობის აღდგენის წინააღმდეგ. ჩვენს ხელისუფლებას, ქვეყანას აქვს გაცხადებული პოლიტიკა, ჩვენი მიზანია ნდობის აღდგენა ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის. არის სერიოზული გამოწვევები, პრობლემები, ომი იყო ორივე რეგიონში, შესაბამისად, ამას უკავშირდება კონკრეტული პრობლემები. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკის მიზანია ნდობის აღდგენა. ნდობის აღდგენა არის ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი. ჩვენ სწორედ ასე გვესახება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ზუსტად ამას, ხელისუფლების უალტერნატივო გაცხადებულ მიზანს უპირისპირდება ის განცხადებები, რომლებსაც აკეთებენ კონკრეტული ადამიანები. ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივად უცხოური აგენტურა. შესაბამისად, ეს განცხადებებიც არის კონკრეტული ძალებისგან დაკვეთის შედეგი. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ მიმართულებებს უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ნდობის აღდგენისთვის და მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები