შაბათი, მაისი 2, 2026

მეუფე შიო: თავმდაბალი ადამიანი, ეგოიზმთან ერთად, სხვა ვნებებსაც, ასეთ ადამიანთან მოდის სულიწმიდის მადლი

 ,,მხოლოდ სიმდაბლე ხსნის და ავითარებს ჩვენში ყველაზე არსებით თვისებას, რომელიც ღმერთს გვაახლოებს და მიგვამსგავსებს… ეს არის სიყვარული… თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, რადგან სიმდაბლე ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს… ასე იხსნება და ვლინდება ჩვენში ხატება და მსგავსება ღვთისა და თანდათან, უფრო და უფრო ქმედითი ხდება ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულში…”- ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას  განაცხადა.

” სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს ჩვენ მოვისმინეთ იგავი მეზვერისა და ფარისევლის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ დაიწყო მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის.

ამ იგავში უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყველაზე საჭირო რამეს გვეუბნება ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. ვინ იყო ის ორი ადამიანი, რომლებიც შევიდნენ ტაძარში სალოცავად? – ერთი იყო მეზვერე, მეორე –  ფარისეველი. მეზვერეები იყვნენ გადასახადების ამკრეფნი რომის იმპერიისთვის, მაშასადამე, დამპყრობელი სახელმწიფოსთვის; მაგრამ, ამავე დროს, ისინი გადასახადს იღებდნენ იუდეის სახელმწიფოსთვისაც და მინიჭებული ჰქონდათ უფლება, იმდენი ფული გამოერთმიათ, რამდენსაც თავად ჩათვლიდნენ საჭიროდ. ამიტომ ისინი ართმევდნენ სახელმწიფოსთვისაც და პირადად თავიანთათვისაც. ამიტომ მათი უმეტესობა ძალიან მალე მდიდრდებოდა, ისინი გამოირჩეოდნენ სისასტიკით, უსამართლობით და ხალხს ძალიან არ უყვარდა ისინი.

? ტაძარში შედის ფარისეველიც. ჩვენ მიჩვეული ვართ ფარისევლების ადვილად განკითხვას და მათდამი სიძულვილს, მაგრამ გვავიწყდება, რომ ფარისევლები ძალიან მოღვაწე ადამიანები იყვნენ.  დღევანდელი იგავიდანაც ჩანს, რომ ისინი კვირაში ორჯერაც მარხულობდნენ თავიანთი მოშურნეობის გამო, იმიტომ რომ სულაც არ იყო სავალდებულო კვირაში ორჯერ მარხვა ებრაელთათვის, ეს მხოლოდ ტრადიცია იყო. გარდა ამისა, თავიანთი შემოსავლის საკმაო ნაწილს გლახაკებსაც ურიგებდნენ, ე.ი. ქველმოქმედებითაც გამოირჩეოდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ღვთის წინაშე ფასს კარგავდა იმის გამო, რომ ისინი თავიანთ შრომას ძალიან ძვირად აფასებდნენ და დიდი წარმოდგენა ჰქონდათ საკუთარ თავზე, თავიანთ ღვაწლზე და საკუთარი თავი მართალი ეგონათ.

? ეს ფარისეველიც ლოცულობს, მაგრამ მის ლოცვას შეიძლება ლოცვაც არ ეწოდოს, იმიტომ რომ იგი უფრო საკუთარ თავს იქებს, საკუთარ სიკეთეებზე საუბრობს და ასე ამბობს: „გმადლობთ, უფალო, აი, მე როგორი კარგი ვარ, კვირაში ორჯერაც ვმარხულობ, მეათედსაც დროულად შევწირავ, არ ვარ, როგორც სხვა ადამიანები, ცოდვილი, არ ვარ მემრუშე, არ ვარ მტაცებელი და ა.შ. ესე იგი ის თავის ცოდვებზე საერთოდ არ ფიქრობს, არაფერს ინანიებს, არამედ, მეტიც, პირიქით, გაიხედავს უკან, დაინახავს მეზვერეს და იტყვის: ,,აი, უფალო, ანდა როგორც ეს მეზვერე, ისეთი არა ვარ მე, რომელიც ახლა უკან დგას, მკერდში ხელს იცემს და ლოცულობს”.

? ამრიგად, ფარისეველმა ლოცვის დროს მეზვერე თავის გულში განიკითხა, დაამდაბლა და დაამცირა. ხოლო მეზვერე როგორ ლოცულობს? მან იცის, რომ ძალიან ცოდვილია, იცის, რომ არ იმსახურებს იგი ღვთის წყალობას, იცის, რომ ტაძარში დგომასაც კი არ იმსახურებს თავისი ცოდვების გამო და ამიტომ ძალიან უბრალოდ ლოცულობს: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“. ე.ი. უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი.

? და იესო ქრისტე ბრძანებს, რომ ეს ცოდვილი მეზვერე უფრო გამართლებული გადის ტაძრიდან, ვიდრე ფარისეველი, რომელიც ზედმიწევნით ასრულებდა რელიგიურ წესებს და ყველას მართალი ეგონა.

? მაშასადამე, ამ ლოცვის დროს მეზვერე თავს იმდაბლებდა, ხოლო ფარისეველი თავს იმაღლებდა და ამპარტავნობდა.

? აი, ძვირფასო ძმებო და დებო, რას გვასწავლის ჩვენ დღევანდელი იგავი? რას გვასწავლის ჩვენ უფალი იესო ქრისტე ამ იგავით? გვასწავლის სიმდაბლეს.

? მაცხოვრის სახარება – ეს არის სიმდაბლის სახარება, მთელი მისი ცხოვრება, მისი ჯვარზე სიკვდილიც – ეს არის სიმდაბლის უმაღლესი გამოვლინება.  რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, სიმდაბლის სათნოება, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ თავად უფალი ჩვენი სულიერი ცხოვრების საფუძვლად გვიდებს მას? – იმიტომ, რომ მხოლოდ სიმდაბლე ხსნის და ავითარებს ჩვენში ყველაზე მთავარს, ყველაზე არსებით თვისებას, რომელიც ღმერთს გვაახლოებს და  მიგვამსგავსებს. რა თვისებაა ეს? ეს არის სიყვარული. მხოლოდ სიმდაბლე ხსნის, ავლენს ამ თვისებას. თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, რადგან სიმდაბლე ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს, ეგოიზმი კი საფუძველია ყველა სხვა ვნების.

მაშასადამე, თავმდაბალი ადამიანი, ეგოიზმთან ერთად, სხვა ვნებებსაც აღმოფხვრის. ასეთ ადამიანთან მოდის სულიწმიდის მადლი, მას განსწმენდს, აღამაღლებს და მიამსგავსებს თავად ღმერთს, მიამსგავსებს იესო ქრისტეს. და როგორც მოგახსენეთ, ასე იხსნება და ვლინდება ჩვენში ხატება და მსგავსება ღვთისა და თანდათან, უფრო და უფრო ქმედითი ხდება ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულში.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ვეცადოთ, მეზვერისა და ფარისევლის მაგალითზე ვისწავლოთ, რას ვერიდოთ ჩვენს სულიერ ცხოვრებაში, რისკენ ვისწრაფოთ და გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები, რომლებითაც იგი ასრულებს დღევანდელ იგავს: „რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, ხოლო რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს, ამინ“.

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, ჩვენ ვლოცავთ ორ გვარს: ალუღიშვილებს და ზოიძეებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გამრავლოთ და გაგახაროთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე, საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება - მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება, ან იღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას. მხოლოდ გასულ - 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 8 191 ადამიანი დაშავდა.არსებული სანქციების გამკაცრება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების კომპლექსურმა ანალიზმა, საქართველოს გზებზე სიკვდილიანობის მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა.საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით გაიზარდა სანქციები ცალკეულ სამართალდარღვევებზე, კერძოდ:• 100 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;• 50-დან 100 ლარამდე გაიზარდა სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;• 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;• 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;• დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე გაიზარდა ჯარიმის ოდენობა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებსა, ასევე M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის;• დრიფტი, რომელსაც მოჰყვა ნივთის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, 500 ლარიან ჯარიმასთან ერთად გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 6 თვის ვადით. განმეორებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან გამოიწვია საცობის შექმნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირებას;• 500 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან/და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის, იმ შემთხვევაში თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი თბილისი არ არის.• ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, ან/და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში - 10 ლარით.• ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის დადგინდა ჯარიმა 200 ლარი, აგრეთვე დამრღვევს მართვის მოწმობაზე შეუმცირდება 30 ქულა;• ცვლილებები ითვალისწინებს ახალ ამკრძალავ ნიშანს − „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“. აღნიშნული კრძალავს სახანძრო ჰიდრანტთან სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას. დასახელებული მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე შესაძლებელი გახდა სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა.ახლებურად განისაზღვრა „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საკითხები, კერძოდ:• „BUS LANE“-ზე მოძრაობა, არსებულ 100 ლარიან ჯარიმასთან ერთად, დამატებით გამოიწვევს მართვის მოწმობაზე 15 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება;• საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ „BUS LANE“-ზე მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 20 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება.

პეტერ მადიარმა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრად საკუთარი სიძის დანიშვნის შესახებ

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრად საკუთარი სიძის, მარტონ მელეთეი-ბარნას დანიშვნის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ავრცელებს.ის მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, უპირატესად ახლა უკვე ოპოზიციური პარტია „ფიდესის“ წარმომადგენლებმა. „ფიდესი“ ხელისუფლებას მას შემდეგ ჩამოშორდა, რაც მადიარის პარტიამ, „ტისამ“, 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.„ჩვენ უნდა დავიწყოთ ქვეყნის სწორ რელსებზე დაბრუნება, ევროკავშირის ფონდების მოზიდვა, ეკონომიკის ამუშავება და საჯარო სერვისების გაუმჯობესება“, - განაცხადა მადიარმა.„ასევე, გასული ათწლეულების ჭრილობების მოშუშება, უნგრელი ერის გაერთიანება და, რა თქმა უნდა, სამართლიანობის აღსრულება მათ მიმართ, ვინც წინა რეჟიმის დროს დანაშაულები ჩაიდინა“, - აღნიშნა მან.„მომავალი იუსტიციის მინისტრის შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო კარიერა, მაღალი ხარისხის სამუშაო და ხედვა ეჭვგარეშეა. ის თავიდანვე რეჟიმის ცვლილების ჩვენი მოძრაობის ნაწილი იყო, რომელიც აყალიბებდა და წარმართავდა ჩვენს ოპერაციებსა და პროგრამას... ჩვენს საზოგადოებაში გაწევრიანებიდან დიდი ხნის შემდეგ, მან ცხოვრება ჩემს დას დაუკავშირა. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ მისი საქმიანობა იყოს მაქსიმალურად საჯარო და მისი ყველა გადაწყვეტილება - გამჭვირვალე“, - განაცხადა მადიარმა ვიდეომიმართვაში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის არმიის მასშტაბური რეფორმა დააანონსა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არმიის მასშტაბურ რეფორმას აანონსებს, რომელიც ივნისიდან ამოქმედდება.როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რეფორმა მიზნად ისახავს ქვეითი ჯარისკაცების პირობების გაუმჯობესებას.2022 წლიდან მობილიზებულ ჯარისკაცებს სამსახურის დასრულების კონკრეტული თარიღი არ აქვთ განსაზღვრული, აღნიშნული რეფორმა კი, პირველად შექმნის სამართლებრივ საფუძველს იმისთვის, რომ ასეთ ჯარისკაცებს სამსახურიდან წასვლის საშუალება მიეცეთ.რეფორმა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ანაზღაურების გაზრდას, ქვეითი ჯარისკაცებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნას, სამსახურის ვადების განსაზღვრას.„სამხედრო პერსონალის ანაზღაურება გაიზრდება. უკანა პოზიციებზე — თვეში, სულ მცირე, 30 000 გრივნა, საბრძოლო პოზიციებზე – მნიშვნელოვნად მეტი. საბრძოლო მეთაურების ანაზღაურებაც მნიშვნელოვნად გაიზრდება. რეფორმის მეორე მიმართულება ქვეით ჯარისკაცებს ეხება. ყველაფერი მათ მხრებზე გადის. საკონტაქტო ხაზზე მყოფი ქვეითი ჯარისკაცები საუკეთესო პირობებით უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი — ანაზღაურების ჩათვლით. მესამე მიმართულება სამსახურის ვადებს ეხება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეთიკური საკითხია. განახლებული საკონტრაქტო სისტემა საშუალებას მოგვცემს, რომ დიდი ხნის წინ მობილიზებული  სამხედროები სამსახურიდან გათავისუფლდნენ. მაისში რეფორმის ყველა ასპექტი უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ

საპატრიარქო – ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა, ცდილობენ, უთანხმოება, წყენა დათესონ

სამწუხაროდ, ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ჩვენი ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ წმინდა სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ცდილობენ, წმინდა ეკლესიის სისავსეში უთანხმოება, წყენა და დაპირისპირება დათესონ“.„ამა წლის 28 აპრილს ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომის მიმართ მოსალოდნელი იყო დიდი ინტერესი. სამწუხაროდ, ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ჩვენი ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ წმინდა სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა. თითქოს სიკეთისა და გულშემატკივრობის სახელით ექომაგებიან ჩვენთვის პატივსაცემ მღვდელმთავრებს და ამით ცდილობენ, წმინდა ეკლესიის სისავსეში უთანხმოება, წყენა და დაპირისპირება დათესონ.კარგად ვხედავთ, რომ ამ მოჩვენებითი ქომაგობითა და ზღვარსგადასული ინტერესით, პირიქით და ირიბად ცდილობენ, დააკნინონ ჩვენი პატივცემული მღვდელმთავრების ღირსება. ამ კონტექსტში საზოგადოებისა და ეკლესიის სისავსისათვის გვინდა, მაღალყოვლადუსამღვდელოესის, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) შესახებ განვმარტოთ და ვთქვათ: საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდში მაღალყოვლადუსამღვდელოესი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) არის ერთ-ერთი გამორჩეული და ნათელი ქრისტიანული ცხოვრებით მოღვაწე მღვდელმთავარი. ის მრავალი წლის განმავლობაში თავდადებულად ემსახურება დედაეკლესიას, თავისი ზნეობრივი ცხოვრებიდან გამომდინარე, არის საქართველოს ეკლესიის ზნეობრივი კომისიის წევრი. მისი როლი ეკლესიის ცხოვრებაში ყოველთვის იყო და არის მნიშვნელოვანი. ღრმად გვწამს, რომ ასევე იქნება მომავალშიც“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

თურქეთში, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ცნობილი სერიალები დაასანქცირეს

თურქეთის მედია-მარეგულირებელმა ორგანომ მკაცრი სანქციები აამოქმედა როგორც ადგილობრივი სერიალების, ისე საერთაშორისო სტრიმინგ-პლატფორმების წინააღმდეგ.გადაწყვეტილება ფართო რეზონანსის საგანი გახდა და მას უკავშირებენ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს.რადიოსა და ტელევიზიის უმაღლესი საბჭო (RTÜK)-მა ძალადობის შემცველი კონტენტის გამო სანქციები დაუწესა რამდენიმე პოპულარულ პროექტს.„Eşref Rüya“ (Kanal D) და „Yeraltı“ (NOW TV) საბჭოს შეფასებით შეიცავს სცენებს, რომლებიც ძალადობის წახალისებასა და ნორმალიზებას უწყობს ხელს. შედეგად, მაუწყებლებს შემოსავლის 2%-იანი ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრათ.მედიაანალიტიკოსების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა სერიოზულად აისახოს სერიალების შინაარსზე და სცენარისტებს აიძულოს, შეარბილონ ძალადობრივი სცენები.სანქციები საერთაშორისო პლატფორმებზეცRTÜK-ის გადაწყვეტილება შეეხო გლობალურ სტრიმინგ-სერვისებსაც.Netflix-ს დაევალა სერიალ „Trigger“-ის ამოღება თურქული კატალოგიდან; Amazon Prime Video-ს – ფილმის „Gangs of Lagos“; HBO Max-ს – პროექტ „Altın Çocuk“-ის. მარეგულირებლის განცხადებით, აღნიშნული ნამუშევრები არღვევს მაუწყებლობის პრინციპებს და ხელს უწყობს ძალადობის გავრცელებას. პლატფორმებს დაეკისრათ როგორც ფინანსური სანქციები, ისე კონტენტის დაუყოვნებლივი წაშლის ვალდებულება.პოლიტიკური მედიის წინააღმდეგ მიღებული ზომებისანქციები შეეხო საინფორმაციო არხებსაც. Halk TV და SZC TV დაჯარიმდნენ ეთერში გაჟღერებული მწვავე პოლიტიკური განცხადებების გამო. RTÜK-ის შეფასებით, გადაცემებმა „ეთიკური ზღვარი“ გადაკვეთეს.საბჭოს წევრმა, ილჰან თაშჩი განაცხადა, რომ მარეგულირებელი გააგრძელებს კონტროლის გამკაცრებას და არ დაუშვებს ისეთ კონტენტს, რომელიც საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და ახალგაზრდების ფსიქიკას საფრთხეს უქმნის.ტრაგედიის ფონზე გამკაცრებული კონტროლითურქულ მედიაში აქტიურად განიხილება, რომ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კაჰრამანმარაშში მომხდარი სკოლის თავდასხმა, რომელმაც საზოგადოებაში დიდი შოკი გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე მოზარდმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, რამაც გააჩინა კითხვები ახალგაზრდებში აგრესიის ზრდის მიზეზებზე.ექსპერტები და მშობლები მიუთითებენ, რომ ეკრანზე ძალადობის რომანტიზება შესაძლოა მოზარდებისთვის ქცევის მოდელად იქცეს. სწორედ ამ ფონზე გაიზარდა ზეწოლა RTÜK-ზე, გაემკაცრებინა კონტროლი მედია-კონტენტზე.

ბოლო სიახლეები