შაბათი, აგვისტო 8, 2026

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ ეროვნული სასამართლო პროცესები სამართლიანად ჩატარდა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ ეროვნული სასამართლო პროცესები სამართლიანად ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის მიმართ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.

„დღეს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა. მომჩივნები არიან ირაკლი ფირცხალავა (სპეცოპერაციის დროს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე) და გიორგი ცააძე (სპეცოპერაციის დროს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე).

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, რომელშიც, სულ მცირე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 50 მაშინდელი თანამშრომელი მონაწილეობდა, 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილსა და 25 წლის ალექსანდრე ხუბულოვს მანქანაში 70-ზე მეტი ტყვია ესროლეს. საქმეზე პირველადი გამოძიება, რომელიც 2006 წლის მაისში დაიწყო, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფონზე წარიმართა და საბოლოოდ 2007 წლის აპრილში შეწყდა.

საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის დეკემბერში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით არაერთი ყოფილი პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში, მათ შორის, მომჩივნები. ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) ფარგლებში მომჩივნები აცხადებდნენ, რომ ეროვნულმა სასამართლომ მიიღო ბრალდების შვიდი მოწმის (რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთად იყვნენ მოთავსებული საკანში) ჩვენება მათ წინააღმდეგ, როგორც მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეზე. პირველი მომჩივნის დავის საგანს წარმოადგენდა, აგრეთვე, დაცვის მხარის მოწმეების სხდომაზე დასწრების უზრუნველყოფისა და მათი დაკითხვის შეუძლებლობა.

ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მთავრობის პოზიცია და დაადგინა, რომ ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის მიმართ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. კერძოდ, მომჩივანთა მიერ სადავოდ გამხდარი ჩვენებები არ წარმოადგენდა მათი მსჯავრდებისთვის ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებას. დამატებით, საქმეში არსებობდა მტკიცებულებათა კომპლექსური ერთობლიობა, მათ შორის, დამოუკიდებელ თვითმხილველთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები, რაც ადასტურებდა მომჩივანთა ბრალეულობას.

სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებები ერთობლიობაში ადასტურებდა, რომ ირაკლი ფირცხალავა ხელმძღვანელობდა „კორტების სპეცოპერაციას“. სტრასბურგის სასამართლოს მითითებით, ეროვნული სასამართლოების დასკვნა, რომლის თანახმადაც, ირაკლი ფირცხალავამ დაგეგმა და განახორციელა სპეცოპერაცია შურისძიების მიზნით, დასტურდებოდა მოწმეთა ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებებით. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ეროვნული სასამართლოების პოზიცია, რომ სროლა არ ყოფილა პროვოცირებული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის (მსხვერპლები) მიერ და მათი მანქანიდან გასროლა მომჩივნების მისამართით არ მომხდარა, რაც დასტურდებოდა დამოუკიდებელი თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებითა და სხვა მრავალი მტკიცებულებით.

კერძოდ, ერთ-ერთმა თვითმხილველმა დაადასტურა, რომ პირველი მომჩივანი (ირაკლი ფირცხალავა) ისროდა იარაღს მსხვერპლების მანქანის მიმართულებით. რაც შეეხება მეორე მომჩივნის (გიორგი ცააძის) ქმედებებს, ორი თვითმხილველის მიერ დადასტურდა, რომ იგი მიუახლოვდა ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს და ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა საკონტროლო გასროლები მათი მოკვლის მიზნით. ამასთან, ის ფაქტი, რომ მეორე მომჩივნის მიერ განხორციელებულ საკონტროლო გასროლამდე ორივე მსხვერპლი იყო ცოცხალი, თვითმხილველის ჩვენებასთან ერთად დადასტურდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზითაც.

ევროპულმა სასამართლომ, აგრეთვე, გაიზიარა მთავრობის პოზიცია და დაუშვებლად ცნო საჩივრის ის ნაწილი, რომელიც უკავშირდებოდა დაცვის მხარის მოწმეების სხდომაზე დაკითხვის უზრუნველყოფის საკითხს. სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პირველ მომჩივანს ეროვნულ დონეზე არ ამოუწურავს სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და მას აღნიშნული პრეტენზიით არ მიუმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის.

მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ სისხლის სამართლის პროცესი მომჩივნებთან დაკავშირებით იყო სამართლიანი და არ დარღვეულა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი განხილვის უფლება.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით, 2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება – „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევას, ვინაიდან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა, რამაც, სხვებს შორის, ზურაბ ვაზაგაშვილის სიკვდილი გამოიწვია, არ იყო პროპორციული და აუცილებელი“, – აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საგარეო უწყება – ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას – მეტიც, აფართოებს საკუთარ უკანონო...

დღესაც, ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მეტიც, რუსეთი აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში, აგრძელებს მათი მილიტარიზაციის პროცესს და აქტიურად დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები.„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფით, განახორციელა საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და მათი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.დღესაც, ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მეტიც, რუსეთი აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში, აგრძელებს მათი მილიტარიზაციის პროცესს და აქტიურად დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ.საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციითა და მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევით, რუსეთი საგრძნობლად აუარესებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გარემოს. ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის არქონა, ართულებს ადგილზე არსებული ვითარების სრულფასოვან შეფასებასა და ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიან უზრუნველყოფას.მსგავსი ქმედებებით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რაც დასტურდება საერთაშორისო სასამართლოების მიერ ბოლო წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით.საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რომლის მიზანია დეოკუპაცია, მშვიდობის განმტკიცება და კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობისა და ურთიერთობის აღდგენა. საქართველო ამ მიზნების მისაღწევად იყენებს დიპლომატიურ და სამართლებრივ მექანიზმებს და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან.საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებზე მოლაპარაკებების მთავარ საერთაშორისო ფორმატს. მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველო მკაფიოდ აყენებს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების სრულფასოვანი ფუნქციონირების საკითხებს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ასევე, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის უპირობო აღდგენა და მისი რეგულარული მუშაობა.საქართველო აფასებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის მიმართ გამოხატულ ურყევ მხარდაჭერას.საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.18 წლის შემდეგ საქართველოს მშვიდობისა და ერთიანობის მიზანი კვლავ უცვლელია. საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკას და ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა, უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება.საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას“, - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის სენატმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს მხარი დიდი უმრავლესობით დაუჭირა.„ლინდსი ო. გრემის რუსეთისა და ირანის სანქცირების აქტი 2026“ სენატორებმა 68 ხმით, ცხრის წინააღმდეგ დაამტკიცეს.დოკუმენტი, რომელსაც სახელი მისი ავტორის, გარდაცვლილი სენატორის, სამხრეთ კაროლინელი რესპუბლიკელის ლინდსი გრემის პატივსაცემად ეწოდა, რუს მაღალჩინოსნებზე სანქციების დაწესებას ითვალისწინებს და ტრამპის ადმინისტრაციას უფლებამოსილებას ანიჭებს, ჩინეთს, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებს 100%-მდე ტარიფები დაუწესოს, თუკი ისინი განაგრძობენ რუსული ნავთობისა და გაზის მასშტაბურ შესყიდვას.კანონში ასევე შედის ირანზე დაწესებული სანქციების გაფართოება, რასაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოითხოვდა.კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატას გადაეცემა, სადაც მისი განხილვა შესაძლოა, უკვე მომავალ თვეს დაიწყოს.ლინდსი გრემი, რომელიც კონგრესში უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერად ითვლებოდა, 11 ივლისს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გახდა ცნობილი, რომ ის და ტრამპი შეთანხმდნენ კანონპროექტის საბოლოოდ წინსვლაზე, რომელზეც გრემი წელზე მეტია, მუშაობდა.უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც გრემის დაკრძალვას დაესწრო და მოგვიანებით ტრამპს შეხვდა, განაცხადა, რომ სანქციები დაარტყამს რუსეთის ომის დაფინანსების შესაძლებლობებს და ძლიერ სიგნალს გაუგზავნის, როგორც ევროპას, ისე უკრაინელ ხალხს აშშ-ის მხარდაჭერის შესახებ.

პროკურორი ქეთი სონიძე – ბინის ფარულ ჩანაწერებში, ნია იმნაძე მამასთან განიხილავს ალექსანდრე გაბაშვილის დანაშაულს, ამართლებს მის საქციელს, ამბობს, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, საუბრობს დეტალებზე

ჩავატარეთ ფარული მოსმენები, როგორც სატელეფონო კომუნიკაციების, ასევე ბინის ფარული აღჭურვები. სწორედ ნია იმნაძის ბინის აღჭურვის შედეგად მივიღეთ კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, შეფასდა და წარედგინა სასამართლოს, – ამის შესახებ გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა, ქეთი სონიძემ განაცხადა.მისივე განმარტებით, მტკიცებულებები 10 თვის განმავლობაში გროვდებოდა.„10 თვის განმავლობაში ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით ნია იმნაძის მიმართ. ანასტასია ბეროშვილი მოგვიანებით გაჩნდა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, ანუ მისი არსებობის თაობაზე უკვე მიმდინარე წლის იანვარში გახდა ბრალდების მხარისთვის ცნობილი. რაც შეეხება აღნიშნულ ვადას, რატომ დასჭირდა 10 თვე პროკურატურას, დასჭირდა იმიტომ, რომ მტკიცებულებების მოგროვება ხდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში. რა ახალი მტკიცებულებები გაჩნდა საქმეში? ეს არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. მოგახსენებთ, რომ წარმოდგენილ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ ჩავატარეთ ფარული მოსმენები, როგორც სატელეფონო კომუნიკაციების, ასევე ბინის ფარული აღჭურვები და სწორედ ერთ-ერთი ბინის, ნია იმნაძის ბინის აღჭურვის შედეგად მივიღეთ კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, შეფასდა და წარედგინა სასამართლოს.თებერვალში განხორციელდა ეს ფარული ჩანაწერები, თუმცა საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, რომ გაშიფრულიყო და დამუშავებულიყო, მოსმენილიყო, შესაბამისად, ამას საკმაოდ სერიოზული შრომა დასჭირდა სამართალდამცავთა მხრიდან და სწორედ ამიტომ გაჭიანურდა აღნიშნული ვადა. ეს არის იმნაძების ბინის ფარული აღჭურვის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, ნია იმნაძე ესაუბრება თავის მამას, ვალერიან იმნაძეს და ოჯახის სხვა წევრებიც არიან ადგილზე. ის განიხილავს ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს. მოგეხსენებათ, რომ ალექსანდრე გაბაშვილი არის ამ საქმის მთავარი მსჯავრდებული პირი, რომელსაც მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, ამართლებს მის საქციელს, ამბობს, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა და ასეც უნდა მოქცეულიყო. კონკრეტულ დეტალებზე საუბრობს“, – აღნიშნა პროკურორმა.მისივე თქმით, ბევრი მტკიცებულებაა საქმეში იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გასცა ინფორმაცია შევიწროვებასთან დაკავშირებით.„კერძოდ, მან ეს ინფორმაცია გადასცა როგორც თავისი კლასის დამრიგებელს, ლაურა დურმიშიძეს, ასევე თავისი ოჯახის წევრებს.  თავად თამარ ნავროზაშვილი და ვალერიან იმნაძეც ადასტურებენ ამ ინფორმაციას, რომ ნია იმნაძისგან მიიღეს ინფორმაცია შევიწროებასთან დაკავშირებით, რაც შემდგომ ამ დანაშაულის ჩადენის მოტივი გახდა და რაც პროკურატურის სამტკიცებელიც არის.  ამაზე შემდგომ მე აუცილებლად მექნება საუბრები.რამდენად შეესაბამება რეალობას ეს ინფორმაცია, ამაზე, ბუნებრივია, ვერაფერს ვიტყვი, რადგან გამოთხოვილ ინფორმაციაში ასე ცალსახად, რომ ვინმემ ვინმე შეავიწროვა, ვერ დასტურდება და არ იყო ამის მტკიცებულებები, თუმცა იმნაძე აღნიშნულ ინფორმაციას აწვდის ასევე ალექსანდრე გაბაშვილს, რომელიც ამ დანაშაულის მთავარი ორგანიზატორი და პირველი პირი იყო. ამ ინფორმაციის მიწოდებით მან წააქეზა ალექსანდრე გაბაშვილი დანაშაულის ჩასადენად. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მან წააქეზა დანაშაულში ალექსანდრე გაბაშვილი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით, რომ უნდა გავითვალისწინოთ, ვინ არის მსჯავრდებული ალექსანდრე გაბაშვილი, მისი წარსული ისტორია. ეს არის ე.წ. პედოფილებთან მებრძოლი პირი, მას ამ კვალიფიკაციითაც ედებოდა ბრალდება და ამაშიც გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ვგულისხმობ, დიღმის ძალადობების ნაწილს, რომელიც ზოგადად ებრძვის ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც შეიძლება, გარკვეული ხასიათის ინტერესი ჰქონდეს, მაგალითად, არასრულწლოვანთა მიმართ. ასეთი ადამიანის, რომელსაც ასეთი წარსული გამოცდილება ჰქონდა და ისედაც ნადირობდა ასეთი პიროვნებების გამოვლენაზე, ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი მას სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზებაც იყო და ბიძგის მიცემაც. მათ ჰქონდათ საკმაოდ ინტენსიური კავშირი ერთმანეთთან, ისინი შეყვარებულები იყვნენ. შემავალ-გამავალი ზარების შესწავლითაც ფიქსირდება, რომ ისინი სისტემატურად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს, ხვდებოდნენ საათების განმავლობაში, მათ შორის დანაშაულის წინა პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიური იყო მათი შეხვედრები. 26 სექტემბრის ფაქტია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ამ დღეს ჩამოიტვირთა ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ფოტო გიგა ავალიანის სოციალური ექსელიდან, რომ უკეთ დაემახსოვრებინა და აღექვა და შემდგომ თავდასხმა განეხორციელებინა მასზე. შემდგომ დღეებშიც, უშუალოდ დანაშაულის ჩადენის მეორე დღესაც, 2 და 7  ოქტომბერსაც ისინი, ფაქტობრივად, სულ ერთად არიან, იმ მომენტში ხდება მათ შორის ამ დანაშაულთან დაკავშირებით საუბარი და კომუნიკაცია, მათ შორის ჯგუფის საერთო კონკრეტული მესიჯების დაწერა, რომელიც ემთხვევა სწორედ იმ პერიოდს, როდესაც ისინი ერთად უნდა ყოფილიყვნენ და, შესაბამისად, შეუძლებელი იყო, ამ საკითხებზე მათ ერთმანეთთან საუბარი არ ჰქონდათ“, – განაცხადა პროკურორმა.გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ნია იმნაძეს და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. შსს-მ ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი 5 აგვისტოს დააკავა.

26 წლის დიმიტრი შევარდნაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

26 წლის დიმიტრი შევარდნაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.დიმიტრი შევარდნაძეს აქვს მწვავე მიელოიდური ლეიკემია. იგი ამჟამად იმყოფება ისრაელში, შებას ჰოსპიტალში, სადაც უნდა ჩატარდეს ძვლის ტვინის გადანერგვა.დიმიტრის სჭირდება ძვირად ღირებული მკურნალობა. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშებზე:საქართველოს ბანკი: GE85BG0000000547344769 მიმღები: მარიამ გაბიძაშვილითიბისი ბანკი: GE37TB7405845061100103 მიმღები: დიმიტრი შევარდნაძე

„თუ გამოჩნდება ასეთი გოგონა, ოფიციალურად, სახალხოდ გადავცემ…“ – გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს

გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს.„გააზიარეთ, გემუდარებით!ეს არის, პირველი, ყველაზე სერიოზული, ოფიციალური განცხადება ჩემგან ამ 10 თვის მანძილზე, ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, დამეხმარეთ გაზიარებაში.არ გამოუვიდათ მკვლელობისთვის პოლიტიკური იარლიყის მიკერება. ახლა დაიწყეს:— უი, ეს ბიჭი მართლა პედოფილი ყოფილა. თუ გიგა იყო პედოფილი, 28 წლის და 8 თვის მანძილზე, მინიმუმ ერთხელ უნდა დაფიქსირებულიყო, მაშინ როცა 8 წელი ამზადებდა მოსწავლეებს! ამიტომ ჩემი მოთხოვნა:1) იპოვონ ერთი გოგონა, ვისაც გიგა სექსუალურად ავიწროებდა, ოღონდ უნდა დაამტკიცოს რომ გიგას იცნობდა და დავიჯერებთ, რომ 2-3 გაკვეთილში ნიაზეც შეაფრინა!2) თუ გამოჩნდება ასეთი გოგონა, 10 000 ლარს ოფიციალურად, სახალხოდ გადავცემ. ეს არის თანხა, რომელიც გიგამ 1 ოქტომბერს, მკვლელობის დღეს, შეიტანა ანაბარზე.3) თუ არ გამოჩნდება ასეთი გოგონა, ყველას, ვიმეორებ, ყველას, თუნდაც ირიბად გადაკრული პატარა კომენტარი ეწეროს, აუცილებლად ვაგებინებ პასუხს!P.S. თანამებრძოლნო, გთხოვთ, ჩამიყარეთ ყველა კომენტარი პირადში, სადაც წააწყდებით გიგასგან სექსუალური ძალადობის შესახებ თუნდაც გადაკრულ შინაარსს“, - წერია გავრცელებულ პოსტში.

ბოლო სიახლეები