ორშაბათი, ნოემბერი 17, 2025

სტუ-ში, წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღე მე-2 საერთაშორსო სამეცნიერო ფორუმით აღინიშნა. ღონისძიების მიზანი წყლის ინჟინერიის დარგში არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის სამეცნიერო გზების განხილვა იყო.

სამეცნიერო ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები, დარგში მოქმედი ორგანიზაციების – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, საქართველოს მელიორაციის კომპანიის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეები, ახალგაზრდა მკვლევრები, დარგის სპეციალისტები, ექსპერტები და სტუდენტები.

მსოფლიო წყლის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორმა ყურადღება გაამახვილა წყლის რესურსების დაცვისა და რაციონალურად მოხმარების მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე სამეცნიერო კვლევებზე ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, წყალმომარაგება და წყალარინება, დარგის განვითარების მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებსა და გარემოსდაცვით პრიორიტეტებზე. დავით გურგენიძემ, ასევე, ისაუბრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და ენერგეტიკის ფაკულტეტების იმ საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რომელთა საფუძველზე პროფესიონალ სპეციალისტთა ახალი თაობების მომზადება ხდება.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სემეკთან და მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან კოორდინაციით, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედებს ყველა ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელთა საფუძველზეც წყლის ინჟინერიის, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, ენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და წყალარინების პროფესიონალი სპეციალისტები მზადდება. გარდა ამისა, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო საბჭოს შექმნის თაობაზე, უნივერსიტეტმა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მიმართა იმ მიზნით, რომ ქვეყანაში ამ მხრივ არსებული გამოწვევების დაძლევაზე სამეცნიერო მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდეს. ახლო მომავალში უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნება ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა უახლესი ტიპის ლაბორატორია, რომლისთვისაც სპეციალური ნაგებობა სოფელ დიღომში, უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიის ინსტიტუტის ტერიტორიაზე აშენდება. ეს უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებს, რეგიონის მასშტაბით, მაღალი დონის კვლევებისა და ექსპერტიზის ჩატარების საშუალებას მისცემს. დღევანდელი საერთაშორისო ფორუმის სასექციო მუშაობა ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართება და მასში ჩაერთვებიან ჩვენი უცხოელი კოლეგები, რომლებთან ერთად აქტუალურ პრობლემებზე ვმუშაობთ. სესიებზე განვიხილავთ წყლის ინჟინერიასთან, წყალმომარაგებასა და ენერგეტიკასთან დაკავშირებულ ისეთ სამეცნიერო-პრაქტიკულ თემებს, რაც მრავალმხრივ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მსოფლიოში წარმატებით მიმდინარეობს სმარტტექნოლოგიების დანერგვა, რასაც, ვფიქრობთ, საქართველოში მოქმედმა ორგანიზაციებმაც უნდა აუბან მხარი და მაქსიმალურად შეეცადონ მის პარაქტიკაში განხორციელებას“, – განაცხადა პროფესორმა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ გამოსვლისას წყლის რესურსების, როგორც ბუნებრივი მონოპოლიისა და შესაბამისად, წყალმომარაგება-წყალარინების სფეროში რეგულირების პროცესების მართვაზე ისაუბრა.

„უკვე 10 წელზე მეტია, სემეკი სასმელი წყლისა და ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. წყალმომარაგება-წყალარინების მიმართულებით, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ, მარეგულირებელი ნორმები მუდმივად იხვეწება სწორედ იმ მიზნით, რომ მომსახურების სფერო მაქსიმალურად გაუმჯობესდეს, მოსახლეობისთვის სერვისებზე წვდომა შეუფერხებელად განხორციელდეს და ამასთან ერთად, წყლის რესურსების რაციონალურ მოხმარებას მივაღწიოთ. შედეგად, დარგში მოქმედი კომპანიები შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე ოპერირებენ. ამ პროცესში აუცილებლად უნდა აღინიშნოს, როგორც საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როლი. სამინისტრო ქვეყანაში წყლის რესურსების პოლიტიკას წარმართავს, ხოლო უნივერსიტეტი, თავისი საგანმანათლებლო პროგრამებით, წამყვანია პროფესიონალთა ახალი თაობების აღზრდა-მომზადებისა და სამეცნიერო კვლევების თვალსაზრისით. ლაბორატორიას, რომელზეც ბატონმა რექტორმა ისაუბრა, ექნება მნიშვნელოვანი სამეცნიერო-პრაქტიკული დატვირთვა არა მხოლოდ სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, არამედ დარგში მოქმედი ორგანიზაციებისთვისაც. 25 წელია სემეკი ფუნქციონირებს  და ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობაც ამდენივე წელს ითვლის. ჩვენი ურთიერთობა მემორანდუმით არის გამყარებული. უნივერსიტეტის სტუდენტები გადიან სტაჟირებას სემეკში და საუკეთესო ახალგაზრდები წარმატებით საქმდებიან. ვაცხადებთ სრულ მზაობას, სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო და აქტიური კოლაბორაციისთვის, რათა ერთობლივად ვიზრუნოთ დარგში არსებული გამოწვევების დასაძლევად“, – აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე სიტყვით წარსდგნენ სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, ამავე ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბაბუხადია, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე სალომე ვაშაკიძე, საქართველოს მელიორაციის კომპანიის გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე, სტუ-ის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი და სხვები.

 

ფორუმზე სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს სტუ-ის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ექვსი გამარჯვებული სტუდენტი, რომლებმაც სამშენებლო ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე – „ინოვაციური ტექნოლოგიები ინჟინერიაში“ – საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომები წარმოადგინეს.

 

სამეცნიერო ფორუმის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სასექციო მუშაობა ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართა. ფორუმზე ქართველ კოლეგებთან ერთად, მოხსენებები გააკეთეს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა.

წყლის რესურსების მსოფლიო დღე 1992 წლიდან აღინიშნება. ამ თარიღის დაწესებით, გაერო და მისი წევრი ქვეყნები წყლის რესურსების დაცვისაკენ მიმართულ კონკრეტულ აქტივობებს მსოფლიოს მასშტაბით ატარებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე, სამ-ოთხ თვეში ბევრი გაკეთდა და იგივე უწყებები გააგრძელებენ კორუფციასთან ბრძოლას

ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე, ეს არის სუს-ი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით და ასე იქნება უფრო სწორად მართული ის პროცესები, რომლებიც უკავშირდება კორუფციასთან ბრძოლას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, თავის დროზე იყო მოთხოვნა, ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა მომხდარიყო ერთ ხელში, რაც თავისთავად აბსურდული მოთხოვნა იყო, ვინაიდან ქვეყანაში არსებული კონსტიტუციური სისტემის თანახმად, ანტიკორუფციული ფუნქციები გადანაწილებულია რამდენიმე კონსტიტუციურ ორგანოზე.„ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავისი ანტიკორუფციული დეპარტამენტით, საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის კონსტიტუციური ორგანო, საქართველოს მთავრობა თავისი სამთავრობო უწყებებით. რეალურად, ჩვენი კონსტიტუციური წესრიგის თანახმად, აბსოლუტურად ლოგიკურად არის გადანაწილებული ეს ფუნქციები. ასეთ პირობებში, ერთ სუბიექტში ამის თავმოყრა იყო თავისთავად უკვე აბსურდი. რადგან ეს მოთხოვნა იყო, შეიქმნა ერთი კონკრეტული სააგენტო, ანტიკორუფციული ბიურო, სადაც მოხდა რაღაც ფრაგმენტების თავმოყრა – ეს არის საჯარო მოხელეთა დეკლარაციები, ამას დაემატა პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს იყო არსებითად ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები. შემდეგ ამას მოჰყვა მთელი ქილიკი. იგივე ადამიანები, ვინც ახლა ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, აქილიკებდნენ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომ შეიქმნა ასეთი უწყება ასეთი სათაურით, ანტიკორუფციული ჰქვია და რეალურად დღემდე კორუფციის არცერთი ფაქტი არ გამოუვლენია. როგორ უნდა გამოევლინა, როცა ეს სამი ძალიან ლოკალური ფუნქცია ჰქონდა ამ სამსახურს. რეალურად ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური სისტემა, ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე. ეს არის სუს-ი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით და ასე იქნება უფრო სწორად მართული ის პროცესები, რომლებიც უკავშირდება კორუფციასთან ბრძოლას. ამ 3-4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ზუსტად ამ უწყებების მიერ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ზუსტად იგივე უწყებები გააგრძელებენ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ სრულიად უსამართლოა განცხადებები, ქმედებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ამას ვერავითარი ძალა ვერ ექნება

როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ სრულიად უსამართლოა განცხადებები, ქმედებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ამას ვერავითარი ძალა ვერ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ რამდენიმე წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ხალხმა ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება შეიძინა.„ამიტომ, არავითარი ეფექტი აღარ აქვს უსამართლო განცხადებებს. რა თქმა უნდა, თუნდაც მომავალში, მათი მხრიდანაც რომ იყოს სამართლიანი განცხადებები რამე თემასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ამას ექნება გავლენა საზოგადოებაზე, მაგრამ, როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ სრულიად უსამართლოა განცხადებები, ქმედებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ამას ვერავითარი ძალა ვერ ექნება. ამის გამოა, რომ მიუხედავად სრული მხარდაჭერისა, რასაც ეს ჩინოვნიკები უცხადებენ აქციებს, რადიკალურ ოპოზიციას, არჩევნებში ისინი იღებენ 20 პროცენტზე ნაკლებს, ქუჩაში გამოდის 150 ადამიანი. რა თქმა უნდა, უსამართლო დამოკიდებულებას ვერ ექნება ვერავითარი გავლენა ქართველ საზოგადოებაზე, რომელსაც ძალიან დიდი სიბრძნე აქვს შეძენილი, მთლიანობაში, 35 წლის განმავლობაში, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – აშშ-სთან ჩვენ კვლავაც ვიმყოფებით სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში, გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით​

აშშ-სთან ჩვენ კვლავაც ვიმყოფებით სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში, ნათქვამი გვაქვს არაერთხელ, რომ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მზად არის, განიხილოს ნებისმიერი საკითხი, რაც დაკავშირებულია ამ გადაწყვეტილებასთან.„ჯერჯერობით ვხედავთ პასიურობას. შევხედავთ, ვინ გადაძალავს – არაფორმალური მმართველობა, რომელიც ზუსტად ისეთი გავლენით სარგებლობდა, სრული ტოტალური გავლენით გასული 4 წლის განმავლობაში აშშ-ზე, როგორც დღემდე სარგებლობს ევროკავშირის მიმართ, თუ კვლავაც არაფორმალური მმართველები მიიღებენ უპირატესობას საქართველოსთან მიმართებით, მაშინ შეიძლება, არც არაფერი შეიცვალოს. თუ გაიმარჯვებს ახალი ადმინისტრაცია ამ დაპირისპირებაში, მაშინ გვექნება სიახლე. ჩვენ მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს და იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში არაფორმალურ მმართველობას სძლევს ამერიკელი ხალხის სუბიექტური ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვილი სანიოლი – იმედი მაქვს, ჩვეულ თამაშს და მუხტს მალე დავიბრუნებთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს სოფიაში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს – თამაში 18 ნოემბერს 23:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთვაზებთ.მატჩამდე „ჯვაროსნებმა“ სოფიაში ივარჯიშეს, მანამდე კი მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.ვილი სანიოლი -„სატურნირო თვალსაზრისით ეს მატჩი, შესაძლოა, არაფერს წყვეტს, მაგრამ მნიშვნელოვანი ოფიციალური თამაშია და მოგება გვინდა, ამიტომ შემადგენლობაში ექსპერიმენტები არ იქნება. გვსურს, რომ ყოველ მომდევნო შეხვედრაში უკეთესად ვითამაშოთ. ფეხბურთი მსოფლიოში ასეთია, ხან სიხარული მოაქვს, ხანაც – იმედგაცრუება.ახალი მოთამაშეების საქმეში ნახვა ყოველთვის საინტერესო და საჭიროა. ბევრი ახალი ფეხბურთელი გამოვცადეთ, შეიძლება, თამაშის შესაძლებლობა ყველას არ ეძლევა, მაგრამ ნაკრებში ყოფნა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, დებიუტანტი ილია ბერიაშვილიც კარგად შეეწყობა გუნდს.მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ მომდევნო ერთა ლიგისთვის და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. ამისთვის თითოეულ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მარტში და ივნისში ამხანაგურ თამაშებს ჩავატარებთ, თუმცა ამ მატჩებს ოფიციალურ თამაშებად აღვიქვამ.რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მოედანზე ყოველთვის ქმნის განსხვავებას. იმედი მაქვს, ნაკრებს მალე დაუბრუნდება.საქართველოს ნაკრებში 2021 წელს ჩავიბარე, როცა ბევრი გამოწვევა გვქონდა. ბევრი ვიმუშავეთ და შედეგად, დიდ  ტურნირზე ვითამაშეთ. ასეთი მიღწევის შემდეგ რთულია ხოლმე მოტივაციის მოძებნა, იმედი მაქვს, ჩვეულ თამაშსა და მუხტს მალე დავიბრუნებთ“.ოთარ კიტეიშვილი – „ამ შესარჩევი ციკლის დაწყების წინ განსხვავებული მოლოდინები გვქონდა, მაგრამ იმედგაცრუებულები ვართ. მთავარია, სიტუაციის გამოსწორების გზები ვნახოთ და მალე გამოვასწოროთ, როგორ დავბრუნდეთ წარმატების გზაზე“.

ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული წესები დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული წესები დაამტკიცა. უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმი საშუალებას მისცემს ბრიუსელს, უფრო სწრაფი და გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს იმ სიტუაციებზე, როდესაც უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება ხდება ან ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს.ახალი წესების მიხედვით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლები გაფართოვდება.„ახალი წესები როდესაც შევა ძალაში, ევროკავშირს შეეძლება, გააუქმოს უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყნებთან, თუ ეს სახელმწიფო არ შეესაბამება ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას. ამას გარდა, ევროკავშირს შეეძლება ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, თუ ამა თუ იმ ქვეყანას ექნება მოქალაქეობის ინვესტორებისთვის მინიჭების პროგრამა. უვიზო მიმოსვლა გაუქმდება, თუ მესამე ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობები გაუარესდება, მაგალითად, ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში“, – ნათქვამია პრესრელიზში.განახლებული წესებით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება უფრო მარტივად მოხდება, თუ გაიზრდება ამა თუ იმ ქვეყნიდან ევროკავშირში ჩასული მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლაზე უარის თქმის ან მათ მიერ ევროკავშირში დარჩენის დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევები, ასევე თავშესაფრის მოთხოვნით განაცხადების ან ამ მოქალაქეების მიერ ჩადენილი სერიოზული კრიმინალური დანაშაულების რიცხვი.ახალი წესების მიხედვით, პირველ ჯერზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოხდება 12 თვით, დღეს მოქმედი ცხრა თვის ნაცვლად. ეს პერიოდში შეიძლება კიდევ 24 თვით გახანგრძლივდეს.„ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერების ვადის გახანგრძლივება საშუალებას მისცემს ევროკავშირს, მესამე ქვეყანასთან ითანამშრომლოს, რათა აღმოფხვრას ის გარემოებები, რის გამოც შეჩერდა უვიზო მიმოსვლა (მანამდე, ვიდრე უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ გაუქმდება)“, – ნათქვამია პრესრელიზში.უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების ახალი მექანიზმი ასევე ითვალისწინებს მიზნობრივ მიდგომას. ამ დრომდე მოქმედი წესით უვიზო მიმოსვლის შეჩერების გახანგრძლივების დროს ეს ზომა თუ მესამე ქვეყნის ყველა მოქალაქეზე აისახებოდა, ახალი წესებით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების დამატებით 24-თვიანი პერიოდი არ შეეხება ყველა მოქალაქეს. ამის ნაცვლად, ევროკავშირს შეეძლება, ეს ზომა აამოქმედოს მხოლოდ მთავრობის ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ. უვიზო მიმოსვლის ახალი მექანიზმი ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს. ის იქნება სავალდებულო და გამოყენებული ევროკავშირის სახელმწიფოებში.

ბოლო სიახლეები