სტუ-ში, წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი გაიმართა

Read Time:3 Minute, 6 Second

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღე მე-2 საერთაშორსო სამეცნიერო ფორუმით აღინიშნა. ღონისძიების მიზანი წყლის ინჟინერიის დარგში არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის სამეცნიერო გზების განხილვა იყო.

სამეცნიერო ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები, დარგში მოქმედი ორგანიზაციების – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, საქართველოს მელიორაციის კომპანიის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეები, ახალგაზრდა მკვლევრები, დარგის სპეციალისტები, ექსპერტები და სტუდენტები.

მსოფლიო წყლის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორმა ყურადღება გაამახვილა წყლის რესურსების დაცვისა და რაციონალურად მოხმარების მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე სამეცნიერო კვლევებზე ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, წყალმომარაგება და წყალარინება, დარგის განვითარების მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებსა და გარემოსდაცვით პრიორიტეტებზე. დავით გურგენიძემ, ასევე, ისაუბრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და ენერგეტიკის ფაკულტეტების იმ საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რომელთა საფუძველზე პროფესიონალ სპეციალისტთა ახალი თაობების მომზადება ხდება.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სემეკთან და მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან კოორდინაციით, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედებს ყველა ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელთა საფუძველზეც წყლის ინჟინერიის, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, ენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და წყალარინების პროფესიონალი სპეციალისტები მზადდება. გარდა ამისა, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო საბჭოს შექმნის თაობაზე, უნივერსიტეტმა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მიმართა იმ მიზნით, რომ ქვეყანაში ამ მხრივ არსებული გამოწვევების დაძლევაზე სამეცნიერო მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდეს. ახლო მომავალში უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნება ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა უახლესი ტიპის ლაბორატორია, რომლისთვისაც სპეციალური ნაგებობა სოფელ დიღომში, უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიის ინსტიტუტის ტერიტორიაზე აშენდება. ეს უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებს, რეგიონის მასშტაბით, მაღალი დონის კვლევებისა და ექსპერტიზის ჩატარების საშუალებას მისცემს. დღევანდელი საერთაშორისო ფორუმის სასექციო მუშაობა ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართება და მასში ჩაერთვებიან ჩვენი უცხოელი კოლეგები, რომლებთან ერთად აქტუალურ პრობლემებზე ვმუშაობთ. სესიებზე განვიხილავთ წყლის ინჟინერიასთან, წყალმომარაგებასა და ენერგეტიკასთან დაკავშირებულ ისეთ სამეცნიერო-პრაქტიკულ თემებს, რაც მრავალმხრივ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მსოფლიოში წარმატებით მიმდინარეობს სმარტტექნოლოგიების დანერგვა, რასაც, ვფიქრობთ, საქართველოში მოქმედმა ორგანიზაციებმაც უნდა აუბან მხარი და მაქსიმალურად შეეცადონ მის პარაქტიკაში განხორციელებას“, – განაცხადა პროფესორმა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ გამოსვლისას წყლის რესურსების, როგორც ბუნებრივი მონოპოლიისა და შესაბამისად, წყალმომარაგება-წყალარინების სფეროში რეგულირების პროცესების მართვაზე ისაუბრა.

„უკვე 10 წელზე მეტია, სემეკი სასმელი წყლისა და ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. წყალმომარაგება-წყალარინების მიმართულებით, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ, მარეგულირებელი ნორმები მუდმივად იხვეწება სწორედ იმ მიზნით, რომ მომსახურების სფერო მაქსიმალურად გაუმჯობესდეს, მოსახლეობისთვის სერვისებზე წვდომა შეუფერხებელად განხორციელდეს და ამასთან ერთად, წყლის რესურსების რაციონალურ მოხმარებას მივაღწიოთ. შედეგად, დარგში მოქმედი კომპანიები შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე ოპერირებენ. ამ პროცესში აუცილებლად უნდა აღინიშნოს, როგორც საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როლი. სამინისტრო ქვეყანაში წყლის რესურსების პოლიტიკას წარმართავს, ხოლო უნივერსიტეტი, თავისი საგანმანათლებლო პროგრამებით, წამყვანია პროფესიონალთა ახალი თაობების აღზრდა-მომზადებისა და სამეცნიერო კვლევების თვალსაზრისით. ლაბორატორიას, რომელზეც ბატონმა რექტორმა ისაუბრა, ექნება მნიშვნელოვანი სამეცნიერო-პრაქტიკული დატვირთვა არა მხოლოდ სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, არამედ დარგში მოქმედი ორგანიზაციებისთვისაც. 25 წელია სემეკი ფუნქციონირებს  და ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობაც ამდენივე წელს ითვლის. ჩვენი ურთიერთობა მემორანდუმით არის გამყარებული. უნივერსიტეტის სტუდენტები გადიან სტაჟირებას სემეკში და საუკეთესო ახალგაზრდები წარმატებით საქმდებიან. ვაცხადებთ სრულ მზაობას, სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო და აქტიური კოლაბორაციისთვის, რათა ერთობლივად ვიზრუნოთ დარგში არსებული გამოწვევების დასაძლევად“, – აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე სიტყვით წარსდგნენ სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, ამავე ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბაბუხადია, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე სალომე ვაშაკიძე, საქართველოს მელიორაციის კომპანიის გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე, სტუ-ის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი და სხვები.

 

ფორუმზე სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს სტუ-ის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ექვსი გამარჯვებული სტუდენტი, რომლებმაც სამშენებლო ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე – „ინოვაციური ტექნოლოგიები ინჟინერიაში“ – საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომები წარმოადგინეს.

 

სამეცნიერო ფორუმის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სასექციო მუშაობა ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართა. ფორუმზე ქართველ კოლეგებთან ერთად, მოხსენებები გააკეთეს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა.

წყლის რესურსების მსოფლიო დღე 1992 წლიდან აღინიშნება. ამ თარიღის დაწესებით, გაერო და მისი წევრი ქვეყნები წყლის რესურსების დაცვისაკენ მიმართულ კონკრეტულ აქტივობებს მსოფლიოს მასშტაბით ატარებენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე ბერბოკის ვიზიტზე: ამ ფორმატს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, იმისთვის რომ გაძლიერდეს გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ
Next post „გუბაზ სანიკიძე არის “ევროპის სახე“ საქართველოში თავისი ყველაფრით: თავისი წარსულით, თავისი აწმყოთი, თავისი მომავლით“ – ირაკლი კობახიძე