ხუთშაბათი, სექტემბერი 24, 2026

სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში განხორციელდება

სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში განხორციელდება. აღნიშნულ სიახლეს „თავდაცვის კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა.

თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ სამხედრო მომზადება ხორციელდება სპეციალური პროგრამების მეშვეობით, მათ შორის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით. მათი ინფორმაციით, ზოგიერთი კატეგორიის სამხედრო წოდების მინიჭება და თანამდებობრივი დაწინაურება ხდება შესაბამისი კურსების გავლისა და თანამდებობრივი და წოდებრივი საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩაბარების შემდგომ, შერჩევის საბჭოს ჩართულობით, რომლის შესაძლებლობასაც მოკლებულია სხვა უწყება.

„შედეგად ვიღებთ ოფიცრებს, რომლებსაც მიღებული არ აქვთ სათანადო დონის სამხედრო განათლება და შესაბამისი უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია პირისათვის, რათა საჭიროების შემთხვევაში, იმსახუროს სამხედრო ქვედანაყოფებში ან რეზერვში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სიახლის მიხედვით, 2025 წლიდან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი იქნება მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. რაც შეეხება პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება და სამხედრო სამსახურს გადის სხვა უწყებაში, 2025 წლიდან მიეცემა შესაძლებლობა, სამსახური გააგრძელოს სახელმწიფო სპეციალური წოდებით“, – აღნიშნულია პროექტში.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი სიახლის მიხედვით, სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადი იქნება: სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, სამედიცინო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სახელმწიფო ან სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში განხორციელებული საქმიანობა; საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციის თანამდებობაზე განხორციელებული საქმიანობა, რომელიც ემსახურება საერთაშორისო პარტნიორობის ან სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესრულებას.

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან აღნიშნული საქმიანობის შეთავსება აუცილებელია შესაბამისი სპეციალობის მქონე სამხედრო მოსამსახურის კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველსაყოფად, ასევე საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად. ამასთან, სამხედრო მოსამსახურისთვის ზემოაღნიშნული წარმოადგენს დამატებით მნიშვნელოვან პრივილეგიას და ემსახურება მისი მოტივაციის ამაღლებას“, – ნათქვამია პროექტში.

ახლებურად განისაზღვრა განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის წესი. კერძოდ, ცვლილებებით, განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობის ვადის პროპორციულად (სამმაგი, ორმაგი და ერთ-ნახევარი ოდენობით) აღარ მოხდება წელთა ნამსახურობის ვადის გადაანგარიშება და იგი შეეხება მხოლოდ შრომის ანაზღაურების ოდენობას, ვინაიდან თავდაცვის უწყების განმარტებით, წელთა ნამსახურობის გადაანგარიშება ზეგავლენას ახდენს მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების ვადაზე.

„შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე ვერ ახერხებს, დააკმაყოფილოს ის კრიტერიუმები, რომლებიც აუცილებელია მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად (უცხო ენის შესწავლა, შესაბამისი კურსების გავლა). რაც შეეხება წელთა ნამსახურობის გადაანგარიშებას, იგი განხორციელდება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის. პროექტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის უმაღლესი სამხედრო წოდების მქონე ოფიცერი, თანამდებობაზე დაინიშნება და თანამდებობიდან გათავისუფლდება თავდაცვის მინისტრის მიერ. შეიცვალა ზოგიერთი კატეგორიის სამხედრო წოდების მინიჭების ვადა: I კლასის რიგითიდან – კაპრალამდე ან კაპრალ-სპეციალისტამდე – ორი წლის ნაცვლად, იქნება – ერთი წელი;

სერჟანტიდან – უფროს სერჟანტამდე – სამი წლის ნაცვლად, იქნება ოთხი წელი; უფროსი ლეიტენანტიდან – კაპიტნამდე სამი წლის ნაცვლად, იქნება ოთხი წელი; კაპიტნიდან – მაიორამდე სამი წლის ნაცვლად, იქნება ოთხი წელი; მაიორიდან – ვიცე-პოლკოვნიკამდე – ოთხი წლის ნაცვლად, იქნება ხუთი წელი“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

თავდაცვის უწყება  სამხედრო წოდების მისანიჭებლად არსებული ვადის შეცვლასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ეს გამოწვეულია შემდეგი გარემოებით, რომ პირველი კლასის რიგითიდან კაპრალამდე სამხედრო წოდების მინიჭების ვადის შემცირება გამოიწვევს კაპრალამდე და უმცროს სერჟანტამდე უფრო სწრაფ წოდებრივ ზრდას, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო მოსამსახურის მოტივაციის ამაღლებას, რომ მიენიჭოს სერჟანტის სამხედრო წოდება.

„სერჟანტიდან უფროს სერჟანტამდე წოდების მინიჭების ვადის ზრდა ხელს შეუწყობს სერჟანტთა შემადგენლობის წოდებრივი ზრდის ვადის დაბალანსებას (20 წელი). ამასთან, აღნიშნული ცვლილება თანხვედრაში მოვა თავდაცვის ძალებში სერჟანტების რაოდენობრივ მოთხოვნებთან. კერძოდ, დაბალი რანგის სერჟანტების მეტი რაოდენობის საჭიროება მაღალი რანგის სერჟანტებთან შედარებით.

ოფიცერთა შედარებით დაბალ წოდებაში მორიგი სამხედრო წოდების მინიჭებისათვის არსებული მცირე ვადები იწვევს ოფიცრის მაღალ წოდებამდე სწრაფად ზრდას. შესაბამისად, პირმა შეიძლება, ვერ მიიღოს სათანადო განათლება და გამოცდილება (საკარიერო კურსები; უცხო ენის კურსები და ა. შ.). ამასთან, წოდების მისანიჭებლად არსებული მცირე ვადა იწვევს მაღალი რანგის ოფიცერთა სიჭარბის წარმოქმნას სამინისტროში არსებულ საშტატო ნუსხებთან შედარებით. ამდენად, მორიგი სამხედრო წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადის გასვლის მიუხედავად, მაღალი წოდების საშტატო თანამდებობების სიმცირის გამო, ვერ ხერხდება ოფიცერთა საკმარისი რაოდენობის დაწინაურება. ოფიცრის პირველი უმაღლესი სამხედრო წოდება (ბრიგადის გენერალი) შეიძლება, მიენიჭოს პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეს, თუ მას ორი წლის განმავლობაში ეკავა პოლკოვნიკის და ერთი წლის განმავლობაში უმაღლესი ოფიცრის საშტატო კატეგორიის თანამდებობა. აღნიშნული ეფუძნება შემდეგ გარემოებას – სამხედრო მოსამსახურემ, პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მინიჭებისა და შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მიზანშეწონილია იმსახუროს გარკვეული პერიოდი, რათა მიიღოს შესაბამისი გამოცდილება და აიმაღლოს ცოდნის დონე“, – განმარტავს მთავრობა.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტში საუბარია იმაზე, რომ კარიერული იერარქიის დაგეგმვის უზრუნველსაყოფად, ზოგიერთი კატეგორიის სამხედრო მოსამსახურის ზღვრული ასაკი განისაზღვრა განსხვავებულად.

„რიგითთა შემადგენლობას საბრძოლო ქვედანაყოფებში უწევთ რთული დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკურ დატვირთვასთან. ამასთან, მათ არ უწევთ კარიერული დაწინაურება. შესაბამისად, მიზანშეწონილია მათი ზღვრული ასაკი, ნაცვლად 50 წლისა, განისაზღვროს 45 წლით, რათა დროულად განხორციელდეს მათი როტაცია, ასევე, გაჩნდეს მეტი მოტივაცია მაღალ წოდებაში დასაწინაურებლად. გაიზარდა მთავარი სერჟანტის ზღვრული ასაკი და ნაცვლად 50 წლისა, განისაზღვრა 55 წლით. რიგითთა, კაპრალთა და სერჟანტთა წოდებრივ იერარქიაში მთავარი სერჟანტი წარმოადგენს ყველაზე მაღალი წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეს. შესაბამისად, მას მიღებული აქვს სათანადო განათლება (რაზედაც გაწეულია მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯები) და გააჩნია მრავალმხრივი კარიერული გამოცდილება. შესაბამისად, უწყება დაინტერესებულია, მთავარი სერჟანტის წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურე შეინარჩუნოს ხანგრძლივი დროით.

სამინისტროს სისტემაში სამედიცინო პერსონალის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც აქვს სამედიცინო განათლება და ამავდროულად დანიშნულია სამედიცინო ქვედანაყოფში ან უკავია სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობა – ზღვრული ასაკი გაუგრძელდება 55 წლამდე“, – ნათქვამია პროექტში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ახალი სტანდარტი მასწავლებლებისთვის – რა შეიცვალა

მასწავლებლებისთვის ახალი პროფესიული სტანდარტი ამოქმედდა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 11 სექტემბრის №125/ნ ბრძანებით დამტკიცებულმა დოკუმენტმა 2008 წელს მიღებული პროფესიული სტანდარტი ჩაანაცვლა.ახალი სტანდარტი მასწავლებლის პროფესიულ ცოდნასა და უნარებთან ერთად, სასწავლო პროცესის დაგეგმვას, მოსწავლეებთან ურთიერთობას, შეფასებას, მშობლებთან თანამშრომლობას, პროფესიულ პასუხისმგებლობასა და კარიერულ განვითარებას მოიცავს.დოკუმენტის მიხედვით, მასწავლებელმა სასწავლო პროცესი მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს, ინტერესებსა და შესაძლებლობებს უნდა მოარგოს. საჭიროების შემთხვევაში, პედაგოგმა განსხვავებული მიდგომები და აქტივობები უნდა გამოიყენოს, რათა ყველა მოსწავლემ შეძლოს დასახული სასწავლო მიზნის მიღწევა.სტანდარტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხო, ინკლუზიური და მხარდამჭერი საკლასო გარემოს შექმნას. მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს მოსწავლის ღირსებისა და უფლებების დაცვა, ხელი შეუწყოს განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვას და კომუნიკაცია თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემაზე ააგოს.პედაგოგს ასევე ევალება დისკრიმინაციის პრევენცია, მოსწავლეებს შორის კონფლიქტების მიზეზების გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში მათი მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობა.ახალი სტანდარტი მასწავლებლის პასუხისმგებლობას მხოლოდ აკადემიური შედეგებით არ შემოიფარგლება. დოკუმენტში საუბარია მოსწავლეებში სამოქალაქო და ეროვნული ცნობიერების, ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, კულტურული მრავალფეროვნებისადმი ინტერესის, ციფრული წიგნიერებისა და ცხოვრებისეული და კარიერული უნარების განვითარებაზე.ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას უკავშირდება.სტანდარტის მიხედვით, მასწავლებელმა სასწავლო პროცესში უნდა შექმნას ციფრული ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, უსაფრთხო, ეთიკური და მიზნობრივი გამოყენების შესაძლებლობები.ამასთან, პედაგოგმა მოსწავლეებს უნდა ასწავლოს ციფრული უსაფრთხოება, ონლაინსივრცეში პასუხისმგებლიანი ქცევა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენება.თავად მასწავლებლის მიერ AI-ის გამოყენების შემთხვევაშიც აუცილებელია ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვა. პედაგოგი პასუხისმგებელი რჩება იმ პროფესიულ გადაწყვეტილებებსა და შედეგებზე, რომლებშიც ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები გამოიყენება.სტანდარტის ნაწილია მედიაწიგნიერებაც. მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა შეუწყოს ხელი ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებაში და მედიისა და ციფრული რესურსების პასუხისმგებლიან გამოყენებაში.იცვლება მიდგომა მოსწავლეთა შეფასების მიმართაც.დოკუმენტის მიხედვით, შეფასება მხოლოდ ნიშნის დაწერას არ უნდა გულისხმობდეს. მასწავლებელმა შეფასების შედეგები მოსწავლის შემდგომი განვითარების დასაგეგმად უნდა გამოიყენოს.პედაგოგმა უნდა შეარჩიოს სასწავლო მიზნის შესაბამისი შეფასების მეთოდი, გამოიყენოს სამართლიანი და გამჭვირვალე კრიტერიუმები და მოსწავლეს მისცეს კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული განმავითარებელი უკუკავშირი.სტანდარტი ასევე ითვალისწინებს მიღებული შედეგების გაანალიზებას, მოსწავლის პროგრესის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში სასწავლო პროცესის შეცვლას.ცალკე მიმართულებად არის განსაზღვრული მშობლებთან თანამშრომლობა. მასწავლებელმა მშობელს ინდივიდუალურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ბავშვის აკადემიური მიღწევებისა და ქცევის შესახებ და მასთან ითანამშრომლოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.მასწავლებელმა ასევე ხელი უნდა შეუწყოს მშობლების სასკოლო ცხოვრებაში აქტიურ და მიზნობრივ ჩართულობას.ახალი სტანდარტის მიხედვით, პედაგოგის პროფესიული განვითარება ერთჯერადი ტრენინგით არ შემოიფარგლება. მასწავლებელმა რეგულარულად უნდა შეაფასოს საკუთარი პრაქტიკა, გამოავლინოს პროფესიული საჭიროებები და დაგეგმოს შესაბამისი განვითარების აქტივობები.ამასთან, პროფესიული გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს მონაცემებსა და მტკიცებულებებს, მათ შორის მოსწავლეთა შეფასების შედეგებს, დაკვირვებასა და უკუკავშირს, ასევე სანდო კვლევებსა და პროფესიულ რეკომენდაციებს.ახალი პროფესიული სტანდარტი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა და 2008 წელს დამტკიცებული სტანდარტი ჩაანაცვლა.

ლევან ხაბეიშვილი – ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება – და საქმე?!...

ყველა მინუს ბიძინა! გამბედაობა, საქართველოს გარშემო გაერთიანება და რაც შეგვიძლია იმის კეთება. ეს არის გამოსავალი! შიში უნდა გადაილახოს!, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ერთადერთი და უპირობოდ გაუტეხელი, დაუმარცხებელი, პატრიოტთა გუნდი - „ნაციონალური მოძრაობაა“.მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 7-10 დღე თავისუფლებაზე რომ იყოს, უპირობო გამარჯვებას მოიპოვებს ქართველი ხალხი.„ვინც რაც გინდათ, ის თქვით, მაგრამ ფაქტია, მიშა სააკაშვილი 7-10 დღე თავისუფლებაზე და უპირობო გამარჯვებას მოიპოვებს ქართველი ხალხი - უკანასკნელი “ქოციც” კი დარწმუნებულია ამაში. სანამ “აქოთქოთდებით”, გულში ჩაიხედეთ და ვფიქრობ, თქვენც იცით, რომ ასეა. ასევე, ერთადერთი და უპირობოდ გაუტეხელი, დაუმარცხებელი, პატრიოტთა გუნდი - „ნაციონალური მოძრაობაა“. ამ “შავი ჭირის” წინააღმდეგ ენმ-ის მეასედი გაიღოს ვინმემ და შემდეგ გაკიცხოს, გააკრიტიკოს ჩვენი პარტია. ჩემი უპირობო მხარდაჭერა, სოლიდარობა და სიყვარული ჩემს თანაგუნდელებს, თანამებრძოლებს. ამ მძიმე პირობებშიც კი თავგანწირვით, უდრეკად შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ - შეუძლებელია ამის არ დანახვა!ახლა კი უფრო ინდივიდუალურად დასანახი, შესაფასებელი. ბევრი დაინახავთ თქვენს თავს და ნუ მიწყენთ. ვცდილობ სიმართლე გითხრათ, სამარტოო საკნიდან. ყველა გახდა საგარეო ექსპერტი, გეოპოლიტიკის ანალიტიკოსი, საგარეო ურთიერთობების სპეციალისტი. მთავარია, საქმე არ მოსთხოვონ, ან მოქმედება და სამაგიეროდ, გაარჩევენ - რა თქვა მერცმა, რა ხდებოდა მაკრონ-ლეპენის შეხვედრაზე, ტრამპმა რა უთხრა კუშნერს და რა ზომის ფეხსაცმელი აცვია რომელიმე ევროპელ მაღალჩინოსანს. აბსოლუტური ლაი-ლაი! დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება. პირდაპირ ეთერში მისვლაც აღარაა საჭირო, პირდაპირ Coffee, ხალათზე “კასტუმი” და მიდი “აჭენავე”, გაარჩიე მადურო, ასადი, პუტინი. საწვავი რომ 4 ლარი გახდა, ამაზე ბოლოს ეთერში ვინ დაიჩივლა, აღარ მახსოვს. 1 996 116 ადამიანს ბანკის ვალი აქვს და ოფიციალურად, კანონის სახელით წეწავენ! 18-22 და ზოგ შემთხვევაში 30%-ში აქვთ ვალი აღებული!!! 375 188 ადამიანი ამ სესხს ვერ იხდის! ოფიციალურად ვერ იხდის და არც ამ თემების გარჩევა მომისმენია! 2 თვეში ორი 17 წლის ბავშვი მოკლეს (❗) და ამაზეც გაკვრით თუ ისაუბრებს ვინმე. პროდუქტები თითქოს გაიაფდა, არავინ არჩევს არც ამას! 400-600-800 ლარზე რომ ასიათასობით ადამიანი მუხლჩაუხრელად მუშაობს და საკვებად არ ჰყოფნით - არც ამაზე კარგავენ დროს. ნარკოტიკებით რომ დაწამლეს სრულიად ახალგაზრდობა და სასიკვდილოდ იმეტებენ - ამაზეც და ა.შ. თუ წაიბუტბუტებენ. სათამაშო ბიზნესი მილიარდებს რომ “ახევს”, ყვლეფს გაჭირვებულ, უიმედო, სასოწარკვეთილებაში მყოფ ხალხს - არც ეს გამიგია! სამაგიეროდ: ტრამპმა კუშნერს, მაკრონმა მარტა კოსს და ა.შ.ყველა ექსპერტი და შემფასებელია. და საქმე?! ხალხი?! რას ვაკეთებთ?! როდის?! გაზაფხული-შემოდგომა, რეჟიმი “მორყეულია”, ახლა ვმუშაობთ და…. და?! აიბზუებენ ახლა ცხვირებს და ჩვენ არ გვეხებაო, “ჩაიბურდღუნებენ” “კაი, ჩემო ძმაო”…. სამაგიეროდ, ამბიციები უშველებელი! თვალუწვდენელი! არ გეწყინოთ და დიდი სასაცილო ტიპები ხართ… რა ხდება “პირიქითა” საქართველოში?! იგივე! იქაც იმას არჩევენ, დაიქცა გერმანია, საფრანგეთი და რა კოლაფსი ელის აშშ-ს… იქითაც იგივე თემები აქვთ, უბრალოდ “სხვა კუთხით”.იქითაც მთავარია, ქართველ ხალხზე არ ილაპარაკონ, იფიქრონ, იზრუნონ და სამაგიეროდ, დანიის დემოკრატიას იტირებენ.გულწრფელად მეცოდება მებრძოლი ტელევიზიები! უანგაროდ შრომობენ, იბრძვიან და “პოლიტიკის” მოფიქრებაც ამ ხალხს უწევს…. “მოლაპარაკე თავები” კი არიან ლოდინის რეჟიმში - თავისით მოხდება რამე. მოსწონთ უკრაინის თავგანწირვა, ბრძოლა ქვეყნისთვის, მაგრამ თავად აქ ფარცხალაძე-ივანიშვილს ეგუებიან. თუ შანსი მიეცემათ, ბარამიძეს გაემიჯნებიან და თან კაკაოს “მოხვრეპენ”…. საქართველო ჩამოყალიბდა “მოლაილაე”, “მოექსპერტო”, კომფორტის “მოოპოზიციონერო”, “კლავიატურის ლომები” და მეორეს მხრივ დისიდენტური, მებრძოლი აქტივისტები. სანამ ლაი-ლაიდან საქმეზე არ მივდგებით, მანამდე ვიწუწუნებთ ეთერებში…. ყველა მინუს ბიძინა! გამბედაობა, საქართველოს გარშემო გაერთიანება და რაც შეგვიძლია იმის კეთება. ეს არის გამოსავალი! შიში უნდა გადაილახოს! ასე თუ იქნება, არც მე მოგიშლით ნერვებს აქედან“, - წერს ლევან ხაბეიშვილი.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართოს

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, შესაძლოა მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართოს.როგორც ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა „ტვ პირველთან“ განაცხადა, შესაძლოა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა შეწყალების თხოვნით ყაველაშვილს 6 თვის შემდეგ მიმართოს.„არაფერს არ გამოვრიცხავთ და ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება ალბათ. არ გამოვრიცხავ რომ (მიხეილ ყაველაშვილს) მიმართავს. არა ჯერ ადმინისტრაციას არ გვაქვს კომუნიკაცია. ჯერ არ შეიტანს ასე მგონია. ერთი წელი გავიდა და 6 თვეც გავიდეს და ალბათ შემდეგ. კანონი არ უკრძალავს და ვნახოთ. ბიჭების გათავისუფლება უხარია. ბატონი ჯუანშერი ძალიან დადებითი ადამიანია. იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული", - ამბობს ხათუნა ხურცილავა.ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით, ვასილ მხეიძესა და გიორგი ხაინდრავას 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.სააპელაციო სასამართლოში კი ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი მათი მიერ დანაშაულის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა გახდა. კერძოდ კი, ჯუანშერ ბურჭულაძემ და ვასილ მხეიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენება მისცეს. კერძოდ კი, ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების მიხედვით, მან ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი თავად დაიტოვა, 750 000 ლარი ქრთამის სახით ირაკლი ღარიბაშვილს ხელზე გადასცა.საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით.ვასილ მხეიძეს, 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.გიორგი ხაინდრავას, მასაც 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.შემაშფოთებელია ბოლო დღეებში მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია და ფოტო-ვიდეომასალა ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.„მართალია, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია.ბუნებრივია, ამ ფაქტმა ჩვენი საზოგადოების მწვავე რეაქცია და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახება ორ მეზობელ სახელმწიფოსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის განმტკიცების პროცესზე.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩნდება უამრავი კითხვა როგორც სამუშაოების გაურკვეველი მიზნებიდან, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაციიდან გამომდინარე.დავძენთ იმასაც, რომ ამ ქმედებების შესახებ საქართველოს საპატრიარქოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან არავითარი ინფორმაცია არ მიუღია. შესაბამისად, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ტერიტორიაზე, რა კვლევებს ეფუძნება და ვინ ახორციელებს მათ, ასევე, როგორ არის უზრუნველყოფილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა.ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ გადაუდებლად აუცილებელია პროცესში საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების ჩართვა და სათანადო რეაგირება, მათი კომპეტენციისა და არსებული საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, აღნიშნული უწყებები დაინტერესდნენ საკითხით, მოიპოვონ ოფიციალური ინფორმაცია და ხელი შეუწყონ მის განხილვაში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და დარგის ქართველი სპეციალისტების ჩართვას.ვფიქრობთ, მხოლოდ დროული და კოორდინირებული თანამშრომლობით არის შესაძლებელი ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სათანადო დაცვა და შენარჩუნება," - აღნიშნულია განცხადებაში.

სტუ-ში აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა და დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

„დღეს, როდესაც საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და არსებული გამოწვევების დიპლომატიური ძალისხმევით მოგვარებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ მიზნის გარშემო საზოგადოებამ საერთო პასუხისმგებლობა გაიაზროს. მშვიდობის სურვილი არ ნიშნავს ისტორიის დავიწყებას. ჩვენი სამშობლოს ისტორია გვავალდებულებს მომავალ თაობებს შევუქმნათ ისეთი მომავალი, სადაც დაპირისპირებას თანამშრომლობა, ხოლო ომის გამოცდილებას მშვიდობისკენ სწრაფვა ჩაანაცვლებს. ჩვენ გვახსოვს ისინი, ვინც საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოლა და დაიღუპა. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ოჯახებს, ვეტერანებს და ყველა ადამიანს, ვინც ამ უმძიმესი ისტორიის ტკივილი საკუთარ თავზე გადაიტანა. მათი ხსოვნა ჩვენთვის მხოლოდ წარსულის გახსენება არ არის. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, გავუფრთხილდეთ მშვიდობას და მომავალ თაობებს არ მივცეთ ომის ტკივილის ხელახლა განცდის მიზეზი”, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა და დაღუპულთა პატივგებისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე განაცხადა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, უნივერსიტეტში აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა და დაღუპულთა პატივგებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ომის ვეტერანები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები.ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის არსზე და აღნიშნა, რომ ეროვნული მეხსიერების შენარჩუნება და მომავალ თაობებში ისტორიული პასუხისმგებლობის განცდის გაძლიერება საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.„ჩვენ შევიკრიბეთ რომ კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. მათი ხსოვნა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილია და ამ ისტორიის დავიწყება არ შეიძლება. განსაკუთრებული ადგილი ამ ისტორიაში უჭირავს ჟიული შარტავას - ადამიანს, რომლის სახელი საქართველოს უახლეს ისტორიაში ღირსების, თავდადებისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის სიმბოლოდ დარჩა. ჟიული შარტავამ ურთულეს ვითარებაში დატოვა მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს სამშობლოს ერთგულება და საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ჟიული შარტავას სახელთან დაკავშირებული მემკვიდრეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენს უნივერსიტეტში მოქმედებს ჟიული შარტავას სახელობის ლაბორატორია - ეს არის შესაძლებლობა, რომ მისი სახელი და ის ფასეულობები, რომლებსაც იგი განასახიერებდა, ახალგაზრდებისთვის განათლებასთან, მეცნიერებასთან, პროფესიულ განვითარებასთან და ქვეყნის მომავალთან იყოს დაკავშირებული.უნივერსიტეტს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს - მომავალ თაობებს არა მხოლოდ ცოდნა მისცეს, არამედ ისტორიული მეხსიერებაც შეუნარჩუნოს. ომი ადამიანის, საზოგადოების და ქვეყნის ყველაზე მძიმე გამოცდილებაა. ჩვენ კარგად ვიცით ომის ფასი, დაკარგული სიცოცხლეები, ოჯახების ტრაგედიები, დანგრეული ურთიერთობები და ათწლეულების განმავლობაში მოუშუშებელი ტკივილი, ამიტომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მადლობა საქართველოს ხელისუფლებას იმ ძალისხმევისთვის, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობასა და განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნას ემსახურება”, - განაცხადა დავით გურგენიძემ.სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ომის ვეტერანები და მოწვეული სტუმრები. შეხვედრაზე გაიხსენეს აფხაზეთის ომის მონაწილეები და ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. ღონისძიების დასასრულს კი გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმის - „რუხის შეხვედრების კვალდაკვალ“, ჩვენება.

ბოლო სიახლეები