ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია იგეგმება. როგორი იქნება ქუთაისის ისტორიული სახლები აღდგენის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია. პროექტი საჯარო მას შემდეგ გახდება, რაც მას მუნიციპალური განვითარების ფონდს წარუდგენენ. ინფორმაციას Kutaisipost-ი ავრცელებს.
რიონისპირა სახლების მშენებლობა-რეაბილიტაციის შესახებ მსჯელობა ქუთაისის მერიაში არქიტექტორებთან ერთად შედგა. ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, მოლაპარაკება მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებთან.
,,ეს ქუთაისისთვის იქნება საუკუნის პროექტი. აღნიშნულ შენობებს რესტავრაცია არასდროს ჩატარებია. ჩვენ ამით გადავარჩენთ და აღვადგენთ ქალაქის ისტორიულ იერსახეს და ამასთანავე აღნიშნული ადგილი კიდევ უფრო საინტერესო გახდება უცხოელი ვიზიტორებისთვის”, – თქვაგიორგი ჭიღვარიამ.
ქუთაისში მე-19 საუკუნის სახლების რეაბილიტაციის პროექტი ჯერ კიდევ გასულ წელს შემუშავდა. არქიტექტორ, გივი გოგრიჭიანის პროექტის მიხედვით, სახლების აღდგენას 6 მილიონ დოლარამდე თანხა სჭირდება. პროექტის წარდგენა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოშიც იგეგმებოდა. თუმცა, მაშინ ქუთაისის მერიაში აცხადებდნენ, რომ მათთვის პროექტით არავის მიუმართავს და ასეც რომ ყოფილიყო, სახლები კერძო საკუთრებას წარმოადგენს და მათი რეაბილიტაცია ქალაქის ხელისუფლების გეგმებში არ შედიოდა.