ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025

ხავიერ კოლომინა – მზად უნდა იყოთ და მითითებული რეფორმები გაატაროთ, არსებობს შესაძლებლობა და ამით უნდა ისარგებლოთ

იმისთვის, რომ მატარებელზე აღმოჩნდეთ, მზად უნდა იყოთ და მითითებული რეფორმები გაატაროთ, არსებობს შესაძლებლობა და ამით უნდა ისარგებლოთ, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ.

კოლომინამ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად ხედავს მზაობას პოლიტიკურ სპექტრში, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები შესრულდეს. კოლომინამ აღნიშნა, რომ შესაბამისი მტკიცება მიიღო ხელისუფლებისგან, ხოლო ოპოზიციას ხვალ ხვდება.

„ოპოზიციასთან საუბრის შესაძლებლობა ხვალ მექნება; ხელისუფლებისგან დღეს მივიღე მტკიცება; ვნახავთ, რა იქნება. სკეპტიციზმის საფუძველი გვაქვს, წარსულის გამოცდილების გამო. გასულ წლებში რეფორმების განხორციელების პროცესი შენელდა, ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, დაეტოვებინა 19 აპრილი შეთანხმება, რაზეც ძალიან შეშფოთებული ვიყავით. მქონდა შეხვედრები სხვადსხვა ქვეყნის ელჩებთან, ისევე, როგორც ევროკავშირის ელჩთან. ისინი, რასაკვირველია, იზიარებენ გარკვეულ სკეპტიციზმს, მაგრამ ვნახავთ. მივიღე მტკიცება. როგორც საქართველოს მეგობარმა, მე მათ ვუთხარი, რომ ეს არ არის ის, რასაც ჩვენთვის აკეთებთ. ამას თქვენთვის აკეთებთ. მე ვფიქრობ, რომ აქ არის შესაძლებლობის მომენტი, ეს არის ძალიან პოზიტიური გზავნილი, მაგრამ ეს არ არის გზავნილი, რომელიც მუდმივად იქნება. მატარებელზე უნდა მოხვდეთ და იმისთვის, რომ მატარებელზე აღმოჩნდეთ, მზად უნდა იყოთ და ის რეფორმები გაატაროთ, რომელზეც მიგითითებთ. არ ვიცით, რა მოხდება, თუ მზად არ იქნებით და მატარებელზე ვერ მოხვდებით, მაგრამ შესაძლებლობა არსებობს ახლა და ამით უნდა ისარგებლოთ“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იაგო ხვიჩია: „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს

დიდი ხნის მანძილზე ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს პარტიებიდან ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს.„ჩვენ თვითონ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“. მგონი, აწმყოში პრობლემა სხვა რამეა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს. პარტიები ვინ არიან და ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება გარე ძალებს, გარე ზეწოლა რამდენიც იყო საქართველოს ხელისუფლებაზე, მაგდენი მგონი არასოდეს ყოფილა. თუმცა, იმის გამო, რომ შიგნით გასაკეთებელი საქმის გაკეთება არავის არ უნდოდა და პირიქით, ყველაფერი სიგიჟეს წააგავდა, გარე ზეწოლები ამას ვერ შველის. ზოგადად არ შეიძლება ქვეყნის შეცვლა გინდოდეს და გარე ძალების იმედად იყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში განაცხადა: ქართული პოლიტიკა ტრიალებს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ოპოზიციური პარტიები იდენტობას იშენებენ, რომ „ნაცები“ არ არიან, აბა, ვინ არიან?“.

ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი

ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, ლატვიის ტელევიზიის ( LTV ) გადაცემა De facto - ში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს ევროკავშირიდან ლატვიის გავლით, რუსეთში თითქმის ორი ათასი ტონა ნატურალური კაუჩუკი იქნა ექსპორტირებული.ქადაგიძის შეფასებით, მაშინ როცა რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, არ არის გასაკვირი კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას.„ნატურალური კაუჩუკი რუსეთში, ლატვიის გავლით შედისო...რა არის გასაკვირი ამაში?- სადაც რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს, მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი და სადაც, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას, რა გასაკვირია?დიახ, ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი!“ - წერს ქადაგიძე.

,,წითელი ხიდის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი -,,წითელი ხიდის“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 165 გრამი) გამოვლინდა. სამართალდამრღვევი მოქალაქე, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, შეეცადა პოლიეთილენის შეფუთვაში განთავსებული ძვირფასეულობა ავტომობილის სალონში მალულად განეთავსებინა.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 907 ლარი შეადგინა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 16:39-ზე ქალაქ გურჯაანიდან დასავლეთით 7 კმ-ში, სოფელი ჭერემიდან 4 კმ-ში დაფიქსირდა.ბიძგების სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შალვა პაპუაშვილი – რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ევროპარლამენტის იმ ჯგუფისგან, რომელიც სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს

რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ევროპარლამენტისგან, იმ ჯგუფისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ დებატებსა და საქართველოს მოლოდინებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.მისი თქმით, ღირებულებადაკარგული პოლიტიკური ჯგუფებია, რომლებიც სულო უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს.„რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ევროპარლამენტისგან, ევროპარლამენტის იმ ჯგუფისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს. ესენი არიან ღირებულებადაკარგული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები