საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ საშემოდგომო სესია ძირითადად 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას დაეთმობა.
„მთელი ზაფხულის განმავლობაში ვმუშაობდით იმ საკითხებზე, რომელიც 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას ეხება. მიღებულია ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მათ შორის შემუშავებულია შესაბამისი კანონპროექტები. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი, სამუშაო ჯგუფებს, რომელიც ჩვენ შევქმენით, მთლიანად გამოეთიშა. იმედი მაქვს, რომ ისინი კონსტრუქციულად შემოუერთდებიან პროცესს და საბოლოო ჯამში ერთიანად მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს გაიხსნება. პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება, რის შემდეგაც დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ.