როგორც მან აღნიშნა, „ფრონტექსის“ ოფიცრების მანდატის თაობაზე მსჯელობა აპრილში მოხდება და ამის შემდეგ გადაწყდება, თუ რა ფორმით დასაქმდებიან ოფიცრები საქართველოს საზღვრებზე.
„მარტის დასაწყისში იმყოფებოდა გერმანიის დელეგაცია საქართველოში, სადაც ცალსახად აღინიშნა, რომ ქართველების მიერ ჩადენილი კრიმინალი, რა თქმა უნდა, არის, თუმცა ეს ახალი პრობლემა არაა და ისინი ამას კონკრეტულად ვიზალიბერალიზაციას არ უკავშირებენ. ჩვენი ევროპელი პარტნიორების მთავარი წუხილი დღეს თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდაა. მოგვიწოდებენ ამ მიმართულებითიქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ და ჩვენც აღვუთქვით, რომ ყველანაირად შევასრულოთ ის მოთხოვნები, რომელიც მათ აქვთ. ნახსენები იყო „ფრონტექსი“. ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომ „ფრონტექსის“ ოფიცრები იყვნენ დასაქმებულები ჩვენს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში, თუმცა მათი მანდატი როგორი იქნება აპრილის ვიზიტის ფარგლებში განისაზღვრება. იქნება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, იქნება საკონსულტაციო თუ უფრო ფართო მანდატი. ასევე ვფიქრობთ სისხლის სამართლის კოდექსში შევიტანოთ ცვლილებები, რომელიც კრიმინალიზაციას მოახდენს იმ ქმედებების, რასაც ჰქვია უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა“, – განაცხადა ჯავახაძემ და აქვე დასძინა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დღეს საქართველოში უკანონო მიგრაცია კრიმინალიზებულია, თუმცა არსებობს დაუდასტურებელი შეტყობინებები, რომლებიც გარკვეული ჯგუფების მიერ ევროკავშირის ქვეყნებში, თითქოს დასაქმების მიზნით, მოქალაქეების მიგრაციას ეხება.