ხუთშაბათი, თებერვალი 5, 2026

ტელეფონის უცნობი ფუნქციები, რომლითაც მომხმარებლის თვალთვალი შეიძლება

სმარტფონების მომხმარებლები, რომლებიც ჰაკერებს და სპეცსამსახურებს უფრთხიან, როგორც წესი, ყურადღებას აქცევენ კამერების, მიკროფონების და გეოლოკაციის სერვისების მუშაობას თავიანთ მობილურ მოწყობილობებზე. თუმცა ტელეფონებში არის სხვა სენსორები და ელემენტები, რომლებიც ბოროტმოქმედებს გამოადგებათ. ეს ნაწილებია, მაგალითად, გიროსკოპი, აქსელერომეტრი და ბატარეა.

გიროსკოპი

მომხმარებლის ფარულად მოსმენისათვის გიროსკოპის გამოყენება შეიძლება. რა თქმა უნდა, ყველა ტელეფონშია ჩვეულებრივი მიკროფონი, მაგრამ მასზე წვდომის მოპოვება იოლი არ არის. 2014 წელს ამერიკელმა და ისრაელელმა მეცნიერებმა აჩვენეს, რომ გიროსკოპები (სივრცეში ორიენტაციის სენსორები) შესაძლებელია ერთგვარ მიკროფონებად გადაკეთდეს. ისინი იმდენად მგრძნობიარეა, რომ შეუძლია ადამიანის ხმის ბგერის დაფიქსირება. გიროსკოპის მონაცემებით საკმაოდ მაღალი სიზუსტით შეიძლება ოთახში ცალკეული ადამიანების ხმების იდენტიფიცირება ან მათი ცალკეული სიტყვების აღდგენა. ამასთან გიროსკოპის მაჩვენებლები ტელეფონზე ჩამოწერილი ფაქტობრივად ყველა აპლიკაციისთვის ხელმისაწვდომია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოროტმოქმედს ფარული მოსმენისათვის თქვენს ტელეფონში მხოლოდ მავნე აპლიკაციის ჩანერგვა დასჭირდება, რომელიც მას მონაცემებს საჭირო სენსორებიდან გადასცემს.

აქსელერომეტრი

აქსელერომეტრს შეუძლია გაიგოს მომხმარებლის პაროლი, რომელსაც ის კომპიუტერზე კრეფს. წარმოიდგინეთ, რომ კლავიატურაზე (ჩვეულებრივზე და არა სენსორულზე) ტექსტს კრეფთ და ტელეფონი იქვე მაგიდაზე გიდევთ. ტელეფონის აქსელერომეტრს (დაჩქარების სენსორი) შეუძლია კლავიშზე თითის დაჭერის ვიბრაციის აღქმა. გიროსკოპს შეუძლია ამ მონაცემების ხმაურისგან “გაწმენდა”. სპეციალური პროგრამების დახმარებით შესაძლებელია ვიბრაციის გაანალიზება და დადგენა, თუ რომელ ღილაკებს მიკუთვნება ისინი. პროგრამა ვიბრაციებს ერთმანეთს ადარებს და ხვდება, თუ რომელი ღილაკია განთავსებული ტელეფონისგან შორს ან ახლოს და შესაბამისად “აღადგენს” კლავიატურას სრულად ან მის დიდ ნაწილს.

ამგვარად, ბოროტმოქმედს თქვენი, მაგალითად, ელექტრონული ფოსტის პაროლის ამოცნობაც შეუძლია. მართალია, თუ პაროლი შედგება არამხოლოდ ცალკეული სიტყვის არამედ ასოების შემთხვევითი კომბინაციისგან, დიდი ალბათობით ჰაკერს არაფერი გამოუვა. მაგრამ თუ ეს ცალკეული სიტყვა ან ფრაზაა, მეთოდი სავარაუდოდ იმუშავებს. ასეთი ექსპერიმენტი 2011 წელს ამერიკელმა მკვლევრებმა iPhone 4-ზე ჩაატარეს. ანალოგიური მეთოდი გამოიყენა 2015 წელს ფრანგმა სტუდენტმა პინ-კოდის ამოსაცნობად – ინფორმაცია Sony SmartWatch 3-ის „ჭკვიანმა საათმა“ შეაგროვა, რომელიც კლავიატურის გვერდით იდო.

ბატარეა

ტელეფონის აკუმულატორმა (ბატარეამ) შეიძლება თქვენი ადგილსამყოფელი გასცეს. ბოროტმოქმედის აპლიკაციას ამისთვის თქვენს ტელეფონზე GPS-ის მონაცემებთან წვდომა არ სჭირდება. მისთვის საკმარისია თვალი ადევნოს აკუმულატორის განმუხტვის დონეს. სიჩქარე, რომლითაც ტელეფონის აკუმულატორი “ჯდება” მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მობილურ ანძებთან დაშორების მანძილზე ან ისეთ ბუნებრივ ან ხელოვნურ ბარიერებზე, როგორებიცაა მთები ან შენობები. 2015 წელს, მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ ეს კავშირი საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ ბატარეის განმუხტვის სხვა მიზეზები (ზარების მიღება, ფოტოგადაღება ან აპლიკაციის ამუშავება) გაცხრილოს. მაგრამ “მსხვერპლის” გადაადგილების ზუსტად განსაზღვრისათვის ბოროტმოქმედს აუცილებლად მოუწევს წინასწარ იმავე მიდამოების დეტალურად შესწავლა – ანალოგიური მოდელის ტელფონით სხვადასხვა მარშრუტის რამდენჯერმე გავლა.

აკუმულატორს შეუძლია ასევე ვებგვერდებს თქვენს თვალთვალში დაეხმაროს. ბრაუზერები ბევრ სხვადასხვა ინფორმაციას გადასცემენ ვებგვერდებს, რომლებზეც მომხმარებელი შედის. მათ შორის „ფლაგინებზე“, რომლებსაც ოპერაციული სისტემა იყენებს, საათობრივ სარტყელზე, ენაზე, სისტემურ შრიფტებზე და სხვა. ამ მონაცემების დახმარებით ადამიანის იდენტიფიცირება საკმაოდ ზუსტად შეიძლება.

2015 წელს, ფრანგმა და ბელგიელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ ტელეფონის მფლობელი ვებგვერდიდან Log Out-ით გამოვა, წაშლის ყველა იდენტიფიკატორს (cookie) და ბრაუზერში პრივატულ რეჟიმს გამოიყენებს, მას აკუმულატორი გასცემს. იმისთვის, რომ ვებგვერდებმა იცოდნენ თუ როდის ჩატვირთონ საიტების გაიოლებული ვერსიები, მობილური ბრაუზერები მათ ატყობინებენ ტელეფონის აკუმულატორის დატენვის დონეს და დროს, რომლის განმავლობაშიც ის სრულად “დაჯდება”. ეს მონაცემები დროის მოკლე მონაკვეთში მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის საკმარისი აღმოჩნდა. 2016 წელს ამერიკელმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი ვებგვერდი თავისი მომხმარებლების იდენტიფიცირებისათვის ამ ტექნიკასაც იყენებდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი – მოლაპარაკებებმა რეალურ მშვიდობამდე უნდა მიგვიყვანოს და რუსეთს ომის გაგრძელების ახალი შესაძლებლობა არ უნდა მისცეს

მოლაპარაკებებმა რეალურ მშვიდობამდე უნდა მიგვიყვანოს და რუსეთს ომის გაგრძელების ახალი შესაძლებლობა არ უნდა მისცეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყების შემდეგ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.მისივე თქმით, უკრაინის პარტნიორებმა მოსკოვზე მეტი ზეწოლა უნდა მოახდინონ.„უკრაინის პოზიცია ნათელია. ომი ნამდვილად უნდა დასრულდეს. რუსეთი ამისთვის მზად უნდა იყოს. პარტნიორებიც მზად უნდა იყვნენ, რომ ეს რეალური გარანტიებით, უსაფრთხოების გარანტიებით და აგრესორზე რეალური ზეწოლის მოხდენით უზრუნველყონ. ეს ახლა უნდა იგრძნობოდეს, უკრაინელმა ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ ვითარება ნამდვილად მშვიდობისა და ომის დასრულებისკენ მიდის და არა რუსეთის მიერ ყველაფრის თავის სასარგებლოდ გამოყენებისა და თავდასხმების გაგრძელებისკენ. აგრესორი არ უნდა დაჯილდოვდეს, რადგან თუ რაიმე ჯილდო მიენიჭება, რუსეთი საბოლოოდ დაარღვევს ნებისმიერ შეთანხმებას“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დაწყების ფონზე ელოდება, რომ ტყვეების მორიგი გაცვლა მალე მოხდება.„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. ჩვენ მალე ველოდებით სამხედრო ტყვეების გაცვლას. პატიმრები სახლში უნდა დაბრუნდნენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

„პოლიტიკო“ – ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმებას ვერ მიაღწია

ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმებას ვერ მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.გამოცემის ინფორმაციით, სავაჭრო საკითხებში ევროპარლამენტის წამყვანმა კანონმდებლებმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით საერთო პოზიციის შეჯერება ვერ შეძლეს. გავრცელებული ცნობით, აშშ-ის სამრეწველო საქონელსა და ლობსტერზე ტარიფების მოხსნის შესახებ პლენარული კენჭისყრა, სავარაუდოდ, მარტში გაიმართება. იქამდე კი ევროპარლამენტის საერთაშორისო სავაჭრო კომიტეტში კენჭისყრა 24 თებერვალს შედგება.სტატიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარები პაქტის განხორციელების პროცესის განახლებაზე შეთანხმდნენ, დღევანდელ შეხვედრაზე დარჩენილი დაბრკოლებების მოგვარება მაინც ვერ მოხერხდა. საუბარია ამერიკულ სამრეწველო საქონელსა და ლობსტერებზე ტარიფების გაუქმებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პოზიციაზე. ვაშინგტონმა უკვე შეამცირა ტარიფები ევროპულ მანქანებზე მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა წარადგინა ის კანონმდებლობა, რომელზეც ევროპარლამენტარები ჯერ კიდევ კამათობენ.„ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ ძლიერი, გაერთიანებული ევროპა გვჭირდება. ეს არ არის ტაქტიკის, პოლიტიკური პრეფერენციების ან ეროვნული რეფლექსიის საკითხი – ეს ევროპული საკითხია. ჩვენ შევთანხმდით, რომ მუშაობას გავაგრძელებთ და კომიტეტში კენჭისყრას 24 თებერვალს ჩავატარებთ, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა კი სავარაუდოდ, 11 მარტს მოგვიწევს. ჩვენ გვაქვს მართლაც კარგი შესწორებების მთელი პაკეტი, რომელიც მომავალ სამშაბათს დასრულდება“, – განუცხადა „პოლიტიკოს“ ევროპარლამენტის სავაჭრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბერნდ ლანგემ, რომელიც აღნიშნულ საკითხზე მუშაობდა.

ტირილის დროს როდის უნდა შევუსრულოთ სურვილი ბავშვს და როდის არა – თამარ გაგოშიძის რჩევები მშობლებს

ბავშვის აღზრდის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა იმის გარკვევაა, თუ როდის არის ტირილი დახმარების თხოვნა და როდის სასურველის მიღწევის ინსტრუმენტი. აღნიშნულთან დაკავშირებით ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე სალომე კასრაძის პოდკასტში საუბრობს და მშობლებს მოუწოდებს, ნუ აურევენ ერთმანეთში მანიპულაციურ პროტესტსა და ეგზისტენციალურ შფოთვას.მისი თქმით, ხშირად მშობლებს იქ ეშინიათ ბავშვის ნერვული სისტემის დაზიანების, სადაც სიმტკიცეა საჭირო, ხოლო იქ იჩენენ გულგრილობას, სადაც ბავშვი რეალურ სტრესს განიცდის.ფსიქოლოგი განმარტავს, რომ როდესაც ბავშვი დაწესებულ ჩარჩოსა და წესებს აპროტესტებს, ეს მისი განვითარების ბუნებრივი ეტაპია, თუმცა, სულ სხვა სურათია სეპარაციის შფოთვის დროს.„ჩვენ ვუწესებთ ჩარჩოს და ვეუბნებით, კანფეტი გექნება ჭამის მერე, მშვიდად, ჩხუბის გარეშე. ატეხავს ამბავს, რომ ახლა უნდა და ამ დროს მშობელს უჭირს ამ ტირილის და წივილ-კივილის ატანა, რატომ უჭირთ იცით? ჰგონია, რომ რამე დაემართება ბავშვს.სრული პასუხისმგებლობით, ინდივიდუალურად ყველა მშობელს ვეუბნები და ახლაც მინდა ვთქვა, რომ ბავშვს, რომელიც მოთხოვნის მიზეზით ტირის, რადგან სხვა რესურსი არ გააჩნია და არც ემოციური რეგულაცია აქვს ჯერ განვითარებული, რომ გაჩერდეს, შენ კიდე გეშინია, რომ ვაიმე, ნერვული სისტემა გაუფუჭდება, არ არის ეგრე...კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოთხოვნის მიზნით, მანიპულაციის მიზნით როცა ბავშვი ტირის, არაფერი უფუჭდება ამით, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ბავშვი ტირის და მაშინ არ უნდა უგულებელვყოთ მისი ტირილი და ჩვენ პირიქით ვშვრებით, მაგალითად, საბავშვო ბაღში რომ ვტოვებთ და რომ ტირის, ყველა გეუბნება და შენც იჯერებ, არა უშავს, დარჩება, იტირებს და გადაუვლის, არ არის ესე, ტირის, რადგან აქვს სეპარაციის  შფოთვა და ეს არის ეგზისტენციალური შფოთვა, რომლის ესე დატოვება არ შეიძლება.“ 

მიხეილ სარჯველაძე – ის, რაც მნიშვნელოვან მედიკამენტთა წრეს განეკუთვნება, ამ შემთხვევაში რეფერენტული ფასების პოლიტიკა აბსოლუტურად გამართლებულია

ის, რაც მნიშვნელოვან მედიკამენტთა წრეს განეკუთვნება, ამ შემთხვევაში რეფერენტული ფასების პოლიტიკა აბსოლუტურად გამართლებულია, – შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.ჯანდაცვის მინისტრმა მედიკამენტების ფასებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მედიკამენტების ფასები ვერ იქნება უბრალოდ, მარტივად და აბსოლუტურად საბაზრო პრინციპებზე აწყობილი საფასო პოლიტიკა, ვინაიდან საუბარია ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.„მედიკამენტები ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელზე ფასსაც აქვს განსხვავებული სპეციფიკა. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს მართებს, იყოს ბევრად უფრო მკაცრიც, ბევრად უფრო მომთხოვნიც, ჩარეულიც მათ შორის რეგულირებაში, იმისთვის რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ბევრი თვალსაზრისით ხელმისაწვდომობა მედიკამენტზე, მათ შორის უპირველესად ფასის მიხედვით.ფასები ამ პრინციპითაა აღებული, რომ ჩვენი ზომის ეკონომიკის სახელმწიფოებში რაცაა ფასები, საბითუმო რეალიზაციისთვის განკუთვნილიც და დახლზეც, ყველა ეს ფასი იმის ანალოგიურად რეგულირდება საქართველოში.დადგენილია მედიკამენტების ზედა ჭერი. სწორედ ამ ზედა ჭერის ფარგლებშია ვაჭრობა შესაძლებელი. რა თქმა უნდა ეს სრულად არ მოიცავს ბაზარს, სრულად რეგულირება შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი, მაგრამ ის  რაც მნიშვნელოვან მედიკამენტებს განეკუთვნება რეფერენტული ფასების პოლიტიკა გამართლებულია. ბუნებრივია, მეწარმეს მოგების სურვილი აქვს, მაგრამ ეს ვერ იქნება შეუზღუდავად.ფასნამატს სხვადასხვა ფაქტორი შეიძლება განაპირობებდეს. არსებობს სოციალური პასუხისმგებლობა და ამ ჩარჩოს უნდა მოერგოს ბიზნესი. ზოგჯერ ზედმეტ დანახარჯს განაპირობებს ზედმეტად დანიშნული მედიკამენტი. ეს შემაწუხებელია მოქალაქისთვის. ეს ტვირთია მისთვის. ის მეთოდები, რომელიც გამოყენებული იქნება სუპერმარკეტების შემთხვევაში, ეს ნაწილობრივ შეიძლება შეეხოს აფთიაქსაც”,-განცახდა მიხეილ სარჯველაძემ.

გიგა ავალიანის დაბადების დღე არის 5 თებერვალს! “- გარდაცვლილი პედაგოგის დედა განცხადებას ავრცელებს

გიგა ავალიანის დაბადების დღე არის 5 თებერვალს! ოჯახი ვიკრიბებით 4 საათზე! გეპატიჟებით ყველას! ყველას! ყველას! მისამართი: პეტრე-პავლეს სასაფლაო! (საინგილოს ქუჩა; მშენებარე ეკლესიის მიმდებარედ.) იცით, რომ მკვლელთა ოჯახების ძალისხმევით, რამდენიმე დღით შეზღუდული მქონდა ფეისბუქის გამოყენება. აი, როგორი ტოქსიკური თავდაცვითი პოზიცია აქვთ მკვლელთა მშობლებს!  თუმცა, რაღა მშობლებს, ადვოკატი გიორგი გამხიტაშვილი პოსტით გვეკაჩავა და საქმე ქურდულად გაგვირჩია ,,ბნელ ბრბოს”! სიმართლესაც ვერ დავუკარგავ, 1 თეთრიც არაა ჩემი ფასიო, თავად გვითხრა!..  ორი სიტყვით, მიმდინარე მოვლენებზეც მოგახსენებთ. მეც მიკვირს პროკურატურის და მკვლელების მშობლების უცნაურად მიყუჩება. თუმცაღა, მოლოდინი დიდი მაქვს…. საქმეში სხვა დამნაშავეებიც იკვეთება და ვიმედოვნებ პასუხისგებაში მისცემენ კიდევ რამდენიმეს! ნუ, ნია იმნაძეს თავისთავად!!! გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე, ჯერ, ცოტა ხნით, ისევ შევიკავებ თავს დეტალებზე; თუმცა, რამაც უკვე გაიჟღერა კომენტარებში, დავადასტურებ. დიახ, საქმეში ფიგურირებს ერთ-ერთი, ყოფილი მინისტრის მოადგილის არასრულწლოვანი შვილიც!!! ამ პირსისხლიანმა ლაწირაკებმა, მხეცური ჟინი დაიკმაყოფილეს და მომიკლეს ჩემი ინტელიგენტი შვილიკო. ვფიქრობ, არავის ეპარება ეჭვი, რომ მე არც დედების ჩხავილი თუ თითის ქნევა და არც მამების ცრემლი ან კნავილი, ან თუნდაც ხულიგანი ძმაკაცები შემაჩერებს! თუ არ დადგა სახელმწიფო სამართალი, დავაყენებ ჩემსას!!! ახლა კი, მინდა ჩემი გაოცება და მადლიერება გამოვხატო. მე არ მახსოვს, ერთი ოჯახის ტრაგედია ასე გაეთავისებინოს სრულიად საქართველოს და ასე ვაჟკაცურად, სამართლიანად ებრძოლოს სამართლისთვის. მე მომწყვიტეს საზოგადოებას, მაგრამ საზოგადოებას არ შეუწყვიტავს ბრძოლა ჩემთვის!… მადლობა თითოეულ თქვენგანს! იცით რა?! გული მისკდება და სულ მეფიქრება, რატომ შექმნა ღმერთმა გიგა ავალიანი, ნამდვილი გენია, მართლაც სრულყოფილება, თუ ასე, ერთ წამში უნდა გაექრო?! გიგა მართალია არ იყო ორ მეტრიანი, მაგრამ იყო ფიზიკურად ძალიან ძლიერი, აზროვნებდა სხარტად, ჰქონდა მოსწრებული სიტყვა და ვერ გამოიყენა ვერაფერი; ისე ჩუმად მიეპარნენ, წამის მეასედიც არ მისცეს გააზრებისთვის… …ნუთუ… ნუთუ, გიგა ავალიანი იყო საჭირო, რომ ჩვენი ერთიანობის ძალა დაგვენახა და შეგვეფასებინა?!?!?! ღმერთმა სიკეთეში დაგაჭირვოთ ერთმანეთის თანადგომა და იცოდეთ, ერთობას იმაზე დიდი ძალა ქონია, ვიდრე წარმოგიდგენიათ!!! მე თქვენ მაძლიერებთ!” | წერს სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე

ბოლო სიახლეები