ორშაბათი, თებერვალი 9, 2026

გია ვოლსკი – რეზოლუციის ტექსტი უნდა იყოს საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებული რეზოლუცია საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს,  – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მმართველ გუნდში თანხმობა უკვე არსებობს.

„რეზოლუციაზე თანხმობა მმართველ გუნდში არსებობს. უბრალოდ, ტექსტი უნდა იყოს ისეთი, რომ არ იყოს ფუჭი გასროლასავით, უნდა იყოს საქმიანი, შედეგზე ორიენტირებული და ჩვენი პოზიციის გამომხატველი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ჩვენ კიდევ ვცდილობთ გადავდგათ ნაბიჯები, რათა ტექსტი ბოლომდე შეთანხმდეს, თუმცა ამ მიმართებით ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი შეფასებით, რეზოლუციაში სანქციების საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციები მიმდინარეობს.

„სანქციების ნაწილთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაციაა. ჩვენ ვიცით, მსოფლიოს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ მნიშვნელოვანწილად იმ ფაქტორითაც განისაზღვრება, რაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს შეეხება. ასე რომ, ამ საკითხთან დაკავშირებით ზედმეტი განცხადებები და პათოსი აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, რეალობა ის არის, რომ ვითარება საკმაოდ დაძაბული და  ფეთქებადსაშიშია.

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუცია მოამზადა. რეზოლუციის საკუთარი ვერსია აქვს ასევე, საპარლამენტო ოპოზიციას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი ჩაინიშნა. ირაკლი კობახიძე განცხადებას 17:00 საათზე გააკეთებს.ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში, 15:00 საათიდან, სტუ-ს რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე საქართველოს ტექნიკური და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი განიხილება.

ტყიბულის შახტში ერთი ადამიანი დაიღუპა

ტყიბულში, ერთ-ერთ შახტში, ერთი ადამიანი დაიღუპა.თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში გვერდმა „მაღაროელი“ გაავრცელა. მათი ცნობით, სავარაუდოდ, დაღუპულია შახტში დასაქმებული.

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ამონარიდი პატრიარქის ერთ-ერთი ქადაგებიდან, სადაც ის ბრძანებს და მრევლს მოუწოდებს, ილოცონ და ელაპარაკონ გარდაცვლილი მშობლებს.„ვისაც მშობლები გარდაცვლილი გყავთ, უნდა გქონდეთ მათი სურათები, სურათებთან საკურთხი უნდა დაუდგათ და ელაპარაკოთ როგორც ცოცხლებს. მათ ესმით თქვენი, ისინი შეისმენენ თქვენს საუბარს. ლოცვა კურთხევა მშობელთა იყოს თქვენზე და ყოველ ადამიანზე",- ბრძანებს პატრიარქი.

ევროკავშირი გმობს მედიამეწარმის, ჯიმი ლაის 20-წლიან პატიმრობას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ევროკავშირი ჰონგ-კონგელი მედიამაგნატის, მილიარდერი ჯიმი ლაისთვის 20-წლიანი პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.ბრიუსელის განცხადებით, მისი მოტივირებული დევნა ზიანს აყენებს ჰონგ-კონგის რეპუტაციას.„ევროკავშირი გმობს ჰონგ-კონგის უმაღლესი სასამართლოს მიერ 2026 წლის 9 თებერვალს ბრიტანეთის მოქალაქისა და მედიამეწარმის (media entrepreneur), ჯიმი ლაისთვის დაკისრებულ მძიმე, 20-წლიან პატიმრობას. ევროკავშირი კვლავ იმეორებს თავის მოწოდებას ჯიმი ლაის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლების შესახებ, მისი ხანდაზმული ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ჯიმი ლაის, Apple Daily-ს ყოფილი აღმასრულებელი ხელმძღვანელისა და ჟურნალისტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ზიანს აყენებს ჰონგ-კონგის რეპუტაციას. ევროკავშირი მოუწოდებს ჰონგ-კონგის ხელისუფლებას, აღადგინოს ნდობა პრესის თავისუფლების მიმართ ჰონგ-კონგში, რომელიც მისი ისტორიული წარმატების ერთ-ერთი საყრდენია, როგორც საერთაშორისო ფინანსური ცენტრისა, და შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა“, – ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, უცხოურ ძალებთან შეთქმულების ბრალდებით, ჰონგ-კონგელ მედიამაგნატს, მილიარდერ ჯიმი ლაის 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. როგორც მედია წერს, ლაი ჩინეთის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსი იყო და ხშირად პროტესტის იარაღად თავის გაზეთს, Apple Daily-ს იყენებდა. Apple Daily 1995 წელს ჯიმი ლაიმ დაარსა. გაზეთი ცნობილი იყო პროდემოკრატიული პოზიციითა და ჩინეთის მთავრობის კრიტიკით.

შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2025 წლის ანგარიში წარადგინა.როგორც  შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, 2023 წელს AIPA-მ საქართველოს პარლამენტს დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭა. მას შემდეგ პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია აქტიურად ერთვება საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საქმიანობაში.„საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რიგით 46-ე გენერალური ასამბლეის სხდომაში და ასამბლეის დროებითი სამუშაო ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრაში.ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA) 46-ე გენერალური ასამბლეა 2025 წლის 16-22 სექტემბერს, მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში გაიმართა. მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო წევრი, დამკვირვებელი და სტუმარი ქვეყნების 400-მდე დელეგატმა.ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სესიაზე შეკრებილ დელეგატებს სიტყვით მიმართა და საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.სიტყვით გამოსვლისას, მან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, ქართველების უფლებების შელახვაზე, საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეების გატაცებასა და აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ქართველების გაძევებაზე გაამახვილა ყურადღება.სხდომის ფარგლებში, საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა, სადაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა, ასევე, ქვეყანაში არსებულ ტენდენციებზე, მათ შორის მიმოიხილა ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა, სხვადასხვა სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმები.ასეან-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს და სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოთქვეს.გენერალური ასამბლეის მსვლელობის პარალელურად, ნიკოლოზ სამხარაძემ  ორმხრივი შეხვედრები გამართა მალაიზიის სენატის ვიცე-სპიკერსა და მალაიზიის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარესთან.რაც შეეხება საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA) დროებითი სამუშაო ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრას, ის 2025 წლის 14-17 ივლისს, კამბოჯის სამეფოს დედაქალაქ პნომპენში გაიმართა და მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო  ნიკოლოზ სამხარაძემ. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და მადლობა გადაუხადა ასამბლეის წევრ ქვეყნებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.დელეგაციის წევრმა ისაუბრა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის მხრიდან ოკუპაციაზე, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და ხაზი გაუსვა მშვიდობის დასამყარებლად საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის აუცილებლობას. ნიკოლოზ სამხარაძემ დაადასტურა საქართველოს მზაობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებაში.სესიის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრა გამართა კამბოჯის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომელიც ამჟამად არის ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA) გენერალური მდივანი“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შალვა პაპუაშვილის თქმით, „საქართველოსთვის, როგორც დამკვირვებელი ქვეყნისთვის, AIPA რჩება საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელოვან პლატფორმად, რომელიც საშუალებას გვაძლევს, პირდაპირი კონტაქტი დავამყაროთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან, უკეთ გავეცნოთ ამ რეგიონის პრიორიტეტებსა და გამოწვევებს, განვამტკიცოთ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა და განვსაზღვროთ თანამშროლობის მიმართულებები“.„თანამედროვე სამყაროში, სადაც საერთაშორისო ურთიერთობები საკმაოდ დაძაბული და კომპლექსურია, აღნიშნული ფორმატი დიალოგისა და თანამშროლობის კარგ პლატფორმას წარმოადგენს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა წარდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

ბოლო სიახლეები