კვირა, ივლისი 6, 2025

თორნიკე რიჟვაძე: აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში გვყავს იმდენად ღირსეული კადიდატები, რომ გამარჯვება გარდაუვალია

„აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში გვყავს იმდენად ღირსეული კადიდატები, რომ გამარჯვება გარდაუვალია. მე ალბათობას იმისას, რომ მეორე ტურები შეიძლება იყოს აჭარაში, თითქმის გამოვრიცხავ“ – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, სატელევიზიო ინტერვიუში, სადაც წინასაარჩევნო გარემოსა და „ქართული ოცნების“ სავარაუდო შედეგებზე ისაუბრა.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, 2 ოქტომბერს, ყველა მუნიციპალიტეტში პირველივე ტურში გაიმარჯვებენ „ქართული ოცნების“ კანდიდატები და პარტია გააუმჯობესებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებულ შედეგებს.
„თვითმმართველობის არჩევნები, სადაც პირდაპირი წესით ირჩევა ქალაქის და მუნიციპალიტეტის მერი, არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და გარანტი, რომ მთელ ვერტიკალში, მთელ უწყებებში გაკეთდება ის საქმე, რომელსაც ელიან მოქალაქეები ჩვენგან. ეს გაუთავებელი არჩევნები, ეს წინასაარჩევნო დუღილი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ოპონენტებისგან ვხედავთ, დასრულდება და ყველას მიეცემა საშუალება გამოიჩინოს თავი საქმეში და ემსახუროს ხალხს ღირსეულად და კეთილსინდისიერად. შემდეგი წლები იქნება ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების გარანტი,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა თქვა მეუფე შიომ დღევანდელ ქადაგებაზე

„ღვთის რწმენა არის ის, რომ გვწამდეს საღვთო განგებულების და ყოველგვარ განსაცდელს თუ სატანჯველს, ყველაზე წარმოუდგენელსაც კი, ასევე, რწმენით ვიღებდეთ... ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს, რომ მოგვცეს ასეთი რწმენა, ასეთი სიმდაბლე, ასეთი მოკრძალება, რაც გადაგვარჩენს, ფერს უცვლის ჩვენს ცხოვრებას და შეგვიყვანს ღვთის სასუფეველში...“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მეოთხე კვირას. დღეს წაკითხული იყო სახარებიდან ეპიზოდი, რომელიც გვასწავლის, როგორი განწყობა უნდა ჰქონდეს ადამიანს იმისთვის, რომ ღვთისთვის მოსაწონი იყოს მისი ლოცვა, რათა ღმერთმა შეისმინოს ადამიანის ლოცვა და თხოვნა შეუსრულოს. მოგეხსენებათ, იმჟამად მთელი პალესტინა დაპყრობილი იყო რომაელების მიერ და ყველა ქალაქში იდგა მათი საჯარისო დანაყოფი. და აი, კაპერნაუმში, რადგან პატარა ქალაქი იყო, მხოლოდ ასეული იდგა. პალესტინაში უკვე ცნობილი იყო იესო ქრისტეს სასწაულთმოქმედი ძალის შესახებ, რომლითაც იგი მრავალ ადამიანს ეხმარებოდა, სიკეთეს უკეთებდა. ამიტომ ასისთავი მიდის მასთან და სთხოვს თავისი მსახურის განკურნებას.უფალმა უპასუხა: „მე მოვალ შენთან და მას განვკურნავ“ (მთ. 8, 7). ნახეთ, რა საოცარი ადამიანი აღმოჩნდა ეს ასისთავი, რამაც განაპირობა მაცხოვრის ასეთი პასუხი და ის, რაც შემდგომ აღასრულა. ასისთავი გააოცა მაცხოვრის სიტყვებმა და უთხრა: „უფალო, მე არ ვარ ღირსი, რომ ჩემთან სახლში მოხვიდე, შენ მხოლოდ ერთი სიტყვა თქვი და ჩემი მსახური განიკურნება“ (მთ. 8, 8 ). უფალი ასეც მოიქცა და ეს მსახური მაშინვე განიკურნა. შემდეგ მან უთხრა იმათ, ვინც მიჰყვებოდა, ვინც მას ახლდა: „ისრაელშიც კი ვერ ვნახე ასეთი რწმენა" (მთ. 8, 10), როგორიც აქვს ამ წარმართს და უცხოტომელს“. ეს იყო რწმენა, სავსე სიმდაბლით, დიდი მოკრძალებით, რამაც თვით უფალი იესო ქრისტეც გააკვირვა. რა გაკვეთილი გამოგვაქვს ჩვენ? რას ვსწავლობთ ამ ეპიზოდიდან? რა თვისებები გამოავლინა ამ ასისთავმა, რომ ასეთი დიდი მადლი მიიღო და ასეთი სასწაული აღუსრულა უფალმა? - ეს იყო მტკიცე რწმენა, დიდი სიმდაბლე, ღვთის წინაშე საკუთარი უღირსების შეგრძნება და სიყვარული, რომელიც მან გამოავლინა თავისი მსახურისადმი. ეს სწორედ ის თვისებებია, რაც საწინდარია იმისი, რომ უფალმა შეისმინოს ჩვენი ლოცვები, მოგვცეს მადლი და თხოვნა შეგვისრულოს. ერთხელ უფალ იესო ქრისტეს მოწაფეები, რომლებიც, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან გამოცდილი მეთევზეები იყვნენ, მთელი ღამე თევზაობდნენ გენესარეთის ტბაში, მაგრამ ვერაფერი დაიჭირეს. მაშინ მაცხოვარმა უთხრა პეტრეს, სიმონს, უფრო სწორად, შემდგომ პეტრედ წოდებულს:„შეცურდი უფრო ღრმად და მოისროლე ბადე“ (ლკ. 5, 4), პეტრემ მიუგო: „მოძღვარო, მთელი ღამე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ შენი სიტყვით მოვისვრი ბადეს“ (ლკ. 5, 5). მართლაც, მოშორდა ნაპირს ნავით, მოისროლეს ბადე მან და სხვებმა და იმდენი თევზი დაიჭირეს, რომ ბადეები ეხეოდათ და ორი ნავი გაავსეს. მაშინ პეტრე მივიდა უფალთან და უთხრა: „გამშორდი, უფალო, რამეთუ მე კაცი ცოდვილი ვარ“ (ლკ. 5, 8 ). როგორ ჰგავს პეტრეს ეს სიტყვები იმას, რაც თქვა ასისთავმა. ორივემ ეს სიტყვები წარმოთქვა დიდი სიმდაბლით, დიდი რწმენით, მოკრძალებით. ეს ის თვისებებია, რომლებიც წარმოშობენ ამ განსაკუთრებულ რწმენას. დავფიქრდეთ, ძმებო და დებო, გვაქვს ჩვენ ასეთი რწმენა, როგორც ჰქონდათ ასისთავს და პეტრე მოციქულს, რომელიც მომდინარეობს ასეთი სიმდაბლიდან და მოწიწებიდან?თუ ჩვენ ცხოვრებაში ხშირად ვერ ვგრძნობთ ღვთის მაცხოვნებელ ძალას, სწორედ იმის ბრალია, რომ გვაკლია ასეთი რწმენა, რომ ჩვენში ძალიან ცოტაა ასეთი სარწმუნოება. მინდა, დღეს შეგახსენოთ საოცარი რწმენის კიდევ ერთი მაგალითი, რომელსაც გვაძლევს ბიბლია, ძველი აღთქმა, კერძოდ, მრავალვნებული იობის წიგნი, რომელიც გვასწავლის, რომ ღვთის რწმენა არის ის, რომ გვწამდეს საღვთო განგებულების და ყოველგვარ განსაცდელს თუ სატანჯველს, ყველაზე წარმოუდგენელსაც კი, ასევე რწმენით ვიღებდეთ. როდესაც გვწამს, რომ ყველა განსაცდელს თუ მწუხარებას, რომელიც ადამიანს ცხოვრებაში ხვდება, აქვს თავისი დაფარულ აზრი და მნიშვნელობა. ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს, რომმოგვცეს ასეთი რწმენა, ასეთი სიმდაბლე, ასეთი მოკრძალება, რაც გადაგვარჩენს, ფერს უცვლის ჩვენს ცხოვრებას და შეგვიყვანს ღვთის სასუფეველში, რისი ღირსიც დაე გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“, - განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

შსს-ს ინფორმაციით, ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი ცეცხლსასროლი იარაღის უკანანო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით არის დაკავებული

გიორგი რამიშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არის დაკავებული, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.სსკ-ის 236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.არსებული ინფორმაციით, „სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტის“, „ევრონიუს ჯორჯიასა“ და სხვა კომპანიების დამფუძნებლის, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავება დღეს მოხდა.

ისტორიაში პირველად, საქართველო ფიდე-ს ქალთა მსოფლიო თასს მასპინძლობს

საქართველო ფიდე-ს ქალთა მსოფლიო თასს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი ბათუმში მიმდინარეობს.შეჯიბრება 6 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. გახსნის ცერემონია ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა, რომელსაც ფიდე-ს წარმომადგენლები, მიწვეული სტუმრები და მოჭადრაკეები ესწრებოდნენ. ტურნირში 46 ქვეყნის 107 სპორტსმენი მონაწილეობს.6 ივლისიდან ასპარეზობაში ჩაერთვებიან ქართველი მოჭადრაკეები — ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ანასტასია კირთაძე და კესარია მგელაძე.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში ზავის გამოცხადებისთვის „ჰამასის“ პირობებს მიუღებელს უწოდებს, თუმცა ისრაელი მაინც გააგზავნის დელეგაციას კატარში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში ზავის გამოცხადებისთვის „ჰამასის“ მიერ წაყენებულ პირობებს მიუღებელს უწოდებს, თუმცა ისრაელი მაინც გააგზავნის დელეგაციას კატარში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე.ღაზის სექტორში ზავის გამოცხადებისა და ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს, 6 ივლისს უნდა გაიმართოს. 7 ივლისს კი ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანაიჰუ აშშ-ში უნდა ჩავიდეს.ცნობისთვის, 4 ივლისს დაჯგუფება „ჰამასში“ განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში ზავის გამოცხადების შესახებ ახალი წინადადების თაობაზე მოლაპრაკებებისთვის მზად არიან. „ჰამასის“ მოკავშირე დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადში“ განაცხადეს, რომ ასევე უჭერენ მხარს მოლაპარაკებების გამართვას, მაგრამ მოითხოვეს გარანტია, რომ ისრაელი არ განაახლებს სამხედრო მოქმედებებს მას შემდეგ, რაც ღაზის სექტორში მყოფი მძევლები გათავისუფლდებიან.მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ღაზის სექტორში ზავის გამოცხადების შესახებ შეთანხმება შესაძლოა, მომდვენო კვირაში იყოს მიღწეული.ამჟამად მოლაპარაკებების საგანს წარმოადგენს საერთაშორისო შუამავლების წინადადება, რომელიც ცეცხლის 60 დღით შეწყვეტას ითვალისწინებს. ამასთან, „ჰამასმა“ უნდა გაათავისუფლოს ღაზის სექტორში მყოფი 22 მძევალი, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია. საპასუხოდ, ისრაელმა უნდა გაათავისუფლოს რამდენიმე პალესტინელი პატიმარი.

უჩვეულო მოვლენა თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თოვლი მოვიდა

თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თოვლი მოვიდა. როგორც მედია წერს, ქალაქ რიზეს მთიან რეგიონში ტემპერატურა მკვეთრად დაეცა.რიზე შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, საქართველოს საზღვრიდან 120 კილომეტრის დაშორებით.ადგილობრივი ჟურნალისტის თქმით, აქამდე ივლისში თოვლი არასდროს უნახავს.„რიზეში ჩვენ მიჩვეულნი ვართ ამინდის ანომალიურ ცვლილებებს. მარტში რამდენჯერმე გვქონია თოვლი, მაგრამ ასეთი ბევრი არასდროს. ხანდაზმულები ამბობენ, რომ 30-40 წლის წინ უნახავთ ივლისში თოვლი, მაგრამ ასეთი არასდროს“, – აღნიშნავს ადგილობრივი ჟურნალისტი.თოვლმა, სულ მცირე, 100 კილომეტრის სიგრძის ტერიტორია მოიცვა. ყველაზე მეტად კი ქალაქ ართვინში შექმნა პრობლემები.ამავე დროს, ქვეყნის სხვა ნაწილებში ხანძრები გრძელდება. შედეგად, იზმირში ორი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძრების უმეტესობა გაფუჭებულმა ელექტროკაბელებმა გამოიწვია. 44 ეჭვმიტანილი დაკავებულია – ძირითადად მუშები და ფერმერები.

ბოლო სიახლეები