ოთხშაბათი, მარტი 18, 2026

მამუკა წოწერია: საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ წინასაარჩევნო შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში გამართა. მამუკა წოწერიას განმარტებით, რუხს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომაც მასთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მერობის კანდიდატის განცხადებით, რუხში მდებარე ცენტრალური საავადმყოფო, რომელიც დღეს რეგიონში კოვიდთან ბრძოლის საქმეში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, სწორედ „ქართული ოცნების“ დაპირება იყო 2012 წელს.
„ამ სოფელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ, რუხი ჩვენთვის არის, როგორც რეალური ასევე სიმბოლური ხიდი, გზა ჩვენი ქვეყნის მთლიანობის, ამიტომაც განსაკუთრებული ძალისხმევა იყო, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის. სოფელში მოგვარებულია ყველ ძირითადი ინფრასტრუქტურა, სრულად გაზიფიცირებულია, დაიგო რამოდენიმე საავტომობილო გზა, ასევე მოქმედებს სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა და რუხის საჯარო სკოლის 300-მდე კურსდამთავრებული არის სახელმწიფო დაფინანსებაზე. შეხვედრაზე რა თქმა უნდა გამოიკვეთა გამოწვევები – არის წყალმომარაგების პრობლემა, რომელსაც უახლოეს ხანებში მოვაგვარებთ“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.
მისივე განმარტებით, ძალიან კეთილგანწყობილია მოსახლეობა ხედავს და აფასებს იმ განხორციელებულ ინფრასტრუქტურას და იმ განვითარებას, რომელიც უშუალოდ რუხს და მთლიანად მუნიციპალიტეტს შეეხება. „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 2 ოქტომბერს, როგორც რუხი ასევე მთლიანად ჩვენი მუნიციპალიტეტი გააკეთებს სწორ არჩევანს და „ქართული ოცნება“ ამჯერადაც დამაჯერებლად გაიმარჯვებს“ – აღნიშნა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა.

მამუკა წოწერიასთან ერთად შეხვედრაზე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი თოდუა და „ქართული ოცნების“ წევრი მერაბ ქვარაია იმყოფებოდნენ.

„რუხი არის უმნიშვნელოვანესი ადმინისტრაციული ერთეული ჩვენს მუნიციპალიტეტში. ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს განხორციელებული, უმნიშვნელოვანესი ობიექტი, როგორიც არის რესპუბლიკური საავადმყოფო განთავსებულია სოფელ რუხში, ასევე გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელიც უკავშირდება ინფრასტრუქტურას, გზების კეთილმოწყობას და აქვე ვსაუბრობთ იმაზე, რომ სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები გავმართოთ. უახლოეს პერიოდში დაიწყება რუხის საბავშვო ბაღის მშენებლობა და ასევე გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელიც შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, სოფელში წყალმომარაგების პრობლემის და სხვა საჭიროებების მოგვარების კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტს, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ადგილზე აქვს შემუშავებული სამოქმედო გეგმები, რომ ინდივიდუალურად თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის პრობლემა იქნეს მოგვარებული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სრულიად სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე – ილია მეორის მსახურება რწმენის სიმტკიცის დასტური იყო, მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით ხელმძღვანელობდა თავის ერთგულ სამწყსოს

სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის ტექსტი გამოაქვეყნა.„მისი უწმინდესობის, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხანგრძლივი პაპური მსახურება რწმენის სიმტკიცისა და სულიერად ერთგული ლიდერობის დასტური იყო. მისი პონტიფიკატი აღინიშნა საქართველოში სულიერი ცხოვრების აღორძინებით და ეკლესიური ცხოვრების განმტკიცებითა და აღორძინებით. რთულ დროს კურთხეული პატრიარქი მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით ხელმძღვანელობდა თავის ერთგულ სამწყსოს, მტკიცედ იცავდა საქართველოს წმინდა ეკლესიის მისიას“, – განაცხადა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა სამძიმარში.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე – მარადიული იყოს ილია მეორის ხსოვნა, მისი პატრიარქობის განმავლობაში განსაკუთრებით განმტკიცდა საქართველოს ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიას შორის ურთიერთობები

მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომემ წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში ნეტარხსენებული საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა.საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდისადმი გამოგზავნილ წერილში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ გამოხატა მსოფლიო საპატრიარქოს და პირადად მისი გულითადი სამძიმარი საქართველოს ეკლესიის ნეტარი წინამძღვრის, კათოლიკოს-პატრიარქის, განსვენებული ილია მეორის გარდაცვალების გამო.„საქართველოს უწმინდესი ეკლესიის წმინდა სინოდს,საქართველოს უწმინდესი ეკლესიის დაუვიწყარი წინამძღვრის, განსვენებული ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვიხსენებთ რა მის მამობრივ სიყვარულს მორწმუნე ერისა და მეგობარი ქვეყნის საქართველოს მიმართ, მისი ხანგრძლივი და კურთხეული პატრიარქობის განმავლობაში ქართველი ხალხის გულწრფელ სიყვარულსა და ღრმა პატივისცემას მისი ღირსეული პიროვნებისადმი, რომლის დროსაც განსაკუთრებულად განმტკიცდა საქართველოს უწმინდეს ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიას შორის ურთიერთობები, გამოვთქვამთ როგორც მსოფლიო საყდრის, ისე პირადად ჩვენს სამძიმარს საქართველოს უწმინდესი ეკლესიისა და მისი ერთგული სამწყსოს მიმართ. ნეტარი პატრიარქის, ჩვენი ძმისა და თანამწირველის, ილია მეორის ხსოვნა იყოს მარადიული და დაუვიწყარი“, – ნათქვამია წერილში, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომემ ნეტარხსენებული საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ მეუფე იობმა ჟურნალისტებს განუცხადა.„დაკრძალვა იქნება კვირას, სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის სურვილისამებრ. ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი. ეპოქალური პიროვნებაა, ერისა და ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი დამსახურება აქვს, როგორც სულიერად, ისე მატერიალურად, ყველა მხრივ. პატრიარქი იყო სიყვარულის პატრიარქი. არ არსებობს ადამიანი, მით უმეტეს, ქრისტიანი, რომ მისი უწმინდესობა არ უყვარდეს“, – განაცხადა მეუფე იობმა.ილია მეორეს საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების ტაძარში გადაასვენებენ. მსვლელობა ცოტა ხანში დაიწყება.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნიკოლ ფაშინიანი – დამამწუხრა ცნობამ ილია მეორის გარდაცვალების შესახებ, ვუსამძიმრებ მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მოძმე ქართველ ხალხს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.წერილში ნათქვამია, რომ ილია მეორის ცხოვრება და მოღვაწეობა სიმბოლურად გამოხატავდა ერებს შორის რწმენის, პატრიოტიზმისა და მეგობრობის კეთილშობილურ ღირებულებებს.„დამამწუხრა ცნობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მართვის განმავლობაში ილია II-ის ცხოვრება და მოღვაწეობა სიმბოლურად გამოხატავდა ერებს შორის რწმენის, პატრიოტიზმისა და მეგობრობის კეთილშობილურ ღირებულებებს. მისი დაუვიწყარი წვლილი სულიერი ცხოვრების განვითარებაში, საზოგადოების გაერთიანებასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში სამუდამოდ დარჩება ყველას მეხსიერებაში.სომეხი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მოძმე ქართველ ხალხს, ვუსურვებ მათ ძალასა და გამძლეობას ამ მძიმე დანაკარგის დროს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო – საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით, ვუსამძიმრებ ყველას, ვინც კათოლიკოს-პატრიარქში ცნობდა საკუთარ მწყემსსა და სულიერ წინამძღვარს

ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს.„მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი ორმოცდაცხრა წლის განმავლობაში შევიდა უფლის მშვიდობაში.საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით, გამოვხატავ უღრმეს და გულწრფელ თანაგრძნობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის, ყოველი ცალკეული მღვდელმსახურის, ბერ-მონაზვნისა და მორწმუნის მიმართ, ვუსამძიმრებ ყველას, ვინც კათალიკოს-პატრიარქში ცნობდა საკუთარ მწყემსსა და სულიერ წინამძღვარს.დღეს, არ შემიძლია, არ გავიხსენო ის მომენტები, რომლებსაც თავად შევესწარი: შეხვედრები წმიდა პაპ იოანე პავლე II-სთან და შემდეგ  პაპ ფრანცისკესთან, რომლებსაც, როგორც პეტრეს მემკვიდრეებს, მან უმასპინძლა საკუთარ რეზიდენციაში, როგორც ანდრია პირველწოდებულის მემკვიდრემ.„წმიდა პეტრე და წმიდა ანდრია ძმები იყვნენ“, – მეუბნებოდა ხშირად, და დაურთავდა: „ჩვენ ყოველდღიურ ლოცვებში ვიხსენიებთ ერთმანეთს“. ახლა ისინი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს ზეცაში. ეჭვგარეშეა, მათ შორის დიდი პატივისცემა და სიყვარული სუფევდა. „აქ ადვილი არ არის, – მითხრა უწმინდესმა პირველი შეხვედრისას, – მაგრამ იყავ კარგი მწყემსი“.მოვუწოდებ კათოლიკე მორწმუნეებს, მართლმადიდებელ ძმებთან ერთად ილოცონ მისთვის, რათა მოწყალე ღმრთის, ზეციური მამის წინაშე წარდგომისას, მიეგებონ მას ულევ სიყვარულში, მიიღოს მან სიცოცხლე საუკუნო და, წმიდა ანდრიასთან, წმიდა ნინოსთან და წმიდა გიორგისთან ერთად, მუდამ იშუამდგომლოს ჩვენი ქვეყნისა და ყველა ჩვენგანისთვის“, – ნათქვამია ჯუზეპე პაზოტოს სამძიმრის წერილში.

ბოლო სიახლეები