სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026

რა დანაშაულები ედება ბრალად მეგის ქარდავას – გენერალური პროკურატურის განმარტება

გენერალური პროკურატურა უკრაინიდან საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირების საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

„უკრაინის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა მ.ქ.-ს ექსტრადირების შესახებ და იგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ, დღეს, უკრაინიდან საქართველოში იქნა ეტაპირებული.

მ.ქ.-ს მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 5-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 6 სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მ.ქ. მსჯავრდებულია პატიმართა მიმართ განხორციელებული წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლით, და ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, განსაზღვრული აქვს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

დადგენილია, რომ 2006 წლის 12 იანვარს ქ. თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თითქოსდა რუსთავის N1 ციხეზე თავდასხმის და პატიმართა გაქცევის აღსაკვეთად ჩატარებული ე.წ. სპეცოპერაციისას, განახორციელეს სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა. იმავე დღეს, ჩატარებული სპეცოპერაციის და პატიმრების გაქცევის შესახებ გამოგონილი ამბის დამაჯერებლად წარმოჩენის მიზნით, იმ დროისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულების დირექტორმა მ.ქ.-მ დეპარტამენტის თავმჯდომარესთან და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად, რუსთავის N1 დაწესებულებაში, აწამეს პატიმრები. პატიმართა მიმართ სასტიკი ძალადობა გაგრძელდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში გადაყვანის პროცესში და ამ დაწესებულებაში მათი მიყვანის შემდგომაც.

მ.ქ. ასევე მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, პატიმართა მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულ საქმეზე დადგენილია, რომ 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულების დირექტორმა მ.ქ.-მ, დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებულ რამდენიმე მსჯავრდებულს ღირსებისა და პატივის შელახვით მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მსჯავრდებულების მიმართ ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა მათი დაწესებულების ეზოში გაყვანის შემდგომაც. ყველას დასანახად პატიმრების უმოწყალოდ ცემამ და მათი ამ ფორმით ბადრაგირებამ, სასჯელაღსრულების დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, პატიმართა ბუნტი და საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

მ.ქ.-ს მიმართ ასევე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი სერგო თეთრაძის საქმეზე, პატიმართა მიმართ განხორციელებული წამების, წამების ორგანიზების, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე, 143-ე, 1441-ე და 333-ე მუხლებით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2011 წლის სექტემბერში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მ.ქ.-მ, სხვა პირებთან ერთად, თითქოსდა ჯაშუშობაში მხილებულ სამ სამხედრო მოსამსახურეს, რომელთა შორის იყო სერგო თეთრაძე, 4-5 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდა და დამამცირებლად ეპყრობოდა, ემუქრებოდა მოკვლით, აყენებდა ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას. ამასთან, მ.ქ.-მ განახორციელა სერგო თეთრაძის წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზება მისგან სასურველი ინფორმაციისა და აღიარების მიღების მიზნით. სერგო თეთრაძე, განხორციელებული წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების შემდეგ, ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში და გონს მოუსვლელად გარდაიცვალა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულებაში.

თითქოსდა ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობის აღიარების მიღების მიზნით პირთა მიმართ განხორციელებულ ძალადობებს უკავშირდება მ.ქ.-ს მიმართ არსებული არაერთი სისხლის სამართლის საქმე, კერძოდ:

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მ.ქ.-ს მსჯავრი დაედო ე.წ. კასრების საქმეზე, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე, 143-ე და 1441-ე მუხლებით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2011 წლის 29 მაისს და 2 აგვისტოს, მ.ქ.-მ, რომელსაც იმ დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებმა, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ორ პირს, რის შემდეგაც მიიყვანეს ზუგდიდის რაიონში, სოფელ განმუხურის ტერიტორიაზე არსებულ მიწურში. ხსენებული პირებისგან ტერორისტული აქტების განხორციელებაში მონაწილეობის შესახებ აღიარების მისაღებად, მ.ქ. მათ ელექტროშოკით დენს არტყამდა, სხვა პირები კი აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. სასურველი აღიარების მისაღებად, თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ განხორციელდა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება.

გარდა ხსენებული საქმეებისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მ.ქ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომელიც შეეხება სამი პატიმრის მიმართ განხორციელებულ წამებას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლით.

ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილია, რომ 2011 წლის 11 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მ.ქ.-მ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილეებად დასახელების მოთხოვნით, რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს სამი პატიმარი, კერძოდ, უმოწყალოდ სცემდნენ მათ, აწამებდნენ ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით. პატიმართა წამებისას ისინი იმდენად ხშირად იყენებდნენ ელექტროშოკს, რომ მოწყობილობა 2-ჯერ გამოვიდა მწყობრიდან. წამების შედეგად ერთ პატიმარი იმავე დღეს გარდაიცვალა.

წამების გზით, დაკავებული პირისგან ტერორისტული აქტის განხორციელების მოთხოვნას უკავშირდება მ.ქ.-ს მიმართ არსებული კიდევ ერთი საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლით, რომლის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

კერძოდ, 2011 წლის მაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მ.ქ.-მ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილეებად დასახელების მოთხოვნით, უმოწყალოდ სცემა და ოჯახის წევრების გაუპატიურებით დაემუქრა ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარს.

კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე მ.ქ.-ს მიმართ, რომელიც შეეხება თავისუფლებააღკვეთილი პირისგან ძალადობრივად ინფორმაციის მიღებას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე და 1441-ე მუხლით, განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

საქმის გარემოებების მიხედვით, 2012 წლის 29 ივლისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მ.ქ.-მ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსთან ერთად, სამხედრო პოლიციის შენობაში, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, „ბეისბოლის ჯოხის“ და სხვა საგნების გამოყენებით რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს და სცემეს უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი. წამებისა და ცემის დროს, მას არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი.

ასევე, კიდევ ერთი სასამართლოს განაჩენით, მ.ქ.-ს მსჯავრი დაედო დაკავებული პირის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენით დადგენილია, რომ 2009 წლის 24 იანვარს, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მყოფმა მ.ქ.-მ ისარგებლა რა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით, დაკავებულ ქალს სცემა, დაამცირა და ჩააყენა არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში და მიაყენა მას მორალური ტანჯვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მ.ქ.-ს ბრალების საქმის არსებითი განხილვა, რომელიც შეეხება ჯგუფურად და შეკვეთით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას.
2012 წლის დასაწყისში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მ.ქ.-მ შურისძიების მოტივით შეუკვეთა ქალაქ მოსკოვში მცხოვრები პირის მკვლელობა, რაც 2012 წლის 21 მაისს სისრულეში იქნა მოყვანილი.
ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეხება მ.ქ.-ს მიერ 2011-2012 წლებში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში, სახელმწიფოს კუთვნილი 828 000 ლარის მითვისებას და გაფლანგვას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით.
აღსანიშნავია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მ.ქ.-ს ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით უკრაინულ მხარეს მიმართა 2017 წლის 10 აპრილს, ხოლო დამატებითი შუამდგომლობები უკრაინელ კოლეგებს მიეწოდათ იმავე წლის 9 ნოემბერს და 9 დეკემბერს. ქართული მხარის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, 2017 წლის 1 ნოემბერს ძებნილი პირი დაკავებულ იქნა უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ და მის მიმართ დაიწყო საექსტრადიციო პროცედურები. საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას მ.ქ. დავობდა, რომ საქართველოში ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარებოდა პოლიტიკური ნიშნით დევნას და არსებობდა მისი უფლებების დარღვევის რისკები. ამ მიზნით ძებნილმა პირმა უკრაინის ტერიტორიაზე მიმართა ყველა სამართლებრივ საშუალებას, რათა თავიდან აერიდებინა მისი საქართველოში ექსტრადიცია, თუმცა, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი დასაბუთებული მასალების საფუძველზე, უკრაინის შესაბამისმა ორგანოებმა არ გაიზიარეს ძებნილი პირის მიერ მოყვანილი არგუმენტები და დააკმაყოფილეს საქართველოს გენერალური პროკურატურის თხოვნა ექსტრადიციის თაობაზე. შედეგად, მ.ქ.-ს მიმართ მართლმსაჯულება აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ უკრაინელ კოლეგებს წარმატებული თანამშრომლობისთვის, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მათი კომპეტენციის ფარგლებში გატარებული ღონისძიებებისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიცია და მისი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა.
საქართველოს პროკურატურა, როგორც ძებნილ პირთა საქართველოში ექსტრადიციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყება, მომავალშიც მიიღებს ყველა ზომას, რათა დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, მიუხედავად მისი ადგილსამყოფლისა, დროულად წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს, დღეს კი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვდა. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.

მეგის ქარდავა თავდაპირველად 2018 წელს, რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით უკრაინაში შეღწევის მცდელობისას დააკავეს. იმავე წლის დეკემბერში მას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვარლამ ლიპარტელიანი – ჩინეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, ეს კარგი ნაბიჯია, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლონ ჩინეთში განათლების მიღება

ჩინეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალ წელს, ზაფხულში ახალგაზრდები ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა.მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც.„აღსანიშნავია, რომ აქამდე არასოდეს ყოფილა ურთიერთობა ჩინეთისა და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდებს შორის. ვფიქრობ, ეს ძალიან ღირსეული და კარგი ნაბიჯია ჩვენი მხრიდან, რომ მომავალში უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები, გაღრმავდეს ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლონ თავისუფლად ჩამოსვლა ჩინეთში, მიიღონ განათლება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კულტურული მიმართულებითაც იქნება ბევრი მუშაობა, რადგან ბევრი ტრადიცია და კულტურა აკავშირებს ქართულსა და ჩინურ მხარეს. მინდა ვთქვა, რომ წარმატებით ჩაიარა ამ შეხვედრამ და ძალიან დადებითად ვართ განწყობილი სამომავლო გეგმების მიმართულებით“, – აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიებს ეხმაურება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება 2026 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 86/87 ნომერში გამოქვეყნებულ სტატიების ციკლს, რომელიც დომენტი (დიტო) ჩუბინიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხს ეხება და რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობასთან, მიღებულ გადაწყვეტილებებსა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან დაკავშირებით გავრცელებულია არაერთი მცდარი, დაუსაბუთებელი და რეპუტაციის შემლახველი განცხადება.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პუბლიკაციები სცდება საკითხის ობიექტური და კეთილსინდისიერი გაშუქების ფარგლებს და შეიცავს უნივერსიტეტის, მისი აკადემიური პერსონალისა და, მათ შორის, ღვაწლმოსილი პროფესორების ღირსებისა და პროფესიული რეპუტაციის შემლახველ „შეფასებებს“. მსგავსი შინაარსის განცხადებები, სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, ვერ ჩაითვლება საზოგადოებრივი ინტერესით განპირობებული ინფორმაციის გავრცელების სათანადო ფორმად.„დომენტი (დიტო) ჩუბინიძისთვის, როგორც აკადემიური თანამდებობის პირისთვის, ცნობილი უნდა იყოს, რომ უნივერსიტეტის მხრიდან სრულად იყო დაცული ეთიკის ნორმები და ეთიკის კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. კერძოდ, დაცული იყო როგორც ეთიკის კომისიის სხდომის მიმდინარეობის, ისე სხდომის ოქმისა და მასთან დაკავშირებული მასალების კონფიდენციალურობა. „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საზოგადოებას მიეწოდა შინაარსობრივად დამახინჯებული მონაცემები, მათ შორის, მიზანმიმართულად გავრცელდა მცდარი ცნობები, თითქოსდა უნივერსიტეტმა დიტო ჩუბინიძესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საჭიროდ მიიჩნევს, საჯაროდ განმარტოს საკითხის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს.უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთიკის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დომენტი (დიტო) ჩუბინიძის მიმართ გამოყენებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რაც გულისხმობს შრომითი ურთიერთობის შეჩერებას საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოებში წარმოებული საქმის გამო.აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა დომენტი ჩუბინიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში წარდგენილი ბრალდება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება. შესაბამისად, უნივერსიტეტის გადაწყვეტილება განპირობებული იყო კონკრეტული სამართლებრივი გარემოებებითა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საუბარია შრომითი ურთიერთობის შეჩერებაზე და არა მის შეწყვეტაზე. ამდენად, პუბლიკაციებში ამ ორი განსხვავებული სამართლებრივი დეფინიციის ერთმანეთთან გაიგივება რეალობის დამახინჯებულ სურათს ქმნის და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას, თითქოს მის მიერ განხორციელებული მოქმედებები კანონსაწინააღმდეგო, თვითნებური ან კონკრეტული პირის უფლებების შეზღუდვისკენ იყო მიმართული. უნივერსიტეტი მოქმედებდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი ნორმებისა და შიდა მარეგულირებელი აქტების საფუძველზე. გადაწყვეტილების მიღებისას დაცული იყო დადგენილი პროცედურები, ეთიკური სტანდარტები და შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნები.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პატივს სცემს და სრულად იზიარებს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს და აცნობიერებს, რომ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ან ბრალის წარდგენა ავტომატურად არ ადასტურებს მის დანაშაულს. ამასთან, აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს უნივერსიტეტის ვალდებულებას, იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის, საკუთარი შიდა რეგულაციებისა და აკადემიური ეთიკის პრინციპების შესაბამისად.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ცალსახად აცხადებს, რომ დომენტი (დიტო) ჩუბინიძეს, ისევე როგორც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, აქვს უნივერსიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების უფლება. გადაწყვეტილების კანონიერებისა და დასაბუთების შეფასება - შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში - კომპეტენტური ორგანოების პრეროგატივაა და არა მედიის საშუალებით გავრცელებული ცალმხრივი შეფასებებისა თუ ზეწოლის საგანი.უნივერსიტეტი მოუწოდებს სტატიის ავტორებსა და გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რედაქციას, დაიცვან ჟურნალისტური ეთიკის, ობიექტურობისა და სიზუსტის პრინციპები, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და ფაქტების დამახინჯებული ინტერპრეტაციის გავრცელებისგან და პატივი სცენ უნივერსიტეტის, მისი აკადემიური პერსონალისა და თითოეული თანამშრომლის კანონიერ უფლებებსა და პროფესიულ რეპუტაციას.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აფრთხილებს დომენტი (დიტო) ჩუბინიძეს, რომ უნივერსიტეტის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, უნივერსიტეტისა და მისი აკადემიური პერსონალის შესახებ არაზუსტი, ფაქტობრივ საფუძველს მოკლებული ინფორმაციის გავრცელებისა და უნივერსიტეტის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებების კვლავაც გამოქვეყნების შემთხვევაში, საკითხი განსახილველად გადაეცემა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთიკის კომისიას, რომელიც იმსჯელებს აღნიშნული ქმედებების ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობისა და მათზე სათანადო რეაგირების საკითხზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კოტე მახარაძის შვილი, ბაია მახარაძე გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი სპორტული კომენტატორისა და მსახიობის, კოტე მახარაძის შვილი, ბაია (ბარბარე) მახარაძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბაია მახარაძე მძიმე სენს ებრძოდა.ბაია, კოტე მახარაძის და მარინა ფიშერის საერთო შვილი იყო.„რით დავიწყო ეს პოსტი არ ვიცი. როგორ დავწერო ან და ენა როგორ მიტრიალდება იმის თქმით, რომ დეიდაჩემი, ბარბარე (ბაია, ბაიკო) მახარაძე აღარ გვყავს. კოტეს შვილი, ივიკოს და მაკას უმცროსი და. დავკარგეთ უსაყვარლესი ადამიანი. საშინელმა სენმა უცაბედად გამოაცალა ცხოვრებას. ჩვენი გოგო ჩაქრა როგორც პატარა ვარსკვლავი. დაუჯერებელია, უბრალოდ დაუჯერებელი…პანაშვიდი: 11 ნოემბერს 17: 00 ვაკის სამებაში .გასვენება: 12 ნოემბერი-,14:00 ვაკის სასაფლაო“,- წერს ანუკა მურვანიძე.

ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კეთილდღეობის საკითხებში, აბებე ადუგნას, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისსა და ბანკის დელეგაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსთან მიმართებით მსოფლიო ბანკის მიერ არსებული და დაგეგმილი ტექნიკური დახმარების ფარგლებში მიმდინარე ანალიტიკურ სამუშაოს და მასთან დაკავშირებულ კვლევებს ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური ზრდის, შრომის ბაზრის განვითარების, სიღარიბის შემცირებისა და თანაბარი განვითარების მიმართულებით.„განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და ფისკალური პოლიტიკის მიმდინარე ტენდენციები და განხორციელებული სტრუქტურული რეფორმების შედეგები ეკონომიკის მდგრადობაზე.შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო მიქელაძე“, – აღნოშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ჩინეთში შეხვედრებს გამართავს

ძალიან მნიშვნელოვანია პეკინში ჩვენი ვიზიტი. გვექნება საინტერესო შეხვედრები, განსაკუთრებით გამოვყოფდი ახალგაზრდული მიმართულებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა ჩინეთში განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს სურს ჩინეთთან არსებული ურთიერთობების გაღრმავება.„ზაფხულში საქართველოში ჩინელი ახალგაზრდები იმყოფებოდნენ. ძალიან საინტერესო იყო მათთან შეხვედრა, ისინი საკმაოდ კარგად იცნობენ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ძალიან კარგად კითხულობენ ჩვენს ლექსებს და ეს შეხვედრები სწორედ ამის გაგრძელებაა. ჩინელმა ახალგაზრდებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ჩვენც გვინდა, უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, განსაკუთრებით ახალგაზრდული მიმართულებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. საკმაოდ კარგად ჩაიარა შეხვედრებმა. ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახელმწიფოა თავისი მშვიდობიანი პოლიტიკით და საქართველოს აქვს პოტენციალი, უფრო გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან, რაც სამომავლოდ ჩვენს ქვეყენას მხოლოდ წაადგება. მოხდება გამოცდილების გაზიარებაც, გვექნება სამომავლო ხედვები, გეგმები, თუ როგორ შეიძლება, გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, განსაკუთრებით ახალგაზრდული მიმართულებით. ძალიან ბევრი ისეთი რამ არის, რაც ჩვენთვის გამოსადეგი იქნება, ასევე გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას. ვფიქრობ, შეხვედრები ნაყოფიერად და კარგად ჩაივლის“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ბოლო სიახლეები