სამშაბათი, აპრილი 28, 2026

თენგიზ ცერცვაძე: სახელმწიფო აგრძელებს ყველანაირ ძალისხმევას, რათა მოხერხდეს „ტოცილიზუმაბის“ ან მისი შემცვლელი მედიკამენტის, „სარილუმაბის“ დამატებითი რაოდენობის შემოტანა, იმედი გვაქვს, ეს მოხერხდება

სახელმწიფო აგრძელებს ყველანაირ ძალისხმევას, მათ შორის სახელმწიფოთაშორის და სამთავრობო დონეზე, რათა რომელიმე ქვეყნიდან მოხერხდეს „ტოცილიზუმაბის“ ან მისი შემცვლელი მედიკამენტის, „სარილუმაბის“ დამატებითი რაოდენობის შემოტანა და იმედი გვაქვს, რომ ეს მოხერხდება, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის წერილშია ნათქვამი.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, შეიქმნა COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტ „ტოცილიზუმაბზე“ დეფიციტი.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ანგაჟირებული ე.წ. ექსპერტები და ჩასაფრებული ადამიანები არ თაკილობენ ამ თემით სპეკულირებას, რაც დამთრგუნველად მოქმედებს COVID პანდემიის გამო ისედაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობაზე.

„ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ცნობილი ექიმი-რეანიმატოლოგი ბატონი ვახო კალოიანი, რომელიც ა.წ. 31 აგვისტოს რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში უაპელაციოდ აცხადებს, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ქვეყნის მომარაგება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტით და რომ რეგიონებში ამ პრეპარატის გამოყენება თითქმის არ ხდება, რადგან ცუდად არის ორგანიზებული ინფორმაციის გაცვლა კლინიკურ ჯგუფსა და რეგიონულ ჰოსპიტლებს შორის?! როგორც ჩანს ბატონმა კალოიანმა სულ დაკარგა თავმოყვარეობა და ელემენტარული სინდისის გრძნობა და მის დემაგოგიას საზღვარი არ აქვს. ის ცდილობს, თავი წარმოაჩინოს ლამის „ტოცილიზუმაბის“ მთავარ მოამაგედ, მაშინ როდესაც ის ფაქტი, რომ ქვეყანაში „ტოცილიზუმაბის“ დეფიციტია და მას ყველა COVID კლინიკა დღემდე არ იყენებს, პირადად ბატონი ვახო კალოიანის და მისი თანამოაზრეების გამიზნული, მავნებლური ქმედებების პირდაპირი შედეგია, ხოლო რასაც ის ამბობს, ყველაფერი ტყუილია, დიდი ტყუილი, უსინდისო ტყუილი.

სინამდვილე კი ასეთია და ეს მთელმა ქვეყანამ იცის:

COVID-ის სამკურნალოდ „ტოცილიზუმაბს“ ჩვენ უკვე ერთ წელზე მეტია, პანდემიის დასაწყისიდანვე ვიყენებთ, მაშინ, როდესაც არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიშიც კი ძალიან ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა მისი ეფექტიანობის. 2020 წლის ივნისში „პირველმა არხმა“ 10-წუთიანი ვიდეოფილმიც კი გადაიღო იმაზე, თუ როგორ გადავარჩინეთ 83 წლის სასიკვდილოდ განწირული COVID პაციენტი. განვლილ პერიოდში ამ მედიკამენტის გამოყენებით ჩვენ გადავარჩინეთ არაერთი მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID ავადმყოფი.

ბოლო თვეებში ჩვენი რეკომენდაციით და ჩვენი შედგენილი პროტოკოლით „ტოცილიზუმაბს“ ჩვენს გარდა კიდევ 8-10 კლინიკა იყენებდა და მათაც ასევე არაერთი COVID ავადმყოფი გადაარჩინეს.
ბატონი კალოიანი და მისი თანამოაზრეები თითქმის მთელი წლის მანძილზე „ტოცილიზუმაბის“ (ისევე, როგორც „რემდესივირის“) გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში გვატარებდნენ და ბრალს გვდებდნენ იმაში, რომ „ადამიანებზე ექსპერიმენტებს ვატარებდით“, ხოლო კლინიკებს მოუწოდებდნენ, რომ „ტოცილიზუმაბი“ და „რემდესივირი“ არ გამოეყენებინათ.

მხოლოდ მას შემდეგ (რამდენიმე თვის წინ), რაც მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ „ტოცილიზუმაბი“ ძალიან სასარგებლო და „სიცოცხლის გადამრჩენი“ მედიკამენტია, ბატონი კალოიანი და მისი თანამოაზრეები იძულებული გახდნენ, თავიანთი რიტორიკა 180 გრადუსით შეეცვალათ და ამ მედიკამენტის მხარდამჭერებად და „მოამაგეებად“ გარდაისახნენ. ტიპური ქამელეონები.

ამასთან, როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, „ტოცილიზუმაბი“ ძალიან ძვირადღირებული მედიკამენტია, ერთი ავადმყოფის სამკურნალო დოზის ღირებულება მაშინ შეადგენდა დაახლოებით 6 000 ლარს, შემდეგში ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით, მომწოდებელმა ფასი გაანახევრა, მაგრამ მაინც რჩება ძალიან ძვირადღირებულ მედიკამენტად. მისივე თქმით, ამის მიუხედავად, სახელმწიფო პირველივე დღიდან უზრუნველყოფდა ქვეყანაში მედიკამენტის იმ რაოდენობის (მეტობით) შემოტანას, რა რაოდენობაზეც რეალური მოთხოვნა არსებობდა და უფასოდ აწვდიდა კლინიკებს და პაციენტებს.

„ამ პერიოდში სახელმწიფოს შეეძლო მედიკამენტის შეუზღუდავი რაოდენობით შემოტანა, მაგრამ ვინაიდან ბატონი კალოიანის და მისი თანამოაზრეების გავლენის ქვეშ მყოფი კლინიკები უარს აცხადებდნენ „ტოცილიზუმაბის“ გამოყენებაზე, იყო მაღალი ალბათობა, რომ ეს ძალიან ძვირადღირებული მედიკამენტი გამოუყენებელი დარჩებოდა და ჩამოსაწერი გახდებოდა. სამწუხაროდ, მას შემდეგ მსოფლიოში „ტოცილიზუმაბზე“ მოთხოვნა ერთბაშად მრავალჯერადად გაიზარდა და მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, სერიოზული დეფიციტი შეიქმნა. ამის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ მაინც მოახერხა „ტოცილიზუმაბის“ შეზღუდული რაოდენობის შემოტანა იმ პაციენტებისათვის, რომელთაც ეს მედიკამენტი განსაკუთრებით სჭირდებათ“, – აცხადებს ცერცვაძე.

მისივე თქმით, რომ არა კალოიანის და მისი თანამოაზრეების დესტრუქციული პოზიცია, სახელმწიფო შეძლებდა მედიკამენტზე მსოფლიო დეფიციტის გაჩენამდე შემოეტანა საკმარისი მარაგი.

„ახლა კი, ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამის მიუხედავად სახელმწიფო აგრძელებს ყველანაირ ძალისხმევას, მათ შორის სახელმწიფოთაშორის და სამთავრობო დონეზე, რათა რომელიმე ქვეყნიდან მოხერხდეს „ტოცილიზუმაბის“ ან მისი შემცვლელი მედიკამენტის – „სარილუმაბის“ დამატებითი რაოდენობის შემოტანა და იმედი გვაქვს, რომ ეს მოხერხდება.

რაც შეეხება ბატონი კალოიანის კიდევ ერთ მარგალიტს, რომ თითქოს კლინიკების ნაწილი ტოცილიზუმაბს იმიტომ არ იყენებს, რომ შესაბამის ინფორმაციას არ ფლობს და კლინიკურ ჯგუფთან კომუნიკაცია არა აქვს, კიდევ ერთი დიდი და უსინდისო ტყუილია.

„ტოცილიზუმაბის“ გამოყენება ჩვენ მიერ ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისიდან შეტანილია და დეტალურადაა გაწერილი COVID-19-ის კლინიკური მართვის ნაციონალურ გაიდლაინში და მის ფართოდ დანერგვას კლინიკურ ჯგუფთან და COVID-კლინიკებთან არაერთი შეხვედრა და არაერთი პოსტი მივუძღვენით და კლინიკების ნაწილი მხოლოდ იმიტომ არ იყენებდა აქამდე „ტოცილიზუმაბს“, ისევე როგორც „რემდესივირს“, რომ იმყოფებოდნენ ბატონი კალოიანის და მისი თანამოაზრეების გავლენის ქვეშ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ბატონი კალოიანი უკვე წელიწადზე მეტია, „COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგას“, არამარტო დიდი ტყუილია, არამედ უბრალოდ სასაცილოა. იგი ტყუილების და დემაგოგიის წინა ხაზზე ნამდვილად დგას. ბატონი კალოიანი თავის დროზე ნამდვილად იყო მაღალკვალიფიციური ექიმი-რეანიმატოლოგი, მაგრამ მას COVID პანდემიასთან საბრძოლველად და COVID პაციენტების გადასარჩენად აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებია, პირიქით მისმა ფობიურმა განცხადებებმა „რემდესივირის“ და „ტოცილიზუმაბის“ მიმართ სერიოზული ზიანი მიაყენა COVID პაციენტების ოპტიმალური მკურნალობის საქმეს.

სამწუხაროდ, იგი პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ეწევა დემაგოგიას, დეზინფორმაციას და გაუთავებლად იმეორებს რაღაც გაურკვეველ და რეალურ საფუძველს მოკლებულ ბრალდებებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მიმართ. უფრო მეტიც, მთელი ამ ხნის მანძილზე მას ერთი საქმიანი და კონსტრუქციული წინადადებაც კი არ მოუწოდებია, რაც COVID-თან ბრძოლაში მართლა დაგვეხმარებოდა. ის იმ ადამიანების კატეგორიიდან არის, ვისაც „სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდა“და ვისაც ახარებს, თუ ქვეყანაში რაიმე ცუდი ხდება და აღიზიანებს ყველაფერი კარგი.

რაც შეეხება „რადიო თავისუფლებას“, ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, პატივსაცემი და მაღალრეიტინგული მედიასაშუალებაა და თუ ის გააგრძელებს ბატონი კალოიანის დემაგოგიური განცხადებების და ტყუილების ტირაჟირებას, ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს მის რეპუტაციას და შეამცირებს მოსახლეობის ნდობას მის მიმართ, რადგან მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ ყველაფერი კარგად იცის“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთს ჩვენი ტერიტორია სურს, რათა შემდეგ სხვა ტერიტორიების დაკავებაც შეძლოს, ასე იქცეოდა ყოველთვის, მოლდოვის, საქართველოს ნაწილები, ყირიმის, დონეცკის ოკუპაცია, ბელარუსის დამორჩილება

რუსეთს ჩვენი ტერიტორია სურს, რათა შემდეგ სხვა ტერიტორიების დაკავებაც შეძლოს, ასე იქცეოდა ყოველთვის: მოლდოვის ნაწილი, საქართველოს ნაწილები, ყირიმის ოკუპაცია, დონეცკის ოკუპაცია, ბელარუსის დამორჩილება, ახლა კი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.ზელენსკის თქმით, რუსეთის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ რეალური ძალითა და ყველა პარტნიორის რეალური პრინციპულობით.„უკრაინა ყოველთვის გამოხატავს მადლიერებას და კარგად ახსოვს, ვინ და როგორ დაგვეხმარა ამ ომის დაწყების შემდეგ. მაგრამ ყველა პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ევროპისთვის, არ დაავიწყდეთ, რომ უკრაინა ამ ომში მხოლოდ საკუთარ თავს არ იცავს. რუსეთს ჩვენი ტერიტორია სურს, რათა შემდეგ სხვა ტერიტორიების დაკავებაც შეძლოს. თუ ეს ერთ სახელმწიფოსთან, ერთ მეზობელთან გაუვა, იგივე სხვებთანაც განმეორდება. რუსეთი ასე იქცეოდა ყოველთვის: მოლდოვის ნაწილი, საქართველოს ნაწილები, ყირიმის ოკუპაცია, დონეცკის ოკუპაცია, ბელარუსის დამორჩილება. ახლა კი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი. ამის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ რეალური ძალითა და ყველა პარტნიორის რეალური პრინციპულობით. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი – პრინციპულობა. ეს ეხება როგორც შეერთებულ შტატებს, ასევე „დიდ შვიდეულს“ და ევროპულ ქვეყნებს. იმისთვის, რომ ევროპაში რეალურად იყოს მშვიდობა და რუსეთი შეჩერდეს, უკრაინას უნდა ჰქონდეს ღირსეული პირობები და პატივისცემა. უსაფრთხოების ყველა მნიშვნელოვან საკითხში – სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოების გარანტიები, ევროკავშირში გაწევრიანება და ომის შემდეგ ქვეყნის რეალური აღდგენა. ჩვენ ვმუშაობთ ღირსეული მშვიდობისთვის. მადლობა ყველას, ვინც ჩვენთანაა, ვინც უკრაინასთანაა!“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ხვიჩა კვარაცხელია – „ბაიერნი“ შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენს“ ყველას დამარცხება შეუძლია

მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩის შესახებ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ისაუბრეს.ლუის ენრიკე: „ყველა მოთამაშე მზად არის. უნდა დავტკბეთ ამ მომენტებით, რადგან არასდროს იცი, მსგავსი მატჩები კიდევ გექნება თუ არა. გუნდი მოუთმენლად ელის ნახევარფინალში თამაშს. ვნახოთ, ვინ აღმოჩნდება უკეთესი.სტაბილურობის კუთხით „ბაიერნი“ შეიძლება ოდნავ გვისწრებს, რადგან მათ მხოლოდ ორი მატჩი აქვთ წაგებული, თუმცა იმის მიხედვით, რასაც ვაჩვენებთ, ჩვენზე უკეთესი გუნდი არ არსებობს.ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის მოგება? ახლა განსხვავებული სიტუაციაა, რადგან პირველად გამარჯვება შვების მომატანი იყო. ახლა კი სულ სხვა მდგომარეობაში ვართ“.ხვიჩა კვარაცხელია: „„ბაიერნი“ შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენს“ ყველას დამარცხება შეუძლია, თუ ჩვენს ფეხბურთს ვაჩვენებთ. სტადიონზე საოცარი გულშემატკივრების წინ ვითამაშებთ, რომლებიც მხარს დაგვიჭერენ და განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნიან. სწორედ ისინი არიან მთავარი მიზეზი, რის გამოც მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.რაც შეეხება ჩემს ფორმას, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რაც გუნდის დამსახურებაცაა. მეც ამ გუნდის ნაწილი ვარ და ერთად ფანტასტიკურ მატჩებს ვატარებთ. გასულ სეზონში დატვირთვა დიდი იყო და სეზონის დასაწყისში გადაღლილები ვიყავით, თუმცა ახლა ფიზიკურად ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ.„ბაიერნთან“ ჯგუფური ეტაპის მატჩი კარგად მახსოვს, ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა, თან ტრავმირებულებიც გვყავდა. მიუხედავად ამისა, მეორე ნახევარში ვაჩვენეთ, რომ მეტის გაკეთება შეგვეძლო.რაც შეეხება ჩემს დარტყმას, ამ კომპონენტზე ყოველდღიურად ვმუშაობ – როგორც ვარჯიშებზე, ისე თამაშებში. ბევრი რამ მეტოქეზეც არის დამოკიდებული. პენალტების შესრულება გუნდში რამდენიმე მოთამაშეს შეუძლია, მათ შორის, მეც. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“.ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი „პარი სენ-ჟერმენსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის პარიზში 28 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. განმეორებით შეხვედრას მიუნხენის „ალიანს არენა“ 6 მაისს უმასპინძლებს.

ვლადიმერ პუტინი – გადაჭარბებული ბარიერები აფერხებს განვითარებას, ეს დროებითია, წარმავალია, მაგრამ რუსეთი მარადიულია

გადაჭარბებული ბარიერები აფერხებს განვითარებას; ეს დროებითია, მაგრამ რუსეთი მარადიულია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში კანონმდებლების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, საკანონმდებლო საქმიანობაში მხოლოდ შეზღუდვებსა და აკრძალვებზე ფოკუსირება კონტრპროდუქტიულია.„გადაჭარბებული ბარიერები აფერხებს განვითარებას; ეს დროებითია, წარმავალია, მაგრამ რუსეთი მარადიულია. კანონმდებლობა უნდა იყოს მოქნილი, დინამიური, პროგრესული და მომავალზე ორიენტირებული“, - აღნიშნა პუტინმა.

მძიმე ავარია აღმაშენებლის ხეივანზე – ვითარება ადგილზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აღმაშენებლის ხეივანზე.დაშავებულთა მდგომარეობა უცნობია.სოციალურ ქსელში მომხდარის ამსახველ კადრებს „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.„პრაიმტაიმის“ დეტალების გარკვევას ცდილობს.

მარკო რუბიო – აშშ ვერ შეეგუება ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნებას

აშშ ვერ შეეგუება ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა. მისი თქმით, ირანი კვლავ ცდილობს, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნებას, რაც შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია. რუბიო გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობებს, რომ თეირანი გარკვეული შეთანხმებების შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტის „გახსნას“ სთავაზობს. მისი თქმით, ვაშინგტონი ვერ შეეგუება იმას, რომ ირანი განსაზღვრავდეს, რომელი გემები შეძლებენ სრუტეში გავლას ან მოითხოვდეს რაიმე სახის გადასახადებს. „თუ ისინი გახსნაში გულისხმობენ იმას, რომ სრუტე ღიაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ირანთან შეთანხმებით მოქმედებთ, იღებთ მათ ნებართვას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაგბომბავენ და გადახდასაც მოგთხოვენ – ეს არ არის სრუტის გახსნა”, – განაცხადა რუბიომ.

ბოლო სიახლეები