ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია დაიწყო.
ტოკიო დღეს მსოფლიო მედიის, და არამხოლოდ, ყურადღების ეპიცენტრშია. 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით სწორედ იაპონიის დედაქალაქი უმასპინძლებს ოლიმპიურ თამაშებს, სადაც 206 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
ოლიმპიადა „ახალ ეროვნულ სტადიონზე“ გაიხსნა. ეს მოედანი 68 000 გულშემატკივარს იტევს, მაგრამ, COVID-19-ის გამო დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იქნება.
ტოკიო 2020-ზე საქართველო სპორტის 11 სახეობაში 35 ლიცენზიანტი ათლეტით იქნება წარმოდგენილი. უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს სახელით ჩოგბურთის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილიც იასპარეზებს.
ოლიმპიური თამაშების ამ სპორტის სახეობაში შეჯიბრება 24 ივლისს დაიწყება და 1-ელ აგვისტოს დასრულდება. ტოკიო 2020 წინა წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ორგანიზატორებმა ტურნირის გადადება გადაწყვიტეს.