რატი იონათამიშვილი „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: რა სიტყვა ვიხმარო, არც ვიცი. გგონიათ, რომ ხალხი ბრმა არის, ყრუ არის…” შესაბამისი პოსტი უმრავლესობის წევრმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„სამწუხაროდ, დეპუტატი, რომელიც თავს დებს დასავლურ ღირებულებებზე, ქვეყნის ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან საუბრობს დისკრიმინაციული ლექსიკით და შეზღუდული შესაძლებლობის მინიშნებით იყენებს სიძულვილის ენას. ბატონო მამუკა, უსინათლო და სმენის არმქონე ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. შეიძლება, ეს თქვენთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ მათ, თანაბარი პირობების შემთხვევაში, შეუძლიათ ყველაფერი ძალიან კარგად გაიგონ და დაინახონ.
ჩემთვის, კრიტიკულად მიუღებელია, საქართველოს პარლამენტში მსგავსი საკითხების უყურადღებოდ დატოვება, ამიტომ შესაბამისი შეფასებისა და პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, პრეცედენტების შექმნა. მე აუცილებლად მივმართავ პარლამენტის ეთიკის საბჭოს. სახეზეა, საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის (ქცევის წესები) ო. ქვეპუნქტის დარღვევა.
P.S. სიტყვით გამოსვლა გადაიცემა სურდო თარგმნით. ერთი წამით, წარმოვიდგინოთ, სმენის არმქონე ადამიანების რეაქცია, როცა ბატონი მამუკა მათ დამამცირებელ და დისკრიმინაციულ კონტექსტში მოიხსენიებს“, – წერს იონათამიშვილი.