ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

თენგიზ ცერცვაძე: პრაქტიკულად შეიძლება გარანტია მოგცეთ, რომ ივნისის ბოლოდან, საქართველოში სხვადასხვა წარმოების ვაქცინის მასობრივი შემოსვლა დაიწყება

ივნისი იქნება ბოლო თვე, როდესაც საქართველოში ვაქცინაციის პროცესი არ იქნება ისეთი აქტიური, როგორც ეს საჭიროა სამიზნე ჯგუფებზე გასვლისთვის. ივნისის ბოლოდან, პრაქტიკულად შეიძლება გარანტია მოგცეთ, რომ საქართველოში სხვადასხვა წარმოების ვაქცინის მასობრივი შემოსვლა დაიწყება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ პერიოდიდან ქვეყანაში შემოვა დიდი რაოდენობით „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ფაიზერი“.

„და კიდევ ერთი ვაქცინა: ჩემი აზრით, ყველაზე უკეთესი – „ნოვავაქსი“, რომელიც არის ბაზარზე და ჯერ ავტორიზაცია არ მიუღია. ის ავტორიზაციას მიიღებს ივნისის ბოლოს და მისი პირველი კონტრაქტორი საქართველოა, რომელიც მილიონ დოზას მიიღებს. ივნისის ბოლოდან საქართველოში აიცრება დღეში არა 4000-5000, არამედ 8000-9000 ადამიანი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მაშველებმა მტკვარში, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილი და მასში 2 პირის ცხედარი იპოვეს- ერთი პიროვნების ძებნა-შველის ოპერაცია კი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

მდინარე მტკვარში მაშველებმა, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილს და მასში 2 პირის ცხედარს მიაკვლიეს.აღნიშნულ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ.ასევე, კიდევ ერთი დაკარგული პირის საპოვნელად, სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.მაშველებმა ავტომობილი დღეს დილით, მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნური შემცირების შედეგად იპოვეს.ინფორმაციისთვის, 14 მაისს, გამთენიას, მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა, 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს.პოლიციამ, ასევე 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.

მაშველებმა მტკვარში კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც 14 მაისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არ უკავშირდება

მაშველებმა მტკვარში კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც 14 მაისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არ უკავშირდება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, მტკვარში გოგონას ცხედარიც იპოვეს, რომელიც აპრილში გაუჩინარებული აითაჯ მამედოვაა.„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, გუშინ, თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ორი მგზავრის ცხედარი იპოვეს. ცხედრები წყლიდან უკვე ამოასვენეს და მათ უტარდებათ ყველა შესაბამისი, სამართლებრივი პროცედურა. მდინარე მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც.ერთი პიროვნების ძებნა-შველის ოპერაცია კი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.სამაშველო ღონისძიებაში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფები.შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე,მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა.ძებნა-შველის ოპერაციის დროს, ასევე, ნაპოვნია მამაკაცის და ქალის ცხედრები, რომლებიც გადასვენებულია ექსპერტიზაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციის ნარატივს ნუ ავყვებით, აშშ-თან ურთიერთობაში ლობისტი არასდროს გამოგვიყენებია, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა მეთაურების და ინსტიტუტების მეშვეობით უნდა იყოს

ნუ ავყვებით ოპოზიციის ნარატივს, რომ ხელისუფლებამ ლობისტებით საქმე ვერ გააწყო, ლობისტები არის მათი საქმე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“, ერთ-ერთმა ლიდერმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.„მთელი მათი პოლიტიკა არის ლობისტებთან დაკავშირებული პოლიტიკა და ფაქტობრივად, ლობისტების მომსახურებაში არიან თვითონ, ვიდრე თვითონ იყენებენ ლობისტებს. ჩვენი პოლიტიკა აშშ-თან მიმართებაში ყოველთვის იყო ღია, ცალსახა და არასდროს არცერთი ლობისტი არ გამოგვიყენებია ამერიკის სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. ჩვენ ვართ სახელმწიფო და მეორე სახელმწიფოსთან უნდა იყოს სახელმწიფოს მეთაურების და სხვა ინსტიტუტების მეშვეობით ურთიერთობა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა. მისი თქმით, ე.წ. მეგობარი აქტი რეალობაში იმეორებს იმ მავნე პოლიტიკურ მემკვიდრეობას, რა პოლიტიკური მემკვიდრეობაც ერგო ზოგადად ბაიდენისგან ამერიკას და მსოფლიოს, როგორც თვითონ დონალდ ტრამპი ამბობს, უკრაინის ომით დაწყებული, USAID-ის და სხვა ასეთი ორგანიზაციების ხშირ შემთხვევაში, მავნებლური საქმიანობით.„ამიტომ, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ღიად მივმართავთ ამერიკის პრეზიდენტს, რომ ჩვენი სურვილია, სწორედ ეს მავნე მემკვიდრეობა გვერდით გადაიდოს და რეალური პარტნიორული, სტრატეგიული ურთიერთობები აღდგეს და საქართველოსა და აშშ-ს შორის. ეს არის ამ მიმართვის ერთადერთი მიზანი და განაცხადიც“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ დაიწერა წერილი ოთხი თვის შემდეგ და იქიდან გამომდინარე, რომ ეს პირველი კომუნიკაცია არ ყოფილა, რაც ამ წერილიდან გავიგეთ, როდის შედგა პირველი კომუნიკაცია და რა ფორმით, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ პირველი რეალური კომუნიკაცია შედგა, როდესაც აშშ-ის ელჩი ეწვია საგარეო საქმეთა მინისტრს და ამის შემდეგ, როცა პირველი ვიცე-პრემიერი იმყოფებოდა აშშ-ში.„პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან არ ჰქონია. ყოველთვის იყო ასე ვთქვათ, შეთავაზება, როგორც იმავე წერილშია, რომ წერილითაც მიმართა, რომ მზად ვართ ამ თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.შეკითხვაზე, რას ელოდება ხელისუფლება ამ წერილის პასუხად, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება უყურებს, როგორი იქნება გეოპოლიტიკური ინტერესები.„ჩვენ ხომ უკვე ის სახელმწიფო ვართ, რომელიც ზრდასრულობის ასაკში შევდივართ, თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოზე მაქვს საუბარი და კარგად ვხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო მთავარია, ვიდრე რამე ობიექტური საზომებით მსჯელობა. ჩვენ ვხედავთ, რომ უცებ შეიძლება, უკიდურესი „ალ-ქაიდას“ და „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო ლიდერი გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო დემოკრატი, რადგან გეოპოლიტიკურ ინტერესებს შეესაბამება. გამომდინარე აქედან, ჩვენ მაინც ვუყურებთ, გეოპოლიტიკური ინტერესები როგორი იქნება და აქედან გამომდინარე არის ჩვენი მოლოდინებიც, თორემ რაც შეეხება იმას, რასაც ტრამპი საჯაროდ ლაპარაკობს, დამერწმუნებით, ერთი-ერთში ემთხვევა იმას, რასაც საუბრობდა „ქართული ოცნება“. მნიშვნელოვანია, როგორი იქნება აშშ-ის საგარეო გეოპოლიტიკური ხედვა. ვფიქრობ, ჯერჯერობით, ტრამპს და მის ადმინისტრაციას ეს ხედვა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვს, რადგან ეს ბევრ კომპონენტთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ხომ არ მოახდენს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ნეგატიურ გავლენას აღნიშნული წერილი იმის გათვალისწინებით, რომ იქ საუბარია მაგალითად იმაზე, რომ გაჩნდა განცდა, რომ შესაძლოა, ეს იყოს არა ე.წ. დიფ სთეითთან ბრძოლა, არამედ მისი რებრენდინგი, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ის, რასაც თვითონ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ამბობს, რომ ისინი უნდა მოერიონ „დიფ სთეითს.„თუ ვნახავთ, ყველა მათი გადაწყვეტილება და სულ ბოლო გადაწყვეტილებაც, რომელიც დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა მიიღო, არის ის, რომ დაზვერვის სამსახურიდან ორი ხელმძღვანელი პირი გაათავისუფლეს, რადგან ისინი პირდაპირ ბლოკავდნენ შესაბამისი პოლიტიკური ინფორმაციის მიწოდებას ადმინისტრაციაზე და პირიქით, ინფორმაციის გაჟონვას ჰქონდა ადგილიო. ასე რომ, თვითონ მათი განცხადებებია ეს, „დიფ სთეითთან“ დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„სიენენი“ – დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში გამგზავრებას არ გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში გამგზავრებას არ გეგმავს.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ თეთრი სახლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში ჩასვლა არ გამორიცხა.„ხვალინდელი დღე სრულად დაკავებული გვაქვს, მაგრამ მზად ვარ, შევცვალო გრაფიკი, რათა გადავარჩინო სიცოცხლეები“, – აღნიშნა ტრამპმა მანამდე.ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში იმყოფება. 13 მაისს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩავიდა, 14 მაისს კატარს ეწვია და შეხვედრებს 15 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაასრულებს.ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში მოლაპარაკებებზე წარდგენილი დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა. სიიდან ირკვევა, რომ თურქეთში თავად ვლადიმერ პუტინი არ ჩავა.

„უნდა გადავეჩვიოთ იმას, რომ რაკი ვინმე უცხოელია, აუცილებლად სწორს უნდა ამბობდეს. ყველა უცხოელი იცავს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს“ – მაია ბითაძე

უნდა გადავეჩვიოთ იმას, რომ რაკი ვინმე უცხოელია, აუცილებლად სწორს უნდა ამბობდეს. ყველა უცხოელი იცავს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.როგორც ბითაძემ აღნიშნა, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, საქართველოს დიდი გამოწვევები უდგას, ამიტომ მნიშვნელოვანია, ქვეყანამ, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესები დაიცვას."როგორც საქართველოს მოქალაქეს, მეამაყება, რომ ვარ იმ პარლამენტის წევრი, რომელმაც პირველად გაბედა და ხმა აიმაღლა საპარლამენტო განცხადების დონეზე და პასუხი გასცა სხვა ქვეყნის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც სიცრუით იყო გაჯერებული. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, რომ ჩვენ ვართ ამ პლანეტის დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეები, იმ სახელმწიფოსი, რომელიც ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში იმყოფება, ქვეყნის, რომლის 20%-იც არის ოკუპირებული და ამდენი ხანია ბეჭვის ხიდზე გადის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი თავისთვის უნდა შეგეძლოს, რომ პასუხი გავცეთ ყველა იმ ცრუ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიძლება ვინმე ავრცელებდეს და გადავეჩვიოთ იმას, რომ რაკი ვინმე უცხოელია, აუცილებლად სწორს უნდა ამბობდეს. ყველა უცხოელი იცავს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს და ჩვენ უკვე გავიზარდეთ ქართველები იმდენად, რომ ეს კარგად გავიაზროთ და დავანებოთ თავი იმ ადამიანების ნდობას, რომელიც კარდაკარ დადის უცხოეთში და აფუჭებს იმას, რაც "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა," - განაცხადა მაია ბითაძემ.

ბოლო სიახლეები