„ჩვენ ვისმენთ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების პოპულიზმით გაჯერებულ გამოსვლებს. როდესაც ხალხზე საუბრობთ, შეგახსენებთ, რომ 6 თვის განმავლობაში გველაპარაკებოდით ქუჩის პროტესტებით, კარვებიდან, საყვირებით. რამდენიმე დღეა, სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, დატოვეთ ფანჩატური და შემოხვედით პარლამენტში. ის ცარიელი ადგილები, რომელიც ხალხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიაკუთვნა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრისა და ამჟამად, ფრაქცია „ლელოს“ წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
„საუბრობენ პოპულიზმით სავსე განცხადებებით, როდესაც გამოწვევაა კოვიდპანდემია და მისგან გამომდინარე შემცირებული სამუშაო ადგილები. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩიხში შესული, დესტრუქციული ძალა. მას აქვს ორი ძალიან ცუდი არჩევანი: დაადგეს „ევროპული საქართველოს“ გზას, ან შემობრძანდეს პარლამენტში და ამით აღიაროს მარცხი. მათ ბოდიში უნდა მოუხადონ საზოგადოებას და თქვან, რომ აღარ გაიმეორებენ დაშვებულ კატასტროფულ შეცდომებს. გაკეთებულ განცხადებებს ლამის ქვეყანა გადააყოლეთ. მაშინ არ გახსოვდათ, რომ ხალხს უჭირდა?“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
იქამდე, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ უმრავლესობა მოქალაქეების პრობლემებს არ იცნობს და არ აღიარებს, რომ ხალხს უჭირს.